როგორ აღაფრთოვანებდა ყველას ირაკლი ცაგურიას ვაჟკაცობა და სამხედრო სიმამაცე და რა გმირობისთვის დააჯილდოვეს ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.06, 2023 წელი

ირაკლი ბესარიონის ძე ცაგურიამ, არსებული ინფორმაციის თანახმად, 1915 წელს პეტროგრადში პრაპორშჩიკის წოდებით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და სამხედრო სამსახური კავკასიის ფრონტზე განაგრძო, კერძოდ, კავკასიის მე-2 სამთო-საარტილერიო ბატარეაში.
კავკასიის არმიის გენერალ-კვარტირმაისტერი მასლოვსკი ორჯერ მოიხსენიებს ირაკლი ცაგურიას თავის წიგნში – „მსოფლიო ომი კავკასიის ფრონტზე 1914-1917 წწ.“, რომელიც 1933 წელს პარიზში გამოიცა. პირველად – როდესაც 1915 წელს სომხების საბრძოლო რაზმების მეთაურებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს და იხსენებს შეხვედრის მონაწილეებს: „ბრიუსელში, ბელგიაში ცხოვრობდა პოდპოლკოვნიკი ირაკლი ბესარიონის ძე ცაგურია, მაშინ კავკასიის მე-2 სამთო-საცხენოსნო საარტილერიო ბატარეის ახალგაზრდა პრაპორშჩიკი, იმ ხანებში გამოშვებული სამხედრო საარტილერიო სასწავლებლიდან“. მეორედ – როდესაც აღწერს იმავე წლის 8 მაისს გამართულ აღლუმს – „ჩვენ შორის არიან ახალი მეგობრები, არა კაზაკები, არამედ სამთო არტილერისტები. პრაპორშჩიკი ირაკლი ცაგურია, მაღალი, წერწეტი, ყოველთვის მოწესრიგებული, ნამდვილი ქართველი თავადი – მართვე, ჩვენი ბრიგადის ხარუნჟების ჯგუფის ცენტრში დგას“.
1916 წელს ირაკლი ცაგურია სპარსეთის ფრონტზე გახლავთ. ის იბრძოდა გენერალ ბარათოვის საექსპედიციო კორპუსში. სწორედ ბრძოლაში გამოვლენილი სიმამაცისთვის დაჯილდოვდა ცაგურია „გიორგის იარაღით“.
ირაკლი ცაგურია პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. ის სამთო-საარტილერიო ბატარეის უფროსი იყო.
1917 წლის ზაფხულში შტაბს-კაპიტანი ცაგურია მივლინებით პეტროგრადში გაიგზავნა. აქ მან მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკების ამბოხების ჩახშობაში და თავი განსაკუთრებით გამოიჩინა.
ირაკლი ცაგურიას მოქმედებას პეტროგრადში დაწვრილებით აღწერს ბორის ნიკიტინი თავის წიგნში „საბედისწერო წლები“, რომელიც გამოცემულია პარიზში 1937 წელს. ავტორი გვიყვება, რომ ივლისის შუა რიცხვებში პეტერბურში მძიმე ვითარება იყო. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა ისიც, რომ ჩაიშალა, ეგრეთ წოდებული, „კერენსკის შეტევა“. პეტროგრადის გარნიზონის ფრონტზე გაგზავნის ბრძანებამ ჯარისკაცების უკმაყოფილება გამოიწვია. 17 ივლისს დემონსტარციაზე 500 ათასამდე კაცი გამოვიდა. მათი დიდი ნაწილი შეიარაღებული იყო, ყველაფერი მზად იყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის. დროებითი მთავრობის ნაწილი გადადგა, მეორე ნაწილის ბედი გაურკვეველი იყო. პეტროგრადის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალ-მაიორმა პეტრე პოლოვცოვმა თავრიდის სასახლესთან მყოფი ბრბოს წინააღმდეგ კაზაკთა ასეულისა და ორი ზარბაზნის გაგზავნა ბრძანა. შტაბს-კაპიტანმა ირაკლი ცაგურიამ თავად გამოთქვა სურვილი კაზაკთა ასეულს გაჰყოლოდა და როცა კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, მან, ფაქტობრივად, მარტომ შეძლო ბრძოლის ბედი შემოებრუნებინა. გადამწყვეტ მომენტში გამოჩენილი გმირობისთვის ის დაჯილდოვდა „გიორგის ჯვრით“.
1918 წლიდან ირაკლი ცაგურია ქართული სახელმწიფოს სამსახურშია. როგორც მისი ერთი წერილიდან ირკვევა, იგი მონაწილეობას იღებდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბათუმთან მომხდარი შეტაკებისას დაიჭრა.
1918 წლის დეკემბერში ცაგურია აქტიურად მონაწილეობს სომხეთთან ომში, როგორც სამთო-ცხენოსანი საარტილერიო ბატარეის უფროსი. აქ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა შენაერთის კარგი ხელმძღვანელობის უნარი და საოცარი ვაჟკაცობა, რომელსაც ყველა აღფრთოვანებაში მოჰყავდა.
1921 წლის თებერვალში ცაგურია უკვე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. თბილისთან მიმდინარე ბრძოლის დროს, 24 თებერვალს, მე-11 არმიის სარდლობამ ქართული შენაერთების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა. ამ მიზნით საბჭოთა მე-18 საკავალერიო დივიზიამ სოფლების – ლილოსა და ნორიოს გავლით, ავჭალაზე იერიში სცადა. პოლკოვნიკმა ცაგურიამ საკუთარი ინიციატივით კონტრშეტევა განახორციელა და წითლების ეს მანევრი ჩაშალა.
ქართული კავალერიის ეს კონტრშეტევა მან თავად აღწერა აკაკი კვიტაიშვილისადმი გაგზავნილ პირად წერილში.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ცაგურია ემიგრაციაში არ წასულა, ის სამშობლოში დარჩა. საბჭოთა ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა მის დაპატიმრებას. ჩეკამ ამ მიზნით პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის ძმის, ალექსანდრეს გამოყენებაც სცადა, თუმცა პოლკოვნიკ ცაგურიას ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს.
ირაკლი ცაგურია 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური გახლდათ. თავიდან არსებული გეგმის თანახმად, მას ვაზიანი უნდა აეღო, ხელში ჩაეგდო ზარბაზნები და აქედან შეეტია თბილისისთვის. სამწუხაროდ, გეგმა მის სასარგებლოდ არ განხორციელდა. პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ ვაზიანის დაკავება ვერ შეძლო. აჯანყების დამარცხების შემდეგ, ის იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. ირაკლიმ უკვე 1926 წელს ბელგიურ ჟურნალში, La Revue Belge, გამოაქვეყნა სტატია, სადაც 1924 წლის აჯანყებაზე საუბრობს და დაწვრილებით ყვება თავის მონაწილეობაზე.
ირაკლი ცაგურია ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში ცხოვრობდა. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. იგი აქვეყნებდა წერილებს, როგორც საკუთარი სახელით, ისე ფსევდონიმებით.
ირაკლი ცაგურია 1969 წლის 11 ნოემბერს გარდაიცვალა.
გამოყენებული მასალების წყარო: mematiane.ge; ბახტაძე მიხეილ. პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია // ქართული ემიგრაცია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან