საზოგადოება

როგორ აბრუნებს ქეთი შუბითიძის ჯადოსნური სამყარო ყველას ბავშვობაში და რით აბედნიერებს ის მნახველებს

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:00 05.04

ქეთი შუბითიძე
დაკოპირებულია

ქეთი შუბითიძის ფერადი, თმახუჭუჭა და ოხუნჯი თოჯინები მნახველებში განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს იწვევს. ხელოვანის ჯადოსნური სამყარო ყველას ონავარ ბავშვობაში აბრუნებს და ალბათ, ამიტომაცაა, რომ მისით ყველა მოხიბლულია.

ქეთი შუბითიძე: მთელი ჩემი ბავშვობა თოჯინებთან იყო დაკავშირებული, მათ ცოცხალ არსებებად აღვიქვამდი. პირველი თოჯინა, რომელიც ვნახე და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო თოჯინა ვიტრინიდან. მომეწონა, საოცრად მეტყველი იყო და ძალიან მომინდა მქონოდა, მაგრამ ვერ მოვიპოვე, არ იყიდებოდა (იცინის). გავიგე, რომ ხელნაკეთი იყო და ჯერ კიდევ იმ დროიდან გადავწყვიტე, მე თვითონ გამეკეთებინა თოჯინები, რომლებსაც მას მივამსგავსებდი. სხვათა შორის, ბავშვობაში ჩემმა შექმნილმა თოჯინებმა რამდენიმე კონკურსზე გაიმარჯვა კიდეც.

– ალბათ, ხატვაც გეხერხებოდათ.

– კი, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, თეატრის განხრით. სულ ვხატავდი, ვკერავდი, ვქსოვდი და თოჯინებს ვქმნიდი. ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია. სხვა პროფესიაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ამაში გამიმართლა და ამ მიმართულებით წავედი.

– სხვა რა ინტერესი გქონდათ?

– ცეკვა მიყვარდა ძალიან. ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. იყო პერიოდი, როცა აკადემიაში სწავლის პარალელურად, ცეკვასაც ვახერხებდი, მაგრამ მერე ამისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა. ძალიან ბევრ თოჯინას ვქმნიდი ქართული ეროვნული სამოსით და თითქოს ცეკვის ჟინს ამით ვიკმაყოფილებდი. მერე თოჯინების მიმართულებითაც გარკვეული პაუზა მქონდა. სხვა საქმიანობაზე გადავერთე. დიზაინერულ და თეატრალურ კოსტიუმებს ვკერავდი, დეკორაციებზე ვმუშაობდი. შემდეგ დავქორწინდი – ოჯახი, შვილები... და გარკვეულ ეტაპზე ისევ მოვიხელთე დრო თოჯინებზე სამუშაოდ.

– როგორ დაიწყო ეს ამბავი ხელმეორედ?

– როდესაც პატარა, ხუჭუჭა, საყვარელი გოგონა შემეძინა. მაშინ ძალიან მომინდა, რომ საყვარელი, ხუჭუჭა თოჯინა შემექმნა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ. უკვე შვიდი წელია, ამ საქმიანობას ვაგრძელებ და ძალიან ბედნიერი ვარ.

– როგორია თქვენი თოჯინების სახასიათო ნიშნები?

– ხუჭუჭა თმა, ოხუნჯი გამომეტყველება, ყველას თავისებური ხასიათი აქვს. სიფერადე, ჭორფლები, ფერადი თვალები. ძალიან მრავალფეროვანი თოჯინები მყავს, განსხვავებული ხასიათებით. თითოეული მათგანით ვცდილობ, სხვადასხვა ემოცია გადმოვცე და ადამიანები მათი ნახვისას კარგ ხასიათზე დადგნენ, გაიღიმონ, გაიცინონ, კარგი მოგონებები გავახსენო, მათშიც ოხუნჯობა აღვძრა და მოუნდეთ დადებითი ემოციების სხვებისთვის გადაცემა. ასეც ხდება, ბევრი მიკვეთს თოჯინებს მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გასახარად.

– ცხოვრებაში ყოველთვის კარგი განწყობა არ გვაქვს, მაგრამ მათზე მუშაობა, ალბათ, თქვენც ძალიან კარგ ხასიათზე გაყენებთ...

– დიახ, ყოველთვის კარგი განწყობა არ არის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ჩემი თოჯინების სამყაროში სულ კარგი განწყობა იყოს, ვცდილობ, ეს სამყარო ხელშეუხებელი იყოს, მათში მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და სიხარული იყოს ჩაქსოვილი და ჩემმა თოჯინებმა ეს განწყობა სხვებსაც გადასცენ.

– შვილებს რამდენად მოსწონთ და თვითონაც თუ არიან პროცესში ჩართულები?

– ძალიან მოსწონთ, პირველები ისინი ნახულობენ დასრულებულ თოჯინებს. უმცროსი, როცა ძალიან პატარა იყო, ელაპარაკებოდა ხოლმე (იცინის). ემოცია, რომელსაც თოჯინები გადმოგვცემენ, ნამდვილად მეტყველია და ბავშვებიც ერთობიან.

– ყველა თოჯინა მხიარულია?

– შეიძლება, იშვიათად მოწყენილიც იყოს... უფრო – გაბუტული (იცინის).

– რამდენად აქტიურად მუშაობთ შეკვეთებზე?

– შეკვეთები საკმაოდ აქტიურია, იმდენად, რომ ძალიან მინდა, მეტი დრო მქონდეს, რადგან მეტი ადამიანის გახარება შევძლო. ზოგი თოჯინებს ათვალიერებს, კონკრეტული მოსწონს და მისი მსგავსის დამზადებას მთხოვს, ზოგს კი პორტრეტული, ანუ პერსონალური თოჯინის დამზადება უნდა. მე განსაკუთრებით მიყვარს საახალწლო თემატიკაზე მუშაობა, ანუ ელფების შექმნა და ასევე, ფერად და ხუჭუჭა გოგონებზე მუშაობა, რომელთაც „გაზაფხულის გოგონებს“ ვეძახი.

– ცნობილი ადამიანების პორტრეტული თოჯინებიც გაქვთ შექმნილი. განსაკუთრებით რომელი მოეწონათ?

– ძალიან შეიყვარეს ჩარლი ჩაპლინის თოჯინა და უკვე არაერთი გავაკეთე. ჩემთვის ასევე, განსაკუთრებული იყო ნაპოლეონის თოჯინაზე მუშაობა. ჩემს შვილს უყვარს ნაპოლეონი და ერთ დღეს, როცა დამკვეთმა მომწერა, ძმისთვის ნაპოლეონის თოჯინა მინდა საჩუქრადო, გადავწყვიტე, ერთდროულად ორი გამეკეთებინა, რადგან ჩემი შვილი უკვე დიდი ხანია, მთხოვდა (იცინის). მუშაობისასას ისტორიას ვკითხულობდით, ნაპოლეონის მარშს ვუსმენდით და ასე ბედნიერად ვმუშაობდით მე და ჩემი შვილი. როცა პორტრეტული ნამუშევარი იქმნება, იქ ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, მათ შორის კოსტიუმებისას. თოჯინებისთვის სამოსსაც მე თვითონ ვქმნი.

– განსაკუთრებით საყვარელი თოჯინა თუ გაქვთ?

– რომელიმე ერთის გამორჩევა რთულია, მაგრამ როცა თოჯინას დამკვეთთან გასაგზავნად ვამზადებ, ყუთში რომ ჩავდებ, უკან ამოვიღებ ხოლმე, დავკოცნი და მერე ვუშვებ (იცინის). რამდენიმე განსაკუთრებულად მომწონდა და ძლივს შეველიე. ზოგზე დღემდე მწყდება გული, მაგრამ მაიმედებს ის, რომ კარგ პატრონებთან არიან.

– როგორი შეფასებები გახსოვთ საზოგადოებისგან დასაწყისიდან დღემდე?

– გარკვეულ ეტაპზე გადავწყვიტე, ჩემი თოჯინებისთვის კომერციული დატვირთვა მიმეცა. სხვა საახალწლო ხელნაკეთი ნივთებითა და თოჯინებით ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ლამაზი კუთხე გავაკეთე. ყოველი დღე ძალიან შთამბეჭდავი იყო. ხალხი საოცარ ემოციას გამოხატავდა. სულ რიგი იდგა, სიამოვნებით ათვალიერებდნენ. ხელოვანისთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ასეთ ინტერესს, ემოციებს და ამდენ გახარებულ თვალებს არ ველოდი. შემდეგ იყო გამოფენები, სადაც ასევე, ძალიან ბევრი ხალხი იდგა ჩემს თოჯინებთან. დაჯერება მიჭირდა ხოლმე. ვფიქრობდი, რატომ მაინცდამაინც ჩემს თოჯინებთან-მეთქი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს, მეტი გავაკეთო და კიდევ უფრო ბევრი გავახარო. დღემდე უამრავ შეტყობინებასა და დალოცვას ვიღებ. ძალიან მინდა, ერთხელ ამ შეტყობინებებს ერთად მოვუყარო თავი. გულს მითბობს ადამიანების ჩემი თოჯინებისადმი დამოკიდებულება. თოჯინების სიყვარული ბავშვობასა და გულწრფელობასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ძირითადად, კეთილ ადამიანებთან მაქვს კავშირი და მათგან ძალიან დადებით ენერგიებს ვიღებ. არ მახსოვს, ვინმეს ერთი ნეგატიური სიტყვა მოეწეროს.

– როგორი მხარდაჭერა გაქვთ ამ საქმეში მეუღლისგან? ოჯახთან და შვილებთან ერთად, მისი ხელშეწყობა ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

– მეუღლისგან ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა. ჩემი წარმატებები იმდენად უხაროდა, თვალზე ცრემლი ადგებოდა ხოლმე. ყველანაირად მეხმარებოდა, რომ ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. წარსულში ვსაუბრობ, რადგან მეუღლე გარდამეცვალა. იმ რთულ პერიოდში ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი ნუგეში იყო. მისი სიყვარული დამეხმარა ტკივილის გადატანაში. როცა თოჯინას ქმნი, თუ მასში სიყვარულსა და დადებით ემოციას არ ჩადებ, არ გამოგივა. ამიტომ თოჯინებზე მუშაობისას ყოველთვის კარგზე ფიქრობ და ეს თერაპიაა ადამიანისთვის.

– როგორი სურვილები გაქვთ სამომავლოდ?

– ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ უნდათ თოჯინების ნახვა და მეკითხებიან, ხომ არ არსებობს ამისთვის შესაბამისი სივრცე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყოველ წელს გავაკეთო გამოფენა, მოვიდნენ, დაათვალიერონ და გაიხარონ. იმედი მაქვს, გამომივა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი