როდის ტანჯავდა ხატვა ანი გემაზაშვილს და როგორ დანებდა ის საკუთარ ნიჭს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 06.01
ანი გემაზაშვილი წარმატებული მხატვარია, ძალიან საინტერესო ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომელიც სოციალურ სივრცეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ანი გემაზაშვილი: 4 წლიდან ვხატავ. ამ ასაკში შესრულებული ჩემი პირველი ნამუშევრები დედამ შემომინახა. დღემდე მახსოვს, რას ვგრძნობდი ბავშვობაში ხატვისას და ყოველთვის ვცდილობ, იმავე ემოციებით ვხატო. ეს ძალიან გულწრფელი პროცესი იყო. ჰიპერაქტიური ბავშვი ვიყავი და ხატვა იყო ერთადერთი, რაც მამშვიდებდა.
– მაშინ რას ხატავდით?
– შეიძლება უცნაურია, მაგრამ ბავშვობაში, ძირითადად, ხვლიკებს ვხატავდი. ერთი წლის წინ ტატუ გავიკეთე სხეულზე, სალამანდრა დავიხატე და ეს გადაწყვეტილება სწორედ ჩემმა ბავშვობის დროინდელმა ნახატებმა მიმაღებინა. ზუსტად არ ვიცოდი, რისი დახატვა მინდოდა, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში ჩემი ხუთი წლის ასაკისდროინდელ ნახატებში აღმოვაჩინე ხვლიკები და მაშინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სალამანდრა უნდა დამეხატა. ჩემი მეგობრები პრინცესებს ხატავდნენ და ძალიან უცნაურია, მე რომ ხვლიკები მიტაცებდა, მაგრამ ასე იყო. კიდევ ძალიან მომწონდა ჭიანჭველების ხატვა, მათი ოჯახიც მაქვს დახატული.
– მხატვრობის ნიჭი გენეტიკური ხომ არ არის?
– სტუდია მაქვს, სადაც ბავშვებს ვამზადებ და ვამჩნევ, რომ ბავშვები, რომლებიც 24/7-ზე ხატავენ, გამოხატული ნიჭის მქონეები არიან. ბავშვობაში ყველა კარგად ხატავს და ერთადერთი, რითაც ნიჭი გამოიხატება სწორედ ეს არის, მუდმივად ხატვის პროცესში ყოფნა. ჩემს ოჯახში არავინ ხატავდა, თუმცა მამის გვარში იყვნენ კარგი მხატვრები.
– მოზარდობაშიც სულ ხატავდით?
– კი, ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, რომელიც სულ თან მსდევდა და დღემდე ასეა. ჯერ ელენე ახვლედიანის სახელობის სკოლაში დავდიოდი, შემდეგ სამხატვრო ათწლედში შემიყვანეს. თუმცა, იყო პერიოდები, როცა აქტიურად არ ვხატავდი, განსაკუთრებით პირველი შვილის გაჩენის შემდეგ.
სხვათა შორის, ხშირად მითქვამს: საერთოდ, რატომ ვარ მხატვარი-მეთქი?! შუაღამის 4 საათზე, ძილის ნაცვლად, ვხატავ. თუ რამე ისე არ გამომდის, როგორც მინდა, მაშინ ჩემთან საუბარი არ ღირს, ძალიან გაღიზიანებული ვარ (იცინის). ზოგადად, ვფიქრობ, რომ რთულია, ხელოვანი იყო. ეს ბუნება არ გასვენებს, თითქოს, ცხოვრებას არ გაცდის.
ბოლო წლებში ნელ-ნელა ვისწავლე მხატვრობასთან ერთად ცხოვრება, თორემ უფრო ადრე, მაწამებდა, მტანჯავდა ხელოვნება. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვაკეთებ, უცებ მომივა ფიქრი, თვალწინ მიდგას ნახატი, ვდგები ტილოსთან და თუ იგივე ვერ გადმოვიტანე, ძალიან ცუდად ვხდები. ან თუ იმ წუთას ვერ დავხატე, გათიშული დავდივარ. ზოგჯერ ხატვა წყალივით მინდება. არადა, როცა ოთხი შვილი გყავს, ამის საშუალება ყოველთვის ვერ გექნება. წლების წინ, სანამ მხატვრობაში განვითარების სასურველ დონემდე მივიდოდი, როცა რამე არ მომეწონებოდა, ტილოებს პირდაპირ ვწვავდი. ეს ყველაფერი იმდენად დამღლელი იყო, გადავწყვიტე, უარი მეთქვა მასზე, დამემტკიცებინა, რომ ხატვაზე დამოკიდებული არ ვიყავი და ექსპერტ-კრიმინალისტი გავხდი (იცინის). თუმცა, მესამე ბავშვზე ფეხმძიმობისას, საღებავებს რომ ვხედავდი, კანკალი მეწყებოდა (იცინის). მაშინ მივხვდი, რომ სჯობდა დავნებებულიყავი და ხატვა გამეგრძელებინა. გავაგრძელე და მას ჩემს ცხოვრებაში დღემდე უდიდესი ადგილი უჭირავს, თუმცა როგორც ვთქვი, ახლა ადრინდელივით მტანჯველი არ არის, ვისწავლე ემოციების მართვა. ძირითადად, მაშინ ვხატავ, როცა კარგ ხასიათზე ვარ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემს ნამუშევრებში დადებითი აურა იგრძნობა.
– როგორია ხატვის პროცესი?
– ჩემთვის ორი ბედნიერება არსებობს, საყვარელ ადამიანებთან – შვილებთან, ქმართან, დედასთან ჩახუტება და მეორე – ხატვა. როცა ვხატავ, მხოლოდ მე და ხელოვნება ვართ. ამ პროცესში სხვა ყველა და ყველაფერი ხელის შემშლელია. ამ დროს ტელეფონსაც კი არ ვპასუხობ.
ოთხი შვილი მყავს და სხვათა შორის, ბავშვებთან ერთადაც ხშირად ვხატავ, მაგრამ თუ ჩემში შემოქმედებითი შეგრძნებები ძალიან აქტიურია, მაშინ მირჩევნია, ღამე ჩემთვის მარტო ვხატო, რომ ჩემს ფიქრებს ხელი არავინ შეუშალოს.
– თქვენს ნახატებს განსაკუთრებული ისტორიები აქვთ და მინდა ერთ-ერთი გაიხსენოთ, რომელიც მეუღლეს უკავშირდება. ხვლიკების არ იყოს, აქაც გარკვეული სიმბოლო დევს.
– ჩვენი ისტორიის დასაწყისი და მხატვრობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რომ ვაკვირდები, დამთხვევები საკმაოდ ხშირია. თითქოს, ყველაფერი ჯაჭვივით არის ერთმანეთთან გადაბმული. ეს ისტორია უკვე დრამატულია, რადგან რამდენიმე წლის წინ ჩემი დედამთილი, რომელსაც ეს ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა. დიდი ხანი არ ვიყავი მის სახლში ნამყოფი და რომ მივედი, აღმოვაჩინე ნახატი, რომელიც 17 წლისამ დავხატე – ჩემი მეუღლის პორტრეტი.
17 წლის ვიყავი, როდესაც მომავალი მეუღლე გავიცანი. მაშინ დავხატე, მიუხედავად იმისა, რომ პორტრეტების ხატვა არ მიყვარდა. თუ ადამიანი ძალიან არ მიყვარს, მის პორტრეტს არ დავხატავ. დავხატე და დედამისს ისე მოეწონა ეს ნამუშევარი, რომ მას ვაჩუქე. რამდენიმე წლის შემდეგ, ახლახან აღმოვაჩინე ეს ნახატი და გამახსენდა ჩვენი ისტორიის დასაწყისი, რაც ძალიან ემოციური იყო. როცა ეს ნახატი დავხატე, თითქოს, ნორმალურად არც ვიცნობდი და რამე განსაკუთრებული ურთიერთობაც არ გვქონდა, მაგრამ ახლა უკვე დიდი ისტორია გვაკავშირებს.
ერთი პერიოდი ქალაქებს ვხატავდი განსაკუთრებული მონდომებით და რომელი ქალაქიც დავხატე, ყველაში გავემგზავრე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. გამიზნულად არა, უბრალოდ, ასე დაემთხვა. დავხატავდი, წავიდოდი, დავხატავდი, წავიდოდი. მთავარი ის არის, რომ ეს ქალაქები ჩემდაუნებურად მეხატინებოდა. მერე ვიფიქრე, მოდი, განზრახ დავხატავ იმ ქალაქს, სადაც წასვლა მინდა-მეთქი, მაგრამ განზრახ დახატულ ქალაქში ვერ წავედი, არ ამისრულდა (იცინის). რაც გულიდან მოდიოდა, ის სულ სხვა იყო. ალბათ, იმიტომ, რომ მხატვრობა ბუნებასთან არის გადაჯაჭვული – რასაც გრძნობ, ის გეხატინება.
– შინაარსობრივად როგორია თქვენი ნახატები?
– ძირითადად, ვხატავ ჩემს მოგონებებს და მძაფრ ემოციებს. მიყვარს ემოციური თავგადასავლები. ადამიანების ისტორიებისა და თავგადასვლების მოსმენა და მათი ნახატებად ქცევა. ძალიან ხშირად ვხატავ სიზმრებს. სიზმრებს იმდენად ხშირად ვხედავ, რომ ვფიქრობ ხოლმე, ჩემში ორი ადამიანი არსებობს, ერთი რეალური, მეორე – სიზმრების (იცინის). ძალიან მიყვარს ჩემი ფერადი და მხატვრული სიზმრები, რომლებშიც არაამქვეყნიური სამყაროა და ამ სიზმრების ნახატებზე გადმოტანა.
ძალიან მიყვარს შავი ტონი. მე თუ მკითხავთ, ის დეპრესიას და ცუდ ხასიათს არ გამოხატავს. ჩემთვის ყველა ფერი ბედნიერებისაა. შავს, მით უმეტეს, ძალიან ძლიერი ენერგეტიკა აქვს და მას ჩემს ყველა ნამუშევარში ვიყენებ.
– და ბოლოს, როგორ შეიქმნა თქვენი გადაცემა, რომელიც მხატვრების წარმოჩენას ემსახურება?
– პანდემიის დროს ხატვის ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა დავიწყე და „იუთუბზე“ ეს ვიდეოები დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს. ქართულ „იუთუბსივრცეში“ 50 000 გამომწერი ჩემი სტილის ვიდეოებისთვის ძალიან კარგი შედეგია. მერე „ტიკ-ტოკი“ გავაკეთე და ბოლოს მომინდა, რომ ჩემი გვერდი ჰაბად გადამექცია, რადგან ძალიან ბევრი ნახვა მქონდა. გადავწყვიტე, ჩემს კოლეგებთან ჩამეწერა ინტერვიუები. მე ვფიქრობ, რომ ხელოვან ადამიანებს უნდა იცნობდნენ და უყვარდეთ. ამიტომ მათთან ინტერვიუებს სიამოვნებით ვწერ და დიახ, ეს გადაცემა ხელოვანი ადამიანების წარმოჩენას ემსახურება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




