საზოგადოება

როდის შეძლო მზევინარ ტოფაძემ ბავშვობის ყველა ოცნება აეხდინა და როგორ წავიდა იქ, სადაც არც ერთი ქართველი არ ყოფილა

№50

ავტორი: ანკა რობაქიძე 17:40

მზევინარ ტოფაძე
დაკოპირებულია

მზევინარ ტოფაძე სოფელ ქვიტირში გაიზარდა, ოთხმოცდაათიან წლებში ბევრს ოცნებობდა მოგზაურობაზე და სტუდენტობაში ბავშვობის ყველა ოცნება აისრულა....

მზევინარ ტოფაძე: ყოველთვის მიყვარდა ახალი გარემოს აღმოჩენა, მაგრამ რადგან ოთხმოცდაათიანი წლების თაობის წარმომადგენელი ვარ, მხოლოდ საქართველოში თუ შევძლებდი, ახალი რამ მენახა. კარგად გვახსოვს რა უმძიმესი წლები იყო ქვეყანაში... ბავშვობაში მოგზაურობის წყურვილს წიგნებში ვიკლავდი. წიგნებს რომ ვკითხულობდი და დასაძინებლად ვწვებოდი, თითქოს ამ მოგზაურ გმირებს მეც ვუერთდებოდი. მახსოვს, ედგარ რაის ბეროუზის წიგნი სულმოუთქმელად წავიკითხე, სადაც ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო აღწერილი და ჩემს წარმოსახვაში ტარზანივით ერთი ხიდან მეორე ხეზე ვხტებოდი. მართალია, საქართველოში მოგზაურობის არანაირი შანსი არ იყო, მაგრამ ჩემს შინაგან სამყაროში, ჩემს ფანტაზიებში ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. შემდეგ, 23 წლის ასაკში, გერმანიაში წავედი და იქიდან დაიწყო ჩემი ნამდვილი მოგზაურობა. პირველად საფრანგეთში ვიმყოფებოდი მეგობარ ოჯახთან ერთად, შემდეგ ავსტრიასა და საბერძნეთში. ჩვენი მოგზაურობა ძირითადად, ძალიან სპონტანური სახის იყო.

– როგორ აღმოჩნდით ლათინურ ამერიკაში?

– სწავლის პერიოდში გამიჩნდა სურვილი, თვალსაწიერი გამეფართოებინა და გერმანიის გარდა სხვა ქვეყანაში მესწავლა. სტაჟირების გასავლელად ლათინური ამერიკა ავირჩიე და ესპანურის სწავლას ინტენსიურად შევუდექი. მიზანი იყო, ესპანური მაღალ დონეზე მესწავლა, რაც საშუალებას მომცემდა, ლათინოამერიკის რომელიმე ქვეყანაში გამევლო სტაჟირება. ლათინოამერიკის ქვეყნები განსაკუთრებულად საინტერესოა კულტურის მხრივ – მუსიკა, ღირშესანიშნაობები, ცეკვა და სხვადასხვა რამ. საბედნიეროდ, შევძელი მიზნის მიღწევა – სტაჟირება ლათინოამერიკაში გავიარე და ფართო მასშტაბით მოგზაურობაც მოვახერხე.

– უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ.

– დიახ, როგორც მოგახსენეთ, ესპანურ ენას ვსწავლობდი, ჯერ გერმანიაში, შემდეგ ინტერნეტით მოვძებნე ესპანეთში კურსები და სასწავლებლად წავედი. გერმანიაში რომ დავბრუნდი, მოძიება დავიწყე, ლათინოამერიკის რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა, სტაჟირება გამევლო. რამდენიმე ქვეყანაში გავაგზავნე მონაცემები, მათ შორის, ეკვადორში, მექსიკაში. გულწრფელად გითხრათ, მექსიკაში არც მინდოდა გაგზავნა, იმდენად ნეგატიურ ინფორმაცია იყო ამ ქვეყანაზე და ახლაც ასეა, სულ ისმის, საშიშიაო... გაგზავნიდან ერთ კვირაში მექსიკიდან უკვე პასუხი მქონდა, ჩემთან გასაუბრება სურდათ. გასაუბრება შედგა და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე მქონდა პასუხი, რომ შემეძლო, სტაჟირება გამევლო.

სამხრეთ მექსიკაში, ქალაქ სან-კრისტობალ-დე-ლას-კასასში იყო ერთ-ერთი ორგანიზაცია, ძალიან საინტერესო პროექტი ჰქონდათ – განათლების განვითარება ბავშვებსა და მოზარდებში – როგორც საგანმანათლებლო, ასევე ფსიქო-სოციალური შეთავაზებები იყო მოზარდებისთვის, ოჯახებისთვის...

– როგორი იყო პირველი შთაბეჭდილებები ლათინურ ამერიკაში?

– ძალიან გახარებული და აჟიტირებული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეუბნებოდა, სად მიდიხარ, ძალიან საშიშიაო... მაგრამ დავისახე მიზნად, დამოუკიდებლად მოვძებნე და მიზანსაც მივაღწიე, ძალიან მიხაროდა. იქ ხომ არც მშობლები მყავდა, არც ნათესავები, არც მეზობლები, ვინმე რომ დამხმარებოდა. ასე მოპოვებულ რამეზე კი უარს ვერაფრით ვიტყოდი. ლათინოამერიკაში რომ ჩავედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ესპანური ენა კარგად ვიცოდი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სხვა ესპანურენოვან ქვეყანაში აღმოვჩნდი. ლათინოამერიკის ყველა ქვეყანაში განსხვავებული ესპანურია, თავისი ინტონაციით, აქცენტით, დიალექტით... მართალია, ძალიან მიხაროდა, რომ ჩავედი, მაგრამ გავაცნობიერე, რომ ამდენად უცხო, ამხელა ქვეყანაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი. აეროპორტში გასასვლელამდე ძლივს ვიკვლევდი გზას. გულწრფელად გითხრათ, ჩემოდნებზე ჩამოვჯექი და წამიერად თითქოს დავითრგუნე. გავაცნობიერე, რომ სრულიად განსხვავებულ უცხო ქვეყანაში მარტო ვარ, ყველასგან შორს. იმ პერიოდში იქ საქართველოს საელჩოც კი არ იყო.

– მექსიკა მართლაც საშიში ქვეყანა აღმოჩნდა?

– ცუდი ყველგან შეიძლება, მოხდეს, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც. სიფრთხილე აუცილებელია, უნდა იცოდე, სად მიდიხარ. მოსაზღვრე ქვეყნებთან გადაადგილების დროს უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს. სადაც ტურიზმი განვითარებულია, არანაირად არ არის საშიში. პირიქით, ინფრასტრუქტურა მაღალ დონეზეა მოწყობილი, ქუჩები კონტროლდება და თითქმის ყოველ მეორე, მესამე ქუჩაზე ქვეითი პოლიციელები არიან. მათთვისაც მნიშვნელოვანია, ტურიზმი რომ განვითარდეს, ტურისტებმა თავი კარგად იგრძნონ. მექსიკაში, სადაც ჩავედი, იქ ყველაფერი ძალიან ორგანიზებული იყო. აეროპორტში დამხვდნენ, ქალაქ სან-კრისტობალ-დე-ლას-კასასში ჩამიყვანეს, თავიდანვე ვიცოდი, რომ სტუდენტთა საცხოვრებელში ვიქნებოდი. ჩემს მსგავსად, სხვადასხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ სტუდეტები სტაჟირებაზე. მექსიკელები ძალიან გახსნილი ხალხია, არაჩვეულებრივად მიმიღეს. ძალიან საინტერესო ქალაქში ვიყავით, ძველ, მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქალაქში. თავი ძალიან კარგად ვიგრძენი და იქედან დაიწყო ჩემი მოგზაურობა... თავდაპირველად ამ ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს ვეცნობოდი. შაბათ-კვირას იქ შეძენილ მეგობრებთან ერთად დავდიოდით სამოგზაუროდ. ვინაიდან გვატემალას ნახვა ძალიან მაინტერესებდა, გვატემალას ათი დღით ვეწვიეთ. იქაც ძალიან საინტერესო იყო და აღსანიშნავია, რომ ლათინოამერიკის ქვეყნებში გამორჩეულად გახსნილი ადამიანები არიან. სადაც არ უნდა წახვიდე, ძალიან საინტერესო ქვეყნებია კულტურისა და ისტორიის თვალსაზრისით. ყველგან არის შემორჩენილი უძველესი ისტორიული ძეგლები, ქუჩები, ქვაფენილები, სახლები... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მიმზიდველია.

როდესაც სტაჟირება დავასრულე, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამით, ჩილეში გამეგრძელებინა სწავლა. თავიდანვე ვგეგმავდი, მექსიკის შემდეგ ჩილეში წავსულიყავი. უნივერსიტეტში ყველა ბიუროკრატიული საფეხური გავიარე, მათ შორის სტიპენდიის საკითხიც და სასწავლებლად ჩილეში წავედი. ნახევარი წლის განმავლობაში ჩილეში ვცხოვრობდი, საოცრად შთამბეჭდავი სტუდენტური პერიოდი გავიარე. ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ჩემს სტუდენტურ წლებთან. ძირითადად, თავისფალი დრო შაბათ-კვირას გვქონდა. უცხოელ სტუდენტებთან ვმეგობრობდი, ერთად დავდიოდით როგორც ჩილეს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის გარეთ. ერთ დღესაც მეგობრებმა გადავწყვიტეთ და არგენტინაში ავტოსტოპით წავედით. ხუთნი ვიყავით, ოთხ გოგოს ერთი ბიჭიც გვახლდა და თავს უფრო იმედიანად ვგრძნობდით. ისეთი სიცივე იყო, მეტი რომ არ შეიძლებოდა. მოვხვდით ცენტრალური ანდების მთათა სისტემაში, რომელზეც სკოლაში სწავლის დროს გეოგრაფიის პედაგოგოგმა მოგვიყვა. ჩემი თვალით ვნახე ეს ყველაფერი, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. ზღაპარში თუ ნახავდი, იმდენად საოცარი სანახავი იყო თეთრ თოვლში გახვეული ანდები...

სტიპენდიაც მქონდა, კაპიკს კაპიკზე ვადებდი, ოღონდაც მემოგზაურა. არგენტინიდან რომ დავბრუნდი გაცვლითი სემესტრიც მალე მიმთავრდებოდა და ისევ ჩილეში გავაგრძელე მოგზაურობა. ორ მეგობართან ერთად სამხრეთ ჩილეში წავედი და ცეცხლოვან მიწამდე ჩავედით (ესპანურად – Tierra del Fuego) არქიპელაგი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ დაბოლოებასთან, რომლისგანაც გამოყოფილია მაგელანის სრუტით. აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის არგენტინას, დასავლეთი — ჩილეს. ენით აღუწერელ სილამაზეში მოვხვდი, თავი სამოთხეში მეგონა, ვნახულობდით ლამებს, ალპაკებს, პინგვინებს, ზღვის ლომებს, ჩანჩქერებს, მყინვარწვერებს... თან, ჩვენი მოგზაურობა შობის პერიოდს დაემთხვა, რომელიც მათი დროით, 24 დეკემბერს აღინიშნება. ჩვენი ერთ-ერთი ჩილელი მეგობრის ოჯახში ჩავედით. ჩვენთან სწავლობდა და თავის მშობლებთან გაგვიშვა სტუმრად. ძირითადად, ლაშქრობებზე დავდიოდით, კარვები გვქონდა წაღებული და მაგალითად, სამი დღე სამხრეთ ჩილეში ვიყავით, პატაგონიაში და ეროვნული პარკი Torres del Paines დავლაშქრეთ, დაახლიებით 8 საათი ფეხით ვიარეთ. ნამდვილი საოცრება იყო იქ ლაშქრობა. სამი დღით ვიყავით წასული, ორი ღამე იქ გავათენეთ. კარვები წაღებული გვქონდა, პარკში კი ყველა პირობაა ტურისტებისთვის შექმნილი. ოდნავაც არ არის საშიში, ბუნებაში მთელი ღამით დარჩე. თან, ჩემთვის პირველი ლაშქრობა იყო კარვებით და იმდენი რამ მქონდა წაღებული, ზურგჩანთა, დაახლოებით, 15 კილოგრამს იწონიდა. ახლა ლაშქრობაში, რა თქმა უნდა, იმდენ რამეს აღარ წავიღებდი. მაშინ არ მქონდა გამოცდილება ლაშქრობებთან დაკავშირებით და შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს, ზემოთ რომ ავდიოდით, ფეხით ძალიან ბევრი გვქონდა გასავლელი და უკვე გაგვიჭირდა. მეგობარმა თქვა, რომ მხოლოდ საჭირო ნივთები წაგვეღო და დანარჩენი გზად დაგვეტოვებინა, რადგან იმდენი სიმძიმის ტარება შეუძლებელი იყო. მართლაც მხოლოდ საკვები, სამოსი და კარვები ავიღეთ, პატარა ჩანთებში გადმოვაწყვეთ და დანარჩენი იქვე, ბუჩქებში დავმალეთ. გზიდან არც ისე შორს, შემდეგ რომ ნახვა არ გაგვჭირვებოდა.

– როცა დაბრუნდით, თქვენი ნივთები ისევ დაგხვდათ?

– დიახ... იქ სულ ტურისტები გადაადგილდებიან და სხვისი ნივთები აღარც აინტერესებთ, თავიანთი ბარგის ტარებაც უჭირთ. მოკლედ, სამხრეთ ჩილეში ჩვენი მოგზაურობა მართლაც საოცრება იყო. .. მერე uerto-Natale-Si გავჩერდით. როგორც ვიცი, იმ ადგილს დედამიწის დასასრულს ეძახიან. იქ ფოტოც მაქვს გადაღებული, რომელზეც წარწერაა – დედამიწის დასასრული... დიდებული შეგრძნება იყო, რადგან თუკი რამე გეგმა მქონდა მოგზაურობასთან დაკავშირებით, სიცხადეში რომ მოვიყვანე.

ჩვენი მოგზაურობა თავგადასავლებით იყო სავსე. სტუდენტები ვიყავით, ბევრი ფინანსები არ გვქონდა და ჰოსტალებში ვრჩებოდით ან მეგობრების მშობლებთან, ოჯახებში. ერთ-ერთი მოგზაურობის პორტალია Couch Surfing, სადაც რეგისტრაციას გაივლი და შეგიძლია, სტუმრებს შენი ქვეყანა, კულტურა გააცნო, შესთავაზო, შენთან ჩამოვიდნენ სტუმრად, შენ ეწვიო... ამ საიტის მეშვეობით გადავწყვიტეთ ბრაზილიაში გვემოგზაურა და სწორედ, საიტის მომხმარებელმა ოჯახმა გვიმასპინძლა. ახალი წლის პერიოდი იყო და ბრაზილიაში ისე ცხელოდა, მეტი რომ არ შეიძლებოდა. 31 დეკემბერს ახალ წელს ამ ოჯახთან, სხვა ტურისტ სტუმრებთან და ბრაზილიელებთან ერთად, შევხვდით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი