საზოგადოება

როდის შეასრულა ნანა დაუშვილის პირველი ნამუშევარი ნანი ბრეგვაძემ და როგორ ჰიტდება მისი ყველა სიმღერა

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 21.05

ნანა დაუშვილი
დაკოპირებულია

ნანა დაუშვილმა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა და მსმენელისთვის საყვარელი არაერთი ჰიტი შექმნა. საკუთარი ცხოვრების საინტერესო ისტორიის შესახებ ის თავად მოგვიყვება

– ქალბატონო ნანა, რისი დამსახურებაა, რომ თქვენი შექმნილი სიმღერები მალევე ჰიტდება და ყველას განსაკუთრებულად უყვარს?

ნანა დაუშვილი: ეს ჩემთვის ძალიან საპატიო და სასიამოვნოა. ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს. ზოგი სიყვარულს ეძღვნება, ზოგი – სამშობლოს, თბილისს და ასე შემდეგ. ჩემი სიმღერები ახალგაზრდებს რომ უყვარდებათ, ეს კიდევ განსაკუთრებულად მიხარია. პირველი შემსრულებლები, ვისთვისაც ჩემი სიმღერები დაიწერა იყვნენ, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ბესო კალანადაძე, ბატონი თემურ წიკლაური, ნოდიკო ტატიშვილი და ასე შემდეგ. კონკრეტულად მათთვის შექმნილი სიმღერების ინტერპრეტაცია მოხდა წლების შემდეგ. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ახალი თაობის მომღერლები მეხმიანებიან, მაგალითად, დუეტმა „ჯორჯიამ“ განაახლა სიმღერა. ასევე, რამდენიმე ჯგუფმა თუ ბენდმა შეასრულა და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს.

ჩემთვის ყველა სიმღერა ერთნაირად საყვარელია, რომელიმეს გამოყოფა მიჭირს, მაგრამ დედაზე სიმღერა მაინც ყველაზე ძვირფასია. ის დედაჩემს მის სიცოცხლეშივე მივუძღვენი, დღემდე აქტიურად ასრულებენ და ეს ძალიან მახარებს.

– ალბათ, ყველა სიმღერაში მთელ გულს დებთ, სხვანაირად ვერ მივიდოდა ასე ახლოს მსმენელთან და ვერც გაჰიტდებოდა.

– ისეთ პერიოდებში მაქვს დაწერილი სიმღერები, ვერ ვიტყვი, რომ ეს წვალების შედეგია. თავისთავად მოდის მუზა. ჩემი სიმღერების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში მაქვს შექმნილი, თუმცა, ტრანსპორტშიც დამიწერა ლექსზე, უცებ მოსული მუზა არ დამიკარგავს და გზაშივე ჩამინიშნავს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანში განსაკუთრებული განცდები მაქვს ჩაქსოვილი. შეიძლება, ზოგი ბიოგრაფიული იყოს ან ცხოვრებისეულ ეპიზოდს უკავშირდებოდეს. ჩემი შემოქმედებით საქართველოსა და თბილისს ვეფრები და ზოგადად, ყველა სიმღერაში სიყვარული მაქვს ჩაქსოვილი.

– გავიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევარი, რომელიც გაჰიტდა. ეს წლების წინანდელი ამბავია, მაგრამ ალბათ, პირველი დაუვიწყარია.

– რა თქმა უნდა, ასეა. ის „ივერიამ“ შეასრულა, თემურ წიკლაურმა. მაშინ ჯერ კიდევ ნორჩი ვიყავი. ბატონმა ბუთხუზ ბასილაიამ გამოაცხადა ქასთინგი, უნდოდა, სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებებიც შეესრულებიათ, ეს ჩემი შემოქმედებითი აქტიურობის საწყისი პერიოდი იყო. მანამდეც მქონდა გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, რაღაც შექმნილი, მაგრამ ეს პერიოდი განსაკუთრებულად მახსოვს. ისეთი მოწიწებით, სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, ვერ გადმოგცემთ. დღემდე ვმეგობრობ „ივერიის“ მომღერლებლთან. ეს სიმღერა რომ მივიტანე, თემურ წიკლაურმა მოინდომა მისი შესრულება და მას მოარგეს. მათ უამრავი კონცერტი ჰქონდათ, თვეობით გრძელდებოდა პროგრამა და მე მათ ყველა კონცერტს ვესწრებოდი ეს იმდენად ემოციური იყო ჩემთვის.

პარალელურად, დავწერე დუეტი „მოლოდინი, წვიმა ფანჯრებთან“. მაშინ ტელევიზიაში გამოცხადდა კონკურსი, სიმღერა შესრულდა დიდ სიმფონიურ ორკესტრთან, რთული გზები გაიარა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა. ოქროს ფონდშია ეს სიმღერა შესული, რომელიც მაშინ თემურ თათარაშვილმა და მაია ჯაბუამ შეასრულეს.

– თემურ წიკლაურით დაიწყო თქვენი სიმღერების გაჰიტება და ძალიან ემოციური იქნებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, ჯერ კიდევ პატარა ყოფილხართ.

– ძალიან დიდი ემოციები, დიდი ბედნიერება და პატივი იყო ეს ყველაფერი. ამას დაემატა ძალიან მეგობრული ურთიერთობები. პარალელურად, თემურ თათაშვილთან ძალიან ვმეგობრობდი და სიმღერებს ვასმენინებდით ერთმანეთს. ერთ-ერთი ჩემი სიმღერა ძალიან მოეწონა და მითხრა, მინდა, ეს მე ვიმღეროო. მართლაც მისთვის ვფიქრობდი ამ სიმღერაზე მუშაობისას. თემურისა და მაიკოს ხმაზე ვგიჟდებოდი და მინდოდა, მათ შეესრულებინათ. ჩავწერეთ და მართლა საოცრებები გამოიწვია. საოცარი მომენტები იყო. ამას მოჰყვა სიმღერები ანსამბლ „75-თან“. მათთანაც ვმეგობრობდი, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან მივიტანე სიმღერა, ძალიან ბევრი სიმღერა ჰქონდათ, დიდი არჩევანი იყო, მაგრამ ჩემს სიმღერას დაადო ხელი. ბესოს ძალიან მოეწონა და დღემდე ასრულებენ ბიჭები. ეს სიმღერები მათაც ძალიან უყვართ და მეც. მიხარია, რომ მსმენელმაც ძალიან შეიყვარა.

– ჩვენ ახლა, ძირითადად, უფროსი თაობის შემსულებლებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ახალი თაობის ვარსკვლავებსაც ანებივრებთ. მხოლოდ კი არ ასრულებენ თქვენს სიმღერებს, თქვენი გაზრდილებიც არიან.

– დიახ, ჩემი გაზრდილები არიან და მე ამით ვამაყობ. ვამაყობ ჩემი ნოდიკო ტატიშვილით, ნინი შერმადინით და ასე შემდეგ, ყველა რომ ჩამოვთვალო, დრო არ გვეყოფა. ძალიან ბევრნი არიან. მე ვასწავლიდი საესტრადო ხელოვნების სასწავლებელში და უამრავ ახალგაზრდასთან მქონდა შეხება. პარალელურად, მე თვითონ ვსწავლობდი, შემდეგ უკვე მეორე სამუსიკო სასწავლებელში დავიწყე მუშაობა და ბედნიერი ვარ, რომ კორიფეები მყავდა გვერდით, ძველი თუ ახალი თაობის წარმომადგენლები. აქედან წამოვიდა განსაკუთრებული სიყვარული ახალგაზრდების მიმართ, რაც დღემდე გრძელდება. უამრავი ახალგაზრდა მყავს გაზრდილი, ზოგი საოპერო ჟანრში მღერის, ზოგი ესტრადაზე დგას. დღემდე ისეთ ნიჭიერ თაობებს ვზრდი, რომ ვიცი, ესენი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან. ჩემი ბავშვები ყველა პროექტში მონაწილეობდნენ დიდი წარმატებებით და ეს ძალიან მიხარია.

ასევე, ჩემი ტრიო, რომელიც თვითონ ჩამოვაყალიბე: ინგა ბერაძე, ნანა ცხვარაძე და მე, ერთად ვმღერით და ერთად ვგალობთ პანტელეიმონის სახელობის ტაძარში.

– უკვე წლებია, თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია სტუდია, მკაცრი პედაგოგი ხართ?

– სტუდია „ნანა“ – ასე დაერქვა ჩემს სტუდიას. მე არ მახასიათებს სიმკაცრე. ეს არ მჭირდება. შეიძლება, გამოვაფხიზლო ბავშვი, თუ რამეზე გადაერთო, მაგრამ ძირითადად, ისეთი ბავშვები დადიან ჩემთან, რომელებიც მომავალს მუსიკას უკავშირებენ, ამიტომ მათთან ჭიდაობა არ მჭირდება. ვმეგობრობთ, ასაკში სხვაობის მიუხედავად. მიმაჩნია, რომ სიყვარულით უნდა ასწავლო. შეიძლება, ყველა მუსიკოსი ვერ გამოვიდეს, მაგრამ კარგი მსმენელი ხომ იქნება. საბედნიეროდ, გამოდის, რომ ძირითადად, ვარსკვლავები იზრდებიან.

– თქვენში ხელოვანმა, ალბათ, ძალიან პატარა ასაკში გაიღვიძა.

– კი, ასე მოხდა. საოცრებას ვამბობ, მაგრამ როგორც მითხრეს, ჯერ კიდევ 8-9 თვის ვიყავი, როდესაც წამოვიმღერე და გადარეულან დედა და ჩემი დები, რომლებიც ასაკით ჩემზე უფროსები არიან. ცოტა რომ წამოვიზარდე, მე თვითონ დავიწყე სიმღერების აწყობა. დებიც მუსიკოსები მყავს და გავლენა ოჯახურმა გარემომ იქონია. უფალმა დამაბერტყა კარგი სმენა. ეს ძალიან პატარა ასაკშიც იგრძნობოდა. კომპოზიციების შექმნაც ძალიან პატარა ასაკში დავიწყე, ჯერ ნოტებიც არ ვიცოდი და რაღაც მელოდიებს ვწერდი, 5 წლიდან მოყოლებული პატარა პიესებს ვქმნიდი. როცა მუსიკალურში მივედი, პირდაპირ მესამე კლასში დამსვეს. პირველი სიმღერა თბილისზე იყო, შემდეგ – დედაზე და ასე შემდეგ.

– როგორც ვიცით, პირველი სიმღერა ნანი ბრეგვაძემ შეასრულა.

– კი, ნანი ბრეგვაძემ შეასრულა. ასე ფართო მასშტაბით არა, ჯერ ძალიან პატარა ვიყავი, არავინ მიცნობდა, მაგრამ ჩემთვის ეს რამხელა ბედნიერება იყო, ხომ წარმოგიდგენიათ. ახლა ჩემთვის განსაკუთრებით საამაყო ადამიანი ჩემი დისშვილის შვილი, ანი ზაზაშვილია, რომელიც ფანტასტიკურად მღერის, ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგი მონაცემები აქვს და დიდი იმედით შევყურებ მის მომავალს. ვიცი, რომ ჩვენს გზას გაგაგრძელებს, თან, ძალიან დიდი წარმატებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა