საზოგადოება

როდის გაუმასპინძლდა მაია ხომერიკი სამ პრეზიდენტს ჩაით და როგორ გახდა ის იტალიაში ქართული ემიგრანტული ტელევიზიის გუნდის წევრი

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 16.01, 2023 წელი

მაია ხომერიკი
დაკოპირებულია

ცოტა ხნის წინ ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში, „ექსკლუზივ ტვ-ში“ გაერთიანდნენ და საყვარელი საქმის კეთებას შეუდგნენ.

მაია ხომერიკი: თავდაპირველად „ექსკლუზივ ტვ“ საინფორმაციო სააგენტო იყო. მისი ტელევიზიად ქცევის იდეა 2020 წელს გაჩნდა. „ექსკლუზივ ტვ-ის“ დამფუძნებელი გახლავთ საბერძნეთში მოღვაწე ბიზნესმენი, კობა ლანჩავა. მასთან თანამშრომლობა დაიწყო ჩვენმა კოლეგამ – ჟურნალისტმა ხათუნა შარაძემ. პარალელურად, არსებობდა ნინა მამუკაძე-სორდინის საავტორო გადაცემა „ნინას ესპრესო“, რომლის ერთ-ერთი რესპონდენტი მეც გახლდით. ხათუნა და ნინა გაერთიანდნენ, შეიქმნა იტალიის ბიურო და ბოლოს, დაიბადა იდეა, ჩამოყალიბებულიყო ერთიანი საემიგრაციო ჟურნალისტური გაერთიანება და ერთ სივრცეში გვეკეთებინა საქმე, რომელიც საქართველოდან მოგვყვება. მეც თავიდანვე შევუერთდი ამ გუნდს. ეს ჩემთვის ტკბილი ლუკმაა ემიგრაციაში. აქ მუშაობის პარალელურად, საშუალება მომეცა ჩემი საყვარელი საქმე ტელევიზიაში გავაგრძელო.

– სხვა ჟურნალისტები როგორ შემოიკრიბეთ გარშემო?

– ნინა მამუკაძე-სორდინი ტელეწამყვანი გახლდათ, ჟურნალისტობის პარალელურად; ის სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ხათუნაც ჟურნალისტია, საქართველოში ოზურგეთის მერის პრესსამსახურის უფროსი იყო, მე ფოთის ოთხი მერის პრესსამსახურის უფროსი გახლდით. ერთად დავიწყეთ ქართველი ჟურნალისტების მოძიება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში ცხოვრობენ. ასეთი აღმოჩნდა სოფო კორტავა – გერმანიაში, თამუნა ბურდული – ესპანეთში, მზეკო ჟვანია – რომში, რატი თაბაგარი, კოტე შენგელია – საბერძნეთში და ასე შემდეგ. გვინდა, კიდევ გავფართოვდეთ.

გვყავს იურისტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალჩამოსულ ემიგრანტებს ბიუროკრატიული საკითხების გარკვევაში დავეხმაროთ.

ჩვენთან არის იტალიელი ფრანჩესკო ტრეჩი, რომელიც საქართველოზე უზომოდ არის შეყვარებული. 22 წელია, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეცნობა, 7-ჯერ იმოგზაურა საქართველოში და უკვე მესამე წიგნის გამოსაცემად ემზადება. მას უნდა, იტალიელებს საქართველოსადმი სიყვარული გაუღვივოს და ქართველ ემიგრანტებს საინტერესო თემებზე ესაუბროს.

– ეს პირველი ქართული ემიგრანტული ტელევიზიაა?

– არა, „მერანი ტვ“ აქამდეც არსებობდა, რომელიც ქართველმა ემიგრანტმა ჩამოაყალიბა, მაგრამ ქართველ ემიგრანტ ჟურნალისტთა გაერთიანების თვალსაზრისით, იტალიაში ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა.

– საინფორმაციო გამოშვების სახელი „1/3“, ალბათ, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს?

– ეს იდეა ხათუნა შარაძეს ეკუთვნის. საქმე ისაა, რომ ემიგრაციაში საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედია და შემოგვთავაზა: მოდი, ასე დავარქვათ საინფორმაციო გადაცემასო. ეს იდეა ყველამ მოვიწონეთ. გადაცემის წამყვანი ნინა მამუკაძე-სორდინი გახლავთ.

– თქვენ როგორ გახდით „1/3-ის“ ნაწილი. საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება და საქმიანობის სფეროები გქონდათ. ათი წელი იყავით ჟურნალისტიკაში, ფოთის ოთხი მერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, საკრებულოს წევრი და ბანკის მმართველიც კი ყოფილხართ.

– პირველადი განათლებით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ. შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ბიზნესის უმაღლესი სკოლა დავამთავრე. 90-იან წლებში დაიბადა იდეა, ფოთში შექმნილიყო ადგილობრივი ტელეკომპანია, სადაც მეც მიმიწვიეს და წამყვანი ჟურნალისტი გახლდით. შემდეგ საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ ფოთის კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ კი ათი წელი „მოამბეში“ ვმუშაობდი ფოთის რეგიონულ კორესპონდენტად.

– აქედან პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით?

– პარალელურად, ადგილობრივ ტელევიზიასთანაც ვთანამშრომლობდი, სანამ ფოთის მერად ცხონებული ვანო ზოდელავა არ დაინიშნა. ჩვენ ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან ვიცნობდით ერთმანეთს. იცოდა, როგორი აქტიური ვიყავი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიცია შემომთავაზა. ვანო აკაკი დარჯანიამ შეცვალა. მაშინაც დიდი ღონისძიებები იმართებოდა და ერთხელ სამი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა ფოთში. აბსოლუტურად ყველაფერმა, მერთან და ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩემს ზურგზეც გადაიარა და თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე ტკბილად მახსენდება სამი პრეზიდენტისთვის მირთმეული ჩაი. ესეც დამევალა მაშინ (იცინის). მე ძირძველი ფოთელი გახლავართ. „ხომერიკების დიდი ოჯახი“ – ასე ეძახდნენ ჩვენს ოჯახს ფოთში. შვიდი და-ძმიდან ერთი სამამულო ომში დაიკარგა, დანარჩენი, ექვსივე, წარმატებული იყო. საკუთარ საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებები ჰქონდათ. ჩემი ორივე მშობელი ფოთის საპატიო მოქალაქე გახლდათ. ყველა პატივს გვცემდა, ვუყვარდით. როცა დარჯანიას შემდეგ მერად დავით ქანთარია დაინიშნა, მე მასთანაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვიყავი და 1998 წელს სწორედ მან შემომთავაზა საკრებულოში მათთან ერთად მეყარა კენჭი. გამსვლელი ხმები მივიღე და ასე გავხდი საკრებულოს წევრი.

– როგორ გახდით ბანკის მმართველი?

– 2003 წელს ტელევიზიის იძულებით დატოვება მომიწია, რადგან მე შევარდნაძის დროის ჟურნალისტი ვიყავი, საკრებულოს წევრი – მოქალაქეთა კავშირის სიით... 2003-ში, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ყველა გუნდი დაიშალა, ერთადერთი საკრებულო, რომელმაც ბოლომდე გაძლო, ფოთის საკრებულო იყო. არ დავშლილვართ, მაგრამ როგორც მოქალაქეთა კავშირის სიით გასული, შევარდანაძისტი, ზეწოლა იყო ტელევიზიის ხელმძღვანელობაზე, რომ სამსახურიდან გავეშვით.

ასე წამოვედი. მაგრამ 2005 წელს ახალმა მერმა ვანო საღინაძემ, რომელმაც კარგად იცოდა, როგორი მებრძოლი სულის ადამიანი ვიყავი, ისევ შემომთავაზა მერიაში დაბრუნება და ორი წელი კიდევ ვიმუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. მაშინ „ტაო პრივატ ბანკმა“ გახსნა ფოთში ფილიალი. ამ დროს მე აღარ მქონდა სურვილი, მუშაობა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით გამეგრძელებინა და ჩემი ძველი სპეციალობისკენ გადავიხარე. კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ამ ბანკის ფოთის ფილიალის მენეჯერად დავინიშნე. 7 წელი წარმატებულად ვმუშაობდი, მაგრამ 2015 წელს უკრაინამ გადაწყვიტა, საქართველოს ბაზარი დაეტოვებინა და დავრჩი უმუშევარი.

– მებრძოლი ბუნება ახსენეთ. ამ გამოცდილებებით კიდევ ერთხელ თავიდან დაწყება არ უნდა გაგჭირვებოდათ. რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?

– არ გამჭირვებია. ორი წელი ვიბრძოლე სამსახურის ძიების პროცესში – უამრავი გასაუბრება, ტესტირება... გადახედავდნენ ჩემს სივს, მოიხიბლებოდნენ, მაგრამ გაგრძელება არ მოჰყვებოდა. მინიმუმ 20 ორგანიზაციაში მაინც ვცადე სამსახურის დაწყება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს გადავწყვიტე, ემიგრაციაში წამოვსულიყავი და ასე შევუერთდი იტალიის ემიგრანტთა მრავალრიცხოვან არმიას.

– ასეთი გამოცდილებების, მაღალ თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ ემიგრაციაში, მომვლელად მუშაობა თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენდა?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არ გამჭირვებია. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი ამ საქმისთვის. არა ენა, არა საბუთი და მაინც სამსახურს ვეძებ. არაფერს არ ვთაკილობდი. ნაცნობები რომ მირეკავდნენ, მეუბნებოდნენ, არ ინერვიულო, აქ უმუშევარი არავინ დარჩენილა, ყველაფერი კარგად იქნებაო. სიცილით ვპასუხობდი: რაზე უნდა ვინერვიულო, რატომ უნდა ვინერვიულო? მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მართლაც, ენაც ვისწავლე, საბუთიც გავაკეთე, ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ოფიციალურად მოვიპოვე და ბევრი რომ არ გავაგრძელო, ექვსი წელია, ემიგრაციაში ვცხოვრობ. თუმცა, ჩემი გამოცოცხლება პანდემიის დროს დაიწყო.

– ქალბატონო მაია, საქართველოში ვინ გყავთ?

– მე არ ვარ დაოჯახებული, მშობლები ძალიან ადრე გარდაიცვალნენ 67 წლის იყო მამაც და დედაც. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, ძალიან ცუდად იმოქმედა. ჩემმა ფოთელებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან და ისევ ჩავერთე ჩემს ჩვეულ საქმიანობაში. მყავს ერთი ძმა დიდი ოჯახით – სამი შვილიშვილის ბაბუდა ვარ და მზე და მთვარე მათზე ამომდის.

მე ახლაც ვმუშაობ მომვლელად ბებიასთან. ისინი ძალიან გაგებით ეკიდებიან ჩემს ახლანდელ მდგომარეობას და ხელს მიწყობენ. ნელ-ნელა მათაც ვაცნობ და ვაყვარებ საქართველოს (იცინის).

– რა სირთულეები გამოსცადეთ საკუთარ თავზე, როგორც ემიგრანტმა?

– ძალიან ბევრი სირთულე იყო. უნდა დაჯდე ბინაში და ორი კაპიკი რომ იშოვო თავქუდმოგლეჯილი უნდა გავარდე ნებისმიერ სამუშაოზე, რომ ბინის ფული გადაიხადო და საჭმელი ჭამო. მაღალ მატერიებზე არ ვამბობ, ელემენტარულშია საქმე. მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად მზად ხარ, რომ შიშველი ხელებით შეეჭიდო დიდ პრობლემებს, დამიჯერეთ, ყველას ყველაფერი გამოგივათ. იმედია, არავის დაგჭირდებათ ემიგრანტობის გამოცდა, თუმცა, თუ მაინც ასე მოხდება, ნუ შეგეშინდებათ, ყველა სირთულეს გადალახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი