საზოგადოება

როდის დაიწყო ედუარდ შევარდნაძის ჯოჯოხეთური ღამეები

№40

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

ედუარდ შევარდნაძე
დაკოპირებულია

ედუარდ შევარდნაძის ცხოვრების ეს ეპიზოდები მისი ხასიათიდან გამომდინარეობს, ისეთია, როგორიც თავად იყო, კარგი იუმორითა და უშუალო ურთიერთობებით.

ლამაზი ბიჭი ვიყავი

ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როცა ერთმანეთი გავიცანით. ახალგზარდები, ძირითადად, მაინც ემოციურები არიან, მოგეხსენებათ, ასეთი იყო ნანულიც, მით უმეტეს, რომ მის მიერ განვლილი გზა ბავშვობიდანვე ძალიან რთული, დაძაბული და ტრაგიკული იყო. მისი მამა ცნობილი სამხედრო პირი, ჯერ დაიჭირეს მერე დახვრიტეს. მაშინ ასეთი წესი იყო – ოჯახის წევრებსაც პასუხი უნდა ეგოთ. ისინი გამოასახლეს იმ სახლიდან, სადაც ცხოვრობდნენ და ღამეებს ნათესავებთან ათევდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ცოტა შერბილდა სიტუაცია, მაგრამ იმ სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა, რადგან იქ უკვე სხვები ცხოვრობდნენ. ნანულის დედა და და დაავადმყოფდნენ. ძმა ექიმი იყო და ფრონტზე იბრძოდა, საიდანაც ღირსეულად დაბრუნდა. მე და ნანული ერთმანეთს წაღვერში, პიონერთა ბანაკში შევხვდით, სადაც ვისვენებდით. ნანული და მისი მეგობარი, ნაზი თარგამაძე პიონერხელმძღვანელები იყვნენ. ვიღაცამ ითავა და ჩვენ ერთმანეთი გაგვაცნო. ძალიან მომეწონა. ლამაზი და ჭკვიანი გოგო იყო. პუშკინის ინსტიტუტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა. მამიდას ოჯახში გაიზარდა. მე და ნანული ხანდახან ჭიქა ჩაისთან საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. 22 წლის ვიყავი, ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლის დამამთარებელ კურსზე ვსწავლობდი. ერთხელაც, ბორჯომის ხეობაში ვსეირნობდით. შევთავაზე, იქნებ შევუღლებულიყავით-მეთქი... მაშინ, არც მას ჰქონდა ბინა და არც – მე. ჩემს დასთან ერთად ერთ პატარა ოთახში ნახევარსარდაფში ვცხოვრობდი. ხან მე ვწვებოდი მაგიდაზე და ხან ჩემი და. ასეთ საშინელ დღეში ვიყავით, მაგრამ ხომ იცით, ამ ასაკში ადამიანი ცოტა თავქარიანია. გავბედე და ცოლობა ვთხოვე. მითხრა – არ გამოვა ეგ ამბავიო. გავოცდი. რატომ-მეთქი. კარიერას გაგიფუჭებო. იცოდა, რომ თუ ვინმე ნათესაობაში რეპრესირებული გყავდა, პარტიულ სამუშაოზე ვერ მოხვდებოდი. ვუთხარი, სულ არ მაშინებს ეს ამბავი, ყველაფერს მივატოვებ და სამედიცინოზე ჩავაბრებ-მეთქი. ჩემი მშობლები მაინც ოცნებობდნენ, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ სხვა გზით წავედი. მისმა ასეთმა ოჯახურმა მდგომარეობამ ბუნებრივია, მის ნერვებზე, ხასიათზე ძალიან იმოქმედა, თუმცა ყველაფერს შეგუებული იყო. მოკლედ, ამ საუბრიდან მესამე დღეს ისევ შევხდვით ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ ჩვენი საკითხი გადაწყდებოდა. ნანულის ბიძა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში განყოფილების გამგის მოადგილე იყო და ჩემს უფროს ძმასთან მეგობრობდა. ბიძამისს ვუთხარი, უნდა დავნათესავდეთ-მეთქი. რაშია საქმე, ვისზეა საუბარიო. ნანული ცაგარეიშვილზე-მეთქი. არ გირჩევ, ბიოგრაფიას გაგიფუჭებსო, – მიპასუხა. როგორც იქნა, მაინც გაფორმდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ჩემს დასთან ვცხოვრობდით. რამდენიმე წლის შემდეგ მეორე სართულზე, მეზობელმა 4 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი მოგვაქირავა. ნანული თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში რუსულს ასწავლიდა. მეც დავიწყე მუშაობა კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში, საიდანაც ქუთაისში საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად გადმომიყვანეს, როცა ოლქები გაუქმდა, ქუთაისში კომკავშირის ქალაქკომის პირველ მდივნად დავრჩი. დიდი ხანი არ მქონდა ხელფასი და გვიჭირდა. ნანულის ნათესავები ჰყავდა ქუთაისში და ისინი გვეხმარებოდნენ. რასაც ავიღებდი, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებზე მეხარჯებოდა. ფაქტობრივად, სახლში ფული არ მიმქონდა. ხანდახან ნანული ამაზე ბრაზობდა, თუმცა ესმოდა, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ქუთაისიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ამიერიდან ჯიბეში ხურდა ფულსაც არ დავიტოვებდი. მთელ ფულს ნანულის ვაძლევდი და არ ვკითხულობდი, რაში რამდენს ხარჯავდა. შვიდი წელი ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. დიდი ხელფასი მქონდა. როცა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გავხდი, ნანულის არ გახარებია – პოლიტიკა ისეთი საქმეა, აუცილებლად რაღაც უბედურებას გადაეყრებიო. არადა, უარის თქმა არ შეიძლებოდა. ამ თანამდებობაზე 14 წელი ვიმუშავე. მართალია, კომუნისტური ეპოქა იყო, მაგრამ მეამაყებოდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი ლიტერატურას, ხელოვნებას, მწერლობას. მაშინ ისეთი ფილმები იქმნებოდა, რისი შექმნაც იკრძალებოდა. მაგალითად, მე რომ არა, „მონანიებას“ ვერ გადაიღებდნენ. „რაიკომის მდივანი“ ჩემი წინადადებით შეიქმნა. რეზო ჩხეიძეს ვუთხარი: რაიკომის მდივანზე ბევრს ცუდი წარმოდგენა აქვს და ერთი, პატიოსანი კაცის სახე შექმენით-მეთქი. რობიკოს „რიჩარდ მესამე“ ნანახი არ მქონდა. ვნახე და ძალიან მომეწონა. არაფერი ანტისაბჭოური მასში არ იყო, ანტიდიქტატორული – კი, იმიტომ რომ რიჩარდის სახე იყო ჯალათი. „ყვარყვარეს“ რომ დგამდა, ამბობდა შევარდნაძეს უნდა დავამსგავსოო. როგორ დამამსგავსებდა, როცა ყვარყვარეს პეროსნაჟი სხვა იყო და მე – სხვა?!

ისევ ნანულიზე რომ გითხრათ, ნანული ცოტა ეჭვიანი იყო. ახლა შემიძლია, ეს ვთქვა, რადგან ასაკში ვარ. ლამაზი ბიჭი ვიყავი, ბევრი ლამაზი ქალიც იყო, მაგრამ ამ მხრივ, ყოველთვის ზომიერი კაცი ვიყავი. ნანულიც იცნობდა იმ საზოგადოებას, რომელშიც მე ვტრიალებდი. ბოლომდე არ იყო ჩემში დარწმუნებული, კაცი მაინც კაცია და ვიღაცასთან მაინც აუცილებლად ექნება საქმეო, მაგრამ ჩემი სინდისი სუფთა იყო, თუმცა, რომ გითხრათ, არასოდეს არაფერი ცოდვა არ ჩამიდენია-მეთქი, ალბათ, არ ვიქნები მართალი. რაღაც შეიძლება, იყო კიდეც, მაგრამ ისეთი არაფერი. ზოგჯერ პირდაპირ მეტყოდა ან მოქმედებით გამოხატავდა სიბრაზეს. თუ ცივია ურთიერთობა, ამას ერთიც გრძნობს და მეორეც. ჭკვიანი ქალი იყო... ჩემი ცხოვრების ყველა დეტალს განიცდიდა, ეს იქნებოდა დაწინაურება თუ უსიამოვნება სამსახურში. არადა ისეთი სამსახური ხომ არ არსებობს, რამე უსიამოვნება რომ არ მოხდეს. მისთვის ყველაფერი ეს ცნობილი იყო. ჩემი ცხოვრებით ცხოვროდა. ჩემს საქმეებში არ ერეოდა. ამაზე შეთანხმებული ვიყავით. კარგად იცოდა ჩემი ხასიათი. თუ საქმე კადრების შერჩევას, დანიშვნას, დაწინაურებას ეხებოდა, რა თქმა უნდა, ამაში ვერ ჩაერეოდა და არც ერეოდა არაფერში. ჩვენ მართლა იდეალური ცოლ-ქმარი ვიყავით.

ჩვენ და ამერიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მართლაც დიდ პრობლემებზე მიწევდა მუშაობა, განსაკუთრებით ისეთზე, როგორიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის წინააღმდეგობის დაძლევა იყო. ჩვენ და ამერიკა, ფაქტობრივად, მტრები ვიყავით, ისევე როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები და საბჭოთა კავშირი. მე და გორბაჩოვმა ვილაპარაკეთ იმის შესახებ, შევძლებდით თუ არა, დავპირისპირებოდით ამერიკას და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ვერ გავუძლებდით. ამერიკა, ის ხომ ძლიერი, უძლიერესი იყო. რეიგანს 12-ჯერ შევხვდი. ჩვენ გვქონდა ბირთვული იარაღი – „ესე 20“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატს სწვდებოდა. რეიგანი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ აეცილებინა კოსმოსიდან დარტყმა. მეცნიერებმა რაღაც ურჩიეს და გამოაცხადა, კოსმოსური პროგრამა შევქმენითო. მე და გორბაჩოვმა, ცნობილ მეცნიერებს ვკითხეთ, ეს რეალური იყო თუ არა. გვითხრეს, ბლეფია, ამის შექმნა არ შეიძლებაო. გავიდა რამდენიმე თვე და მეცნიერებმა ჩემთან შეხვედრა მოინდომეს, მითხრეს, მაშინ კი გითხარით, რომ ეს ბლეფია, მაგრამ ყველაფერი კარგად გავიგეთ, გავერკვიეთ საკითხში და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რაღაცის შექმნა რეალურია, თუ მათ ამის საშუალებას ეკონომიკა მისცემთო. მაშინ მე და გორბაჩოვმა ვთქვით: თუ ამერიკა მართლა შეძლებს ასეთი სისტემის შექმნას, ეს ბირთვული იარაღი რისთვის გვინდა, მონღოლეთს დავარტყამთ თუ პოლონეთსო. ავიღეთ კურსი, რომ ნელ-ნელა დამთბარიყო ჩვენი ურთიერთობა და პარტნიორები გავმხდარიყავით. ამის შემდეგ ჩემი პირველი შეხვედრა რეიგანთან ჯოჯოხეთი იყო. მითხრა: შენც ისეთივე წარმომადგენელი ხარ ბოროტების იმპერიის, როგორც სხვებიო. არაფერი ვუპასუხე, გამეცინა. მეორე და მესამე შეხვედრამ ცოტა რბილად ჩაიარა. მერე, ყველა შეხვედრის შემდეგ, ლანჩს აწყობდა და ანეკდოტებს ყვებოდა.... მალტაზე პრეზიდენტების შეხვედრა მოეწყო. ჩემსა და უფროს ბუშს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომ ამიერიდან ერთმანეთის მოწინააღმდეგები აღარ ვიქნებოდით. ეს კიდევ ერთი გამარჯვება და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუ რამეა ჩემი ღვაწლი საერთაშორისო პოლიტიკაში, ეს ადამიანებთან სწორი მიდგომის უნარის შედეგია....

შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო

საქართველო, ფაქტობრივად, დაშლილი გახლდათ. არც პარლამენტი იყო, არც ხელისუფლება, არანაირი არჩევნები. იყო დიქტატორული რეჟიმი. ბევრმა მთხოვა ჩამოსვლა, განსაკუთრებით ჯაბა იოსელიანმა და ირაკლი ბათიაშვილმა. ირაკლის აინტერესებდა, რა კაცი ვიყავი და მართლა მინდოდა თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩემთან მოვიდა, ოთხი საათი მომაცდინა. დამკითხა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კაკო ასათიანმა თქვა: შევარდნაძე რომ არ ჩამოსულიყო, საქართველო დაიშლებოდაო. მართლა ასე იქნებოდა, რადგან პიროვნება არ იყო, ვის ირგვლივაც უნდა გაერთიანებულიყო ყველაფერი. მართალია, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი დაიკარგა ჩემს ჩამოსვლამდე, მაგრამ საქართველო ხომ გადარჩა? მხოლოდ უკარინასთან ჰქონდა ურთიერთობა. 40 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ზოგი ლაპარაკობდა, შევარდნაძე ძალიან ბევრს ხარჯავს თვითმფრინავებშიო. როგორ არ დავხარჯავდი? საქართველო იზოლირებული ქვეყანა იყო. 40 ქვეყანას ფეხით ან მანქანით ხომ არ მოვივლიდი?..

ყოველი ღამე ჩემთვის ჯოჯოხეთია

სანამ ცოცხალი ვარ, ამ დარდს ვერ მოვინელებ. ბოლოს კარგად აღარ იყო და საავადმყოფოში გვეწვინა. მიუნხენში უნდა წავსულიყავი, კონფერენცია ტარდებოდა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ჩემი მოხსენება იყო დაგეგმილი. ნანულიმ იცოდა, რომ უნდა წავსულიყავი. წინა დღეს შედარებით უკეთ გამოიყურებოდა, სახე ისეთი დამშვიდებული ჰქონდა, ვერ იტყოდით, რომ ავადმყოფიაო, მაგრამ შიგნით რა ხდება, ფილტვებში, გულში – რა იცი? ვუთხარი: გერმანიაში აღარ მივდივარ, მშვიდად იყავი, არაფრის შეგეშინდეს, აქ ვიქნები, შენ გვერდით, არ მოგცილდები-მეთქი. შენ თუ გერმანიაში არ წახვალ, იცოდე, ხვალ ცოცხალი აღარ დაგხვდებიო. წავედი. 2 საათზე კონფერენცია უნდა დაწყებულიყო და 12 საათზე ამ ამბავს ვიგებ. მაშინვე გამოვფრინდი. ჩვენ ბედნიერები ვიყავით მანამ, სანამ ნანულის ავადმყოფობა მოერეოდა. ურთულლესია მის გარეშე არსებობა ჩემთვის. უცნაურია, მაგრამ, როცა ცოცხალი იყო, წელიწადში ერთხელ თუ დამესიზმრებოდა. ახლა ყოველ ღამე მესიზმრება. ყოველი ღამე ჩემთვის ჯოჯოხეთია, მაგრამ რას იზამ, ასეთია ცხოვრება!

რეკორდსმენი

გადადგომაში რეკორდსმენი ვარ! საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, მივიღე გადამოწმებული ინფორმაცია, რომ კონტრრევოლუცია მზადდებოდა თეთრ სახლზე შეტევისთვის. გორბაჩოვს სჯეროდა, რომ ის ერთადერთი მართალი კაცი იყო მთელ მსოფლიოში და „პერესტროიკას“ ვერაფერი შეცვლიდა. ვხედავდი, რომ დიქტატურა მოდიოდა და ვფიქრობდი, როგორ შემეჩერებინა. მივედი დასკვნამდე, ალბათ, საჭირო იქნება ისეთი გადაწყეტილების მიღება, რომ საზოგადოება გამოფხიზლდეს-მეთქი. სახლში გვიან მივედი და ნანულის ვკითხე: რას იტყვი, რომ გადავდგე-მეთქი. მითხრა: არაფერსაც არ გეტყვი. ჩათვალე, რომ მხარი დაგიჭირე, მოსკოვშიც სადამდე უნდა ვიყოთ, ოდესმე ხომ უნდა დავბრუნდეთ საქართველოშიო. ძნელი გადაწყვეტილება გახლდათ. ერთ-ერთი ადამიანი იყო ლიგაჩოვი, ვინც მთხოვა, თანამდებობაზე დავრჩენილიყავი. რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობიდან წასვლას, ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. მითხრეს, რომ პარლამენტთან ახალგზრდობა იყო შეკრებილი. დილის 7 საათზე მათთან მივედი. არ ვარ მიჩვეული იმას, რომ მიყვირონ და არ მომისმინონ. გავხსენი სხდომა. სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება, შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. ეს ნორმალური იყო? სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. ვიყავი მთავარსარდალი, ჯარი, პოლიცია მე მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი – კი გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება, შეჯახება მოხდეს და სისხლის გუბეები დაგდეს-მეთქი. მანქანიდან დავრეკე – გააუქმეთ ბრძანება-მეთქი. ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და ნანული მეუბნება, კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა დაღვაროო? ყოველგვარ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო. დავიბარე ოპოზიცია. საუბარი არ გამომივიდა. მიშა უზრდელურად მელაპარაკა, იმდენად უზრდელურად, რომ ვუთხარი მოდი, ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს და კაცურად მელაპარაკე-მეთქი. წავიდა. ზურა და ნინო დარჩნენ. ცოტა ხანს ვისაუბრეთ. მეორე დღეს ვერ შევხვდლით მე და მიშა ერთმანეთს, არ მოვიდა. მესამე დღეს დავიბარე. დავსხედით. პირველმა ზურამ დაიწყო. ვატყობდი, ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. მითხრა: ბატონო ედუარდ, 8 წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ახლა ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებაო. მაშინ დროს ნუღარ ვკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და თქვენ იცით-მეთქი. ზურას უკეთ ვიცნობდი, ნამდვილად ნიჭიერი იყო. ერთ დღეში აითვისებდა ერთი წლის ასათვისებელ საქმეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა