როდის დაიმკვიდრეს თავი ზაქარია მდივნის შვილებმა „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს შორის და როგორ მოუტანეს მათ მამას თავადის ტიტული
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.07, 2024 წელი

ზაქარია (შაქრო) ასლანის ძე მდივანი 1867 წელს თბილისში, აზნაურის ოჯახში დაიბადა, თუმცა წარმოშობით ბათუმიდან იყო. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი და გენერალური შტაბის აკადემია. 1886 წელს პოდპორუჩიკის ჩინით ვარშავის საციხოვნო არტილერიაში გაამწესეს, შემდეგ საქმისმწარმოებლად მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქში. სამხედრო მეცნიერებებში წარჩინებისთვის კაპიტნად დააწინაურეს. 1899 წლიდან კი გენერალურ შტაბში გადაიყვანეს.
მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა და პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ; ხელმძღვანელობდა როტას კავკასიის მესამე სამწყობრო ბატალიონში;
საბრძოლო წარჩინებისთვის მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება და ჩაირიცხა ნიკოლოზ მეორის ამალაში. შედიოდა იმპერატორის უახლოეს გარემოცვაში.
საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის დაჯილდოებული იყო წმიდა ანას მესამე და პირველი ხარისხების; წმიდა ვლადიმერის მეოთხე, მესამე და მეორე ხარისხების; წმიდა სტანისლავის მესამე, მეორე და პირველი ხარისხების ორდენებით. 1913 წელს მიიღო მედალი „რომანოვების სახლის 300-წლიანი მეფობის სახსოვრად“.
1918-1921 წლებში ზაქარია მდივანი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ. ჯერ კიდევ 1917 წლის ბოლოდან სამხედრო მოღვაწეებთან, გენერლებთან –კონსტანტინე აფხაზთან, ზაქარია ბაქრაძესთან, გიორგი კვინიტაძესთან, გიორგი მაზნიაშვილთან – ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს იყო ქართული არმიის მთავარსარდალი.
ზაქარია მდივნის მეუღლე ელისაბედ სობოლევსკა იყო, დედით – ქართველი, მამით – პოლონელი. წყვილს ხუთი შვილი ჰყავდა. მიუხედავად სიძნელეებისა და საცხოვრისის ხშირად შეცვლისა, მშობლებმა შვილებს საუკეთესო განათლება მისცეს – ჯერ ვარშავაში, სადაც ზაქარია ერთხანს ვარშავის კომენდანტი იყო, შემდეგ – პეტერბურგში და დამოუკიდებელი საქართველოს დროს – თბილისში. ხუთივე: დავითი, სერგი, ნინო, რუსუდანი, ალექსი – გამოირჩეოდნენ სილამაზით, არისტოკრატიზმითა და განსაკუთრებული მიმზიდველობით.
1921 წლიდან ზაქარია მდივნის ოჯახი ემიგრაციაში წავიდა – ჯერ თურქეთში, შემდეგ – საფრანგეთში. კონსტანტინეპოლში გენერალი მდივანი იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას ჩაუდგა სათავეში, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. სამწუხაროდ, ელისაბედი თურქეთში ყოფნისას გარდაიცვალა. ეს მძიმე დარტყმა იყო ოჯახისთვის და განსაკუთრებით ზაქარიასთვის.
ისინი თურქეთიდან საფრანგეთში გადავიდნენ. ემიგრანტი ოჯახის მძიმე ცხოვრებამ აიძულა გენერალი მდივანი, რამდენჯერმე შეეცვალა პროფესია. ფიზიკურად შრომობდნენ შვილებიც, მათ შორის, უმცროსი – ალექსი, 13 წლიდან ხან წვრილმანებს ყიდდა, ხან ფეხსაცმელების წმენდაში აღებული გროშებით ეხმარებოდა ოჯახს. წამოზრდილმა მტვირთავობა დაიწყო, 15 წლის ასაკში კი „პეჟოს“ ქარხანაში მოეწყო მუშად, სადაც ხელფასი მცირე, მაგრამ სტაბილური ჰქონდა.
უფროსი ძმები – დავითი და სერგი საფრანგეთში დიდხანს არ დარჩენილან. ბედის საძებნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ და რადიო სახელოსნოში დასაქმდნენ, ვინმე ლოლაძესთან.
ალექსის მხსნელად მამის ძველი ამერიკელი მეგობარი გამოუჩნდა, რომელმაც ბიჭი კემბრიჯის კოლეჯში შეიყვანა. აქ გამოჩნდა მისი ნიჭიერება. ის არაჩვეულებრივად უკრავდა, მღეროდა, კარგი სპორტსმენი იყო და პოლოს გუნდის კაპიტანი გახდა. კემბრიჯის დამთავრების შემდეგ ალექსი მდივანი ერთხანს „ნიუ-იორკ სითი ბანკის“ პარიზულ განყოფილებაში მუშაობდა მენეჯერის თანამდებობაზე. როდესაც საქართველოს ემიგრანტული მთავრობის საელჩო მთავრობის ლეგაციად გადაკეთდა, მდივნად 24 წლის ალექსი მიიწვიეს. ის, ძირითადად, საფრანგეთში ცხოვრობდა, თუმცა ბევრს მოგზაურობდა.
მისი ძმები კალიფორნიაში დამკვიდრდნენ, „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს შორის ტრიალებდნენ და იქაური სალონების სასურველი სტუმრები გახდნენ.
მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლებში გენერალ ზაქარია მდივნის ხუთივე შვილი ევროპული და ამერიკული პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მათ ხან აქებდნენ და აღმატებული ეპითეტებით ამკობდნენ, ხან არასახარბიელო კონტექსტში მოიხსენიებდნენ. ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც „მექორწილე მდივნები“. წარმატებაში კი, პიროვნული თვისებების გარდა, მათ ხელი შეუწყო ერთმა კურიოზულმა ფაქტმაც. საქმე ისაა, რომ მდივნები აზნაურები იყვნენ, მაგრამ ფრანგულად ეს წოდება გამოითქმის, როგორც Prince. ასე რომ, პასპორტებში მათ ამ არცთუ მაღალი წოდების აღმნიშვნელად „პრინცი“ ეწერათ, რაც ევროპულ ქვეყანაში, ზოგადად, არისტოკრატიულ წარმოშობას აღნიშნავს, ინგლისურენოვან ამერიკაში კი ეს წოდება სამეფო გვარის შთამომავალს გაუტოლდა.
როცა მათ მამას, ზაქარიას, ამ ტიტულით მიმართავდნენ, იცინოდა: „მე ამქვეყნად, ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც თავადის ტიტული შვილებისგან მიიღოო“.
წოდებისა და პიროვნული მომხიბვლელობის წყალობით ძმები ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ამერიკელ ქალებზე დაქორწინდნენ. საერთო ბიზნესიც დაიწყეს. სახარბიელოდ გათხოვდნენ ნინო და რუსიც. ზაქარია მდივანს აღარ უჭირდა. იყო საიმპერატორო საზოგადოება „ლაიბ-ერევნელების“ კავშირის თავმჯდომარე. ცხოვრობდა პარიზში. გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო: www.nplg.gov.ge; გოგიტიძე მამუკა - სამხედრო ფიცის ერთგულნი; ბეჟიტაშვილი გიორგი - ქართული ემიგრაცია ევროპაში (1921-1953).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან