საზოგადოება

როდიდან აღარ ერთვება ნეგატივში მარიამ ხაჭვანი და რატომ დაჰყავს მას შვილი ყველა კინოფესტივალზე

№27

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 10.07

მარიამ ხაჭვანი
დაკოპირებულია

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი აქტიური მზადების პროცესშია, ეს სამზადისი სვანეთის კინოფესტივალს ეხება, რომელზეც დიდი იმედებია დამყარებული.

მარიამ ხაჭვანი: ამ მომენტისთვის ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სვანეთის კინოფესტივალის ორგანიზების საკითხებში. ფესტივალი 15 ივლისს გაიხსნება და 20-ში დაიხურება. ამ დღეების განმავლობაში ძალიან მრავალფეროვან პროგრამას წარვადგენთ, გაიმართება მასტერკლასები, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კინოინდუსტრიის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ახლა დიდი სამზადისის პერიოდია.

– რამდენად მნიშვნელოვანი და შედეგიანია ეს ფესტივალი საქართველოსთვის?

– ამ ფესტივალის დაფუძნების იდეა ზუსტად საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანას ემსახურება. როგორც ვიცით, საქართველო განვითარებად ქვეყნებში ითვლება. ბოლო პერიოდში წარმატებები ქართველებს კინოში ნამდვილად გვაქვს, A კლასის ფესტივალზე მოვხვდით და გავიმარჯვეთ, მაგრამ კონკურენცია ყოველწლიურად ძალიან იზრდება, რასაც ემატება ის, რომ ბოლო პერიოდში ჭარბობს ფილმები აზიური ქვეყნებიდან და უფრო ნაკლები და ნაკლები ყურადღება მოდის საქართველოზე. ამიტომ ქართველი კინომატოგრაფებისთვის უფრო და უფრო რთულდება, მოხვდნენ ისეთი მაღალი დონის კინოფესტივალზე, როგორიცაა „კანი“ და სხვა. ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რადგან კინო არის ერთ-ერთი დიდი ბიზნესი და უფულოდ გზის გაკვლევა ურთულესია. ამ მიზეზით საქართველოს დიდი ყურადღება არ ეთმობა.

გარდა ამისა, საქართველოში, ჩვენს სფეროში განათლების პრობლემაც გვაქვს. ამას ისიც მოწმობს, რომ მე ხშირად ვესაუბრები ახალგაზრდებს, ჯერ უნდა გააკეთონ კარგი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც საფესტივალო მოწონებას დაიმსახურებს და მერე უნდა დახარჯონ დრო და ენერგია სრულმეტრაჟიანზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ეს არ ესმით. ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოისმინონ მასტერკლასები სხვადასხვა პროფესიონალებისგან, რომლებიც დღეს საერთაშორისო კინოინდუისტრიის წამყვანები არიან, რადგან საქართველოში მიღებული ცოდნით, ძალიან ძნელია, გააკეთო მსოფლიო დონის ფილმი. ზუსტად ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე, რომ დაგვეარსებინა სვანეთის კინოფესტივალი, რომელიც იმუშავებდა კინოინდუსტრიის გაძლიერებაზე საქართველოში. ყოველწლიურად ამ ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიყვანთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს ამ სფეროდან, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს, გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები მონაწილეებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით, წინ წავალთ და ამ კუთხით განათლების დონე ამაღლდება.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამა თუ იმ ფესტივალის მთავარი ორგანიზატორები, პროგრამერები და სხვა პასუხისმგებელი ადამიანები მოვიწვიოთ სვანეთში და საბედნიეროდ, ეს გამოგვდის. ყოველ წელს ძალიან კარგი სტუმრები გვყავს საუკეთესო ფესტივალებიდან. მე თვითონ რეჟისორი ვარ, ურთულესი გზა გავიარე და ვიცი, რამდენად რთულია საერთაშორისო ყურადღების მოპოვება, ამიტომ ასეთ ადამიანების ჩამოყვანა გვიადვილებს მიზნამდე მისაღწევ საჭირო კონტაქტების დამყარებას.

– ცოტა ხნის წინ კანის კინოფესტივალზე იყავით. იქიდან გავრცელებულ თქვენს ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ირონიულიც. ამაზეც მინდა, ვისაუბროთ და რაც მთავარია, ფესტივალის საქმიან ნაწილზე რისი თქმა შეგვიძლია?

– კანის ფესტივალმა ძალიან კარგად ჩაიარა. შეხვედრებს, რომლებიც იქ გვქონდა, აუცილებლად ექნება სასიკეთო შედეგები. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს შევხვდით, მათ შორის კანის კინოფსტივალის მთავარი კონკურსის მთავარ პროგრამერს, ქრისტიან ჯუნს, რომელიც დაგვპირდა, რომ აუცილებლად გვეწვევა სვანეთის კინოფესტივალზე. ყველაფერმა ძალიან შედეგიანად ჩაიარა.

ნეგატივიც იყო ქართულ სოციალურ ქსელებში, მაგრამ... სამი წელია, დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობ, ბებიაჩემის შესახებ. ამ ფილმმა იმდენად შემცვალა და გამზარდა, რომ დაახლოებით, ერთი წელია, გადავწყვიტე, რომ არანაირ ნეგატივს არ გამოვეხმაურო, არავისგან არაფერი მეწყინოს, თუნდაც მეგობრისგან ან ახლობლისგან, მხოლოდ სიყვარული მივიღო და გავცე. არ ჩავერთო მსგავს პროცესებში. თუნდაც საქმე პასუხის გაცემას ეხებოდეს, სადაც 100 პროცენტით მართალი ვარ, რადგან ნეგატივი ყოველთვის ნეგატივს იწვევს და არ მინდა, ამის გავრცელებაში მივიღო მონაწილეობა, მინდა, რომ მხოლოდ პოზიტივი, დადებითი ენერგიები გავავრცელო, რადგან არავინ იცის, რომელი ადამიანის უკან რა ტკივილი იმალება. ალბათ, ჩემი მისიაც ეს არის. მით უმეტეს, ისედაც ძალიან დაძაბულ ყოფაში, როცა მთელს მსოფლიოში საოცრად მომატებულია ემოციური ფონი, დამატებითი სტრესი აღარ არის საჭირო. რამდენად დარწმუნებულიც არ უნდა ვიყო ჩემს სიმართლეში, ვცდილობ, ნეგატიურ კონტექსტს კომენტარის გარეშე ავარიდო თავი და ადამიანებს გული არ ვატკინო.

– ნეგატივი საქმიან მხარეს არც ეხებოდა.

– ფოტოს მოჰყვა და ფესტივალზე ბავშვების ყოფნასთან დაკავშირებით შევხვდი ნეგატიურ კომენტარებს. ჩემი ახლო მეგობრები, რომლებიც ძალიან მიყვარს და წლების ურთიერთობა მაკავშირებს, ისინიც კი აკრიტიკებდნენ ამას. გულწრფელად შემიძლია, ვთქვა, რომ არ მწყენია, არ მტკენია... მე ჩემი შვილი სხვადასხვა ფესტივალზე დამყავს, რადგან არ მყავს ძიძა, რომ ბავშვი მას დავუტოვო. როცა საშუალება მაქვს, ოჯახის წევრებს დავუტოვო, ასეც ვიქცევი, მაგრამ ძირითადად, ამის შესაძლებლობა არაა. ქალისთვის ძალიან რთულია, როცა ფესტივალზე ოთხი წლის ბავშვი თან მიგყავს და პარალელურ რეჟიმში შეხვედრებს მართავ. შარშანწინ კინოფესტივალზე ჩემს შვილს ჩემს ხელში ეძინა და ასე ვიყავით პრესკონფერენციაზე. გარდა ამისა, ღამე ხელში დაძინებული მომყავდა ფესტივალიდან სასტუმრომდე, რომელიც დაახლოებით, 2 კილომეტრის სავალზე იყო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ურთულესია. ეს არ არის მარტივი რეჟისორი დედისთვის, მაგრამ თუ რომელიმე რეჟისორი, ქართველი თუ უცხოელი, მეუბნება, რომ სვანეთის ფესტივალზეც შვილის ჩამოყვანა უნდა, რა თქმა უნდა, როგორც ქალი, მხარს ვუჭერ.

მე ვიცი, როგორი ძნელია, გახდე რეჟისორი და ისიც ვიცი, რომ ათმაგად რთულია, როდესაც ხარ ქალი რეჟისორი და ხარ დედა. რეჟისორობა არ ნიშნავს დედობრივ პასუხისმგებლობაზე უარის თქმას. როდესაც დედა ხარ, შვილის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვანია. რეჟისორი საკუთარი ფილმებით ასწავლის სხვას, როგორ იცხოვროს, რომ ხალხი და ცხოვრება უკეთესი გახდეს. ამისთვის ვქმნით ჩვენს ფილმებს და ამიტომ, თუ ამის საჭიროება არის, ჩემთვის შვილი პროფესიაზე წინ დგას. კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევანი რომ მქონოდა, აუცილებლად დავტოვებდი ბავშვს, მაგრამ მე სვანეთში ვარ, პარიზში თუ სხვა ქვეყანაში, შვილი თან მყავს და მთელი დღის განმავლობაში მასთან ერთად ვმუშაობ.

– რა შეცვალა მართას დაბადებამ მარიამის ცხოვრებაში?

– 33 წლის ვიყავი, მართა რომ მეყოლა. როცა შვილს ამ ასაკში აჩენ, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები დედის ამპლუას. ხშირად მეუბნებიან, რა ნერვები გაქვსო. ბავშვის დაბადების დღიდანვე საქმეში ვარ. მართა რომ დაიბადა, მეორე დღეს ჩართვა მქონდა სამშობიაროდან ჟიურის წინაშე, რომლებიც „იერუსალემ ლაბისთვის“ არჩევდნენ სცენარებს. ასეთია ჩვენი პროფესია. აქ ვერ აიღებ შვებულებას და ვერ გამოეთიშები პროცესებს. მე არ ვიცი შაბათი და კვირა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი პროფესია გვაქვს. ჩემმა შვილმა ძალიან გამაძლიერა და ბევრი რამის გაკეთების სტიმული მომცა. თუმცა, არა მისთვის ყურადღების მოკლების ხარჯზე. მას ვერ წავართმევ დროს, რომელიც დედისგან ეკუთვნის. მასთან დიდ დროს ვატარებ. მის გვერდით მეც ბავშვი ვარ და მისნაირად ვთამაშობ. ძალიან მივაჩვიე თავისუფლებას და ეს ძალიან რთულია, რადგან ყველაფერი მის ჭკუაზე უნდა და ძალიან რთულია, ბავშვის ჭკუაზე იარო და ეს აიტანო. ბევრი მეუბნება, ცუდია, რომ ასე თავისუფლად ზრდი, თითქმის არაფერში ზღუდავო, მაგრამ მგონია, რომ 5-6 წლამდე ბავშვს მშობლებისგან სრული თავისუფლება და მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. უნდა გააფუჭონ და უნდა ისწავლონ. აქედან გამომდინარე, ჩემს შვილს არაფერში ვზღუდავ და რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ, კარგი დედა ვიყო, რადგან მეც ასე თავისუფლად გავიზარდე, ბავშვობიდან ჩემს ჭკუაზე დავდიოდი, არასდროს არაფერში მზღუდავდნენ, თუ რამე კარგი ნივთი გვქონდა სახლში, მე და ჩემმა ძმებმა ყველაფერი თამაშის დროს დავუმტვრიეთ და დავუკარგეთ, მაგრამ დედაჩემი არ გვეჩხუბებოდა. ერთხელ ჩემმა ძმებმა მამაჩემს „ვილისიც“ კი ნაწილ-ნაწილ დაუშალეს. არც მაგაზე უჩხუბიათ. ასეთმა მიდგომებმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბებაში და როცა გავიზარდე, არაფერზე მქონდა პროტესტი. რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩემს მშობლებს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა