რით მოიხვეჭა სახელი გიორგი ანდღულაძემ და როგორ დაეღუპა მას ორი შვილი
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00
გიორგი ბეჟანის ძე ანდღულაძე დაიბადა 1866 წლის 20 იანვარს ოზურგეთის მაზრაში. დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის სამკლასიან სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში ჩადგა 1983 წელს. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სკოლა. მისი სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა: ჯერ პოდპორუჩიკი გახდა, მალე – პორუჩიკი, შტაბს-როტმისტრი, 1901 წლიდან კი უკვე კაპიტანია.
გიორგი ანდღულაძე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–1905) და პირველ მსოფლიო ომებში. 1912 წლის ნოემბერში მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი. 1916 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და სათავეში ჩაუდგა ბრესტის 49-ე ქვეით პოლკს.
იმავე წლის ივლისში, „ბრუსილოვის გარღვევის“ დროს, ბრძოლით დაიკავა მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიცია, რისთვისაც დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით. 1917 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და სათავეში ჩაუდგა მე-13 ქვეითი დივიზიის ბრიგადას. მიღებული აქვს ორდენები: წმიდა ანას მესამე ხარისხის, წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის, წმიდა ანას მეორე ხარისხის – ხმლებით, წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის – ხმლებითა და ბაფთით, წმიდა ვლადიმირის მესამე ხარისხის – ხმლებით, წმიდა ანას მეოთხე ხარისხის.
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გიორგი ანდღულაძე თეთრი მოძრაობის რიგებში იბრძოდა. 1918 წლის მიწურულს მოხალისედ გაწევრიანდა გენერალ ბოროვსკის ყირიმ-აზოვის არმიაში. იმავე წლის 23 ნოემბერს მიიღო ბრძანება, რომ ყოფილი მე-13 ქვეითი დივიზიისაგან ჩამოეყალიბებინა პოლკი და გაეერთიანებინა იგი ყირიმის მოხალისეთა დივიზიაში.
1919 წლის 18 თებერვლიდან გიორგი ანდღულაძე სათავეში ედგა ყირიმის ქვეით პოლკს. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა მე-13 ქვეითი ბრიგადის მეთაურად, ხოლო შემდეგ – მე-13 ქვეითი დივიზიის ხელმძღვანელად „რუსეთის სამხრეთის შეიარაღებული ძალების“ შემადგენლობაში. 1920 წლის 3 აპრილს მისმა დივიზიამ დაიკავა სტანიცა სივაში. იმავე წლის აგვისტოს მიწურულიდან მეთაურობდა მე-13 და 34-ე ქვეითი დივიზიებისაგან დაკომპლექტებულ საჯარისო დაჯგუფებას. კახოვკაზე მოწყობილი წარუმატებელი შეტევის შემდეგ, გენერალ ვრანგელის ბრძანებით, გადავიდა თავდაცვაზე, ხოლო ნოემბერში, ვრანგელის არმიასთან ერთად დატოვა ყირიმი და ჩავიდა კონსტანტინოპოლში, სადაც დაინიშნა გალიპოლიის საექსპედიციო კორპუსის სარდლად, თუმცა ამაზე უარი განაცხადა.
1920 წლის 20 დეკემბერს გიორგი ანდღულაძეს „საბრძოლო წარჩინებისთვის“ მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
გიორგი ანდღულაძე დაქორწინებული იყო ორჯერ. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავდა ორი ვაჟი – ნიკოლოზი და მიხეილი, იუნკრები, რომლებიც 1917 წელს ბოლშევიკებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.
გენერალი ანდღულაძე ემიგრაციაში ვრანგელის ჯარებს გაჰყვა. თავდაპირველად ბულგარეთს შეაფარა თავი. 1921 წელს შეეძინა ვაჟიშვილი. 1923 წელს გენერალი ოჯახთან ერთად მარსელში გადავიდა, შემდეგ კი – პარიზში, სადაც 1924 წლიდან სათავეში ედგა მე-13 ქვეითი დივიზიის ოფიცრებისა და ჯარისკაც ვეტერანთა გაერთიანებას.
გიორგი ანდღულაძე გარდაიცვალა 1948 წელს, პატარა ქალაქ სენტ-ჟენევიევ დე ბუას მოხუცებულთა პანსიონში. დაკრძალულია სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას რუსულ სასაფლაოზე.
გამოყენებული მასალების წყარო: ჯავახიშვილი ნიკო. დენიკინის არმიის ქართველი გენერლები: // ქართული დიპლომატია; დოლიძე ლევან. საქართველო და პირველი მსოფლიო ომი // საქართველოს რესპუბლიკა; .nplg.gov.ge/; ვიკიპედია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





