რით იმსახურებს თვითნასწავლი ხელოვანის, გელა ლეკიშვილის ნამუშევრები აღფრთოვანებას
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:43 24.07

გელა ლეკიშვილი მრავალი ინტერესის მქონე ადამიანია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში ახალი გატაცება – ხელოვნება გაჩნდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისეთი ნაკეთობები შექმნა, რომლითაც უამრავი ადამიანის მონუსხვა შეძლო.
გელა ლეკიშვილი: 22 წლის თვითნასწავლი ხელოვანი ვარ. ბავშვობაში არანაირი შეხება არ მქონია ხელოვნებასთან. ერთი წელიც არ გასულა, რაც ხელოვნებით დავინტერესდი. ნაკეთობები, რომელიც შევქმენი, სულ რაღაც, ათი თვის მუშაობის შედეგია.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი აზრებისა და იდეების რეალობად ქცევა. ასე მოხდა ამჯერადაც, ერთ დღესაც გავიფიქრე, როგორი იქნებოდა ლითონის მავთულით რომ ფიგურები შემექმნა-მეთქი და მომინდა, ჩემი იდეებისთვის ორიგინალური ფორმა მიმეცა.
ჩემი პირველი ნამუშევარი იყო თავისუფლება – არწივი. არწივი ძლიერებასთან ასოცირდება. ასევე, სიახლეების აღმოჩენასა და შეზღუდვების არქონასთან. არწივს თუ მოუნდება, ატმოსფეროსაც გაარღვევს და უკიდეგანო კოსმოსშიც თავისუფალი იქნება. ჩემი ნამუშევრის უკან შავი ფონი კოსმოსს განასახიერებს და არწივი იქაც თავისუფალია. ამ ნამუშევრის შექმნა ტექნიკურად რთული იყო, რადგან ძალიან დეტალიზებულია. მით უმეტეს, რომ ის ახალი საქმე იყო, რომლის მსგავსიც ნანახი არ მქონდა და დიდი გონებრივი რესურსის ჩადება დამჭირდა ამ ნაკეთობის შესაქმენლად. ყველა პატარა დეტალს თავისი ხიბლი და დატვირთვა აქვს და საერთო ჯამში, ამ ნამუშევარმა რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომ საბოლოო სახე მიეღო.
– კიდევ რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
– მაქვს ნამუშევარი, რომელთანაც ძალიან დიდ ემოციურ კავშირს ვგრძნობ, მაგრამ მანამდე ჩემს მეორე ნამუშევარზე ვისაუბრებ. მეორე იყო საქართველოს ისტორიის რუკა-მემატიანე. ეს ნაკეთობა გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის ისტორიას ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან თანამედროვეობამდე. ის მოგვითხრობს ყველა კუთხის ღირსშესანიშნაობაზე. რუკაზე ყველაზე ძველი კოლხეთის სამეფოა, რომელიც ოქროს საწმისით არის გამოხატული, ყველაზე ახალ ისტორიაზე შიდა ქართლში, ქართლის დედაზე სისხლიანი მოსახვევი მოგვითხროვს, რომელსაც დღევანდელ საქართველოზე შემყურეს თვალებიდან სისხლი მოსდის. ყველა დანარჩენი კუთხეც მისთვის დამახასიათებელ ღირშესანიშნაობებს და ისტორიეულ მოვლენებს ასახავს.
მე ყველაზე მეტად ჩემი მეოთხე ნამუშევარი „სიცოცხლის ხე“ მიყვარს. ერთი შეხედვით ვხედავთ ფოთლეგაცვენილ ხეს და მის ტოტებში გახლართულ ბურთებს, რომელსაც ქარი ჭიმავს და ადრე თუ გვიან გასტაცებს. ასევე, ვხედავთ კაცს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბურთს ეჭიდება, მიუხედავად იმისა, რომ ქარი მალე ყველას წაიღებს. ამ ხეს ფესვი აქვს კაცზე შემოხვეული და გადავარდნის საშუალებას არ აძლევს. ჩემთვის ეს ნამუშევარი ჩვენს სიცოცხლესთან არის გაიგივებული. ხე ჩვენი ცხოვრებაა, ქარი – წლების მატება, ხეზე გამოკიდებული ბურთები კი – ჩვენი მიზნები და ოცნებებია, რისი მიღწევაც გვინდა და შეგვიძლია. ერთ ბურთზე გამოკიდებული ადამიანები კი ჩვენ ვართ, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში, განვითარება გვეზარება, რადგან განვითარება სწავლას გულისხმობს. ახალ საფეხურებზე ასვლა, ახალი პროფესიის თუ უნარის შეძენა, რატომღაც, ბევრს არ უნდა და მხოლოდ ერთ ახირებას არის გამოკიდებული. ადამიანმა სხვა ბურთებიც უნდა ჩამოხსნას სიცოცხლის ხიდან, რომ მაქსიმალურად ბევრი მიიღოს ცხოვრებისგან და მხოლოდ ერთი ოცნებით არ იყოს გატაცებული.
– რადგან მოკლე დროში ბევრი და თან, ძალიან შრომატევანი ნამუშევარი შექმენით, ალბათ, ძალიან აქტიური ტემპით მუშაობთ და პარალელურად, თქვენი რჩეული ნამუშევრის შინაარსიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი ცხოვრებაც უნდა გქონდეთ.
– ჩემი ინტერესები ძალიან მრავალფეროვანია. მინდა, ბევრი რამ ვისწავლო და შევითვისო. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი თავი დავტვირთო და სულ ტონუსში მიწევს ყოფნა. როცა საჭიროა, შემიძლია, მუშაობა დავიწყო დილის ხუთ საათზე და დავამთავრო ღამის ორ საათზე. ცოტა ძილი მყოფნის. არავინ მაჩქარებს, მაგრამ რადგან ძალიან დატვირთული ვარ, როცა უნივერსიტეტიდან დასვენების დღეები მაქვს, ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი საქმის გაკეთება მოვასწრო.
ხელოვნების გარდა, სხვა საქმითაც ვარ დაკავებული. მე კახეთიდან, ყვარლის პატარა სოფელ სანავარდოდან ვარ. ოჯახს ვენახები გვაქვს და პირველად ღვინო პირადად მე სამი წლის წინ დავაყენე. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, სხვების დახმარების გარეშე, სანამდეც შემიძლია. როგორი ღვინოც მინდოდა, მქონოდა, ზუსტად ისეთი ჩამოვასხი. ამ საქმემაც ბევრი დრო მოითხოვა. ღვინის დაყენება ისეთი საქმეა, თუ ერთი დღით მაინც დააგვიანე გარკვეული სამუშაოების შესრულება, შეიძლება, მთელი წლის შრომა წყალში ჩაგეყაროს. მინდოდა, ეს პროცესი სრულყოფილი ყოფილიყო, რომ შედეგიც შესაბამისი მოეცა და ამიტომ ბოლო პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი ეს იყო. დარჩენილ დროს კი ხელოვნებას ვუთმობდი.
– უნივერსიტეტში რა პროფესიას ეუფლებით?
– ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ და სოციალურ მეცნიერებებს ვეუფლები. ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ადამიანებთან კომუნიკაცია. ამიტომაც ავირჩიე სოციოლოგია, სფერო, სადაც ამ მიმართულებით უფრო დავიხვეწებოდი.
– თქვენი ოჯახიც გავაცნოთ ჩვენს მკითხველს...
– მყავს მშობლები, ორი და, რომლებიც ჩემზე უფროსები არიან და ფაქტობრივად, სამი დედა მყავდა, დიდი მზრუნველობის ქვეშ გავიზარდე. ჩემი ნამუშევრების შექმნის პროცესში ოჯახი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ყველანაირად გვერდით მიდგანან, მამხნევებენ. საუკეთესო სიძეები მყავს, უკეთესს ვერ ვინატრებდი. ისინი დგანან ჩემს ზურგსუკან და ყველანაირად მეხმარებიან. ჩემი უფროსი და – ელენე ლეკიშვილი არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია და ის, რომ მე დღეს ასეთი ვარ, ყველაზე მეტად მისი დამსახურებაა.
– როგორ შეფასებებს იმსახურებს თქვენი შემოქმედება ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან?
– შეფასებების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. ნაკეთობა რომ მოსწონთ, ეს კი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი ისაა, როცა ვხედავ, რომ მნახველმა ჩემს ნამუშევარში ჩადებული იდეა ამოიკითხა და ემოცია ზუსტად დაიჭირა.
რამდენიმე კვირის წინ მქონდა პერსონალური გამოფენა და ჩემმა ნამუშევრებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მნახველი აღფრთოვანებული იყო. ყვარლიდან ვარ და ყვარელში მქონდა პირველი გამოფენა. რესურსცენტრი ძალიან დამეხმარა და სკოლებიდან მოიყვანეს ბავშვები დასათვალიერებლად. ამ ბავშვების ინტერესით სავსე თვალები არასდროს დამავიწყება. სულ ცოტა 800 მოსწავლე იყო მოსული და ყველასთან დეტალური პრეზენტაცია გავაკეთე. ლაპარაკს ვერ ვასწრებდი, ყველა დეტალი აინტერესებდათ და უამრავი კითხვა ჰქონდათ.
არანაკლებ მიხარია დიდი ხელოვანების შეფასება. მათი სიტყვების ციტირებას გავაკეთებ – მსგავსი მოცულობითი ნამუშევრები არ გვინახავს არც საქართველოში და არც ფარგლებს გარეთო. ახლა თბილისში, აბრეშუმის გალერეაში მაქვს გამოფენა და ჩემი ნაკეთობები მნახველების ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. არ მინახავს დამთვალიერებელი, რომელიც ჩემს ნამუშევართან არ გაჩერდა და ძალიან დეტალურად არ დაათვალიერა ის. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერების მიზეზია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან