საზოგადოება

რით იყო ნიკოლოზ ჭავჭავაძის ცხოვრება გამორჩეული და როგორ დაუტოვა მან საკუთარი ქონება თანასოფლელებს

№44

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:12 08.11

ნიკოლოზ ჭავჭავაძე
დაკოპირებულია

თავადი ნიკოლოზ (დიდი ნიკო) ჭავჭავაძე დაიბადა 1830 წლის 22 ოქტომბერს ყვარელში. სამხედრო იყო მისი მამაც – შტაბს-კაპიტანი ზურაბ მელქისედეკის ძე ჭავჭავაძე. დაამთავრა ტფილისის გიმნაზია. სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წელს ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისთვის 1849 წელს რუსეთის იმპერატორისგან ჯარისკაცის წმიდა გიორგის ჯვარი მიიღო. ოფიცრის პირველი ჩინი 1850 წლის 21 აპრილს მიანიჭეს წარჩინებისთვის. სამხედრო კარიერის საფეხურებიც სწრაფად გაიარა. მონაწილეობდა ყირიმის ომში. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, მეთაურობდა კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულს. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში.

1854 წლის ჩოლოქის ბრძოლაში ნიკო ჭავჭავაძის გმირობა დიდხანს ახსოვდათ მის თანამებრძოლებს. გააფრთებულ ბრძოლაში ის მძიმედ დაიჭრა და მკვდარიც კი ეგონათ, მაგრამ ქუთაისელმა დოსტაქარმა თურმანიძემ სიკვდილისგან იხსნა. ნიკო ხელში იყო დაჭრილი ხმლით, კისრისა და მხრის მიდამოებში კი ტყვიით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო, მაგრამ არმიიდან არ წასულა, გვარდიაში გადაიყვანეს და დროთა განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

ნიკო ჭავჭავაძემ ყირიმის ომის შემდეგაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მთიელებთან ბრძოლაში ჩეჩნეთსა და დაღესტანში, შავი ზღვის გაყოლებაზე. 1859 წელს, დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, ის დარგუს ოლქის მმართველად დანიშნეს. სამხედრო კარიერაშიც წინ წაიწია. ამავე წელს ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემდეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად განამწესეს. 10 წლის განმავლობაში იყო დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორი. 1871 წლის 26 ნოემბერს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა. 1872 წელს ნიკო ჭავჭავაძე მისი საიმპერატორო უდიდებულოსობის ამალაში ჩაირიცხა, 1875 წლიდან კი ის განჯის გენერალ-გუბერნატორია.

რუსეთ-თურქეთის ომის დასაწყისში ნიკო ჭავჭავაძე მოქმედ არმიაში იყო, მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კავალერიის დივიზიის ნაკრებს თურქეთის საზღვარზე, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და კავკასიის მთიანეთში მიავლინეს, სადაც მან მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მოახერხა აჯანყების ჩაქრობა.

1880 წლიდან ნიკო ჭავჭავაძე დაღესტნის ოლქის მმართველი და ჯარების სარდალი იყო. სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მიიღო მან გენერალ-ლეიტენანტის წოდება. მსახურობდა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. დაინიშნა გენერალ-ადიუტანტად და კავალერიის გენერლის სამხედრო წოდებაც მიიღო.

დაღესტნის გუბერნატორად ყოფნისას მთიელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აწარმოებდა საირიგაციო სამუშაოებს. გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ, მადლიერების ნიშნად, მისი კუბო ხელით ჩაიტანა ყვარელში.

ნიკოლოზ ჭავჭავაძე სამხედრო ორდენების მრავალგზის კავალერია, მას მიღებული აქვს წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი, წმიდა ანას მესამე ხარისხის ბაფთითა და მახვილებით, წმიდა ანას მეორე და წმიდა ვლადიმერის მესამე ხარისხის, წმიდა სტანისლავისა და წმიდა ანას პირველი ხარისხის, წმიდა ვლადიმირის მეორე ხარისხის, ასევე, თეთრი არწივისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის ორდენები, წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის საიმპერატორო გვირგვინი; დაჯილდოებული იყო, აგრეთვე, ლომისა და მზის პირველი ხარისხის სპარსული ორდენითა და ოქროს ხმლით ბრილიანტებით, წარწერით – „სიმამაცისთვის“.

სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ნიკო ჭავჭავაძე თბილისში ცხოვრობდა და განსაკუთრებულ მონაწილეობას იღებდა ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში.

გარდაიცვალა 1897 წლის 9 მარტს. როგორი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში, ეს კარგად ჩანს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილებიდან: „ერთი გულშემატკივარი კაცი კიდევ მოაკლდა ჩვენს ქვეყანასა, კაცი ჭკუიანი, თავისა საკუთარის მხნეობით და ნიჭით დიდ ხარისხამდე მიღწეული, თავისი საკუთარის ბეჯითობით, ღვაწლით, გონებაგახსნილი და თვალახილული... არ ყოფილა ერთი იმისთანა ამბავი, ავი თუ კარგი, რომ იმის გულს არ დასჭდეოდა ღრმად, რაკი ჩვენს ქვეყანას შეეხებოდა რამ... არ იყო არც ერთი საკუთარი საქმე, რომ მთელის გულის მხურვალებით არ მოჰკიდებოდა და სხვებთან ერთად არ ეზრუნა, არ ეფიქრა, საიდამ რა ეშველოსო“.

საქართველოს მომავალზე ბევრს რომ ფიქრობდა მისი ანდერძითაც სჩანს, რომელიც გვამცნობს, რომ ნიკო ჭავჭავაძეს მისი ქონებიდან ორი ათასი თუმანი დაუტოვებია სამთო ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტებისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასახმარებლად. გარდა ამისა ანდერძში აღნიშნული იყო, რომ ხუთასი თუმანი, სტიპენდიის სახით, თავისი სოფლის უღარიბესი გლეხობის რამდენიმე ბავშვის სემინარიის ან სამეურნეო სკოლის დასამთავრებლად მოეხმარათ.

ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე დაკრძალულია მისი სახსრებით 1890 წელს აგებულ ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში. ტაძარი ჭავჭავაძეების კარის ეკლესიაა. ეკლესიის კურთხევის დღეს ნიკოს ხალხისთვის მიუმართავს: „მე მხედარი კაცი ვარ, სად მომიწევს სიკვდილი, არავინ იცის, სხვა ქვეყნის სამიწედ ნუ გამხდით, ამ ჩემს აშენებულ ტაძარში დაასვენეთ ჩემი ძვლებიო“. თბილისის საზოგადოებას დიდი პატივით გაუცილებია ნიკოლოზ ჭავჭავაძის ნეშტი სოფელ ყვარელში. სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობდა აკაკი წერეთელი, რომელმაც წარმოსთქვა სიტყვა და დაამთავრა ლექსით „იყო და გაჰქრა“.

ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაქორწინებული იყო ანა დავითის ასულ ერისთავზე. მათ შვილები არ ჰყავდათ.

გამოყენებული მასალების წყარო: ავალიანი გიორგი. კავალერიის გენერალი ნიკო ზურაბის ზე ჭავჭავაძე // რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა