საზოგადოება

რით იყო მარკოზ ტუღუშის ცხოვრება გამორჩეული და როგორ აღმოაჩინა მან ვახტანგ მეექვსის წერილი

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 02.07

მარკოზ ტუღუში
დაკოპირებულია

მარკოზ ტუღუში 1900 წელს დაიბადა. ფოსტა-ტელეგრაფში მუშაობის პერიოდში შევიდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა წრეში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ არ უღალატია თავისი პარტიისთვის. მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა სოციალისტ-ფედერალისტთა არალეგალური ორგანოს, „მებრძოლთა ხმის“ გამოცემაში, რისთვისაც რამდენჯერმე იჯდა მეტეხის ციხესა და ჩეკას საპყრობილეში.

1923 წელს მარკოზ ტუღუში ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე წელი საფრანგეთში გაატარა შემდეგ ბელგიაში დასახლდა, სადაც ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის რეკომენდაციით გაეცნო გამოჩენილ ბელგიელ სოციალისტებს ემილ ვანდერველდეს და დე ბრიუკერს. მათი დახმარებით დაიწყო მოღვაწეობა ბრიუსელში ისტორიულ მეცნიერებათა დარგში და მიიღო დოქტორის ხარისხი.

გარდაცვალებამდე მარკოზ ტუღუში ემილ ვანდერველდეს სახელობის ცნობილი ინსტიტუტის მთავარი ბიბლიოთეკარი იყო. ეს ბიბლიოთეკა გახდა მარკოზ ტუღუშისთვის მეცნიერული ცოდნის გაღრმავების წყარო. აქვეყნებდა წერილებსა და გამოკვლევებს როგორც ფრანგულ, ისე ქართულ ენებზე.

1946 წელს ფრანგულ ენაზე ბრიუსელში გამოიცა მისი წიგნი „ეროვნული პრობლემები სსრ კავშირში“, რომელიც პოლიტიკური ლიტერატურის შენაძენად აღიარეს. მარკოზ ტუღუში თანამშრომლობდა როგორც ფრანკოფონურ, ისე ფლამანურ გამოცემებთან, ასევე, აქვეყნებდა ვანდერველდეს სახელობის ინსტიტუტის შეკვეთით დაწერილ ნაშრომებს, რომელთაც ბელგიური პრესა ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა.

1932 წლის გაზაფხულზე ბელგიაში დაარსდა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც ევალებოდა თანხების მოზიდვა ქართული ენის კათედრის მოსაწყობად აღმოსავლეთის ფილოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტთან ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში. კომიტეტში გაწევრიანდნენ ცნობილი მეცნიერები. მდივანი და ხაზინადარი იყო მარკოზ ტუღუში. კომიტეტმა თავისი მისია წარმატებით შეასრულა და იმავე წლის შემოდგომაზე ახლად დაარსებულ ქართული ენის კათედრაზე ლექციების კითხვა დაიწყო მოწვეულმა პროფესორმა, ენათმეცნიერმა მიხეილ წერეთელმა, რომელიც ასირიულ ენასაც ასწავლიდა.

1950 წელს მარკოზ ტუღუშმა ბელგიაში დააარსა პოლიტიკური ორგანო „პრო ევროპა“, რომელსაც რედაქტორობდა მარკ იბერის ფსევდონიმით. ჟურნალი თავის უმთავრეს დანიშნულებად მიიჩნევდა ევროპულ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანთა და ერთა თავისუფლებისა და უფლებათა დაცვას. ამ ჟურნალში მარკოზ ტუღუშმა მოათავსა წერილების მთელი სერია არა მარტო საქართველოში მიმდინარე და ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებს შესახებ, არამედ სერიოზული, ილუსტრირებული ფრაგმენტები მიუძღვნა შორეულ წარსულსა და უძველესი კულტურის მდიდარ ისტორიას.

მარკოზ ტუღუში ქართულ ენაზე აქვეყნებდა ნაშრომებს ჟურნალებში, მათ შორის, „კავკასიონში“, „სახალხო საქმეში“, „მებრძოლ საქართველოში“.

1707 წელს სტამბოლში საფრანგეთის ელჩ ფერიოლისთვის გაგზავნილი ვახტანგ მეექვსის წერილი თავად მარკოზ ტუღუშს აღმოუჩენია, დაუმუშავებია და მოხსენების სახით ჯერ კიდევ 1952 წლის 8 ნოემბერს წაუკითხავს პარიზის ქართულ სათვისტომოში. აღნიშნული მოხსენება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ვიქტორ ნოზაძეს 1973 წლის „კავკასიონში“ გამოუქვეყნებია.

მარკოზ ტუღუშის არქივში კიდევ მრავლად არის დაცული ლიტერატურულ–მეცნიერული ხასიათის ნაშრომები ფრანგულ და ქართულ ენებზე.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არც ისე შორს იქნება ის დრო, როდესაც ქართველი ხალხი გაეცნობა მარკოზ ტუღუშის პიროვნებას და როგორც მწერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს, შესაფერისად შეაფასებს“, – ასე გამოეთხოვა ნიკო ურუშაძე თავის პარტიულ თანამებრძოლს 1971 წელს, ბრიუსელში, კრენპოს კომუნალურ სასაფლაოზე წარმოთქმულ სიტყვაში.

გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გ. ფრანგული დღიური.

http://www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა