რით იყო გიორგი ჟვანიას ცხოვრება გამორჩეული და რამდენ ომში მონაწილეობდა ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 15:00 07.08

ჰიდროგრაფი, შორეული ნაოსნობის შტურმანი გიორგი ჟვანია 1880 წელს დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში, მასწავლებლის ოჯახში.
ექვსი თვის ასაკში დაობლდა. ორ ძმასთან, სამი წლის ბესარიონთან და შვიდი წლის პეტრესთან ერთად აღიზარდა მამიდის, მღვდელ მათე კალანდარიშვილის მეუღლის, ღარიბ ოჯახში.
დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ უფროსმა ძმებმა ფულის შეგროვება მოახერხეს და 11 წლის გიორგი სასწავლებლად ახალი სენაკის სკოლაში გაგზავნეს, რის გამოც თავად განათლების გარეშე დარჩნენ.
სწავლობდა ქალაქ ფოთში საზღვაო პრაპორშჩიკების სკოლაში, რომლის დასრულების შემდეგ პირველი კატეგორიის შტურმანის დიპლომი გადაეცა. სწავლის პერიოდში მეზღვაურად დაცურავდა რუსულ გემებზე.
ფოთის საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შორეული ნაოსნობის შტურმანის რანგში მსახურობდა რუსეთის იმპერიის დიდი ტონაჟის სავაჭრო გემებზე, ოდესა-ვლადივოსტოკის ხაზზე.
1908 წლიდან კაპიტნის მეორე თანაშემწე იყო სანკტ-პეტერბურგის პორტის ჩრდილოეთ გადაზიდვის კომპანიის ხომალდ „პეტრე მელნიკოვზე; ამავე წლის 20 ივნისიდან – კაპიტნის უფროსი თანაშემწე ოდესის პორტის მინერალური საწვავის გადაზიდვის კომპანიის ხომალდ „პეტრე დარსზე“.
ოდესაში დაქორწინდა რუს გოგონაზე, ანა გეორგიევნა მაიევაზე. 1908 წელს შეეძინათ ვაჟი – დიმიტრი, 1910 წელს კი ქალიშვილი – თამარი.
1911 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მსახურობდა შორეული ნაოსნობის შტურმანად და კაპიტნად შავი ზღვის ნავსადგურებში განლაგებულ სავაჭრო გემებზე.
1912 წლის 9 აპრილს დაიწყო სამსახური მთავარ ჰიდროგრაფიულ სამმართველოში. მალე ის გაგზავნეს ჰელსინგფორსში, როგორც პირველი კლასის ლოცმანი, რათა შეემოწმებინა ფინეთის საზღვაო გემები.
გიორგი ჟვანია იყო პირველი მსოფლიო ომის, სამოქალაქო და დიდი სამამულო ომების მონაწილე.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1916 წლის 14 აპრილიდან, უნტერ-ოფიცრის წოდებით მსახურობდა ბალტიის ფლოტში. მალევე, გენერალური შტაბის წარდგინებით, გაგზავნეს საზღვაო ფლოტის პრაპორშჩიკთა სკოლაში, ორანიენბაუმში, რომელიც დაამთავრა 1917 წლის 23 აგვისტოს.
პრაპორშჩიკთა სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ბოტნიის ყურის გეოდეზიურ ექსპედიციაში. ჰიდროგრაფიულ სამუშაოებს ეწეოდა გემ „სექსტანზე“.
1917 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა ობერ-ოფიცრის, საზღვაო პოდპორუჩიკის წოდება.
გიორგი ჟვანია იყო ბალტიის ფლოტის ყინულის კამპანიის მონაწილე. იახტების – „შტანდარტისა“ და „ზარნიცას“, სამაშველო გემის – „ვოლხოვის“, ჰიდროგრაფიული ხომალდების – „სამოიედისა“ და „ბაკანის“ მეთაური; ბალტიის ფლოტის შტაბის კრონშტადტის ჰიდროგრაფიული რაიონის ჰიდროგრაფიული განყოფილების უფროსი. სამსახურიდან გადადგა საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტნის წოდებით.
გარდაიცვალა 1956 წელს ლენინგრადში. დაკრძალულია იქვე.
გამოყენებული მასალების წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/. http://www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან