საზოგადოება

რით გამოირჩევა ნანა ალადაშვილისა და რობიზონ იმერლიშვილის ნამუშევრები და როგორია მათი სიყვარულის ისტორია

№43

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 30.10

ალადაშვილი
დაკოპირებულია

ცოლ-ქმარს, ნანა ალადაშვილსა და რობიზონ იმერლიშვილს, გარდა დიდი სიყვარულისა, ერთმანეთთან საერთო საქმეც აკავშირებთ. ქალბატონი ნანა და ბატონი რობიზონი თიხისა და კერამიკის ულამაზეს ნამუშევრებს ქმნიან.

ნანა ალადაშვილი: ხელოვნებისადმი მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა. მამა მხატვარი მყავდა, გამოფენებზე დავყავდი და მისი დამსახურებით, ხელოვანთა წრე ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. მამისგან ძალიან ბევრს ვსწავლობდი, ის ყოველთვის მხარში მედგა. ბავშვობა დიდი სიყვარულით მახსენდება. დავდიოდი პიონერთა სასახლეში და იქაც ძალიან ბევრი ვისწავლე. შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე და პროფესიონალურ დონეზე დავიწყე სწავლა. ყოველთვის მიყვარდა ჩემი საქმე და დღესაც ძალიან მიყვარს.

– თიხასა და კერამიკაზე მუშაობა როგორ გადაწყვიტეთ? რადგან მამა მხატვარი იყო, შეიძლებოდა, თქვენც იმავე მიმართულებაზე გეფიქრათ.

– ბავშვობიდან ფერწერაში ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ კერამიკით უფრო დავინტერესდი. ეს ჩემთვის უცხო სამყარო იყო, რომელიც აკადემიაში სწავლის პერიოდში აღმოვაჩინე და ძალიან დამაინტერესა. მისი დამსახურებით, ჩემთვის ყოველი დღე ზეიმი იყო. ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

– თქვენი პირველი ნამუშევრები შენახული გაქვთ?

– დიახ, შენახული მაქვს (იცინის). სათუთად ვუფრთხილდები. საერთოდ, ყოველთვის ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებდი და რაც გამიკეთებია, დღესაც ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი ნამუშევარი პატარა ჭინჭილები იყო. მერე და მერე სერიოზულ ნამუშევრებს ვქმნიდი. 1969 წელს დავამთავრე აკადემია და შემდეგ წელს უკვე მხატვართა კავშირში მიმიღეს. მაშინ მხატვართა კავშირის წევრობა ძალიან პრესტიჟული იყო და მათ რიგებში მოხვედრა რთული გახლდათ. მე მიმიღეს, იმიტომ, რომ სტუდენტობის პერიოდშიც კი ვიღებდი მონაწილეობას გამოფენებში, ჯერ – მხოლოდ საქართველოში, შემდეგ – საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მერე უკვე – საზღვარგარეთ. კარგი შეფასებები მქონდა. სადაც კი წავიდოდა ჩემი ნამუშევრები, უკან აღარ მიბრუნდებოდა (იცინის). ჩემი სადიპლომო ნამუშევარი აფხაზეთში დადგეს, შემოქმედებითი სახლის ეზოში.

– სტუდენტობისას შეხვდით მომავალ მეუღლეს?

– ერთმანეთი კერამიკის სახელოსნოში გავიცანით. ძალიან შთამბეჭდავი იყო, მასში ადამიანი დავინახე. შეხედულადაც კარგი იყო, ზრდილობიანი და ნიჭიერი. მასში ეს ყველაფერი დავინახე, მაგრამ ჩემთვის მთავარი საზომი ადამიანობა იყო. ალბათ, მასაც მოვეწონე და ერთმანეთი შეგვიყვარდა. სამი თვე გვქონდა მეგობრული ურთიერთობა, მერე თვითონ მითხრა, მამაშენი უნდა გავიცნოო. სახლამდე მომაცილა და მეუბნება, ახლა როგორც გამოვიყურები სამუშაო ტანსაცმელში, ასე უნდა ამოვიდე თქვენთან. თუ მოვეწონები, ასეთი უნდა მოვეწონოო (იცინის). ამოვიდა, კაცურად დაელაპარაკა და მამაჩემსაც მოეწონა. მითხრა, ეს ცხოვრებაში ივარგებს, გამბედაობა არ აკლიაო. მასში სიწმინდე დაინახა და უთხრა, პატრონი ხომ გყავს, უთხარი, მოვიდნენ და დავილაპარაკოთო. ასე დაიწყო ყველაფერი.

რობიზონ იმერლიშვილი: ადამიანს რომ შეხედავ, მით უმეტეს, ქალბატონს, გარეგნობა, შინაგანი სილამაზე, გამომეტყველება, ყველაფერი ახდენს გავლენას. ქალბატონი ნანა ყველაფრით მომეწონა: გარეგნობით, თვისებებით, ნიჭიერებით, საქმისადმი დამოკიდებულებით. ვაღიარებ, ნიჭიერი გოგოა. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და სიმართლე რომ ვთქვათ, მეც არა მიშავდა (იცინის).

მე მაშინ აკადემიაში ვმუშაობდი და თან, ჩასაბარებლად ვემზადებოდი. სტუდენტი არ ვიყავი, რადგან ჯერ სამხედრო მოვიარე. ჯარამდე მცხეთის კერამიკული სასწავლებელი დავამთავრე. იქ ძალიან ნიჭიერი პედაგოგები მყავდა და ბევრი რამ ძირფესვიანად მასწავლეს. მერე რუსულ ჯარში წამიყვანეს და სამი წლის შემდეგ დავბრუნდი. ამის შემდეგ, სწავლა აკადემიაში განვაგრძე და იქ შევხვდი ნანას. ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით.

– და ამის შემდეგ, ერთად გააგრძელეთ მუშაობა...

– დიახ. მე მაშინ, ძირითადად, უფრო გაფორმებებზე ვმუშაობდი საქართველოს თუ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში, როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბევრ ქალაქში დავტოვე ჩემი ნამუშევარი. მაშინ ბევრს ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ჩემი მეუღლე სამხატვრო კომბინატში მუშაობდა. ის ყოველთვის კერამიკაზე მუშაობით იყო დაკავებული. მერე უკვე ორივემ ერთად დავიწყეთ მუშაობა, ის თავის საქმეს აკეთებდა, მე – ჩემსას. სახელოსნო 80-იან წლებში მივიღე და ახლა მე და ჩემი მეუღლე აქ ვცხოვრობთ, ეს არის ჩვენი ბინა-სახელოსნო.

– თქვენ როგორ დაინტერესდით თიხაზე მუშაობით?

– ბავშვობიდან ვხატავდი და ძალიან ვიყავი გატაცებული. ჩემმა ახლო ნათესავმა მირჩია მცხეთაში, კერამიკულ სასწავლებელში მესწავლა. ისეთი კონკურსი იყო, რთული იყო მოხვედრა, მაგრამ ჩავაბარე. კარგი მონაცემები მქონდა და ჩარხზე მუშაობა კარგად ვისწავლე. კერამიკოსისთვის ეს მთავარია. მე და ჩემს მეუღლეს ეს ცოდნა ძალიან გამოგვადგა. ამოგვყავდა, ვხატავდით, ვწვავდით.

– როგორ გაქვთ როლები გადანაწილებული თუ ყველაფერს თანაბრად აკეთებთ?

– თითოეული ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ნამუშევრის ფორმებს მე ვაკეთებ, სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს უფასოდ ვუკეთებ. მერე ის თვითონ ამუშავებს და ხატავს. მე იმას ვაკეთებ, რაც მინდა, ის – იმას, რაც მის გონებაშია. უამრავი ნამუშევარი გვაქვს შექმნილი, იმდენი, რომ ამის დათვლა წარმოუდგენელია.

– კონკურენციის მომენტი არ გაქვთ?

– არა, ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს და ვერც ჩავერევით ერთმანეთის საქმეში. წინადადება და კონსულტაციები მისაღებია. თითოეულ ჩვენი ნამუშევარი დიდი სიყვარულით არის შექმნილი. როცა საქმე გიყვარს და მიზნად გაქვს, ის კარგად შეასრულო, ეს ნამუშევარს აუცილებლად დაეტყობა. შემოქმედებაში გული, სული და სიყვარული თუ არ ჩააქსოვე, არც იქნება საინტერესო.

ნანა ალადაშვილი: ახლა უკვე ჩვენი ცხოვრების მთავარი ბურჯი ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან. ჩვენი ქალიშვილი – მედეა, განათლებით ფილოლოგია, ჟურნალისტიკას მიჰყვა და ახლა დამოუკიდებელ ფერწერაში მუშაობს. შარშან არაჩვეულებრივი გამოფენაც ჰქონდა. მეორე შვილი – ოთარი, საკმაოდ სახელოვანი მხატვარი და ხატმწერია. უმცროსი – ვლადიმერი კი კარგი მოქანდაკეა. როგორც ხედავთ, ჩვენი სამივე შვილი მშობლების გზას გაჰყვა.

ცხრა შვილიშვილი გვყავს: ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, თეატრმცოდნე – ყველა ხელოვნების სფეროშია. ასევე, რძლებიც ხელოვანები არიან. უკვე შვილიშვილის შვილიც გვყავს და ახლა მეორეს ველოდებით. ჩვენი ოჯახი – ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სახელი და სიმდიდრე. ყველა ერთმანეთზე უკეთესია და ამით ვართ ყველაზე ბედნიერები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა