რით გამოირჩეოდა აკაკი ბაქრაძე დაბადებისას და რა ცილი დასწამეს მას „თვითმფრინავის ბიჭებთან“ დაკავშირებით
ავტორი: ეკატერინე პატარაია 12:31 08.11
ქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და მწერალი აკაკი ბაქრაძე ერთ-ერთ წერილში იხსენებს – „ვიხვეწებოდი, ეკონომიკის პრობლემებზე გვეფიქრა, დარბაზიდან კი პათეტიკურად წამოიძახეს, ოღონდ დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და ბალახს შევჭამთო. ბალახის ჭამა არა, მაგრამ ერთმანეთის ჭამა მართლაც დავიწყეთ“. გაბოროტებულებმა ბატონ აკაკისაც მოღალატე უწოდეს და ქვების სროლა დაუწყეს. როცა ტელევიზიიდან მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, მაშინღა ვიკითხეთ, აკაკი ბაქრაძე რატომ აღარ ჩანდა. ის 1999 წლის 6 დეკემბერს 71 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მის დღიურებს მისი დები წარმოგვიდგენენ. სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ უმცროსი დების, დოდო და ნათელა ბაქრაძეების გარემოცვაში გაატარა. დები საოცარ ამბავს ყვებიან: მათ დედას, მარიამ ჩხაიძეს, ძალიან უნდოდა, მისი ვაჟი წიგნიერი ყოფილიყო, ამიტომ ახალშობილის გამხმარი ჭიპლარი წიგნში ჩადო. მერე, თურმე, ხშირად ამბობდა, ღმერთმა ვედრება შემისრულა, აკაკი მართლაც წიგნიერიაო. სახელი აკაკი დიდი მგოსნის, აკაკი წერეთლის, პატივსაცემად დაურქმევიათ, სახლში კი ახლობლები ტატუს ეძახდნენ. დოდო ბაქრაძე იხსენებს: „ჩემი ძმა ფეხებზე ტყუპი თითებით დაიბადა. დედაჩემს ძალიან შეშინებია და ექიმისთვის ოპერაციის გაკეთება მოუთხოვია. სამშობიაროს მთავარ ექიმს მისთვის უთქვამს, ეს იშვიათი შემთხვევაა და კარგს ნიშნავს, დიდი ადამიანების უმრავლესობას ფეხზე ტყუპი თითი აქვს, მათ შორის სტალინსაცო. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში მრავალ გამოჩენილ ადამიანს ფეხებზე მართლაც ჰქონდა ტყუპი თითი… მე როცა დავიბადე, დედას რატომღაც შეშინებია, სამშობიაროში ბავშვი არ შემიცვალონო და პირველივე დღეს კარგად დავუთვალიერებივარ. თურმე, მეორე დღეს მართლაც სხვა ბავშვი მიუყვანეს. დედა მიმხვდარა, რომ მე არ ვიყავი. დიდობაში, როცა აკაკის რაიმე არ მოეწონებოდა ჩემი, დედას ეტყოდა ხოლმე, ეს შენი შვილი არ არის, ეტყობა, ბავშვი სამშობიაროში ნამდვილად შეგიცვალესო... იშვიათად, რომ ადამიანის პირადი ცხოვრებიდან რაიმე არ მოსწონებოდა, ყოველთვის პოულობდა გამოსავალს. ამბობდა, ადამიანში მეტი მარცვალი სიკეთისაა, ვიდრე ბოროტებისაო, მაგრამ ვერ იტანდა ტყუილს – სიმართლე როგორი მძიმეც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა თქვა. თუ ერი სიმართლეს იტყვის, ის არასოდეს გაუბედურდება და ყოველთვის ბედნიერი იქნებაო. ისე გარდაიცვალა, არასდროს არავინ მოუტყუებია, რასაც ამბობდა, ჭეშმარიტებად მიაჩნდა. ჩვენი მშობლები ძალიან განათლებული და ღვთისნიერი ადამიანები იყვნენ. მამა კბილის ექიმი იყო, დედამ რევოლუციის გამო სასწავლებლის დამთავრება ვერ მოასწრო. მან ზეპირად იცოდა სახარება და ჩვენც სახარებისეულად გვზრდიდა, ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას გვინერგავდა. მამა სამუშაოდ ოზურგეთში გადავიდა და შემდეგ საცხოვრებლადაც იქ დამკვიდრდა. ჩემს ძმას ძალიან უყვარდა კითხვა. მამასაც უყვარდა კითხვა და კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. სახლში დიდი მაგიდა გვედგა, რომელზეც დიდმუცლიანი ლამპა იდგა. მამა და ტატუ შუაღამემდე ისხდნენ და წიგნებს კითხულობდნენ. მამამ ჩემს ძმას პირველად „ვეფხისტყაოსანი“ წაუკითხა. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ტატუმ ორჯერ წაკითხვის შემდეგ პოემა უკვე ზეპირად იცოდა. როცა „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას მორჩნენ, მამამ ალბომი უყიდა და პირველ გვერდზე შოთა რუსთაველი დაუხატა, თან უთხრა, დიდი რომ გახდები, ასე უნდა დახატო ის დიდი მწერლები, ვინც მოგეწონებაო. ტატუ ასეც იქცეოდა. ოჯახში ჩემი ძმის კულტი იყო, მისი ფასი ვიცოდით. ჩემი და პატარა იყო, როცა ტატუ უნივერსიტეტში სწავლობდა. თბილისიდან გამოგზავნილ მის ყველა წერილს სასოებით ინახავდა. ერთხელ ვკითხე, რად გინდა-მეთქი. მიპასუხა, როცა ტატუ დიდი კაცი გახდება, მის წერილებს დავბეჭდავო. ასეც მოიქცა. დედა სულ გვეუბნებოდა, კაკო ჩვეულებრივი ბავშვი არ არის, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც მას ესიამოვნებაო.
ნიჭიერი კაცი
ბაქრაძეები კარგი მოსაუბრე ხალხი იყო. ჩემს ძმას კარგი საუბარიც შეეძლო და კარგი მოსმენაც. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: როცა საბჭოთა კავშირის დეპუტატად აირჩიეს, მოსკოვში ვიღაც ტიტულოვანი ქიმიკოსი ქალი მასთან სასაუბროდ მისულა. ის რამდენიმე საათი ყვებოდა თავის ცხოვრებაზე და ლამაზად საუბრობდა ქიმიაზე. ბოლოს უთქვამს, შიზოფრენია მჭირს, 6 თვე მაინც საავადმყოფოში დაწოლა აღარ მომიხდება, თქვენ მიმკურნალეთ იმით, რომ მომისმინეთო. ადამიანს სიტყვას არასდროს გააწყვეტინებდა. ცუდადაც რომ გამხდარიყო მოსაუბრეს, არ დატოვებდა. ყველაფერში ზომიერების დიდი უნარი ჰქონდა, ასეთი პატიოსანი ამიტომაც იყო. ყველაფერს თავისი ნიჭით მიაღწია და მასთან არანაირი თხოვნა არ ჭრიდა. რუსთაველის თეატრის დირექტორი როცა იყო, სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთები ძალიან ჭირდა. ერთხელ მოლარესთან მივედი და ვუთხარი, აკაკის და ვარ და ბილეთები მომეცი-მეთქი. რა თქმა უნდა, მოლარემ მაშინვე მომცა. ეს რომ ჩემმა ძმამ გაიგო, მოლარე გააფრთხილა, ჩემი შვილიც რომ მოვიდეს, უჩემოდ ბილეთები არ მისცეო. ამის შემდეგ მოლარე რომ დამინახავდა, მხრებს იჩეჩავდა, დახმარება არ შემიძლიაო. რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის წლები მის ცხოვრებაში უბრწყინვალესი პერიოდი იყო. ეროვნული მოძრაობა დაწყებული არ იყო, მაგრამ ეროვნული სული სპექტაკლებში ყოველთვის იგრძნობოდა. ბრეხტის პიესა „კავკასიური ცარცის წრე“ ქართული ცხოვრების შესაბამისად გადააკეთა, გვარებიც კი ქართულია.
ათასი რამ დააბრალეს
ტელეეკრანს აღარ უთმობდნენ, აღარც წერილებს უბეჭდავდნენ. ალბათ, საზოგადოებასაც აღარ სჭირდებოდა მისი ნათქვამი, თორემ სხვა შემთხვევაში მოითხოვდნენ. ეს, ალბათ, საქართველოს ბედი იყო, რატომღაც ყველას ასეთი აზრი დაებადა – მე ჭკვიანი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს მითხრა, რადგან საშუალება მაქვს, თუნდაც ნახევარი საათით მივმართო ჩემს ხალხს, ვეტყვი, რა უნდა გააკეთონ და როგორ იცხოვრონო. არასდროს უთქვამს, ამირჩიეთ და კარგ ცხოვრებას შეგიქმნითო. ტყუილ დაპირებებს არ აძლევდა, ჰქონდა კლასიკური პროგრამა. ომის წინააღმდეგი იყო. სულ ამბობდა, საქართველოს აღორძინება ეკონომიკით უნდა დავიწყოთო. როცა ასეთი განცხადება უნივერსიტეტში გააკეთა, საზოგადოება ყვირილით შეხვდა, ათასი რამ დააბრალეს. რაც შეეხება „მხედრიონს“, იქ ბევრი კარგი ყმაწვილი იყო და მისი ხელმძღვანელიც სამშობლოს მოყვარული და მისთვის მებრძოლი ადამიანი გახლდათ. ის დაიცვა, როგორც ნიჭიერი ადამიანი. 1978 წელს ქართული ენის დასაცავად სტუდენტთა პროტესტი რომ იყო, მათი გამოსვლა საოცრად ორგანიზებულად მოაწყო. ძალიან ეშინოდა და განიცდიდა. ამბობდა, ერთი ტყვია რომ გავარდეს და თუნდაც ერთ სტუდენტს რამე დაუშავდეს, თავს არ ვიცოცხლებო. თეატრის კარი გააღო და სტუდენტებს უთხრა, თუ რამე მოხდება, ყველანი თეატრში შედითო. იმ დღის შემდეგ ნერვიულობისგან დიაბეტი დაემართა.
ადამიანებთან სასაუბროდ ყოველთვის მზად იყო
სიკვდილის წინაც გვამხნევებდა. როცა ვეკითხებოდით, როგორ ხარო, გვპასუხობდა, უკვე კარგად ვარო. გარდაცვალებამდე ნათელა გულში ჩაიხუტა და უთხრა, მე და შენ გავიმარჯვეთო. ჩემი და ტატუს საოცრად უვლიდა, ამიტომაც სიკვდილის წინ ამ სიტყვებით გაამხნევა. მერე კი გარდაცვლილი დედა მოიკითხა, სად არისო… წყენას ვერასდროს შეატყობდი, ის ამქვეყნიდან განაწყენებული არ წასულა. ადამიანებთან სასაუბროდ ყოველთვის მზად იყო. გარდაცვალებამდე ვეკითხებოდი, რაიმე გვეშველება თუ არა-მეთქი. მპასუხობდა, ამდენი საუკუნეა, ცოცხლობს საქართველო და არა მგონია, კაცმა რომ გაწიროს, ღმერთმაც გაიმეტოსო. უცხოეთში წასულ ახალგაზრდებზე ამბობდა, იქ ერთი ნიკო ნიკოლაძეც რომ გაჩნდეს, საკმარისია, ჭკვიან კაცს ხალხი ენდობა და ცხვარივით უკან გაჰყვებაო.“
ცილისწამება
ამას წინათ ვიღაც წერდა, რომ თურმე აკაკი ბაქრაძემ ხელი არ მოაწერა „თვითმფრინავის გამტაცებელთა“ შეწყალების თხოვნას. ორთოდოქს ზვიადისტებსა და კომუნისტებს მამაჩემი დღემდე სძულთ. არადა, მამაჩემი ამ ხელმოწერების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. გეგა კობახიძის დედას, ნათელა მაჭავარიანს, მაინც ხომ შეიძლება ჰკითხო. ისიც კარგად მახსოვს, როგორ გამოჰქონდათ ხელმოწერები ქართული „ზეპური“ საზოგადოების წარმომადგენლებს, როცა შევარდნაძემ თითი დაუქნია და ცრემლმორეულნი როგორ ვიშვიშებდნენ – ბაქრაძემ შეგვაცდინა და ხელი მოგვაწერინაო. მამაჩემის ჩანაწერი ამ თემაზე – საიდან და როდიდან მოდის ეს ფეიკი: „1991 წლის 26 თებერვალს ტელევიზიით გამოიყვანეს ვახტანგ ბოჭორიშვილი. „ამტკიცებდა“ რეპრესიების აუცილებლობას. აღმაშენებლის რეპრესიებიც კი გაიხსენა. აუცილებელიაო. წაიკითხეს რუსთავის პრეფექტის, ჯანელიძის, წერილი. ბრალს მდებდა: ხელი არ მოაწერე თვითმფრინავის გამტაცებელი ბავშვების შეწყალებაზეო. რომ მოვაწერე და აქტიური ორგანიზაციაც რომ გავაკეთე, ამის მოწმეა ნ. მაჭავარიანი (გეგა კობახიძის დედა), მ. კობახიძე (მამა გეგასი), ლ. ხატისკაცი, ბუბა ხოტივარი. თურმე მ. არჩვაძეს სამჯერ მოუტანია წერილი და სამჯერ არ მომიწერია… თურმე გამსახურდია რომ აირჩიეს თავმჯდომარედ, გარეთ გამოვსულვარ. ვალერიან ადვაძეა მოწმე, რომ არსად გავსულვარ (უნდა გავსულიყავი იმ მონობის შემყურე, რაც უზენაეს საბჭოში სუფევდა)…“ – დაწერა ცოტა ხნის წინ ლაშა ბაქრაძემ სოციალურ ქსელში. საბედნიეროდ, არსებობს წიგნებად გამოცემული აკაკი ბაქრაძის ჩანაწერები, სადაც ჩვენს უახლეს წარსულზე ბევრი ისეთი რამ წერია, რაზეც ფიქრი გვმართებს და რაც ქართველ საზოგადოებას დღემდე არ აქვს გააზრებული.
მიუხედავად ამისა, 90-იან წლებში აკაკი ბაქრაძეს ხშირად უთქვამს: მეგონა, რაღაც ნათელს ვაღვიძებდი და ბნელი გამიღვიძებიაო. ის უკმაყოფილო იყო იმ ხალხის ქცევით და აზრებით, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ აკაკი ბაქრაძის ლექციებზე იყო გაზრდილი – ის, რასაც ისმენდნენ და ის, რასაც ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს არ ემთხვეოდა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან