საზოგადოება

რით გამოიჩინა ილია მაქარაშვილმა თავი და რატომ აღმოჩნდა მისი ოჯახის ბედი ტრაგიკული

№50

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:55

ილია მაქარაშვილი
დაკოპირებულია

ილია საყვარელას ძე მაქარაშვილი დაიბადა 1854 წლის პირველ დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში. იგი წარმოშობით ონის რაიონის სოფელ ღარიდან იყო. დედა ბარბარე ჯაფარიძე გახლდათ.

მან დაამთავრა კიევის ვლადიმირის სამხედრო გიმნაზია, პავლოვსკის სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა.

1877-1878 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში. იყო 39-ე საარტილერიო ბრიგადის შტაბს-კაპიტანი. თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 1877 წლის 23 ოქტომბერს გამოჩენილი მამაცობისთვის 1878 წლის 23 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით.

1895 წლიდან მეთაურობდა გრენადერთა 1-ელი საარტილერიო ბრიგადის პირველ ბატარეას, ხოლო 1897 წლიდან კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პირველ ბატარეას;

1898 წელს მომავალი გენერალი კავკასიის 1-ლი სარეზერვო საარტილერიო ბრიგადის დივიზიონის ხელმძღვანელი გახდა. 1902 წელს კი მე-7 ნაღმმტყორცნელ პოლკს ჩაუდგა სათავეში;

შემდგომ წლებში მეთაურობდა: 67-ე საარტილერიო, თურქესტანის მე-2 და 52-ე საარტილერიო ბრიგადებს;

1882 წელს კაპიტნის წოდება მიიღო, 1895 წელს – პოდპოლკოვნიკის, 1898 წელს – პოლკოვნიკის, 1904 წელს – გენერალ-მაიორის, 1908 წელს კი გენერალ–ლეიტენანტის.

1910 წელს ილია მაქარაშვილი სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის: ოქროს იარაღი, წმიდა სტანისლავის, წმიდა ანას, წმიდა ვლადიმირის მე-4 და მე-3 ხარისხის ორდენები და სხვა.

ილია მაქარაშვილმა ცოლად შეირთო ნინო დურმიშხანის ასული ჟურული, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის, გიორგი ჟურულის უმცროსი და. ჯვარი დაიწერეს 1891 წელს, ახალაშენებულ არბოს დიდ, ჯვარ - გუმბათოვან წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში.

გორის მაზრის სოფელი არბო ჟურულების მშობლიური სოფელი იყო. ახალშეუღლებულებიც აქ დასახლდნენ და იქვე დაიბადნენ მათი შვილები.

ილიასა და ნინოს ექვსი შვილი ჰყავდათ: გიორგი, ბარბარა, ნიკოლოზი, მარიკა, ირინე და მიხეილი. აქედან სამნი – გიორგი, ბარბარა და მარიკა – ბავშვობაში სახადით გარდაიცვალნენ. მათი ერთ-ერთი ვაჟი – ნიკოლოზი სამხედრო ოფიცერი იყო და მისი სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა, 1918 წელს აზერბაიჯანული ქალაქის ელიზავეტპოლის მახლობლად, შამქორის შეტაკებისას. ამ დროს მამამისი უკვე გარდაცვლილი იყო. ზრდასრულ ასაკს მიაღწია მხოლოდ ორმა უმცროსმა შვილმა – ირინამ და მიხეილმა.

მიშა მაქარაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტის სტუდენტი იყო და 1922 წელს სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრა. ირინა და დედამისი საქართველოში დარჩნენ. მიხეილი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და საბოლოოდ საცხოვრებლად საფრანგეთში დამკვიდრდა.

ილია მაქარაშვილი 1912 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. დაკრძალეს არბოს გუმბათოვან ეკლესიაში. აქვეა ნიკუშა მაქარაშვილის საფლავი და ჟურულების წინაპართა საფლავებიც.

გენერლის მეუღლეს, ნინო ჟურულს, ბოლშევიკები სასტიკად მოექცნენ, მას ჯერ ქონება ჩამოართვეს, ბოლოს კი სოფლიდან გააძევეს. იგი 1948 წლის 4 სექტემბერს გარდაიცვალა. საბჭოთა ხელისუფლებამ ოჯახს უფლება არ მისცა, რომ ნინო მეუღლის გვერდით ტაძარში დაეკრძალათ. ამიტომ მისი ნეშთი სოფლის სასაფლაოზე განისვენებს.

1966 წელს ირინა მაქარაშვილმა მამის ოქროს ხმალი და ორდენები პალტოში გამოკერილი ჩაიტანა ევროპაში და თავის ძმას, საფრანგეთში მცხოვრებ მიხეილ მაქარაშვილს, პრაღაში შეხვედრის დროს გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ურჩევდნენ ამ რისკზე არ წასულიყო. მას სურვილი ჰქონდა, რომ ილია მაქარაშვილის ჯილდოები მისი ვაჟის ოჯახში ყოფილიყო დაცული.

გამოყენებული მასალების წყარო: georgianencyclopedia.ge/; სოსიაშვილი გ. გენერალი ილია მაქარაშვილი და მისი შთამომავლობა პერუსა და საფრანგეთში //„მაცნე’’; სოსიაშვილი გიორგი. არბო, პარიზი, ლიმა: არბოს ისტორიიდან: ჟურულების და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება; .nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი