საზოგადოება

რით გამოარჩიეს გორის გოგონათა გუნდი მსოფლიო მასშტაბით და როგორ გახდა ნინო წიკლაური საუკეთესო დირიჟორის ჯილდოს მფლობელი

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 12.05

ნინო წიკლაური
დაკოპირებულია

გორის გოგონათა გუნდმა საოცარი წარმატება მოიპოვა საერთაშორისო კონკურსზე, მათი დირიჟორი ნინო წიკლაური კი საუკეთესო დირიჟორის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ნინო წიკლაური: ძალიან ბედნიერები ვართ იმის გამო, რაც მოხდა. საქართველოს საგუნდო საზოგადოება ყოველწლიურად მართავს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსს. ჩვენ ყოველწლიურად ვიღებთ მასში მონაწილეობას. ამან დიდი გამოცდილება მოგვცა და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ლია ჭონიშვილს, ამ საზოგადოების თავმჯდომარეს, რომელიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებს საგუნდო მუსიკის სფეროში.

ერთ-ერთ კონკურსზე გრანპრი მივიღეთ. გალაკონცერტზე, დაჯილდოების ცერემონიალზე, ჟიურის წევრი ამობრძნდა სცენაზე და გრანპრი გადმოგვცა. ეს ბატონი გახლდათ ლატვიელი დირიჟორი. როდესაც ყველაფერი დასრულდა, ამ ბატონმა მითხრა, ძალიან გამიხარდება თუ რიგაში გვეწვევით. „ინტერკულტური“ არის ასეთი საგუნდო ორგანიზაცია მთელი ევროპის მასშტაბით, რომელიც ყოველ წელს მართავს საგუნდო კონკურსს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, წელს ჩვენთან იმართება – რიგაში და გამიხარდება, თუ გვეწვევითო.

მე მსმენია ლატვიის საგუნდო სკოლის შესახებ, მათ უდიდეს ისტორიასა და ტრადიციებზე. ამიტომ მისი შემოთავაზება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და გამიხარდა. წასვლა დავგეგმეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული – ფრენა, სასტუმრო, კონკურსის საწევრო და ათასი წვრილმანი ხარჯი. თან, რაოდენობრივად ბევრი ვართ, არ მინდოდა, ბავშვებისთვის გული მეტკინა გუნდის განახევრებით. ამიტომ, თუ წავიდოდით, ერთად უნდა წავსულიყავით. ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარა კულტურის სამინისტრო, მინისტრი, გორის მერია, პარლამენტარი ლადო ხინჩიგაშვილი, რისთვისაც მათი ძალიან მადლიერები ვართ.

შევარჩიეთ რეპერტუარი კონკურსის მკაცრი მოთხოვნების შესაბამისად და მომზადებულები წავედით. სწორედ იმ დღეს ჩავფრინდით, როცა პირველი მეგობრული კონცერტი უნდა გამართულიყო. ეს ნიშნავს არასაკონკურსო გამოსვლას, რაც უფრო კოლექტივების პრეზენტაციას ეძეღვნებოდა, მაგრამ ბუნებრივია, შთაბეჭდილებას ახდენს პირველი წარდგენა. მით უმეტეს, რომ ჟიურიც დარბაზში იყო, კონკურენტი კოლექტივებიც და უკვე ამ ღონისძიების შედეგად შეგვექმნა წარმოდგენები ერთმანეთის შესახებ.

– არ გაგიჭირდათ?

– მართლა უზომოდ რთული იყო. წარმოიდგინეთ 4 საათ-ნახევრიანი ფრენის სირთულე, გადაღლილობა, გამოუძინებლობა. ზოგს ფრენის შიში ჰქონდა და დასტრესილი იყო, თითქმის ყველა გამოუძინებელი ვიყავით. ფრენის შემდეგ ბავშვების ნახევარს ყურებში კარგად არ ესმოდათ. მართლა ძალიან გადაღლილები ვიყავით, მე, პირადად, თვალების გახელა მიჭირდა. ყველაფრის მიუხედავად, სხვა გზა არ გვქონდა და ჩვენს გუნდს შემოვუძახე, რა დროს წუწუნი და დაღლილობაა, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ საქართველო, თქვენ ხართ თქვენი ქვეყნის დესპანები და საკუთარი ქვეყანა ღირსეულად უნდა წარმოადგინოთ. დაღლილობაზე, შიმშილსა და უძილობაზე ფიქრი გვერდზე უნდა გადავდოთ, არაფერი გვაწუხებს, მხოლოდ ჩვენს საქმეზე ვიფიქროთ-მეთქი. შემოვევლე ჩემს უსაყვარლეს შვილებს – ასე ვეძახი მათ – ბოლომდე გაიაზრეს ეს და უდიდესი პასუხისმგებლობით მიუდგენენ თავიანთ საქმეს. ფიქრადაც კი ვერ გაივლებდით, თუ ამ ბავშვებს რამე აწუხებდათ. პირველი კონცერტი ფანტასტიკურად დავასრულეთ, დიდი აპლოდისმენტებით. მეორე დღეს იყო პირველი საკონკურსო დღე. ოთხი სიმღერა წარმოვადგინეთ, სანამ სცენაზე გავიდოდით, ორგანიზატორებმა ბავშვებს უთხრეს, ტაში არ იქნება და ამან არ დაგთრგუნოთ, არ იფიქროთ, რომ ცუდად იმღერეთ, უბრალოდ, აქ ასეთი წესია, კონკურსზე აპლოტისმენტები არ შეიძლება, ეს მხოლოდ გალაკონცერტზეო. გაგვაფრთხილეს, მაგრამ ეს წესი ყველამ დაარღვია (იცინის).

ალბათ, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოვახდინეთ, რომ თავი ვერ შეიკავეს, ვერ დამალეს ემოციები და ჩვენს გამოსვლას ძალიან დიდი აპლოტისმენტები მოჰყვა. გვითხრეს, რომ ღამის ათ საათზე გვეცოდინებოდა შედეგები. ყველანი ერთად ვიყავით შეკრებილი და შედეგებს ველოდით, როცა გვახარეს, რომ კატეგორიის გამარჯვებულები ვიყავით და საშუალება გვეძლეოდა, მეორე დღეს გრანპრის მოსაპოვებლად გვებრძოლა, ვერ გეტყვით, რა ამბავი ატყდა, მაგრამ მალევე ჩავახშე ჟრიამული – ყველა სასწრაფოდ ვწვებით და ვიძინებთ, ხვალ კიდევ უფრო რთული დღე გველოდება-მეთქი. ბავშვებმა სიხარულიც შეირგეს, მაგრამ თან, მაშინვე დამიჯერეს. ერთი ნაბიჯი გვაშორებდა საბოლოო გამარჯვებამდე და თავს უნდა მოვფრთხილებოდით.

35 კოლექტივიდან 8 შეირჩა, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით. დადგა კულმინაციური დღე, შევასრულეთ ორი ნაწარმოები იოსებ კეჭაყმაძის „ეგზერსისი“ და ოთარ თაქთაქიშვილის „საჭიდაო“. ორივე ერთმანეთზე უკეთესი ნაწარმოებია. როგორც ჩანს, ევროპული ყურისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ჩვენი გუნდი ახალგაზრდებისგან შედგება. ჩვენს კონკურენტებში კი იყვნენ ზრდასრული მანდილოსნები, მამაკაცთა გუნდი, შერეული გუნდები, ასაკით ყველაზე პატარები ჩემი გოგონები იყვნენ. დარბაზში რომ შევედით, ვიღაცას წამოსცდა, ამ პატარებმა რა უნდა იმღერონო, მაგრამ პირველ აკორდზევე ჩანდა გაოცებული თვალები. ეს იყო დილის საათებში. დავბრუნდით სასტუმროში და ველოდით საღამოს, დაჯილდოების ცერემონიას, სადაც უკვე ყველაფერი გაირკვეოდა.

– თქვენი შესრულების დროს ცრემლებს ვერ მალავდნენო...

– კი, ბატონო. ყველა ჩვენს გამოსვლას თან ახლდა მაყურებლის უდიდესი აღფრთოვანება. ეს ცრემლებითაც გამოიხატა, „ბრავოს“ შეძახილებით. გამოვიდნენ და გვეკითხებოდნენ კომპოზიტორებზე, რეპეტიციებზე, როგორ ახერხებთ, რომ ასეთი პატარები ასეთ მაღალპროფესიონალურ დონეზე მღერიანო. უდიდესი სითბო იგრძნობოდა მსმენელისგან.

– ჟიურიც ძალიან მოდუნდა და სიამოვნების მიღებაზე გადავიდა...

– შეფასების კრიტერიუმები უმკაცრესი იყო. ბრიტანელი ქალბატონი იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი და პარტიტურაში თავი რომ ჩარგო, მაღლა აღარ ამოუხედავს. ყველა ნიუანსს ამოწმებდა, რომ ოდნავი ცდომილებაც არ ყოფილიყო. მეორეს კამერტონი ეკავა ხელში და ამოწმებდა, გვეჭირა თუ არა მყარად ტონალობა. მესამე სულ საათზე იყურებოდა. თითოეულ ნაწარმოებს თავისი დრო ჰქონდა და არ შეგვეძლო გამოსვლისთვის 15 წამით გადაგვეცილებინა. ეს ჩემთვის ყველაზე სტრესული იყო. ვღელავდი, დრო რომ ვერ განვსაზღვრო და წამები გამეპაროს-მეთქი, სულ ამაზე ვფიქრობდი. ბოლოს ყველაფერი უფალს მივანდე და მხოლოდ მუსიკაზე გადავერთეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ბოლო ნაწარმოებისკენ ჟიურიმ პარტიტურები დახურა, სკამებზე მიეყრდნენ, თვალები დახუჭეს და ოთხივეს სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ერთმანეთს ანიშნებდნენ, რომ ძალიან მოსწონდათ, იგრძნობოდა, რომ კმაყოფილები იყვნენ.

– და რა მოხდა საღამოს დაჯილდოების ცერემონიალზე?

– ბავშვები ყველანაირი შედეგისთვის შევამზადე. ვუთხარი, რომ მთავარი ის იყო, რომ იქ ვიყავით, არაერთ გენიალურ გუნდს მოვუსმინეთ და ბევრი კარგი რამ ვისწავლეთ. მათ ისეთი სკოლა აქვთ, რომ პირველკლასელი ბავშვი უკვე ზედმიწევნით კარგ ცოდნას ფლობს. მუსიკალური განათლება ძალიან მაღალ დონეზეა და ეს მათი მღერის კულტურაში იგრძნობა. ძალიან ევროპულად და აკადემიურად მღერიან, რისკენაც მე ყოველ რეპეტიციაზე მივისწრაფვი. ხან გამოგვდის, ხან – არა. მათში ეს თითქოს, ბუნებრივადაა. შევაჯამეთ ყველაფერი და ბავშვებს ვეუბნებოდი, თუ გავიმარჯვებთ – ხომ კარგი, მაგრამ დამარცხებაც ღირსეულად უნდა მივიღოთ-მეთქი. დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი, დირიჟორები სცენაზე მიგვიწვიეს და დაიწყეს კატეგორიების მიხედვით დასახელება. კატეგორია რამდენიმე იყო, გრანპრი კი მხოლოდ ერთი გაიცემოდა. ჩვენი კატეგორიის გამარჯვებულ გუნდად ჩვენ გამოგვაცხადეს და ოქროს დიპლომი მოგვენიჭა. ძალიან გავიხარეთ, ერთი ჟრიამული გვქონდა. ცოტა ხანში გამოაცხადეს: ჟიურის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი გადაეცემა ნინო წიკლაურს, როგორც საუკეთესო დირიჟორსა და ქორმაისტერსო. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა, თუმცა, ვაკონტროლებდი ჩემს საქციელებს, რომ ადეკვატური ვყოფილიყავი (იცინის).

– ეს ჯილდო მხოლოდ თქვენზე გაიცა?

– დიახ, მხოლოდ ჩემზე. ოქროს დიპლომი რამდენიმე იყო, ასევე, ვერცხლი, ბრინჯაო – კატეგორიებზე გადანაწილებული. ჩვენს კატეგორიაში ჩვენ გვერგო. საუკეთესო დირიჟორის წოდება მხოლოდ ერთი იყო და როცა ის მე მერგო, ამაზე დიდი შეფასება არ ვიცი, რა უნდა იყოს.

დადგა ყველაზე დაძაბული მომენტი, როცა გრანპრის გამარჯვებული უნდა გამოეცხადებინათ. მე კარგად გავიაზრე, რომ ერთი პატარა ქვეყნიდან ვიყავით ჩასული. ორი კარგი ჯილდო უკვე მივიღეთ და სიმართლე გითხრათ, აღარ ველოდი მეტს, ვერ წარმოვიდგენდი სხვა რამეს. დავინახე არაჩვეულებრივი ფინელების გუნდი, ესტონეთის, ლატვიის, ბერძნების. თან ასაკობრივად დიდები, ვოკალურად გამართულები. ვიფიქრე, რომ ჩვენთვის ესეც ძალიან დიდი გამარჯვებაა-მეთქი და მიღებული ჯილდოებით ვტკბებოდი. ამ დროს, გამომაფხიზლა ისევ ჩემი სახელის ხსენებამ და ჩემი გოგონების არანორმალურმა კივილმა (იცინის). მივხვდი, რომ ჩვენს თავს დიდი ბედნიერება ტრიალებდა. მართლა არ მახსოვს, როგორ ავედი სცენაზე. თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და ხედვა მიჭირდა. ბავშვებიც ტიროდნენ სიხარულისგან. არადა, მხოლოდ გრანპრის გამარჯვებულს უნდა შეესრულებინა გალაკონცერტზე ერთი ნომერი და ახლა იმაზე დავიწყე ნერვიულობა, ასე ასლუკუნებულები როგორ იმღერებდნენ და დავიწყე მათი დამშვიდება.

– როდის მოგეცათ გამარჯვებით ბოლომდე ტკბობის საშუალება?

– თან ვმღეროდით, თან ნელ-ნელა მოვდიოდით გონს. ბოლოს, საქართველოს დროშა რომ ავაფრიალეთ, მაშინ ყველაზე დიდი ბედნიერება განვიცადე. მე ორი შვილის დედა ვარ და ალბათ, ასეთი ბედნიერება მხოლოდ ჩემი შვილების ამქვეყნად მოვლინების დროს განვიცადე. საოცრად ბედნიერები და ამაყები ვიყავით, რომ ჩვენი პატარა საქართველო ამ ბუმბერაზ ქვეყნებს შორის ცენტრალურ ადგილას მოექცა და ყველა „ჯორჯიაზე“ ლაპარაკობდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა