საზოგადოება

რით გაითქვა სახელი რამდენიმე ქვეყანაში აბელ მაყაშვილმა და ვინ დასაჯა ის სასტიკად

№29

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:00 31.07

აბელ მაყაშვილი
დაკოპირებულია

აბელ, იგივე ბალო გაბრიელის ძე მაყაშვილი დაიბადა 1860 წელს კახეთის სოფელ იყალთოში, ოფიცრის ოჯახში. ბალომ კარგი სამხედრო განათლება მიიღო. ჯერ უფროსი ძმის, ვლადიმერის კვალს გაჰყვა და თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა. შემდეგ სწავლა რუსეთში განაგრძო. 17 წლის ასაკიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე, ბალო მაყაშვილი სამხედრო იყო.

1877 წლიდან ჩადგა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში. ახალგაზრდა ოფიცერი ჯერ ახალციხეში მდგარ თენგინის პოლკში მსახურობდა, 1880 წლიდან კი 164-ე, ზაქათალის ქვეით პოლკში, ასეულსა და ბატალიონს მეთაურობდა. აბელ მაყაშვილის სამხედრო კარიერა ფრიად წარმატებული აღმოჩნდა: პრაპორშიკი, პოდპორუჩიკი, პორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი, კაპიტანი, პოდპოლკოვნიკი.

მხედრული ცხოვრების დიდი ნაწილი ოფიცერმა მაყაშვილმა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში გაატარა. თავი გამოიჩინა იაპონელებთან ომის დროს, ხოლო პირველი მსოფლიო ომის წლებში, თავის პოლკთან ერთად, დასავლეთის ფრონტზე მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და მისი სიმამაცე და გამჭრიახობა არაერთხელ გახდა მსჯელობის საგანი.

ბალო მაყაშვილის საბრძოლო დამსახურება არაერთხელ აღინიშნა ორდენებით: წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხის; წმიდა ანას მეორე ხარისხის; წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხისა და წმიდა ვლადიმირის მესამე ხარისხის; წმიდა სტანისლავის პირველი ხარისხის. სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო გიორგის ოქროს იარაღით და სხვა.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გენერალი მაყაშვილი თადარიგში გავიდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918–1919 წლებში ირიცხებოდა ქართულ ჯარში, იყო ახალციხის გენერალ-გუბერნატორი და ტფილისის სამხედრო კომენდანტი.

ბალო მაყაშვილმა თავი გამოიჩინა თურქთა ჯარებისა და სერვერ-ბეგ ქობლიანელის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლებში, აგრეთვე, საქართველო-სომხეთის ომის დროს. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ამ მხარის არამარტო ქართველთა, არამედ სხვა ეროვნების მოსახლეობაშიც.

1919-1920 წლებში გენერალ-მაიორი მაყაშვილი, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით, აზერბაიჯანის ჯარში მსახურობდა. სამხედრო მინისტრის, არტილერიის გენერალ სამედ-ბეი მეხმანდაროვის ბრძანებით, ის დაინიშნა ჯერ პირველი ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ, ხოლო მოგვიანებით – მეორე ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ. 1920 წლის მარტში ბალო მაყაშვილი სათავეში ჩაუდგა განჯის სამხედრო სკოლას და დაინიშნა განჯის გამაგრებული რაიონის უფროსად.

აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ ბალო მაყაშვილი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს, საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა დააბრალეს და 1920 წლის 14 ივნისს „ჩეკას“ დადგენილებით სიკვდილით დასაჯეს. თავდაპირველად ითქვა, რომ დახვრიტეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მას ხელ-ფეხი შეუკრეს და კასპიის ზღვაში გადააგდეს. შესაბამისად, მისი საფლავიც კი არ გვაქვს.

სამშობლოს წლობით მოშორებულმა გენერალმა მაყაშვილმა შეძლო მშობლიური ენის, ტრადიციების, ხასიათისა და სულის შენარჩუნება. ამ სულისკვეთებით აღზარდა მან თავისი შვილებიც – გაბრიელი და ნიკოლოზი. ისინიც სამხედროები იყვნენ და ქართულ ჯარში იბრძოდნენ.

გენერლის დაღუპვიდან სულ ორიოდე კვირაში თბილისთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავის საწვრთნელი ვარჯიშის დროს დაიღუპა ბალო მაყაშვილის უფროსი ვაჟი, ქართული სამხედრო საავიაციო გუნდის უფროსი, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი.

საშუალო განათლება ნიკოლოზ მაყაშვილმა ციმბირის კადეტთა კორპუსში მიიღო, შემდეგ წარმატებით დაამთავრა პავლოვის სამხედრო სასწავლებელი და სამსახური დაიწყო პოლონეთში, ქალაქ ალიტში მდგარ სამხედრო ნაწილის არტილერიაში. შემდგომში სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და როგორც საუკეთესო მფრინავი, იქვე დატოვეს სწავლების ინსტრუქტორად, ხოლო რამდენიმე თვეში ამავე სკოლის უფროსად დანიშნეს.

საქართველოში დაბრუნებული მფრინავი, ჯერ სამხედრო სკოლის ავიაციის უფროსი გახდა, 30 წლის ასაკში კი რესპუბლიკის ავიაციის ხელმძღვანელობაც ანდეს.

გამოყენებული მასალების წყარო: საითიძე, გიორგი. სამშობლოს ჯარისკაცი: გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილი; ივანიძე, გიორგი. გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილი // ბრძოლა მესხეთისათვის (1917-1921 წლები): გიორგი ივანიძე, მანანა ივანიძე; გოგიტიძე, მამუკა. აბელ (ბალო) გაბრიელის ძე მაყაშვილი // სამხედრო ფიცის ერთგულნი: ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი; ვიკიპედია; თბილისი: ენციკლოპედია; http://www.nplg.gov.ge/.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა