რით გაითქვა სახელი ევროპაში დიმიტრი ყიფიანისა და ქეთევან წამებულის შთამომავალმა და რატომ არ დაედგომებოდა მას საკუთარ სამშობლოში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 03.11, 2021 წელი

არაერთი მეცნიერული ნაშრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი ბარბარე, იგივე ვარა ყიფიანი, ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალია. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები.
ბარბარე დაიბადა ქუთაისში, ქართველ თავადაზნაურთა წინამძღოლის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი შვილის, ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში. მისი დედა – ანასტასია ერისთავი ქეთევან წამებულის პირდაპირი შთამომავალი იყო. ბარბარე იზრდებოდა ქვიშხეთში, პაპისეულ ოჯახში. მშობლების განქორწინების შემდეგ, ის და მისი დები მამამ ბათუმში წაიყვანა, სადაც ის სასამართლო უწყებაში მუშაობდა.
1887 წელს ყიფიანების ოჯახს თავს დატეხილმა უბედურებამ – დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ, ნიკო ყიფიანი ნევროგენული დიაბეტით დააავადა. მალე სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და უკან აღარც დაბრუნებულა.
ბარბარე ყიფიანმა წარჩინებით დაამთვრა თბილისის წმიდა ნინოს სასწავლებელი. რამდენიმე წელი ხონის წმიდა მარიამის სასწავლებელში პედაგოგად იმუშავა და შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ბელგიაში, მამასთან გაემგზავრა. ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა და სწავლის პერიოდშივე გამოიჩინა თავი, როგორც ძალიან ნიჭიერმა, შრომისმოყვარე და ფართო ერუდიციის მქონე სტუდენტმა.
1904 წლის აგვისტოში ბრიუსელში შედგა ფიზიოლოგთა მეექვსე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა – ბარბარე ყიფიანმა და რუსეთიდან პროფესორმა ივანე თარხნიშვილმა. ორივეს მოხსენებას მოწონება და ხანგრძლივი ტაში დაუმსახურებია. მათი გამოსვლით აღტაცებული რევაზ გაბაშვილი იმავე წლის „ცნობის ფურცელში“ წერდა, რომ ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდა პროფესორ იოტეკოს, ეროვნებით პოლონელ ქალბატონს. მან ბარბარე თავის ლაბორატორიაში სამუშაოდ მიიღო და საშუალება მისცა, სწავლის ფული გადაეხადა, როცა ის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. რევაზ გაბაშვილი სინანულით აღნიშნავდა: „მგონია საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილებს უცხოელნი პატრონობენ და თავის შინაურობამ კი მათ უარი უთხრა სტიპენდიაზე. ალბათ, ასე ესმის თავადაზნაურობას მადლის გადახდა და თავის მოვალეობა”.
ბარბარე ყიფიანი წლების განმავლობაში მუშაობდა ბრიუსელის უნივერსიტეტში, იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს და ასე შემდეგ. ის 1908 წლიდან ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ Revue Psycholigique-ის სწავლული მდივანი გახდა. მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. მისი საინტერესო კვლევების შესახებ იწერებოდა ევროპის პრესაში, მისი ნაშრომები იბეჭდებოდა სხვადასხვა ენაზე. ბარბარე ყიფიანი, როგორც მეცნიერი ფიზიოლოგი, დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის სიგელებით, ვერცხლისა და ოქროს მედლებით. ის ასევე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს ბრიუსელის, ლიეჟის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში.
ბარბარე ყიფიანი ყოველთვის რჩებოდა თავისი დიდი წინაპრების ღირსეულ მემკვიდრედ და მთელი არსებით იყო დაკავშირებული საქართველოსთან. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როცა რუსეთის მეფის თვითმპყრობელობა დაუნდობლად უსწორდებოდა ქართველ ხალხს, მისი ინიციატივით ბრიუსელში ჩატარებული მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებრიობას მოუწოდებდა, რომ დაეცვათ მრავალტანჯული ქართველობა რუსეთის ვანდალიზმისაგან.
1910 წელს ბარბარე ყიფიანის თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვარგარეთ ქართული სულიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.
1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოაგზავნა: „მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით”.
გარკვეული ხნის შემდეგ ბარბარე ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ-კულტურულ მოღვაწეობას. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ქალთა მე-5 გიმნაზიაში, იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში, მსახურობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავის გამგის, აკაკი შანიძის თანაშემწედ, იყო ქართველთა სამხედრო კავშირის, ასევე საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ახალი ხელისუფლებისგან უკიდურესად შევიწროებული, იძულებული გახდა, კვლავ ბრიუსელში გახიზნულიყო, ამჯერად სამუდამოდ.
საქართველოდან შორს მყოფ ბარბარე ყიფიანს არც ერთი წუთით არ დავიწყებია თავისი წარმომავლობა. ცდილობდა, პოპულარიზაცია გაეწია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისათვის. ცდილობდა, თავი მოეყარა ევროპაში გაბნეული ქართული ხელოვნების ნიმუშებისთვის. 1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც სალომე დადიანისა და მიურატების ქონების მეურვემ, მიუნხენიდან გამოიძახა ქართველოლოგი, ქართული დამწერლობისა და კულტურის მკვლევარი მიხეილ თარხნიშვილი და შესთავაზა, ნაანდერძევი სახსრებით, ფულითა და ნივთებით, დაეარსებინა რომის კათოლიკური მონასტერი ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად. მიხეილ თარხნიშვილს მიუღია ეს წინადადება, შეუძენია სამონასტრო შენობა და ბარბარე ყიფიანისაგან მიღებული ნივთები და დოკუმენტები იქ დაუბინავებია. ამავე მონასტერში გადმოუტანია კონსტანტინოპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან წამოღებული უნიკალური მასალები, ჩამოუყალიბებია ქართული არქივი, ქართული კათოლიკური სასულიერო სემინარია და თვითონ დამდგარა რექტორად. საერთაშორისო შეთანხმებით; რომი დაცული უნდა ყოფილიყო ომებისგან.
ბარბარე ყიფიანი დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურისადმი ინტერესის ზრდას ევროპაში, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება ევროპის უნივერსიტეტებში მიიღო. ის 1965 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია ქალაქ ბრიუსელში.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ჯოლოგუა თამაზ. დიმიტრი ყიფიანი; მთვარელიძე მურად. ყიფიანები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან