საზოგადოება

რით დაიმსახურა ქართველმა კაპიტანმა პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენი და რის შემდეგ დარჩა მისი დიდი ოჯახი ყველაფრის გარეშე

№39

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 06.10, 2021 წელი

ნიკოლოზ მათიკაშვილი
დაკოპირებულია

ნიკოლოზ მათიკაშვილი 1900 წელს პატარძეულში დაიბადა. მისი მამა ჯერ სოფლის მასწავლებელი იყო, შემდეგ – მღვდელი. დედა იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული ქალი გახლდათ. სამწუხაროდ, ის ადრე დაქვრივდა, შვილები ძალიან პატარები ჰყავდათ, როცა მეუღლე დაკარგა. თუმცა ახალგაზრდა ქვრივს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მოახერხა, რომ შვილებს უმამობა მატერიალურად მაინც არ ეგრძნოთ. ოთხივე ბიჭს საშუალო განათლება მისცა და ფეხზე დააყენა.

„მამა 7 წლისას გარდამეცვალა. პატარა, ოროთახიანი ფიცრული სახლის გარდა, მას ჩვენთვის არავითარი უძრავ-მოძრავი ქონება არ დაუტოვებია. მიცვალებულს ჯიბეში რამდენიმე უზალთუნი უპოვეს. ეს იყო და ეს. 4 ვაჟი, 5 წლის ასაკიდან 10 წლამდის, ცხოვრებაში გამოუცდელი დედის კისერზე დავრჩით. ერთადერთი იმედი თავის გადარჩენისა ოციოდე თვალი ფუტკარი და ნათესავთა დახმარება იყო. დედაჩემი ოთარაანთ ქვრივივით ჩაება მუშაობაში. ნინოწმინდელ შეძლებულ გულისაშვილების ფუფუნებაში გაზრდილი ქალისთვის ეს არც ისე ადვილი იყო, თანდათანობით ფუტკარი მოამრავლა, ძროხა შეიძინა, თვითონ ბევრს იკლებდა, ჩვენ სიღარიბეს არ განგვაცდევინებდა და სტუმარსა და მიმსვლელ-მომსვლელებსაც გულუხვ მასპინძლობას უწევდა“, – ეს ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებებია.

ნიკოლოზ მათიკაშვილის ღვიძლი დეიდაშვილი გახლდათ გიორგი ლეონიძე. „ნატვრის ხის“ ერთი მოთხრობა – „დეიდა მაიკო“, გოგლა ლეონიძემ, სწორედ, დეიდამისს მიუძღვნა.

საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ მათიკაშვილი თბილისის უნივერსიტეტის სამეურნეო ფაკულტეტზე შევიდა, მაგრამ სამშობლოს მტრისგან დაცვა სჭირდებოდა და ნიკოლოზი, ძმასთან ერთად, მოხალისედ ჩაეწერა ქართულ ჯარში, სწავლა კი იუნკერთა სასწავლებელში განაგრძო. 1921 წლის თებერვლის ყინვაში თბილისის მისადგომებს, სხვა იუნკერებთან ერთად, ნიკოლოზ მათიკაშვილიც იცავდა. დამარცხების შემდეგ საქართველოს დევნილმა მთავრობამ იუნკრებს არჩევანი შესთავაზა: იუნკერთაგან ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია სამშობლო დატოვოს, საზღვარგარეთ მთავრობა ზომებს მიიღებს მათ ევროპის სახელმწიფოთა სამხედრო სასწავლებელში მოსაწყობადო. ახალგაზრდა მებრძოლები საგონებელში ჩავარდნენ: „დავრჩეთ თუ წავიდეთ? დარჩენა მტრის სამსახურში ჩადგომასა და სამშობლოს ღალატს უდრიდა, წასვლით, იქნებ, ევროპაში რამენაირად უმაღლესი ცოდნა მიგვეღო და მომავალში განთავისუფლებულ საქართველოში ცოდნით აღჭურვილნი დავბრუნებულიყავით“, – წერდა ნიკოლოზ მათიკაშვილი. გადაწყვიტა, წასულიყო, ასე აღმოჩნდა საბერძნეთში და ათენის სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ საბერძნეთი არეულობამ მოიცვა და ნიკოლოზი პოლონეთში გადავიდა. მალე სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და პოდპორუჩიკის ჩინით პოლონეთის არმიაში დაიწყო სამსახური.

1930-იან წლებში საფრანგეთში, ნოე რამიშვილის ინიციატივით, მოეწყო სამხედრო კურსები, რომელსაც ნიკოლოზ მათიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომში კაპიტანი მათიკაშვილი გერმანელთა წინააღმდეგ იბრძოდა. მონაწილეობდა 1944 წლის ვარშავის აჯანყებაში, ის პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ორდენის – „ვირტუტი მილიტარის“, კავალერი გახლდათ. ერთ-ერთ ბრძოლაში ნიკოლოზ მათიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და გერმანელებს ჩაუვარდა ხელში. ომის შემდეგ ტყვეობიდან დაბრუნებული კაპიტანი გათავისუფლებული პოლონეთის ჯარში გაიწვიეს. როგორც თავად წერს, დატუსაღებას პოლონელი ოფიცრების დახმარებით გადაურჩა, რომლებმაც რუსულ შტაბს შესთავაზეს მისი, როგორც რუსულის მცოდნის, გამოყენება. მალე პოლიტიკური კამპანიის ახალი ტალღა დაიწყო, რომლის დროსაც საეჭვო რეპუტაციის ოფიცრებს სამსახურიდან ითხოვდნენ. კაპიტანი მათიკაშვილიც პენსიაზე გაუშვეს. მას შემდეგ სახელმწიფო სამსახურში აღარ უმუშავია. ამ დროს ის უკვე დაქორწინებული იყო პოლონელი მრეწველის ქალიშვილზე.

პოლონეთში დამკვიდრებული ქართველი მხედრები, მართალია, მეორე სამშობლოს – პოლონეთის სამსახურში იდგნენ, მაგრამ, ამავე დროს, ერთი წუთითაც არ ივიწყებდნენ საქართველოს. მათ ჩამოაყალიბეს ქართველ იუნკერთა კავშირი, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ქვეყნებში მიმოფანტულ თანამემამულეებთან, მონაწილეობდნენ ქართული ემიგრაციის ყველა წამოწყებაში, ეწეოდნენ მრავალმხრივ საზოგადოებრივ საქმიანობას. ნიკოლოზ მათიკაშვილი ამ ყველაფრის აქტიური მონაწილე გახლდათ. მან პოლონურ ენაზე თარგმნა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „გოგოთურ და აფშინა“ და „ძაღლიკა ხიმიკაური“. ის, ასევე, გახლდათ „საქართველო–პოლონეთის საზოგადოების“ საპატიო თავმჯდომარე. ნიკოლოზ მათიკაშვილის არქივი ქართული სამხედრო ისტორიისა და კვლევის საქმეში მნიშვნელოვან ფურცელს წარმოადგენს. ნიკოლოზ მათიკაშვილი საქართველოს სამჯერ ესტუმრა. პირველად გოგლა ლეონიძის დახმარებით ჩამოვიდა. შემდეგ კიდევ ორჯერ ეწვია ძმასა და ძმისწულს.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ნიკოლოზ მათიკაშვილი წერდა: „86 წელს გადაცილებული „უკანასკნელი უბიხივით“ მარტოკა ვარ პოლონეთში და მოვალეთ ვთვლი ჩემ თავს ჩემი თანამემამულეების არსებობის, შრომის, ოცნების, ჩატარებული ბრძოლების და დაღუპვის კვალი დავტოვო, რომ მომავალმა თაობებმა დავიწყებას არ მისცეს ჩვენი მწარე ბედი და საკუთარ გულში ჩახედვით გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. მოგონებაში არ მომიხსენებია დაღუპულ ქართველ ოფიცერთა ოჯახები, მათი დაობლებული ცოლ-შვილი. ისინი მრავლათ არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმობნეულნი, ქართველობა არ დაუკარგავთ და გული განთავისუფლებულ სამშობლოს მოსწრების გრძნობით უცემთ“.

ნიკოლოზ მათიკაშვილი 1993 წელს გარდაიცვალა ვარშავაში. მის სასახლეზე ქართული დროშა იყო გადაფარებული. 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია სახლს, რომელშიც ნიკოლოზ მათიკაშვილი ცხოვრობდა. ეს სახლი და მიწის ნაკვეთი მათიკაშვილის ქვრივმა 2007 წელს საჩუქრად გადასცა საქართველოს საელჩოს. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის ეზოში სიმბოლურად საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო და წლების წინ გიორგი ლეონიძის მიერ დარგული „გოგლას ვაზის“ ნაყოფი დააგემოვნა.

გამოყენებული მასალების წყარო: ნიკოლოზ მათიკაშვილი – იუნკრები და სხვები; ამბროსი გრიშიკაშვილი – ნიკოლოზ მათიკაშვილი, ქართველთა ნესტორი პოლონეთში. რუსუდან დაუშვილი – ნიკოლოზ მათიკაშვილი/საქართველო-დასავლეთი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა