საზოგადოება

რით დაასაჩუქრა ანა მიქაძე ბილ გეითსმა და რას სწერდა მას ბილ კლინტონი

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:00 16.11, 2021 წელი

ანა მიქაძე
დაკოპირებულია

ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს ადამიანები სხვადასხვა პროფილით იცნობენ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ცხოვრების პერიპეტიები მეტად მრავალფეროვანია. ბოლო წლებში მისი ცხოვრების მთავარი ინტერესი ქართული ყველია და ამიტომ ბევრი შეიძლება, მეყველე ანას სახელითაც იცნობდეთ, თუმცა კარიერის დასაწყისში სულ სხვა ინტერესებს ემსახურებოდა.

ანა მიქაძე: მე ძველი ქართულის სპეციალისტი ვარ, ძალიან საინტერესო თემებზე ვმუშაობდი ამ პროფესიაში და იმ პერიოდში, ფაქტობრივად, საჯარო ბიბლიოთეკაში ვცხოვრობდი. მეგონა, მეცნიერი გავხდებოდი, მაგრამ ერთ ბედნიერ დღეს, ჩემმა მეგობრმა – მარიკა ბაქრაძემ კავშირგაბმულობის სამინისტროში მის ნაცვლად მუშაობა შემომთავაზა, რადგან თავად საქართველოდან მიემგზავრებოდა. მათ ჟურნალის გაკეთების იდეა ჰქონდათ და ამაზე მუშაობდნენ, მე კი ჟურნალისტობის მცირე გამოცდილებაც მქონდა. ეს იყო 1993 წელი. ეს ის დროა, როცა საქართველოში ყველაფერი სულს ღაფავს, მაგრამ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში უკვე სატელიტური თეფშები და ინტერნეტი აქვთ. მეგობრის შემოთავაზებას დავთანხმდი და უცებ კავშირგაბმულობის სახით, საოცარ „კუნძულზე“ აღმოვჩნდი, სადაც იყო შუქი, მაღალი ხელფასები და ჩამოდიოდნენ „ცოცხალი უცხოელები“, რომლებსაც ინგლისურად ვესაუბრებოდით (იცინის). მართლა ცოცხალ ლეგენდებთან მქონდა ურთიერთობა და მომავლის საოცარი პერსპექტივების შესახებ ვიგებდი, ასე რომ, იმდენად საინტერესო სამყაროში აღმოვჩნდი, საერთოდ დამავიწყდა ძველი ქართული (იცინის). პირველს მე მქონდა ინტერნეტი, შევდიოდი თეთრი სახლის საიტზე და ავტომატი მცემდა პასუხს: დიდი მადლობა, რომ შემოხვედი თეთრი სახლის საიტზე, კიდევ ბევრჯერ გვესტუმრეთ, მოხარულები ვიქნებითო და ამ შეტყობინებას დართული ჰქონდა ბილ კლინტონის ხელმოწერა, ბოლოში წარწერით „თქვენი ბილი“. ამოვბეჭდე და ამ ფურცელს ოფისებში დავაფრიალებდი. გავიძახოდი, ნახეთ, ბილ კლინტონმა წერილი გამომიგზავნა-მეთქი. არავინ იცოდა, რომ ამას ბილ კლინტონი კი არა, ავტომატი მწერდა (იცინის). მაშინ ინტერნეტ-სამყაროს არავინ იცნობდა და არავის უნდოდა იმის დაჯერება, რომ ტრადიციულ კავშირგაბმულობას რამე ჩაანაცვლებდა. მე პირველივე წამიდან მივხვდი, რასთან გვქონდა საქმე, მივხვდი, რომ ეს წალეკავდა მსოფლიოს, რომ ეს იყო ახალი სამყარო. ძალიან დიდ ყურადღებას ვიჩენდი, ყველა სიახლეს ვეცნობოდი, ტელევიზორში გამოვდიოდი და ვყვებოდი, რომ ეს შეცვლიდა სამყაროს. ეს ყველაფერი არ დარჩენია უყურადღებოდ ამერიკის საელჩოს. მომკიდეს ხელი და სპეციალური პროგრამით გამიშვეს ამერიკაში, იქიდან კი სრულიად სხვა ადამიანი ჩამოვედი. ვსაუბრობდი ინტერნეტის განვითარებასა და კომპიუტერიზაციის მნიშვნელობაზე. მერე მსოფლიო ბანკმა წამიყვანა ძალიან საინტერესო პროექტის დირექტორად – ეს იყო პირველი ქართული პორტალი „საქართველოს განვითარების კარიბჭე“. ამის შემდეგ უამრავ საინტერესო და რთულ პროექტზე ვიმუშავე. არ დარჩენილა ევროკავშირსა და ამერიკაში ძალიან ამბიციური ექსპერტი, რომელთანაც შეხვედრა არ მქონია. გოჩა ჩოგოვაძე – ჩვენი ელჩი საფრანგეთში, იყო კონფერენციაზე კანში, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ბატონმა გოჩამ მითხრა, ეს კონფერენცია ძალიან მაღალი დონისაა, მას ევროკომისარი ერკი ლიიკანენი ესწრებაო. ბატონო გოჩა, მე ლიიკანენთან მიმოწერა მაქვს-მეთქი, ვუთხარი და ისეთი სახით გამომხედა, დარწმუნებული ვარ, ფიქრობდა, ეს ქალი აფრენსო (იცინის). ხუთი წელია, ამ კაცს ვიცნობ და არასდროს მქონია მასთან შეხვედრა, ყველაზე ამბიციური ევროკომისარიაო, მითხრა და ტყუილიც არსებობს და ტყუილიცო – სახეზე ეწერა. ბატონო გოჩა, რამდენიმე წუთში მე მასთან მაქვს შეხვედრა, მართალია, მითხრა, რომ მხოლოდ ხუთი წუთი აქვს, მაგრამ მე შევხვდები მას და ამ ხუთ წუთში ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე დაველაპარაკები-მეთქი, ვუპასუხე. თუ თქვენ ნამდვილად ლიიკანენს შეხვედებით, თუნდაც ერთი წუთით და ის დაგელაპარაკებათ, მე თქვენ გაღიარებთო და გაეცინა. მინდა გითხრათ, რომ მე და პატივცემული ლიიკანენი ვისხედით მის კაბინეტში ზუსტად ოცი წუთი და ის მომიყვა, რომ სოციალისტია და ძალიან უყვარს სტალინი, ნამყოფია საქართველოში და რაც უნდა გასაოცარი იყოს, თბილისში, კონსპირაციულ ბინაში მის ქალიშვილს შეხვდა. მოკლედ, ძალიან უშუალო და გულწრფელი შეხვედრა გამოგვივიდა. მითხრა, რომ ძალიან მოსწონდა ჩემი შემართება და დამეხმარებოდა საქართველოში სკოლების კომპიუტერიზაციაში. ყველაფერს თავი დაანებეთ და დაიწყეთ სკოლების კომპიუტერიზაცია, სოფლებში ჩაიტანეთ კომპიუტერებიო და ასეც მოვიქეცით შესაბამის კომპანიებთან და ადამიანებთან ერთად. დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი „ინტერნეტის ხიდი – დიდი აბრეშუმის გზა საქართველოს ღარიბი ახალგაზრდებისათვის“, რომლის განხორციელების ფარგლებში მოვხვდი ჟენევაში კონფერენციაზე, სადაც მაგიდაზე დამხვდა საჩუქრებით სავსე ჩანთა. საჩუქრებს შორის იყო საქართველოს გერბით შვეიცარიული საათი, ბილ გეითსის ხელმოწერით. ეს ბილ გეითსის პირადი საჩუქარი იყო. ასეთი საჩუქრები მან ყველა მონაწილეს დაახვედრა მაგიდაზე. ამ ჩანთაში ასევე იდო კონვერტი ათასი დოლარით – ესეც ბილ გეითსისგან.

სამწუხაროდ, ბევრი რამის ამსახველი ფოტომასალა არ მაქვს. ეს იმიტომ, რომ ჩემთვის არაფერი მატერიალური არ წარმოადგენს ღირებულებას და თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთებსაც კი, რომელიც ძალიან მიყვარდება, მაშინვე გავაჩუქებ ხოლმე. მერე ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო, სამყარომ ჩემი ნივთებისგან გაძარცვა დაიწყო – არ გინდა მატერიალური ღირებულებები? მაშინ შენ ყველაფერს დაკარგავო. ასეც მოხდა და ვიღაცისთვის ჩემი ცხოვრება დანაკარგების სერიაა, ჩემთვის კი ძალიან საინტერესო მომენტების ერთობლიობა და ზუსტად ვგრძნობ, როდის წაიღებს ჩემგან სამყარო სახლს, მანქანას თუ სხვა მატერიალურ ღირებულებას.

– და ეს არის მტკივნეული?

– არა და არც არასდროს ყოფილა. მე ასეთი ვარ, კოსმოსმა ღია დამტოვა, ჩემი დაცვები წაიღო. ყველას აქვს თავის დამცავი ფარი, ჩემი დაცვა დაუცველობაა. ეს ჩემი არჩევანია. რომ მოვყვები ხოლმე, ბიზნესი წამართვეს, ნახევარი მილიონი წამართვეს პარტნიორებმა, სახლი წამართვეს და ასე შემდეგ, ჰგონიათ, რომ მივტირი ამ ყველაფერს. არასდროს არაფერს მივტირი, შეიძლება 15 თეთრი მქონდეს დარჩენილი, მაგრამ ამის გამო პანიკაში არ ჩავვარდები. სულ ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად ხატვა დავიწყე. ერთ დღეს, არსაიდან, ავდექი და დავხატე. მანამდე ფურცელზე ხაზი არ მქონდა გავლებული და ახლა მეყიდება კიდეც ნახატები. შეიძლება, თეთრები მქონდეს დარჩენილი, მაგრამ უცებ ვიღაც საბერძნეთიდან „ფეისბუკის“ მეშვეობით დამიკავშირდება და თანხას გადმომირიცხავს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ნახატში. ასეთია ჩემი ცხოვრება. თან ხატვამ იმხელა სიმშვიდე მომიტანა, სულ ნირვანაში ვარ, სულ ბედნიერი ვარ. ყოფითი პრობლემებიც არსებობს, შვილი მყავს ძალიან ცუდად – პარანოიდული შიზოფრენიით არის დაავადებული, სუიციდისტია და მძიმეა, მაგრამ ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც პრობლემას, რომელთან ერთადაც უნდა ვიცხოვრო ისე, რომ არც ჩვენ და არც სხვები არ დაითრგუნონ. ხანდახან ისე მირტყამს ცხოვრება, შეუძლებელია ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ვამბობ ხოლმე: ანა, ეს ხომ მატერიალური გამოცდებია, რომელსაც, რასაკვირველია, გადალახავ. სამყარო, რომელშიც მე ვცხოვრობ, ძალიან თვითკმარია.

– კავშირგაბმულობიდან დანახულ სამომავლო პერსპექტივებსა და თქვენს პროექტებს რა ბედი ეწია?

– მერე ნაციონალები რომ მოვიდნენ, მსოფლიო ბანკის ყველა იმ პროექტიდან, რომელსაც მე ვაკეთებდი, გამოვეთიშე, ამომაგდეს სიებიდან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მათ მიმართ პრინციპული მიუღებლობა მჭირდა. ვერ ვიტყვი, რომ რამეში ხელი შემიშალეს, მაგრამ რადგან მათთან კომუნიკაცია არ მინდოდა და მათი არცერთი წინადადება არ მივიღე, უმუშევარი დავრჩი. ამდენი უარის შემდეგ, გაბრაზდნენ და ყველა პროექტი წამართვეს. მეგონა, რომ ჩემი არსებობა დამთავრდა. არ ვიცოდი, რა მექნა და ზუსტად იმ პერიოდში დავიწყე წიგნის კეთება საქართველოზე. ამ წიგნში შემხვდა ინფორმაცია ქართული ყველის მრავალფეროვნებაზე და მორჩა, ახალმა იდეამ შემიპყრო. აღმოვაჩინე, რომ ქართულ ყველზე სრულყოფილი კვლევა არ არსებობდა. ამოვკრიბე არსებული ინფორმაცია და გადავწყვიტე, თავისთვის ახალი მიზანი დამესახა – მე უნდა გამომეკვლია ქართული ყველი. სად ძველი ქართული, სად ინტერნეტი და კომპიუტერიზაცია და სად ყველი, მაგრამ დაიკეტა ჩემი ტვინი ყველაფრისთვის, სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, ის, რაც ძალიან მაბედნიერებდა და მას შემდეგ მოწყენილს ვერ მნახავთ, სულ გაღიმებული დავდივარ. ბევრი პრობლემაა, ძალიან გართულდა საქმე, მაგრამ მაინც ძალიან წინ წავიდა და ამისთვის ნამდვილად ღირს წვალება, ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი