საზოგადოება

რით აოცებს გოგი წულაია ევროპელებს და სად შეხვდა ის 10 000 ქართველ ემიგრანტს

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 17.07

გოგი წულაია
დაკოპირებულია

როგორია გოგი წულაიას ცხოვრება ემიგრაციაში, როდის და რა გეგმით აპირებს ის საქართველოში დაბრუნებას და რასთან შეგუება უჭირს ევროპაში, ამაზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

გოგი წულაია: გერმანიაში ევროპის ჩემპიონატს ვადევნებდი თვალს და როგორც იპოლიტე იტყოდა, მოხიბლული ვარ თქვენი ვოკალითო, მე ქართველი ფეხბურთელების თამაშითა და წარმატებებით ვარ მოხიბლული. ვზეიმობ, როგორც ყველა ქართველი. ფეხბურთელებმა დაგვასწრეს პოლიტიკოსებს საქართველოს ევროპაში შეყვანა.

ვცდილობ, ემიგრაციასთან აქტიურ ურთიერთობაში ვიყო. არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ემიგრაციის როლი გადამწყვეტი უნდა იყოს.

ვიყავი საბერძნეთში, იტალიაში, პოლონეთში. შევხვდი ქართველებს, ვესაუბრე, გავამხნევე. იტალიის ქალაქი ბარი, შეიძლება ითქვას, ქუთაისის უბანივითაა, იმდენი ქუთაისელი ცხოვრობს. ამ რაოდენობის ემიგრაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველგან ბევრნი არიან, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში მაინც ძალიან დიდია ჩვენების რაოდენობა. საფრანგეთში, სტრასბურგში ფეხს ვერ გადადგამ, რომ ქართველს არ გადაეყარო. ასეა ათენში, ასეა ბარიში. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, თითქოს ბარიში იტალიელზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

– ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია გაქვთ მსოფლიო მასშტაბით. რა გეგმები გაქვთ?

– მოდი, ვიყოთ გულახდილი, ასეცაა. შეწყალება ვთხოვე ქალბატონ სალომეს. მე 4 წელი მაქვს მოსჯილი და ახლა რომ საქართველოში ჩამოვიდე, პირდაპირ ციხეში მიკრავენ თავს. იქიდან რა არჩევნები უნდა ჩავატარო? ახლა არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ მაქვს. ამიტომ ვთხოვე ქალბატონ სალომეს, რომ შემიწყალოს და ვნახოთ, პასუხს ველოდები. იმედი მაქვს, რომ შემიწყალებს, რადგან მოსყიდულმა სასამართლომ ზეწოლის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ჩემ წინააღმდეგ. ისე, მართლა მაინტერესებს, რამდენი დაუჯდა ჩვენს სახელმწიფოს ჩემთვის 4 წლის მოცემა. არაფერია დამალული, რომ არ გაცხადდეს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. თუ პრეზიდენტი შემიწყალებს, ჩამოვალ და მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. პირველ რიგში კი, უკრაინაში ჩავალ ჩვენს ვაჟკაცებთან ჩასახუტებლად. თუ არ შემიწყალებს, აგერ არის ემიგრაცია.

– ახლა ლტოლვილის სტატუსი გაქვთ, არა?

– საფრანგეთის ხელისუფლებას ჩავბარდი. წელიწადი და ათი თვე აჯანჯლეს ჩემი საქმე, როდესაც სხვა ქართველი ემიგრანტების საქმეებს, მაქსიმუმ, ერთ წელიწადში ილევენ და ბოლოს მითხრეს, თქვენი ქვეყანა დემოკრატიულია, გადასარევი სასამართლო გაქვთ და წადი, იქ გაგასამართლებენო. საფრანგეთმა პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მითხრა. მე არ მაქვს ზუსტი მტკიცებულება, მაგრამ გარკვეული გარემოებები მაფიქრებინებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის საპატიო მოქალაქეს და ასე შემდეგ, აქვს გავლენები ფრანგულ ორგანოებზე, რომელიც სტატუსებს გასცემენ და აქაც არ მომასვენა. ჩემი აზრით, მისი დავალებით მითხრეს უარი. ამიტომ, საფრანგეთიდან ბელგიაში გადავედი და თუ სალომე არ შემიწყალებს, აქ ჩავბარდები.

– რთულ პერიოდებს გადიხართ...

– ვინ მოგასვენებს, სანამ არ გაგასვენებენ (იცინის). მე მიყვარს ასეთი ბობოქარი ცხოვრება. ემიგრაცია დამთრგუნველია, მით უმეტეს, როცა ოჯახის გარეშე ხარ, ძალიან რთულია, კატასტროფაა, მაგრამ ვუძლებ. სხვა ემიგრანტებთან შედარებით კიდევ კარგ ბედში ვარ. აქ ემიგრანტს შეიძლება, ზამთარში ქუჩაში მოგიწიოს ღამე დარჩენა. მე ყველა ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც ჩავდივარ, მოსიყვარულე მასპინძელი მყავს.

– სამეგობრო გმასპინძლობთ თუ სრულიად უცნობი ადამიანები?

– სრულიად უცნობი ადამიანები. ამწუთას გერმანიაში სრულიად უცნობი ადამიანების ოჯახში ვარ. უბრალოდ, შორიდან მიცნობდნენ, ვუყვარდი და დამპატიჟეს, ჩვენთან იცხოვრე ცოტა ხანსო. რამდენიმე დღე ვიქნები მათთან, შემდეგ ბელგიაში მივდივარ. არ მინდა, ტრაბახში ჩამითვალოთ, მაგრამ მე, გოგი წულაია, მას შემდეგ, რაც ემიგრაციაში ვარ, 2 წლისა და 6 თვის განმავლობაში 10 ათასობით ემიგრანტს შევხვდი. 10 კაციდან 8-9 მცნობს და 6-7 თავისთან მეპატიჟება. სითბოს გამოხატავენ. უნდათ, პატივი მცენ, როგორც შეუძლიათ.

ამ მიზეზით მე კიდევ ნაკლებად მიჭირს ემიგრაცია, თორემ ზოგი ემიგრანტი კარავში ან მანქანაში ათენებს ღამეს, განსაკუთრებით საფრანგეთში.

– ბევრი რთული პერიოდი გექნებოდათ, ალბათ, ისევ თქვენი იუმორი გეხმარებათ პრობლემებთან გამკლავებაში.

– ნამდვილად ყოფილა მასეთი სიტუაციები, როცა ჩემმა კომუნიკაბელურობამ და იუმორმა მიშველა და ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამომიყვანა. ჩემი თაობის ადამიანების ტრაგედიაა, რომ კომპიუტერი წესიერად არ ვიცით, რუკის გამოყენება წესიერად არ ვიცით და ენა ხომ არ ვიცი და არ ვიცი, ინგლისური თუ ფრანგული, არცერთი არ მესმის. ასე ძალიან რთულია ემიგრაციაში ყოფნა. ბევრი კომიკური სიტუაცია იყო და ჩემი იუმორი მშველოდა. ჩემთვის ჩვეული პერფორმანსებით ყველას ყველაფერს ვაგებინებ (იცინის). მაღაზიაში რამის საყიდლად მთელი ჩემი არტისტული მონაცემები გამომიყენებია, რომ ჩავაქსოვდი ხელების პარჭყვას, რა გინდოდა, რომ ვერ გაეგოთ (იცინის).

– რით გაგაოცეს და გაგაკვირვეს ევროპაში?

– ყველაზე მეტად გამიკვირდა და არ ველოდი მათ სიდინჯეს. საერთოდ არსად ჩქარობენ. მაგალითად, გზაზე ხარ და წინ მძღოლს მანქანა ჩაუქრა, სიგნალს ვერ გაიგონებ. ეს რომ ქართულ რეალობაში წარმოიდგინოთ, ხომ ხვდებით, რა მოხდება, მანქანას თუ გავლა დააგვიანდა, სიგნალები კი არა, სულ დედის გინება ატყდება. ევროპელებს განსაკუთრებული სიმშვიდე და მიმღებლობა აქვთ. გაგიჟდებით, ისე უყვართ შვილები, არადა რატომღაც წარმომედგინა, რომ ცოტა ცივები იყვნენ. ქუჩაში ოჯახების ყურება ერთი სიამოვნებაა. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო. თითქმის ყველა ქალაქში არსებობს ქართული ეკლესიები, საკვირაო სკოლები, სადაც ყველანაირად ხელს გიწყობენ ფრანგები და ის დამოკიდებულება, რომ თითქოს რაღაცას გვართმევენ, აბსურდია. არავის არაფრის წართმევა არ უნდა, პირიქით, ყველანაირად გეხმარებიან. ყველა ემიგრანტი, ასე თუ ისე, დამოკიდებულია იმ ქვეყნის ხელისუფლებაზე, რომელშიც ცხოვრობს და თუ არ უნდიხარ, უბრალოდ, მოგკიდებს ხელს და გაგაგდებს. პირიქით, არავინ არაფერს გიშლის, რაც გინდა, აკეთე, ოღონდ წესრიგი და კანონი არ დაარღვიო. შენი ტრადიციებით იცხოვრე, არავინ გიშლის.

– მიუხედავად ამ ყველაფრისა, მორალურად, ალბათ, მაინც გიჭირთ.

– რა თქმა უნდა, არც მე ვარ ანგელოზი, ქუჩაც ვიცოდი და ყველაფერი. აქ რომ ჩამოვედი, ბევრი შოკი მქონდა. მაგალითად, შევდივარ მაღაზიაში, სალაროსთან უზარმაზარი რიგია, ჩემ წინ, ადამიანი ყიდულობს ერთი კვირის სამყოფ საკვებს, ატარებს მოლარე ყველაფერს სათითაოდ და ყველაფერს რომ მორჩება, ეს მყიდველი მერე იწყებს საფულისა და ფულის ამოღებას, თან ნელ-ნელა. ამეიღე, შე შობელძაღლო, მანამდე! ამდენი დრო გაქვს, კიდევ ამაში რატომ წელავ დროს? მე ვდგავარ, ერთი ბოთლი ლუდი მიჭირავს ხელში და მინდა, დროზე გადავიხადო, რომ გავიდე და დავლიო, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მეშლება ნერვები ამ დროს (იცინის). როდის ფულს ამოიღებს, მერე გამყიდველს ელაპარაკება, არც ერთი ჩქარობს, არც მეორე და ამ დროს მე ჭკუიდან გადავდივარ. ქართველის გარდა ამ მდგომარეობას ყველა მშვიდად უყურებს და ელოდება, მე ამას ვერაფრით ვერ ვეგუებოდი. კიდევ ათასნაირი მომენტის შეგუება მომიხდა.

– საოცნებო გარემოშიც რომ მოხვდე, როცა მშობლიურ მხარეს წყდები და თან, ასაკსაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რთულია...

– კი, ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან ძნელია გარემოს შეცვლა. 62-ე წელში გადავედი და ენის სწავლაც მიჭირს, ამათი თვისებების მიჩვევაც და ყველაფერი. მე სახლიდან რომ გამოვიდოდი, ორივე მხარეს გავიხედავდი და თუ დავინახავდი, 30 მეტრში იყო მანქანა, გადავრბოდი გზაზე. აქ ამას ვერ გააკეთებ. ხმამაღლა საუბარს ვიყავი მიჩვეული და აქ ტრამვაიში რომ შევიდოდი და ტელეფონი დამირეკავდა, იმხელაზე ვიწყებდი ღრიალს, რომ ყველა მიყურებდა. ალბათ, ფიქრობდნენ, ვინ არის ეს გიჟიო (იცინის). ახლაც ვღრიალებ, ამწუთას სპეციალურად გამევიწიე ცოტა – გვერდით გერმანელები სხედან და არ მინდა, შევაშინო (იცინის). ძნელად, მაგრამ ვეჩვევი.

– მუშაობას თუ ახერხებთ თუ უფრო კეთილი ადამიანების იმედად ხართ?

– საფრანგეთში მეტი დრო გავატარე და უკეთ ვიცნობ. იქ მუშაობის დაწყება ძნელია, მით უმეტეს, როცა ენა არ იცი. სხვათა შორის, ფრანგული, გერმანული, ბელგიური ემიგრაცია სულ სხვაა, იტალიური, ესპანური და ბერძნული – სულ სხვა. იტალიაში და საბერძნეთში ადამიანები თავის თავის იმედად არიან ჩასულები, შრომობენ და ორ კაპიკს აგროვებენ, რომ ოჯახს გამოუგზავნონ, აქ კი უფრო სახელმწიფოს იმედად არიან ჩამოსულები. რომ ბარდები, სახელმწიფო იღებს შენზე ვალდებულებას და გინიშნავენ შემწეობას, ერთ კაცზე – 420 ევროს, გაძლევენ ასპროცენტიან სამედიცინო დაზღვევას და გაძლევენ საცხოვრებელს. შეიძლება, ლოდინი დაგჭირდეს, ეს საფრანგეთში ცოტა რთული პროცესია, მაგრამ ოთახს მოგცემენ. შეიძლება, გვერდით არაბი გეწვეს, შავკანიანი და ასე შემდეგ, ერთ ოთახში რამდენიმე ადამიანთან ერთად წევხარ, მაგრამ არც გცივა და არ გაწვიმს. საფრანგეთის მთავრობა უამრავ ფულს ახარჯებს ჩვენს ემიგრანტებს, ბელგიაც და გერმანიაც. მშიერი არ იქნები და ქუჩაში არ იქნები.

საფრანგეთში შეიძლება, თავიდან გაგიჭირდეს საცხოვრებლის მხრივ, იმიტომაა, რომ ბევრი კარავშიც ცხოვრობს, მაგრამ რამდენიმე თვეში აუცილებლად მოგცემენ. ბევრი უმადური მინახავს, ვაიმე, შავკანიანთან ერთად რა მინდა ოთახშიო, არა და, ბებიაშენისამ, ახლა სასახლეს მოგცემენ, მადლობელი არ ხარ, რომ თავზე არ გაწვიმს და ასპროცენტიანი სამედიცინო დაზღვევა გაქვს?! მილიონობით ევრო უჯდებათ ზოგიერთი ქართველის მკურნალობა საფრანგეთში და ის კიდევ უკმაყოფილოა, რომ არაბთან უწევს ცხოვრება. უმადურობის პიკიც მინახავს აქ, მაგრამ საბედნიეროდ, ყველა ქართველი ასეთი არაა. არ შეიძლება, არ დაინახო და არც დააფასო ის, რასაც ევროპული ქვეყნები გიკეთებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა