საზოგადოება

რისთვის გამოუგზავნა ლალი ზამუკაშვილს ინგლისის დედოფალმა სამადლობელი წერილი და როგორ არბენინა მან ირაკლი ოქრუაშვილი

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 20.09, 2022 წელი

ლალი ზამუკაშვილი
დაკოპირებულია

ლალი ზამუკაშვილის თოჯინები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათ მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რადგან ახლახან მათმა შემქმნელმა, არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისის დედოფლის, ელიზაბედ მეორისგან მადლობის წერილი მიიღო.

ლალი ზამუკაშვილი: ყოველთვის ძალიან მინდოდა, რომ დედოფლისთვის ჩემი ხელით გაკეთებული ნივთი გამეგზავნა. თუმცა, არ ვიცოდი, ეს რა შეიძლებოდა, ყოფილიყო. თოჯინების კეთება დიდი ხნის წინ დავიწყე, მაგრამ პორტრეტულ თოჯინებზე მას შემდეგ გადავედი, რაც ჩემი დღევანდელი მხატვარი გავიცანი – მარიამ ქურდაძე. მისი პორტრეტები რომ ვნახე, მაშინვე თანამშრომლობა შევთავაზე, რადგან მე ამ მიმართულებაზე უკვე ნაფიქრი მქონდა. პირველი ორი თოჯინა რომ გავაკეთეთ, უკვე ვიცოდი, რასაც გავუგზავნიდი დედოფალს. არ ვიცი და ვერც აგიხსნით, რატომ მქონდა დედოფლისთვის ამგვარი საჩუქრის გაგზავნის სურვილი, მაგრამ ძალიან მინდოდა ამის გაკეთება. დიდხანს მიტრიალებდა თავში ეს აზრი და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ჩემ გარშემო მის შესახებ. ყველას ვერც ვეუბნებოდი, რადგან არ ვიცოდი, რა იქნებოდა. მესამე თოჯინა უკვე გააზრებულად დედოფლისთვის გავაკეთეთ. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ინგლისში და ის ძალიან დამეხმარა პროტოკოლის სწორად გავლაში. დედოფალს, საჩუქართან ერთად, წერილიც გავუგზავნეთ და გულწრფელად რომ ვთქვა, ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი საჩუქარი ადრესატამდე მიაღწევდა. მით უმეტეს, არ მიფიქრია, რომ მისგან პასუხს მივიღებდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა აიჩემა, რა იცი, იქნებ პასუხიც მოგვივიდესო. ამას ნამდვილად არ ველოდი და მის სიტყვებს იუმორით ვუსმენდი (იცინის). გავიდა ოთხი თვე, მეგობარი მირეკავს და მეუბნება, დედოფლისგან სამადლობელი წერილი მივიღეო. პატარა, მაგრამ ძალიან ემოციური სამადლობელი წერილია. ცხადია, ეს წერილი თვითონ დედოფალს არ დაუწერია, მისი დამხმარე გვწერდა დედოფლის დავალებით (იცინის). მე, საერთოდ, თოჯინებს ბრელოკებისა და ბროშის სახით ვამზადებ და რატომღაც, დედოფალს ბროშის სახით გავუგზავნე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მერე გავიგე, რომ დედოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარი ბროში ყოფილა. ალბათ, ინტუიციამ მიკარნახა. წერილში კი ვწერდი, რომ მისთვის ამგვარი საჩუქრის გაგზავნა, ჩემი ოცნება იყო და თუ ის ოდნავ მაინც ღიმილს მოგგვრით, ჩავთვლი, რომ ოცნება ავიხდინე-მეთქი. საპასუხოდაც ძალიან თბილი და მადლიერების გამომხატველი წერილი მივიღე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. აქამდე ჩემი ამ სურვილის შესახებ სადმე რომ მეთქვა, შეიძლება, ვინმეს ნორმალური არ ვგონებოდი. ამიტომ მინდა, ყველას ვუთხრა, უარი არ თქვან საკუთარ ოცნებებზე, ისეთებზე, რომლებსაც სხვამ შეიძლება, დასცინოს კიდეც. შეუძლებელი არაფერია. ყველა აზრის რეალობად ქცევაა შესაძლებელი და სხვისი ჩაქირქილება შენთვის დამაბრკოლებელი არ უნდა აღმოჩნდეს. ეს სურვილი შეიძლება ვიღაცისთვის ფანტასტიკის სფეროდან იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი და ამიტომაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი. წინ კიდევ ბევრი სურვილი მაქვს და რომ განვახორციელებ, მერე მათზეც შევძლებ საუბარს. სიხარული, რომელსაც ახლა განვიცდი, მოტივაცია, რომელიც დედოფლის ამ ჟესტმა მომცა და სითამამე, რომელიც ამ ყველაფერმა შემძინა, აუცილებლად წამადგება სამომავლოდ. ამაზე ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ სხვების თამამი ოცნებები წავახალისო.

– ვინ ხართ პროფესიით და თოჯინებამდე როგორ მოხვედით?

– ძალიან მძიმე, მაგრამ საინტერესო ცხოვრება მქონდა. რომ არა ეს, შეიძლება, დღეს სულ სხვაგან ვყოფილიყავი. თქვენს ჟურნალში პირველად რეზერვისტის ამპლუაში მოვხვდი. მაშინ ოქრუაშვილი იყო მინისტრი. სამხედრო სფეროთი ჩემი დაინტერესება აქედან დაიწყო. თელავიდან ვარ. რაღაც პერიოდი გაზეთშიც ვმუშაობდი, ტელევიზიაშიც, რადიოშიც. შემდეგ „იმედზე“ დაიწყო რეალითი შოუ „ინდუსტრია“ და მასში ჩავერთე. იქიდან წავედი და სამხედრო მოსამსახურე გავხდი. როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობდი თავს სამხედრო სამსახურში. რაც შეეხება ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობას, მე ბავშვობიდანვე მიყვარდა ქსოვა, ქარგვა, მაგრამ გარკვეული ასაკის შემდეგ მათზე მუშაობა შევწყვიტე, თუმცა, ჩემში ამის მოთხოვნილება სულ იყო. 2008 წელს გორში ვიყავი, ომის ვეტერანი ვარ. ეროვნულ გვარდიაში გახლდით. შემდეგ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომიწია კონტრაქტის შეწყვეტა. სახლში რომ ჩავჯექი, ისევ ბისერებზე დავიწყე მუშაობა, ჩანთებს ვაკეთებდი, ბევრ რამეს მოვედე და საბოლოოდ თოჯინებამდე მივედი. თოჯინებს მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი აკეთებს, მაგრამ მე არ მიყვარს იმის კეთება, რასაც სხვა აკეთებს. არასდროს არავის მოდელი არ ამიღია და გამიკეთებია, მაგრამ რაღაც მომენტში, ჩემი მეზობელი ჩამაცივდა, თოჯინები გააკეთე, შენ ძალიან კარგად გამოგივაო. ვერაფრით ვხვდებოდი, განსხვავებული რა შეიძლებოდა, გამეკეთებინა. მაგრამ იმდენად ჩამაცივდა, მისი ხათრით დავიწყე თოჯინების კეთება. თავიდან, სახლში ნაპოვნი მასალებით გავაკეთე თოჯინა, წარმოიდგინეთ, რა გამოვიდოდა (იცინის). მაგრამ რომ გავაკეთე და არ მომეწონა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, ეს როგორ ვერ გავაკეთე-მეთქი და დავინტერესდი. წავედი, სპეციალურად ამ საქმისთვის მასალები შევარჩიე, თუმცა თავდაპირველი თოჯინები, რა თქმა უნდა, ისეთი არ გამომდიოდა, როგორიც შემდეგ, განვითარება დრომ და გამოცდილებამ მოიტანა. ვისწავლე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა, ჩემი ტექნიკა შევიმუშავე, მასალებში გავერკვიე და დავიწყე ნატურალური მინერალებით მუშაობა. დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ არავინ არ აკეთებდა ამ ტიპის თოჯინებს მინერალური ქვებით და მე აღმოვჩნდი მსოფლიოში პირველი. ამ ბოლო დროს დაიწყო ერთმა ამერიკულმა საიტმა, მსგავსი თოჯინების დამზადება. მე ძალიან აქტიური ვარ ამერიკულ ჯგუფებში. იქ რომ დავდე ჩემი ნამუშევრები, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ჯერჯერობით უცხოელებზე არ ვყიდი და ყველა კატეგორიული უარით გავისტუმრე, თუმცა, როგორც ჩანს, ჯგუფიდან ვიღაცამ გადაიღო იდეა და დაიწყო მსგავსი თოჯინების კეთება, თუმცა ის სხვაა და ჩემი კი – სხვა. არ გავყიდე უცხოელებზე, იმიტომ, რომ ჩემთვის რეპუტაცია მნიშვნელოვანია, უბრალოდ, ჰაერზე თანხა გადმომირიცხონ და მე ნამუშევარი გავგზავნო, არ არის ჩემთვის სასურველი. ჩემი მიზნები მაქვს და მინდა, მსოფლიო მასშტაბზე ძალიან ოფიციალურ დონეზე გავიდე. ყოველი წუთი გაწერილი მაქვს, არანორმალურად ვშრომობ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჯერ საძირკველს ვაშენებ, მაგრამ სამომავლოდ დიდი გეგმა მაქვს, რომელიც ჩემზე დიდხანს იცოცხლებს. ამიტომ ამისთვის შრომა არ მეზარება. ახლაც ძალიან ბევრგან მეპატიჟებიან, მაგრამ ყველას მილიონი მადლობა და ბოდიში, რადგან არ მაქვს დრო ამისთვის, მე ყოველი წუთი ჩემი სამუშაოსთვის მაქვს გაწერილი და არც მგონია, რომ კამერებთან საკეკლუცო რამე გავაკეთე. ახლა თქვენთვის იმიტომ გადავწყვიტე დედოფლისგან მიღებული წერილის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რომ ეს თუნდაც ერთი ადამიანისთვის რომ აღმოჩნდეს მოტივაციის მომტანი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. თორემ, გამოჩენას ვერიდები. იმიტომ კი არა, რომ არავის ვკადრულობ, უბრალოდ, მგონია, ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც ამხელა ყურადღებას იმსახურებს. როცა საკუთარ თავთან მექნება კმაყოფილების განცდა საკუთარი მიღწევებითა და გაკეთებულით, მერე, რა თქმა უნდა, გამოვჩნდები.

– როგორია თქვენი თოჯინების ღირებულება?

– ძალიან დიდია მოთხოვნა, შეიძლება, ვიღაცებისთვის ძვირიცაა, მაგრამ ჩემთვისაც არ არის იაფი მასალა. ვცდილობ, მაინც მოვარგო ადგილობრივ ფასებს. უამრავი შეკვეთა მაქვს და ვიღებ იმდენს, რამდენსაც ფიზიკურად ვუმკლავდები. ყველას ძალიან მადლიერი ვარ. სამი ტიპის 65, 85 და 120-ლარიან თოჯინებს ვამზადებ. მასალისა და ტიპების მიხედვით განსხვავდება ფასიც.

– სამხედრო სამსახური და ხელოვნების სამსახური ერთ ადამიანში როგორ იყრის თავს?

– უცნაურია, მაგრამ ასეა. ვხუმრობ ხოლმე, იარაღსა და ყაისნაღს ერთნაირად ვიყენებ-მეთქი. ასე მოხდა. ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს სამხედრო სამსახურში, კარგად ვისროდი, მაგრამ ასევე, შემიძლია, მშვიდად ვიჯდე საათობით და დიდი სიამოვნებით ვაკეთო თოჯინები. არ ვიცი, როგორია ჩემი ნატურა, მაგრამ ჩემთვის ორივე სფერო ძალიან ახლობელი და კომფორტულია.

– ცხოვრებისეული სირთულეები ახსენეთ. რას გულისხმობდით?

– ტრაგიკული ცხოვრება გამოვიარე. 15 წლის გავთხოვდი და 16 წლის დავქვრივდი. ტრაგედიებით დაიწყო ჩემი ცხოვრება. ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა, ემოციური თუ პრაქტიკული თვალსაზრისით. შემდეგ სწავლა დავიწყე, მაგრამ საფასურის გადახდა ვერ შევძელი და უნივერსიტეტი ვერ დავასრულე. ბავშვობიდან კარგად ვწერდი და მეუბნებოდნენ, შენ ჟურნალისტი უნდა გამოხვიდეო. როგორც ვთქვი, მართლა მოვირგე ეს ამპლუაც, თუმცა შემდეგ სამხედრო სამსახურმა დამაინტერესა. იქაც სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი, ჟურნალისტები რომ ჩამოდიოდნენ, რატომღაც პირველი ჩემთან მოდიოდნენ. მახსოვს, ერთხელ, „პირველი არხის“ ჟურნალისტმა მკითხა, მინისტრმა რომ გარბენინოთ 10 კილომეტრი, შეძლებთო? მე ვუპასუხე, საინტერესოა, თვითონ თუ შეძლებს-მეთქი (იცინის). მართლაც, რომ ჩამოვიდა, გვერდზე გადმომიხტა სირბილით. თუმცა სრულად არ ირბინა, ბოლო 200 მეტრი გაირბინა. ესეც ჩემს ნათქვამს მოჰყვა (იცინის). საერთო ჯამში, რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება გამოვიარე. ბედნიერებაც იყო, უბედურებაც, მაგრამ როცა ვაცნობიერებ, რომ მუდმივი არცერთია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ორივე საინტერესოა, ეს მამშვიდებს. ახლა სახლში ვზივარ, მაგრამ მაინც ვახერხებ საინტერესოდ ვიცხოვრო და წინ კიდევ დიდი გეგმები მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი