რისთვის გადაეცა ოქროს იარაღი ილია ოდიშელიძეს და რატომ ეწინააღმდეგებოდა ის გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილებას თბილისის დატოვების შესახებ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 09.11, 2022 წელი

1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე იყო ერთადერთი, რომელიც კვინიტაძის გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა.
ილია ოდიშელიძე 1865 წელს დაიბადა. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და სწავლა მოსკოვში, სამხედრო სასწავლებელში განაგრძო. 1894 წლიდან შტაბს-კაპიტნის წოდებას ატარებს. 1895 წელს კავკასიის კაზაკთა მე-2 დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად დანიშნეს. 1896 წელს კაპიტნის წოდება მიენიჭა და იმავე წელს კავკასიის მსროლელთა მე-2 ბატალიონში ასმეთაური გახდა. ათი წლის განმავლობაში ილია ოდიშელიძე რუსეთის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში მსახურობდა.
1904-1905 წლებში ილია ოდიშელიძე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1904 წლის 24 თებერვალს ინიშნება აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-6 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. იმავე წლის 22 სექტემბერს კი აღმოსავლეთ ციმბირის მსროლელთა მე-3 დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი ხდება. ამ თანამდებობაზე გაატარა მან მთელი ომი. წარმატებებისთვის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 1905 წლის 29 მარტს კი გადაეცა ოქროს იარაღი, წარწერით „მამაცობისათვის“.
1909 წელს ილია ოდიშელიძე შუა აზიაში გადაჰყავთ და პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ის თურქესტანის სამხედრო ოლქში მსახურობს. ინიშნება თურქესტანის სამხედრო ოლქის სარდლის დავალებათა გენერლის მოვალეობის შემსრულებლად. 1910 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და ავტომატურად გახდა ოლქის სარდლის დავალებათა გენერლი. 1911 წელს სამარყანდის ოლქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. 1914 წელს კი თურქესტანის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი გახდა. ამ პოსტზე მოუსწრო მას პირველმა მსოფლიო ომმა. ილია ოდიშელიძე გენერალ-ლეიტენანტად დააწინაურეს და ჩააბარეს მნიშვნელოვანი პოსტი პირველ და მესამე არმიებში.
1917 წელს ოდიშელიძე გადაჰყავთ კავკასიის არმიის სარდლად და ის საქართველოში ბრუნდება. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნელ-ნელა რუსეთის არმიამ დაშლა დაიწყო. 25 ოქტომბერს მოწყობილი გადატრიალებისა და ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ კი ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ილია ოდიშელიძის მცდელობა, რომ ოსმალეთის არმიისთვის წინააღმდეგობა გაეწია და მისი წინსვლა შეეჩერებინა უშედეგო აღმოჩნდა. შექმნილ ვითარებაში კავკასიის ჯერ კიდევ, თუნდაც ფორმალურად, არსებული არმიის მთავარსარდალმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული შენაერთების შექმნას შეუწყო ხელი. 1918 წლის ზამთარში კავკასიის არმიამ, ფაქტობრივად, არსებობა შეწყვიტა. ამ დროისათვის ილია ოდიშელიძე უკვე ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გენერალ ოდიშელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სამი წლის განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მისი პირველი პოსტი სამხედრო მინისტრის მოადგილეობა იყო. მალე კი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. იმავე წელს იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა და ჯარების სამსახურთან და მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.
ილია ოდიშელიძე იყო პარიზის კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი. მან 1919 წლის 1 მაისს ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები. იმავე წლიდან ილია ოდიშელიძე სამხედრო საბჭოს წევრია. 1920 წელს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.
1920 წლის ზაფხულში ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილეა სამწყობრო მომზადების დარგში. იმავე წლის დეკემბერში ის საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. ამ დროისათვის სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებლობა მხოლოდ საქართველოს ჰქონდა შენარჩუნებული. საზღვრების დასაცავად დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო. 1921 წლის 15 იანვარს გენერალმა ოდიშელიძემ და გენერალმა ზაქარიაძემ თავდაცვის საბჭოს წერილობითი მოხსენება გადასცეს რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების შესახებ.
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს ლორეს ნეიტრალურ ზონაში განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის პირველი ეტაპი წააგეს. შედეგად, 16 თებერვალს დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის აზრით, ოდიშელიძის შეცვლა შეცდომა იყო. აი, რას წერს იგი თავის მემუარებში: „ეს იყო დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა მთავრობისა. ქართველ ყველა გენერალში ოდიშელიძე თვალსაჩინოდ ირჩეოდა, უმაღლეს სარდლობაში მას ჰქონდა დიდი მხედრული და ადმინისტრაციული სტაჟი. ევროპის უდიდესი ომის დროს გენერალმა ოდიშელიძემ რუსეთის ჯარების მთავარი შტაბის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო... აი, ასეთ კაცს მთავრობა სცვლის გაჩაღებული ომის დროს და ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც სამხედრო სტაჟით მეტად ჩამორჩება ოდიშელიძეს. უახლოესი ამბების განვითარებამ დაუმტკიცა მთავრობას მისი შეცდომა“. თუმცა, მიუხედავად პროფესიონალიზმისა, გენერალმა ოდიშელიძემ სერიოზული შეცდომები დაუშვა ქართული ჯარის მთავარსარდლის პოსტზე ყოფნის დროს, რაც სავარაუდოდ, გამოწვეული იყო პოლიტიკოსების უხეში ჩარევითა და სამხედრო მაღალჩინოსანთა შეუთანხმებლობით. ილია ოდიშელიძემ თავისი ცოდნა და გამოცდილება კიდევ ერთხელ დაადასტურა 24 თებერვალს, მთავრსარდალ კვინიტაძესთან გამართულ თათბირზე. აქ გენერალმა ოდიშელიძემ შექმნილი ვითარების ანალიზი გააკეთა და სამომავლო მოქმედების მიმართულებებიც დასახა.
1921 წლის 17 მარტს ილია ოდიშელიძემაც დატოვა სამშობლო.
გამოყენებული მასალების წყარო: „ვიკიპედია“ ბახტაძე, მიხეილ. გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან