საზოგადოება

რისი დახმარებით მოიპოვა შალვა ხაჭაპურიძემ ქურდებში განსაკუთრებული ავტორიტეტი და როგორ აქვს გაწერილი მას თავისი ცხოვრება შემდეგი 25 წლის განმავლობაში

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 06.03, 2023 წელი

შალვა ხაჭაპურიძე
დაკოპირებულია

შალვა ხაჭაპურიძე – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომლის მიმართაც ინტერესი ძალიან მაღალია. შევეცადეთ, თქვენთვის ინფორმაცია მისი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მოგვეწოდებინა.

შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ გამომიგზავნა წერილი, სადაც მწერდა, რომ ჩავრთულიყავი მის საქმეში. ამის შემდეგ მოვინახულე კლინიკა „ვივამედში“ და ვუთხარი, რომ სტრატეგიის შესადგენად ერთი კვირა დამჭირდებოდა. ერთი კვირის შემდეგ შევხვდი, შევთანხმდით და დავიწყეთ.

– რატომ მოინდომა თქვენ დაგეცვათ მისი უფლებები?

– მითხრა, რომ ახსოვს მისი პრეზიდენტობის დროს ჩემი, როგორც ადვოკატის, აქტიურობა. მე მას მანამდეც ვიცნობდი. 2000 წელს, როდესაც სასამართლო რეფორმა განხორციელდა, ჩვენ ამას ერთად ვაკეთებდით და მიცნობდა, როგორც იურისტს. მისი წარდგინებით მოხდა ჩემი სასამართლოს თავმჯდომარედ გამწესება 2000 წელს.

– ამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ამ საქმის მასშტაბი ძალიან დიდია. ემოციურად როგორ აღიქვამთ საზოგადოების რეაქციებს?

– ინფორმაციისთვის ვიტყვი, რომ თავის დროზე, უკვე გარდაცვლილი გამსახურდიას ინტერესებს ვიცავდი. შემდეგ ერთ კონკრეტულ საქმეზე წარმოვადგენდი, მეორე პრეზიდენტის, შევარდნაძის ინტერესებს. ორი წელი ვიყავი სალომე ზურაბიშვილის ადვოკატი, მაგრამ მაშინ, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, ახლა სააკაშვილის ადვოკატი ვარ. გახმაურებული საქმეები არასდროს მაკლდა, პირიქით, მაგრამ ეს ნამეტანია. როცა ამხელა საქმეს ჰკიდებ ხელს, ამისთვისაც მზად უნდა იყო. მიმაჩნია, რომ როგორც ექიმს არ აქვს უფლება, უარი უთხრას პაციენტს მკურნალობაზე, ისე ადვოკატს არ აქვს უფლება, არ დაიცვას კლიენტის ინტერესები.

– რომ არა ეს დამოკიდებულება, იტყოდით უარს სააკაშვილის დაცვაზე?

– არა, რატომ უნდა მეთქვა?! იმიტომ, რომ ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს?! არავის საქმეში არ ვერევი და არც სხვას მივცემ უფლებას ჩემს საქმეში ჩაერიოს. სოციალურ ქსელში ამ ლანძღვებს თუ ბოლომდე ჩაჰყვები, მიხვდები, რომ უმეტესობა ბოტები არიან ან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე არ ეცნობიან ინფორმაციას. ხომ იცით, საქართველოში არ ლანძღავენ და აქებენ მას, ვინც უკვე სასაფლაოზე წევს. ან დადის, მაგრამ უკვე მკვდარია. დანარჩენს ყველას ჰყავს მტერიც და მოყვარეც, მლოცველიც და მაგინებელიც.

ჩემი პრინციპია, ვიდგე დაჩაგრულის გვერდზე. თუ ვინმეს არ ვუნდივარ, კარგად იყოს. ეგეთი ადამიანი რაც მალე მომშორდება, მით უკეთესია ჩემი ცხოვრებისთვის. ეს – ვინც მიცნობს, ვინც არ მიცნობს, კარგია, მიცნობდეს. ბევრჯერ არა, მაგრამ რამდენჯერმე ქუჩაში გამაჩერეს და მითხრეს, რატომ იცავთო და სულ რამდენიმე წამი მჭირდება იმისთვის, რომ ასეთმა ადამიანებმა პოზიცია შეიცვალონ. რატომ არ უნდა დამეცვა? ადვოკატისთვის საქმე რაც მეტად გახმაურებული და საინტერესოა, უკეთესია, მეტი გამოცდილებაა. ადამიანს დახმარება სჭირდება და ვეხმარები.

– წარსული გავიხსენოთ. რა ინტერესები გქონდათ ჯერ კიდევ ბავშვობაში და მოგვიანებით, როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?

– ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. საეკლესიო წრეში ვიზრდებოდი. წარჩინებით დავამთავრე ცნობილი პირველი გიმნაზია. შემდეგ ვისწავლე მოდისა და დიზაინის სასწავლებელში და სწავლა წითელ დიპლომზე დავასრულე. შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს, მოსკოვში. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩავაბარე თბილისის საარტილერიო სასწავლებელში, მაგრამ არ მომეწონა სამხედრო რეჟიმი და თავი დავანებე. წავედი და მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში ვისწავლე ორი წელი. იქაც აღარ მომეწონა სიტუაცია და საქართველოში დავბრუნდი. ეს ის პერიოდია, როცა ეროვნული მოძრაობა იწყებოდა. გავიცანი გიორგი ჭანტურია, დავმეგობრდით და მისი რჩევით იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტის წარდგენით, მესამე კურსიდან ვმუშაობდი შევარდნაძის, რომელიც მაშინ სახელმწიფო მეთაური იყო, იურიდიულ მრჩევლად. შემდეგ გამომძიებლად ვმუშაობდი პროკურატურაში. საკმაოდ დიდი საქმეები გამოვიძიე და ღირსების ორდერით დამაჯილდოვეს. შემდეგ გენერალურ პროკურატურაში დამაწინაურეს.

როდესაც ახალგაზრდების ჯგუფის მიერ (სააკაშვილი, ლადო ჭანტურია, მოლაშვილი...) სასამართლო რეფორმა ჩატარდა, მეორე ნაკადში მეც გავედი და ჩავაბარე მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, თან, იმდენად მაღალი ქულებით, რომ ეს შედეგი, როგორც ვიცი, დღემდე ვერავინ გაიმეორა. ეს იყო 2000 წელი. დამიბარა გენერალური პროკურორის მოადგილემ და მითხრა, გენერალურ პროკურატურაში ჟვანია და სააკაშვილი მოდიან, პროკურორები უნდა შეხვდნენ და სასამართლო რეფორმაზე ისაუბრონო. მაშინდელი პროკურატურა დაპირისპირებული იყო ამ გუნდთან, რეფორმები არანაირად არ უნდოდათ და ამიტომ მეუბნება: შენ უნდა გამოხვიდე ტრიბუნაზე და თქვა, რომ მართალია, ჩაბარებული გაქვს სასამართლო რეფორმის შედეგად გამოცხადებული გამოცდა, მაგრამ ვინაიდან არ მოგწონს რეფორმატორთა ჯგუფი, უარს აცხადებ მოსამართლედ განწესებაზე და გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ამოიღებ და დახევო. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ბევრი ვიწვალე ამ გამოცდის ჩასაბარებლად, ურთულესი იყო. ძალიან დათრგუნული გამოვედი მისგან და მისაღებში საგამოძიებო ნაწილის უფროსი შემხვდა. მითხრა, ხომ არ გადაირივნენ ესენი, წადი, შვილო, შვებულებაში, შენს საქმეს მიხედე და ამ საქმეს მე მოვაგვარებო. მართლაც, დავწერე განცადება შვებულებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ პროკურატურაში არც დავბრუნებულვარ, სასამართლოს თავმჯდომარედ დავინიშნე.

მერე ამერიკელებმა ჩაატარეს კონკურსი, ექვსმა მოსამართლემ გავიმარჯვეთ და სასწავლებლად ამერიკაში მიგვავლინეს. დაბრუნების შემდეგ დავინიშნე იმერეთის რეგიონის მმართველ მოსამართლედ. შემდეგ სასამართლო სისტემას რაც დამართა სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩემზე კარგად იცით. იმ პოლიტიკის შედეგია ის სასამართლო, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში.

ამის შემდეგ გადავედი ადვოკატურაში და შევქმენი იურიდიული კომპანია, მაგრამ იმ პერიოდში, მოგეხსენებათ, ადვოკატურაც ჩაკლული იყო და ბევრ პრობლემას წავაწყდი. ამიტომ სასამართლო რეფორმების მიმართულებით დავიწყე მუშაობა და ასე, ნელ-ნელა ოპოზიციაში აღმოვჩნდი.

შემდეგ ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და თავისთან დამიძახა. მან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარად წარმადგინა თეთრიწყაროს რაიონში. ნაციონალური მოძრაობიდან იქ კენჭს იყრიდა მილიარდერი ბეჟუაშვილი, რომელსაც ეს არჩევნები მოვუგე. 16 ხმით მომიგეს სოფელ ქოსალარიში, სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ქართული არ იციან, ახლაც შევარდნაძე ჰგონიათ პრეზიდენტი და როგორც წესი, ხმას ყოველთვის ხელისუფლებას აძლევენ. იქიდან ყუთი გაიტაცეს. დამიძახა ბიძინა ივანიშვილმა და მითხრა, რომ გენპროკურორის მოადგილედ მნიშნავდა და ეგ აღარ გაასაჩივრო საკონსტიტუციო სასამართლოშიო. არჩილ კბილაშვილი უკვე იყო დანიშნული გენპროკურორად და აღმოჩნდა, რომ მას თავის გუნდის მოყვანა უნდოდა. კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი, ვუთხარი. შემდეგ ისევ ბიძინა ივანიშვილმა დამიძახა და ორ სამინისტროში მინისტრის მოადგილეობა შემომთავაზა, მაგრამ მე იურისტი ვარ და სხვა სფეროში მუშაობა ვერ წარმომედგინა. ამის შემდეგ კიდევ იყო შემოთავაზებები, მაგრამ მე პოლიტიკაში არ ვიყავი პოლიტიკური თანამდებობისთვის, ჩემთვის მთავარი სასამართლო რეფორმის განხორციელება იყო. შემოთავაზებები იყო, მაგრამ ჩემთვის წითელი ხაზი მურუსიძის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა აღმოჩნდა. როდესაც მურუსიძე, რომელიც იმ უბედურების თანამონაწილე იყო, რაც მაშინ სასამართლოებში ხდებოდა, მსხვერპლად წარმოჩინდა, მე, ფაქტობრივად, მაშინ წამოვედი „ქართული ოცნებიდან“.

– მიშასთან ურთიერთობის განვითარებაც საინტერესოა. კარგად დაიწყო, შემდეგ მისი მოწინააღმდეგე გახდით, ახლა კი მის უფლებებს იცავთ. როცა მის სისტემას ებრძოდით, რთულად წარმოსადგენი იქნებოდა, რომ გავიდოდა დრო და მისი ადვოკატი გახდებოდით.

– საკმაოდ დიდი პრაქტიკა დამიგროვდა ამ სფეროში და ამან ერთი რამ დამანახვა – ნებისმიერ ადამიანს ცალი ფეხი ციხეში აქვს. ამ სიტუაციაში, პირველ რიგში, ადვოკატი გჭირდება. ციხეც არ არის სავალდებულო, ალბათ, იშვიათია ადამიანი, ვისაც სამართლებრივი პრობლემები არ შეჰქმნია. ცხოვრებაა ეგეთი. სააკაშვილის ადვოკატობაზე არ მიფიქრია, თუმცა, ზოგადად, წარმოუდგენელი არაფერია. მანამდე სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი მაქვს შედგენილი, ალბათ, ყველაზე მეტიც კი.

– შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილთანაც და სააკაშვილთანაც, დიდი ევოლუციები გაქვთ გამოვლილი.

– ბიძინასთან საკმაოდ ახლოს ვიყავი, ერთ-ერთი იმ ადამიანთა შორის, ვინც არჩევნების პერიოდში მის ახლო წრეს წარმოადგენდა. დაახლოებით, ერთ წელიწადში გადაწყდა სასამართლოს საქმე, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. მაშინ ძალიან ვინერვიულე. მახსოვს, როდესაც ეკრანზე ბიძინა და მურუსიძე ერთად ვნახე და მურუსიძე მსხვერპლად იყო გამოცხადებული, იმდენად განვიცადე, მეორე დღეს 38 მქონდა სიცხე. ძალიან მიუღებელი იყო ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, მაშინ ბიძინა ივანიშვილს არ მიაწოდეს რეალური ინფორმაცია.

– ერთი მხრივ, წინაპრები – სასულიერო პირები, მეორე მხრივ – ქუთაისი თავის მენტალიტეტით და „შავი გაგებით“ და თქვენი პროფესიები – მოდა და დიზაინი და სამართალი, თითქოს, შეუთავსებელი ამბებია.

– ეს მოსაზრება, ქუთაისთან დაკავშირებით, ძალიან მცდარია. ქუთაისი დიდი ინტელიგენციის ქალაქია. ჩემს სამეგობრო წრეს შეადგენდნენ ხელოვანი ადამიანები და სასულიერო პირები, რომლებსაც ძალიან კარგი განათლება ჰქონდათ. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პირველად კანონიერი ქურდი სასამართლო პროცესზე ვნახე, ისიც, როცა მოსამართლე გახლდით. კი, ქუთაისში ყველაზე მეტი ქურდია, ამჟამადაც, თუ არ ვცები, დაახლოებით, 220 ქურდია ქუთაისიდან, მაგრამ ისე არ იყო, რომ ვიღაც გივარდებოდა და გაიძულებდა, ამ ცხოვრებით გეცხოვრა. შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობდი, ისინი – თავიანთით. ქუთაისი ამით იყო უნიკალური, რომ ზედმეტად არავინ არავის აწუხებდა. დღეს, როგორც ადვოკატი, მათ სამყაროში, შეიძლება ითქვას, ყველაზე ავტორიტეტული ადვოკატი გახლავართ, რასაც პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. ახლაც ვიცავ 15-ამდე კანონიერ ქურდს.

– დღეს დიდი აქცენტი კეთდება თქვენს სტილზე. ძველი ფოტოებიც ხშირად მხვდება, ხაზს უსვამენ იმას, თუ როგორ შეიცვალეთ სტილი და რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურებით ახლა, მაგრამ რადგან თქვენი პირველი პროფესია მოდა და დიზაინია, გამოდის, იმთავითვე განსაკუთრებულად გაინტერესებდათ ეს სფერო?

– კი, სკოლის ასაკიდან ვაქცევდი ყურადღებას ამ საკითხს. წითელ დიპლომზეც მაგიტომ დავამთავრე ამ მიმართულებით სწავლა, რომ შესაბამისი უნარები აღმომაჩნდა. თუმცა, გარკვეულ მომენტებში, მაგალითად, არჩევნების დროს, ოპოზიციებში ყოფნისას, როცა სხვა არაფერი გაინტერესებს, ჩაცმულობას ნაკლებად აქცევ ყურადღებას. მაშინ, უბრალოდ, არ მეცალა ამისთვის. გარდა ამისა, ორი-სამი წლის განმავლობაში ბერული ცხოვრებით ვცხოვრობდი და ამას მაშინაც ნაკლებად ვაქცევდი ყურადღებას. სხვა დროს – კი ბატონო, სტილს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი სამოსიდან ბევრ რამეს მე თვითონ ვქმნი, მყავს მკერავი და რაღაცებს ერთად ვაკეთებთ – გამიტაცა ამ ამბავმა.

ქართველი პოლიტიკოსები ბრენდებისკენ არიან მიდრეკილები. ძალიან ბევრი ფული იხარჯება მათ ჩაცმაში, მაგრამ გემოვნებასთან ცოტა მწყრალად არიან. თუმცა, არის რამდენიმე, ვინც ამ მხრივ გამოირჩევა. მაგალითად, კალაძე კარგად იცვამს, ბექა ოდიშარიასაც აქვს მომენტები, დანარჩენზე რა გითხრათ. ერთი უკრაინელი მეგობარი მყავს, ლვოვში იტალიური ბრენდების მაღაზია აქვს. იდეა გამიჩნდა, მეც ხომ არ გავაკეთო ასეთი მაღაზია პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისთვის?! მოვლენ და სპეციალისტების დახმარებით გემოვნებით ჩაიცვამენ.

– ბევრს ბოჰემური ცხოვრების ადამიანად წარმოუდგენიხართ, ასეა?

– გარედან შეიძლება, სხვანაირად ჩანდეს, მაგრამ ახლაც ბურულად ვცხოვრობ. დილით რომ ვიღვიძებ, ჩემი ლაბრადორი მიმყავს სასეირნოდ. დღის განმავლობაში ვმუშაობ, საღამოს, კვირაში ერთხელ – ტრენაჟორები, ორჯერ – ბოქსი. ვგიჟდები ფოტოგრაფიაზე და სხვათა შორის, ესეც ნასწავლი მაქვს. შაბათ-კვირას აგარაკზე გავდივარ და იქ მიყვარს ბუნებაში ფოტოების გადაღება. ვთამაშობ ტენისს, თუმცა, მთავარი მაინც წიგნების კითხვაა, ეს ჩემთვის წამალია. იყო პერიოდი, როცა მთელი კვირის მუშაობის შემდეგ, პარასკევს საღამოს დასალევად მივდიოდი, მაგრამ ეს წლების წინ დავასრულე. დღეს ალკოჰოლზე, ფაქტობრივად, უარი მაქვს ნათქვამი, სპორტულად ვცხოვრობ და 25-წლიანი გეგმა მაქვს შედგენილი. იმავეს გაკეთებას ვურჩევ ჩვენს ახალგაზრდებსაც, რადგან შედეგის მისაღწევად ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– ვინ არის თქვენი მეორე ნახევარი და როგორ შეხვდით ერთმანეთს?

– მეუღლე წარმოშობით სენაკიდანაა. ერთ-ერთი საქმის გამოძიების დროს შევხვდი და მომეწონა. იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, წლების განმავლობაში იურისტად მუშაობდა. ამჟამად სამ უცხოურ სკოლაში გახლავთ იურისტი, პარალელურად, ჩემს კომპანიაში მუშაობს განათლების სამართალზე. არის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი. გვარად ხოფერიაა და მისი შტო სილამაზით გამოირჩევა. გვყავს სამი შვილი.

– აქედან ერთი – ლიკუნა მოდელია და კარგად ვიცნობთ. დანარჩენი ორი?

– კი, ლიკუნა უფროსია. მეორე არის გური, რომელმაც ინგლისში წითელ დიპლომზე დაამთავრა ფინანსები, შემდეგ ამერიკაში მაგისტრატურა გაიარა იმავე მიმართულებით და რამდენიმე თვეა, მუშაობს. პირველი ქართველი საინვესტიციო ბანკირია – ეს ბიზნესის ელიტად ითვლება. საინვესტიციო ბანკი, რომელშიც გური მუშაობს, მსოფლიო სამეულში შედის. მესამე შვილი – მარიამი 20 წლისაა, სტუდენტია და ახლახან დაქორწინდა. მარიამი 16-17 წლიდან, სწავლის პარალელურად, აქტიური იყო ბიზნესში და ასეა დღემდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა