საზოგადოება

რისგან ამზადებენ თაქთაქიშვილის გვარის მამაკაცები გველის ნაკბენის სამკურნალო წამალს და რატომ არ იღებენ მასში გასამრჯელოს

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 10.10

ლევან თაქთაქიშვილი
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა, მასთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ნამდვილად ყველას გაგაოცებთ.

ლევან თაქთაქიშვილი: ქართლში ცნობილია ის ფაქტი, რომ თაქთაქიშვილის გვარის მამაკაცები, ძველი დროიდან მოყოლებული, გველის ნაკბენის სამკურნალო წამალს ამზადებდნენ. ფაქტები ამის შესახებ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის პრესაში არის მოყვანილი.

კონკრეტულად, საქმე ეხება მესხეთიდან წამოსულ თაქთაქიშვილებს, რომლებიც ჯერ სოფელ რველში ცხოვრობდნენ (ბორჯომის რაიონი), თურქების მიერ მესხეთის დაპყრობის შემდეგ ქვემო ხვითში გადავიდნენ (გორის რაიონი), მოგვიანებით კი ისევ სოფელ რველში დაბრუნდნენ.

სწორედ ამ თაქთაქიშვილებს ჰქონდათ ნიჭი, ბალახებისგან გველის ნაკბენის სამკურნალო წამალი დაემზადებინათ. თუმცა, ეს მხოლოდ წარსულში არ ხდებოდა, ახლაც ამზადებენ. მე მახსოვს, ჩემს ბავშვობაშიც მოდიოდნენ ჩვენთან ამ მიზეზით და მათ ამ წამალს ბიძაჩემი უკეთებდა.. ეს წამალი ბალახებისგან მზადდება, თუმცა ბალახებთან ერთად თაქთაქიშვილების მამაკაცები მის მოსამზადებლად საკუთარ ნერწყვს იყენებენ. ეს წამალი სრულიად უსასყიდლოდ მზადდება, მის სანაცვლოდ თანხის აღება აკრძალულია. როგორც ვთქვი, მას მხოლოდ ჩვენი გვარის და მხოლოდ მამაკაცი წარმომადგენლები ამზადებენ. ჩვენთან, რველში ერთი ქალბატონი შეესწრო ამ წამლის მომზადების პროცესს. დაინახა, რა ბალახებს იყენებდნენ ჩვენი გვარის წარმომადგენელი მამაკაცები და ამ ქალბატონმაც დაიწყო იმავე წამლის დამზადება, მაგრამ მერე, როცა მის შვილს უკბინა გველმა, ისევ თაქთაქიშვილებთან მოვიდა და წამლის დამზადება სთხოვა.

– ანუ, სხვას არ გამოსდის?

– მეღიმებოდა, რატომ აქვთ მაინცდამაინც თაქთაქიშვილის კაცებს ამ წამლის მომზადების შესაძლებლობა, ნუთუ მარტო მათ ნერწყვშია რამე განსაკუთრებული-მეთქი!? არ მგონია, რომ ადამიანის ნერწყვი შემადგენლობით განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ ფაქტი ფაქტია.

ეს ამბავი, მოხსენიებული აქვს გალაკტიონ ტაბიძესაც. როცა გალაკტიონი საავადმყოფოში იწვა, ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა და ერთ-ერთ ჩანაწერში, ის წერს: „აქ არიან თაქთაქიშვილები, რომლებიც წამლებს ამზადებენ. თურმე, ისინი გველის ნაკბენის წამალსაც აკეთებენ“.

იყო ასეთი მწერალი, მიხეილ ლოხვიცკი, მან ჩემს დიდ პაპაზე მოთხრობა დაწერა და მას იქ ჯადოქარი ჰქვია. ამ წიგნში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, რომ თაქთაქიშვილები გველის ნაკბენის წამალს ამზადებენ. რომ ვისაც გველი უკბენს, ჩუმად უნდა მივიდეს თაქთაქიშვილებთან, არავის არაფერი უთხრას და ჯოხით ხელში დადგეს ეზოში. მამასთვის უკითხავს ლოხიცკის, რას ნიშნავს გრძელი ჯოხი და უბრად დგომაო?! მამას უთქვამს ის, რაც დიდი პაპისგან იცოდა: უბრად ყოფნა იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ დაკბენილ ადამიანს სხვებისთვის არ დაეწყო ამბის მოყოლა და ამაში დრო არ დაეკარგა, ჯოხი კი იმიტომ უნდა სჭეროდა ხელში, რომ თაქთაქიშვილი უცებ მიმხვდარიყო, რისთვის იყო მოსული ეს კაცი.

მეც შევსწრებივარ ამ წამლის მომზადების პროცესს. სოფელში ვისვენებდით, ქალი მოვიდა და ეზოში დადგა ჯოხით. გასაგები იყო, რაც სურდა. როგორც გვითხრა, გველმა მის ქალიშვილს უკბინა და წამალი მისთვის სურდა. წამალი რომ გავუმზადეთ, ვკითხე, სად უკბინა გველმა თქვენს ქალიშვილს-მეთქი და ცოტა დაბნეულმა მიპასუხა, ძუძუზეო. გამიკვირდა, მკერდზე კბენის შემთხვევა იქამდე არ გამეგო. ასე იყო თუ ისე, ვუთხარი, დაადეთ ნაკბენზე ეს წამალი და შეუხვიეთ, ნაწილი კი დაალევინეთ-მეთქი. მერე გვითხრა, რომ თურმე, გველს მისი ქალიშვილისთვის კი არა, ძროხისთვის უკბენია ძუძუზე. თქვენ ამ წამალს ადამიანისთვის აკეთებთ უფასოდ, არ მეგონა, თუ ძროხისთვისაც გააკეთებდით და ამიტომ მოვიტყუეო, გვითხრა. ერთი წლის შემდეგ სოფელში შემხვდა ეს ქალბატონი და მითხრა, თქვენ მაშინ ის ძროხა გადამირჩინეთო და მადლიერების ნიშნად, რაღაც მაჩუქა. მაშინ გავიგე, რომ ჩვენი წამალი ძროხაზეც მოქმედებს.

– პაპის მამაზეა მოთხრობა დაწერილი, მაგრამ გამოდის, ყველა აკეთებთ ამ წამალს.

– კი, ასეა, უბრალოდ, პაპის მამა ცნობილი სელექციონერი იყო, თორემ მისი ნათესავი სხვა თაქთაქიშვილებიც აკეთებდნენ ამ წამალს. სოფელში ჩემს დიდ პაპას ჯადოქარს ეძახდნენ, ზოგადად, ჯადოქრებს ეძახდნენ თაქთაქიშვილების მამაკაცებს. მერე ეს სიტყვა, შეიცვალა და ჩემს დიდ პაპას მოიხსენიებდნენ სელექციონერ ჯადოქრად, რადგან მას მცენარეების ჯიშები გამოჰყავდა. პომიდორი „მუზარადი“ პაპაჩემის გამოყვანილია. მას დღეს ჭოპორტის პომიდვრის სახელით იცნობენ, რადგან პაპას ეს ჯიში იქ ჰქონდა დარაიონებული.

ახლა ძალიან ცოტანი დავრჩით ხვითელი და რველელი მამაკაცი თაქთაქიშვილები, ალბათ, 20-ამდე ადამიანი. ამ წამალს კი დღეს სულ რამდენიმე ოჯახის წარმომადგენელი აკეთებს.

– თქვენც აკეთებთ?

– მეც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რაც შრატი გამოიგონეს, ჩვენთან მომსვლელების რაოდენობა ძალიან შემცირდა. დღეს გველებსაც სხვანაირად მოუარეს, შხამებს იყენებენ, ხოცავენ და ეს წამალიც აღარ არის ძველებურად მოთხოვნადი.

– წარმოვიდგინე, რომ ნაკბენზე წასასმელი მალამო იქნებოდა, რადგან ნერწყვისგან მზადდება...

– ნაწილი ჭრილობაზე უნდა დაიდო, ნაწილი კი დალიო. ამ წამალს რომ ნერწყვისგან ვამზადებთ, ამას მაინცდამაინც არ ვამბობთ. ადამიანებს სჭირდებათ ეს წამალი, მაგრამ როცა ამის შესახებ იციან, დისკომფორტი აქვთ მისი მიღებისას. დამიჯერეთ, რომ ნერწყვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, სხვა შემთხვევაში მას ჩემი გვარის წარმომადგენლები არ გამოიყენებდნენ. ამაზე ხმამაღლა არც ვისაუბრებდი, გალაკტიონ ტაბიძეს რომ არ დაეწერა.

შრატი, რომელიც გველის ნაკბენის წინააღმდეგ გამოიყენება, თავის საქმეს კი აკეთებს, მაგრამ ამასთან ერთად, იმუნიტეტს ამცირებს. ხოლო ჩვენი წამალი ორგანიზმს ბრძოლისუნარიანობას მატებს, ასე ვიცი ჩვენი წინაპრებისგან. ანუ, მისი მიღება შრატთან ერთად ძალიან ეფექტურია. ეს წამალი ორგანიზმს არანაირად არ ვნებს.

სანამ ბიბლიოთეკაში დავიწყებდი მუშაობას, სტამბაში ვმუშაობდი. იქ ერთხელ ერთი თანამშრომელი ქალბატონი მოვიდა ძალიან დამწუხრებული. გვითხრა, ბავშვს რაღაცამ უკბინა, არ ვიცი, რამ, მაგრამ ფეხი საშინლად აქვს გასიებულიო. გაჭირვებული ოჯახი იყო, ექიმმა ოპერაციაში 20 დოლარი სთხოვა და ეს თანხა არ ჰქონდათ. დავპირდით ამ თანხას, მაგრამ უარს ამბობდა. მოიყვანა ეს ბავშვი სამსახურში და ვნახეთ, რომ ფეხი საშინლად ჰქონდა გასიებული და გამწვანებული. მაშინ მე მას ამ ბალახებისგან გავუკეთე წამალი და დავალევინეთ. სიმართლე გითხრათ, შეშინებული ვიყავი, რამე არ გართულებოდა, რადგან ზუსტად არ ვიცოდით, რამ უკბინა ბავშვს. მეორე დღეს ეს ქალი გახარებული მოვიდა, საღამოს ბავშვს ფეხის კანი გასკდომია და ჩირქი გამოსულა. არ ვიცი, შეიძლებოდა, ამ წამლის გარეშეც იგივე მომხდარიყო, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ბავშვს შუადღეს დავალევინეთ წამალი და საღამოს ასეთი ეფექტი ჰქონდა. მე თვითონაც დამილევია ეს წამალი ალერგიის ან ნაკბენის დროს.

– თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნერწყვით ბევრი დაავადება გადადის...

– იმ ბალახებში იმდენი სასარგებლო ნივთიერებაა, არა მგონია ნერწყვში არსებული მიკრობი ცოცხალი გადარჩეს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თაქთაქიშვილებს თავიანთი ნერწყვით ვინმესთვის რამე დაავადება გადაედოთ.

– კიდევ რა ისტორიებია შემორჩენილი ამ ამბავთან დაკავშირებით?

– არის გაზვიადებული ისტორიებიც. მაგალითად, გალაკტიონს უწერია, თაქთაქიშვილები გველს რომ შეხედავენ, რაღაცას ჩაილაპარაკებენ და მას შეაჩერებენო. თითქოს, ჩვენ გველზე ზემოქმედების უნარი გვაქვს. არა მგონია, ეს მართალი იყოს. ეს უფრო წატრაბახებას ჰგავს, რაც სავარაუდოდ, გალაკტიონმა იმ მამაკაცი თაქთაქიშვილისგან მოისმინა და ჩაიწერა. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ბალახი არწივმა მოიტანა ეკლესიაში, თაქთაქიშვილმა ნახა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ანუ, თაქთაქიშვილებმა ღმერთისგან ისწავლეს ეს რეცეპტიო, მაგრამ ამაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან უფრო გაზვიადებული ისტორიებია, ვიდრე ფაქტებზე დაყრდნობილი.

– თქვენ ვისგან იცით ეს ისტორიები?

– სამწუხაროდ, მე დიდ პაპას არ მოვსწრებივარ, ყველაფერი ბიძაჩემისგან ვიცი, რომელიც თვითონაც აკეთებდა ამ წამალს. რველში ეს ყველამ იცის, ხვითშიც იციან, საერთოდ, ქართლში ამის შესახებ კარგად იციან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა