საზოგადოება

რის ნიშნად უსახსოვრა ცნობილ საბავშვო მწერალს, ჯანი როდარის, იტალიაში ჩასულმა რევაზ ინანიშვილმა ლეკური წინდები

№10

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 14.03, 2023 წელი

რევაზ ინანიშვილი
დაკოპირებულია

ვფიქრობ, მწერალი ყოველდღიურობითა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობითაც იცნობა, თუმცა, აი, რას ამბობდა ბავშვების საყვარელი მწერალი რევაზ ინანიშვილი: „ძალიან, ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან, მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე, ის დაგიამებს სულის ტკივილს“. მეგობრობდა მწერლებთან, მხატვრებთან, რეჟისორებთან, კომპოზიტორებთან. ეს არ იყო ბოჰემური მეგობრობა, ხმაურიანი შეხვედრები და ხალხმრავალი ნადიმები, თუმცა, მუდამ ჰქონდა ღვინო და სიამოვნებით იწვევდა ხოლმე მეგობარს თითო ჭიქაზე სახლში. ვახუშტი კოტეტიშვილთან და თენგიზ მირზაშვილთან ერთად საქართველოს მთიანეთი ფეხით ჰქონდა მოვლილი. ხალხში გაგონილ ლექსსა თუ ამბავს იმახსოვრებდა და ხშირად იმეორებდა. სოფლისა და მიწასგან არასოდეს მოწყვეტილა. უჯარმაში ჰქონდა სოფლური სახლი და არა აგარაკი, ეთესა კარტოფილი, ლობიო, ედგა ხეხილი. წერდა პატარა მოთხრობებს, თითქოს უმნიშვნელო, სხვისთვის შეუმჩნეველ ამბებსა და ადამიანურ თვისებებზე. აკაკი ბაქრაძემ ინანიშვილის მოთხრობებს „სულის პური“ უწოდა. ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა: რეზომ თვითონაც არ იცის, როგორი დიდი მწერალიაო. თამაზ ჭილაძე კი ასე ახასიათებდა: „თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, რითაც მთელი კახეთი, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი. ლაპარაკობდა დინჯად, მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენ ზევით, უხილავ სახურავზე. მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა“. დაკრძალვის დღეს, 1991 წლის 31 დეკემბერს, რუსთაველის პროსპექტზე ომი იყო გაჩაღებული და ქარს დიდუბის პანთეონთან მიჰქონდა დამწვარი ქალაქის მჭვარტლი და სუნი. მეგობრები და ჭირისუფლები იმით იმშვიდებდნენ თავს, რომ გაასწრო და ამ უბედურებას თვალით ვეღარ ნახავსო.

დედა

„დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი – თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, – სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი, – რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. – არა, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი, კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, აწია ფარანი ცოტაზე: – წაიღე, შვილოო, შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით: – წადი-მეთქი ახლა! მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, უჭირავს ის ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და, რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილზე დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები – შუქი მაინც არ იძვრის. – დე-დაა! დე-დაა! არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს. ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდან და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე. ის იყო და ის, ცოცხალი აღრ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლად დალია სული და დამრჩა იმ ფარნის შუქი სამუდამო დარდად. რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას? ნუთუ ეგონა, ცუდი რამე რომ მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი – სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?! დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…”

რეზო და „ჩიპოლინო“ ბავშვური სილაღით

...საინტერესოა, რომ ინანიშვილის მოგონებებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არის აღწერილი შეხვედრა გიორგი ლეონიძესთან, თანაც ეს უბრალო შეხვედრა როდი იყო – ყველაფერი ნამდვილი ქართული სუფრითა და ლხინით დასრულდა. იქვე იგონებს მწერალი იტალიაში მოგზაურობას: 1978 წელს ქართველ ხელოვანთა ჯგუფი ევროპაში გაემგზავრა საბავშვო წიგნის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. მწერალი მოკრძალებულად შენიშნავს, რა მრავალრიცხოვანი იყო ევროპული ლიტერატურა და მის გვერდით რა ღარიბულად გამოიყურებოდა ქართული (საბჭოთა კავშირის) მხარე. ამაზე საუბარი იმხანად არ შეიძლებოდა – ვინ გაბედავდა ასეთი სიმართლისთვის თვალის გასწორებას, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რადგან ქართული საბავშვო მწერლობა არც მას შემდეგ გამდიდრებულა დიდად – ძირითადად თარგმნილი წიგნები ჭარბობს. სწორედ იტალიაში, რომში შეხვდა რევაზ ინანიშვილი მწერალს, რომელმაც სახელი და დიდება საბავშვო ნაწარმოებებით მოიპოვა. კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო, მაგრამ მას ყველა „ჩიპოლინოს თავგადასავლის“ ავტორად იცნობდა. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე „ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში“, რომლის ნაწყვეტი დამატებით ლიტერატურაში იყო შეტანილი და, პატარა მოწაფეებს ძალიან მოსწონდათ. რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ ეს წიგნი უყვარდა მთელ მის ოჯახს და მადლიერების ნიშნად, მწერალმა იტალიელ კოლეგას ლეკური წინდები უსახსოვრა. ჯანი როდარის ბიოგრაფიაში გარდამტეხი იყო 1970 წელი, როდესაც მას ანდერსენის სახელობის პრემია გადასცეს. იტალიაში ბევრი სკოლა მისი სახელობისაა. თუმცა საზოგადოება დღესაც ვერ მალავს აღშფოთებას, როცა მისი კომუნისტური შეხედულებების შესახებ შეიტყობს. საინტერესოა, რომ იტალიაში მოგზაურობისას ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს იქაურმა მოღვაწემ ცენზურის შესახებ ჰკითხა, რაზედაც ქართულმა მხარემ არეული პასუხი გასცა – აბა, ვინ გაბედავდა ძლევამოსილი მფარველის საწინააღმდეგოდ რამის თქმას… ამ მოგონებაში უამრავი ისეთი დეტალია, რომელიც მაშინდელი საზოგადოების მანკიერ თვისებებზე მიგვანიშნებს. დღეს არავის უკვირს ლამაზად გაფორმებული და ილუსტრირებული წიგნები, მაშინ კი ეს უცხო რამ იყო, რაც იტალიელთა გაოცებას იწვევდა. შეხვედრას ესწრებოდა ჯანი როდარი, რომელიც შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც მოახერხა, რამდენიმე თბილი სიტყვით მიემართა დამსწრეთათვის. რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ მან ილაპარაკა მშვიდობასა და ბედნიერებაზე, მსოფლიოს ყველა ბავშვსა და მწერალს უსურვა სიკეთე და ღიმილიანი მომავალი... ასევე იგი იგონებს, რომ ეს იყო უბრალოდ ჩაცმული ჩია კაცი, საინტერესო აზრებითა და ბავშვური სილაღით სავსე, რომელიც გარშემო მყოფებს უშუალო და მეგობრული ღიმილით აჯილდოებდა. როგორც აღმოჩნდა, ის იცნობდა ქართველ ხალხს, კავკასიონის მთებიდან... ქართველი მწერლის საჩუქარიც სიხარულით მიიღო და რევაზ ინანიშვილის სახელი უბის წიგნაკში ჩაიწერა. მართალია, ცოტა ხანს ისაუბრეს, მაგრამ ცხელმა და თბილმა ხელმა იპოვა მონათესავე სული – ორივე ხომ ბავშვებზე ფიქრობდა და მათთვის წერდა...

ავჰაეროვანი და უმაშნო

„ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცა და მაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას „ავჰაეროვანსა და უმაშნოს“ უწოდებს, – ასე იწყებს ავტობიოგრაფიულ მოთხრობას მწერალი. დედაჩემი მშობიარობისთანავე ცუდად გამხდარა, ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღეს კი უწოვებია და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუაჩემი მაწოვებდა, თურმე, ხან მეზობელი პატარძლები. მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა. დაცოლშვილებულსაც კი ისე მომეფერებოდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს ისევ პატარა ვყოფილიყავი. რა კარგები იყვნენ ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებდაქანცული ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი, ვერც სოფლისა.“

1936 წელს მამამისი პარტიიდან გარიცხეს და სამსახურიდან მოხსნეს. ოჯახმა თბილისში ერთ ქოხს შეაფარა თავი. 37-ის ზაფხულში მამა დაუპატიმრეს, დააპატიმრეს დედის მამა და ძმაც, სოფელში მსხმოიარე ვენახი გაუკაფეს. მაშინ 11 წლის იყო. შემდეგ მამას ერთხელ მოჰკრა თვალი, სასამართლოს კიბეზე ამავალს, მაგრამ ვერ იცნო და ყურადღება მხოლოდ იმიტომ მიაქცია, რომ ვიღაც დაპატარავებული და დაკოჭლებული კაცი თბილად უღიმოდა. ობლობისა და ომის საშინელ წლებს აღარ იხსენებდა, არც წერდა, უჩემოდაც ათასობით ადამიანს აქვს ნაამბობიო. ერთხელ ბიჭვინთაში ანა კალანდაძესთან მოიგონა თავისი მძიმე ბავშვობა, უამბო, როგორ იქცნენ ტროცკისტის შვილებად, „ფეზეოში“ გაამწესეს და 31-ე ქარხანაში ამუშავებდნენ. საავიაციო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა და 1950 წელს სტუდენტურ ალმანახ „პირველ სხივში“ მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა. ხელმოკლეობის გამო იძულებული გახდა, სწავლა მიეტოვებინა. სამგორის არხის მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა. უნივერსიტეტის რექტორმა ნიკო კეცხოველმა მოიკითხა, ნიჭიერი ბიჭი იყო და რა იქნაო? უთხრეს, სოფელში წავიდა და მუშაობსო. ხაშმში კაცი გააგზავნა, რეზო ინანიშვილი მოაძებნინა, ჩამოიყვანა და უნივერსიტეტში აღადგინა. სამი წლის შემდეგ მისი კრებული „პირველი მოთხრობები“ გამოვიდა. ფაქიზი ლიტერატურული გემოვნების მკითხველი მაშინვე მიხვდა, რომ ამ პატარა მოთხრობების ავტორი რაღაცით განსაკუთრებული იყო. „უნივერსიტეტის დერეფანში მეგობარმა მითხრა: აი, ეს არის რეზო ინანიშვილიო. აჟივჟივებულ, ჭრელაჭრულებში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს შორის მოაბოტებდა (სწორედ ასე!) მზით გარუჯული ვაჟკაცი, რომელსაც მოკლე, მუშური „ტელოგრეიკა“ ეცვა, ხელები ირიბად აჭრილ ჯიბეებში ეწყო, ხოლო შარვალი სალდათურ ჩექმებში ჰქონდა ჩატნეული. მისმა გამორჩეულმა გარეგნობამ და თავისუფლებამ ერთგვარი შური აღმიძრა“, – იგონებდა მწერალი თემო მაღლაფერიძე. დიდხანს სახლში წერის პირობები არ ჰქონდა, საჯარო ბიბლიოთეკაში მიდიოდა, ჯდებოდა და იქ წერდა. წერდა ფანქრით, გასაოცრად მწყობრად, ლამაზად, თუ რამე არ მოსწონდა, საშლელით შლიდა და ასევე ლამაზად ასწორებდა. ზოგჯერ რომელიმე ზუსტ სიტყვასა თუ ფრაზას რამდენიმე დღე ეძებდა. ხატვაც ძალიან უყვარდა, გამუდმებით ხატავდა, განსაკუთრებით სამსახურში, თათბირებსა და სხდომებზე, ხატავდა პეიზაჟებს, ხეებს, მომავალი ფილმისა თუ მოთხრობის გმირებს. არ უყვარდა ლოდინი, ხანგრძლივ თათბირებზე ჯდომა, სიტყვით გამოსვლა. წუხდა, როცა დროს უაზროდ აკარგვინებდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი