რის გამო თვლიდნენ მალხაზ კუმელაშვილს სამშობლოს მოღალატედ და რატომ ჩაიბარა მისი გამოცდა პატრიარქთან ერთად უშიშროებამ
ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 10.11, 2021 წელი

მამა მალხაზი მოძღვარია, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მსახურების შემდეგ, მშობლიურ სოფელ ქვახვრელს დაუბრუნდა და ცდილობს, ახალგაზრდები არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც გაწვრთნას.
მამა მალხაზი (კუმელაშვილი): ორი წლის წინ, პანდემიის დაწყებისას, ბრიტანეთიდან საქართველოში დავბრუნდი და გადავწყვიტე, ჩემი სოფლის ბავშვებისთვის ჩოგბურთი მესწავლებინა. რთული თამაშია, ყველამ ვერ შეძლო, მაგრამ კლუბში ათი ადამიანი შევიკრიბეთ და დავიწყეთ. ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი პირობები, არც კორტები გვაქვს, ფეხბურთის მოედანზე ვვარჯიშობთ, სადაც ყველაფრის თამაში შეიძლება, გარდა ჩოგბურთისა, მაგრამ მაინც ვთამაშობთ (იცინის). საჭირო ინვენტარი კეთილმა ადამიანებმა შემოგვწირეს, რაც ამ ეტაპზე ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. მოედანი გზის პირას არის და უფლისციხისკენ მიმავალ გზაზე, ტურისტები რომ გაივლიდნენ, ჩერდებოდნენ და გაკვირვებულები გვეკითხებოდნენ, სოფელში ჩოგბურთი საიდან უნდა იყოსო. ადგილობრივებსაც მხოლოდ ეკრანზე ჰქონდათ ნანახი სპორტის ეს სახეობა. მე ძალიან გვიან, 40 წლის ასაკში დავიწყე თამაში. ახლა 60-ის გახლავართ. ჩვენ პროფესიონალური ამბიციები არ გვაქვს. ეს ძალიან რთული სპორტია და თუ ხუთი წლიდან არ დაიწყე, რთულია შედეგის მიღწევა, მაგრამ საკუთარი სიამოვნებისა და ჯანმრთელობისთვის სპორტის ეს სახეობა არაჩვეულებრივია. სამწუხაროდ, სოფელში არ არის იმდენი გასაქანი, რამდენიც ქალაქში, რომ ბავშვები სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულები, ამიტომ საკუთარ სოფელში ვარჯიშის საშუალება რომ მიეცათ, გაუხარდათ. ჩვენ კლუბის წევრები ვართ და კლუბში ბევრი რამეს ვაკეთებთ, ბავშვები ურთიერთობებსა და მიზნების დასახვას ეჩვევიან. მე რამდენიმე ქვეყანაში მომიწია მსახურება. ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, იქ რა ხდება, რა ინტერესები და შესაძლებლობები აქვთ მათ თანატოლებს და ხშირად ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მეზობლები ვართ და აქ, სამწუხაროდ, ხშირად შეხვდებით არასწორ აზროვნებას. დიდი დოზითაა რუსული პროპაგანდა, სტალინისტური მიდგომები, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, რომ ჩვენ მათთან ერთად უნდა ვიყოთ, რომ ევროპა და ამერიკა ჩვენ ყველაფერს ცუდს გვასწავლის და ჩვენსას გვართმევს. მე მინდა, ბავშვებმა კარგისა და ცუდის გარჩევა ისწავლონ და ამაზე ბევრს ვსაუბრობთ.
– სასულიერო პირებისგან, მაინცდამაინც, მიჩვეული არ ვართ ასეთ სპორტულ აქტივობებს. როგორ დაინტერესდით?
– ნიუ-იორკში მსახურობის დროს, მეგობართან, ცნობილი ქართველი სპორტსმენის, ქალებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის, ნინო ლუარსაბიშვილს ძმასთან ერთად, რომელიც ასევე, ჩოგბურთელი იყო, ვთამაშობდი ხოლმე. იქიდან ირლანდიის რესპუბლიკაში გადავედი, სადაც ოფიციალურად გავწევრიანდი ადგილობრივ კლუბში, მწვრთნელი მყავდა და ამ საქმეს ძალიან სერიოზულად მივუდექი. შემდეგ ირლანდიის ნაკრებში მოვხვდი, „სენიორებში“. რაც მეტი წარმატებაა, მონდომებაც იმატებს. „დინამოს“ კლუბშიც ვიყავი გაერთიანებული და ამ თვალსაზრისით, საქართველოში ჩამოსვლის პერიოდშიც აქტიური ვიყავი. შემდგომ ბრიტანეთში გახლდით და იქაც გავწევრიანდი კლუბში, ასე გავიზარდე, როგორც ჩოგბურთელი.
– როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე, როცა თქვენი ამ აქტივობის შესახებ იგებენ – აქ ცოტა სტერეოტიპული აზროვნება გვაქვს სასულიერო პირებთან მიმართებით.
– ყოველთვის უკვირთ. ჰგონიათ, რომ მღვდელი მხოლოდ უნდა ლოცულობდეს. ეკლესია ორ ნაწილად იყოფა, შავი და თეთრი სამღვდელოება. თეთრ სამღვდელოებას ოჯახიც ჰყავს, ეკლესიაში მსახურობს გარკვეული საათები, დანარჩენ დროს ოჯახში ატარებს და ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრება აქვს. საკვირველი არაფერია; ადამიანი უნდა სწავლობდეს, ვარჯიშობდეს, მუშაობდეს. საზღვარგარეთ ნებისმიერი მოძღვარი მუშაობს. ეკლესია შაბათ საღამოს გაიღება, ლოცვა ჩატარდება, კვირა დილის წირვა ჩატარდება, ისევ დაიკეტება და მერე მთელი კვირა, ყველა მუშაობს. ჩვენთან არ არის ეს ტრადიცია და მღვდელი თუ რამეს აკეთებს, უკვირთ. ვცდილობ, ავუხსნა ხოლმე, რომ თამაშში არაფერია არაქრიასტიანული და არც აკრძალული.
– უსიამოვნება თუ შეგხვედრიათ? მგონია, რომ პირიქით, ახალგაზრდებისთვის კარგი მოტივაცია ხართ.
– სამწუხაროდ, მქონდა. ბათუმის საერთაშორისო ტურნირში ვიღებდი მონაწილეობას და ადგილობრივმა ეპისკოპოსმა გამომიგზავნა მოძღვარი თხოვნით, ძალიან გთხოვთ, დატოვეთ ტურნირიო. ვერ გავიგე რა ხდებოდა ასეთი. მე ამით არცერთი კანონი არ დამირღვევია. ეს არაფრით აბრკოლებს ადამიანის სულს. სულის წვრთნასთან ერთად, ხორცის წვრთნა და კურნება რატომ უნდა იყოს ხელის შემშლელი?! ჩვენთან ძალიან ბევრი არასწორი შეხედულებაა. მე ძალიან დიდი ხანია, ეკლესიაში ვარ – 1979 წელს სკოლიდან დიდი ამბით გამაგდეს. მერე სახლიდანაც გამომაგდეს და საერთოდ, ყველაფრიდან. კომკავშირიდან ლანძღვა, ცემა-ტყეპა, ქვეყნის დამაქცეველის და მოღალატის წოდება გამომყვა. 17 წლის ასაკში გავიქეცი და მცხეთაში ვაფარებდი თავს. სემინარიაში გაიგეს ჩემი მდგომარეობის შესახებ და სასწავლებლად მიმიღეს.
– ეს ყველაფერი იმიტომ, რომ თქვენი სარწმუნოებისადმი დამოკიდებულება გაიგეს?
– კი და ატესტატი დღემდე არ მინახავს. არც კი ვიცი, სკოლა დავამთავრე თუ არა. ძალიან ცუდი დრო იყო. პირდაპირ სასულიეროში გავაგრძელე სწავლა და მას შემდეგ ეკლესიაში ვარ. მაშინ ჩვენ, ვინც სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდით, სამშობლოს მოღალატეებად მივიჩნეოდით და უშიშროება გვაკონტროლებდა. 1979 წელს ჩემი გამოცდა უშიშროების პოლკოვნიკმა, რატი ტატიშვილმა ჩაიბარა. ის განაგებდა ეკლესიას და არა კათალიკოს-პარტიარქი ილია მეორე, რომელიც გვერდზე ეჯდა, მაგრამ მას არც აქცევდა ყურადღებას, თვითონ წყვეტდა, ვინ მიეღო და ვინ – არა. რაკი სემინარიაში ვსწავლობდი, ჯარში ციმბირში მიკრეს თავი, ორი წელი იქ ვიმსახურე. ახლა პირიქითაა – სასულიერო სემინარიაში იმიტომ მიდიან, რომ ჯარს აარიდონ თავი. ჩემი სემინარიაში წასვლა პროტესტი იყო. მე სულით ახლაც პროტესტანტი გახლავართ. ვერ ვეგუები იმას, რაც არ არის ჰუმანური, ვერ ვეგუები ძალმომრეობას. რომ გითხრათ, მორწმუნე მშობლები მყავდა-მეთქი, მოვიტყუები. პირიქით, ამის გამო სახლიდან გამაგდეს. სოფელში მაშინ კი არა, დღესაც ძალიან ძნელია ღმერთის პოვნა. ისე, საქართველოში რომ ჩამოიარო, იმდენ ღმერთს შეაგროვებ, ორ ჩინეთს ეყოფა, უამრავი „ღმერთი“ ჰყავთ შექმნილი, მაგრამ მე ნამდვილ ღმერთზე, მისი რეალური არსის ჩაწვდომაზე გესაუბრებით.
– ანუ, მაშინდელი გადაწყვეტილება, მაინცდამაინც, გულის სიღრმიდან წამოსული რწმენით არ იყო გამოწვეული?
– არა. ვერ ვიცრუებ, რომ ეს რელიგიამ და სარწმუნოებამ მიკარნახა. წარმოუდგენელი იქნებოდა, არანაირი საფუძველი არ მქონდა. 1987 წელს ჩემი ხელით გაიხსნა ეკლესია, მე გამომაგზავნეს ამისთვის პირველი და ხალხს ეგონა, ფილმს ვიღებდით. როცა ვუთხარი, ეს გადაღება არ არის-მეთქი. აბა, ეს რატომ გაცვიაო, მკითხეს. მღვდელი ვარ, ეკლესიას ვხსნით, რომელიც სრულიად სხვა ფუნქციით გამოიყენებოდა-მეთქი. მეზობელი მეუბნებოდა: კაი, ახლა, შაყირს თავი დაანებე, რა მღვდელი, კაცოო. მე მაშინ 26 წლის სასულიერო პირი ვიყავი, მათ ფილმებში ბებერი ავხორცი მღვდლები ჰყავდათ ნანახი. მაშინ ყველაფერი ამ იდეით იყო განმსჭვალული, სპეციალურად იღებდნენ ასეთ კადრებს.
– ეკლესიაში წახვედით პროტესტის გამო, მაგრამ საკუთარი თავი როდის იპოვეთ ამ სამყაროში?
– საბჭოთა სისტემის მოწინააღმდეგე ვიყავი და ვფიქროდი, რომ ეკლესიიდან შეიძლებოდა პროტესტის გამოხატვა, გამეგონა ასეთი მაგალითები. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ვერ ვიტყვი, რომ პროტესტანტურ ადგილას მოვხვდი. ვშიშობ, რომ რუსული კანტორის ცენტრში აღმოვჩნდი. თუმცა გვიან მომივიდა ეს აზრი. ეკლესია ჩაგვრისა და კომუნისტური შეხედულებების მოწინააღმდეგე მეგონა, არ აღმოჩნდა მთლად ასე. ასე რომ, მაინცდამაინც ვერ დავიკვეხნი, რომ თავის დროზე სწორი პოზიცია მქონდა. მერე ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რამდენად სასიკეთოდ. გარეგნულად ბევრი რამ ჩანს სასიკეთო, მაგრამ სულიერად ჩვენი ეკლესია ისევ პოსტსაბჭოურ ეკლესიად დარჩა, ბოლომდე ვერ გათავსუფლდა. რუსულ კანტორებსა და ნარატივებს უნდა ვებრძოდეთ, მაგრამ როცა მისი ნაწილი ხდები, ბევრი არაფერი იცვლება და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვერ დავაღწიეთ თავი მას, ეს ხომ ჩვენი ერის მიზანი უნდა იყოს?! ეს ქვეყანა ყოველთვის ჩვენი მტერი იყო, განსაკუთრებით კი – ჩვენი ეკლესიის. დღეს უფრო იგრძნობა გავლენები და ახლა ვხედავ, რომ თავის დახსნის სურვილიც არ გვაქვს.
– ახლა რაში გამოიხატება თქვენი პროტესტანტობა?
– აღარაფერში, აღარ ვარ საშიში. შევეშვი ამ საქმეს, მაგრამ, ასე უკეთესია-მეთქი, ეს ჩემი პირიდან არ ამოვა. ასე არ უნდა იყოს. თუმცა, მეც არაფერი ძალმიძს შესაცვლელად. ალბათ, რაღაცას უნდა ვაკეთებდე. ხან ამერიკაში ვმსხურობდი, ხან – ინგლისში, ხან – ირლანდიაში. აქ ნაკლებად ვიყავი, ვერ ვეგუებოდი. დიდი რეფორმატორი არ ვყოფილვარ, მაგრამ გულის სიღრმეში არ ვეთანხმებოდი, არ მომწონდა.
– გაქცევა გამოგივიდათ?
– ალბათ. არასდროს დავთანხმებულვარ, რომ მე ამის ნაწილი ვიყავი. მამარდაშვილის სიტყვებს მოვიშველიებ – „მე აქა ვარ, მაგრამ თქვენთან არა ვარ“ – ამ პოზიციაზე ვიყავი.
– ეს არ არის მრევლის მოტყუება?
– მრევლთან რა ურთიერთობაც უნდა მქონდეს, ეს იმაზე არ აისახება. თუმცა, დღევანდელი ურთიერთობა მრევლთან, საკვირველია. მაგალითად, რა კავშირშია აცრასთან სასულიერო პირი? ეს საოცრებაა! წინა საუკუნის ირანში, რომ სოფელში ყადები იყვნენ და ყველაფერი მათ ეხებოდათ შიგნით თუ გარეთ – სამართალი, ოჯახი და ასე შემდეგ, დაახლოებით, ისეა ახლა ჩვენთან. ძალიან სამწუხარო ამბავია. რელიგია რომ ასე აითქვიფება ერში, ეს კატასტროფის ტოლფასია და სიკეთის მომტანი არ იქნება. აცრებსაც კი მღვდელი წყვეტს, როგორ შეიძლება, ან მოუწოდო, ან აუკრძალო, როცა, თუ სპეციფიკური სამედიცინო განათლება არ გაქვს, თვითონ არ იცი, რა არის?! მღვდლის ერთ-ერთი მოვალეობაა, ადამიანს უფალი ჭეშმარიტად დაუხატოს და მასთან მიიყვანოს.
– როგორ იპოვეთ ღმერთი ამ გარემოებების გათვალისწინებით?
– ღმერთის პოვნა ცოდნით ხდება. მე ვერ წარმომიდგენია, რწმენის გულის სიღრმიდან ამოსვლა და ასე შემდეგ. ღმერთის რაობაზე ჩვენთან ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენაა. მოძღვრის მთავარი მოვალეობა, ალბათ, ამის ახსნაა ადამიანისთვის. ხშირად ღმერთისგან ძალიან ბევრს ელიან, ძალიან ტვირთავენ მის მოვალეობებს, რაღაცებს შესთხოვენ, მოსთხოვენ და თუ წბილდებიან, მერე კარგავენ რწმენას. მე ვფიქრობ, ცოდნით შეიძლება ამის თავიდან არიდება. იმისთვის, რომ გავერკვეთ ღმერთის ჭეშმარიტ რაობაში, ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ, კარგად გავეცნოთ სახარებას. როცა ღმერთისგან მუდმივად სიკეთეებსა და წარმატებას ელოდები, ძალიან ძნელი გადასატანია წარუმატებლობა, ეს ბევრს აკარგვინებს რწმენას. ჩვენი რელიგია უფრო მეტად ტრადიციებითაა დახუნძლული, ვიდრე რელიგიური სწავლებებით. თუმცა, დღეს უკეთესობისკენ მივდივართ, ვიცი რამდენიმე ახალგაზრდა მოძღვარი, რომელიც ძლიერი თეოლოგია. სამწუხაროდ, აქ ფანატიზმიც დიდი დოზითაა, რადგან ჩვენი რწმენა ტრადიციებზეა დაყდნობილი, რასაც ემატება წარმართული წესები და ეს სინთეზი არეულობას იწვევს, თუმცა ვუყურებ და მეტ ახალგაზრდა და განათლებულ კადრს ვხედავ, ამიტომ ვფიქრობ, რომ იმედიანად უნდა ვიყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან