საზოგადოება

რის გამო ფიქრობდა ხათუნა ჭინჭარაშვილი, რომ სამყარო მის თავიდან მოშორებას ცდილობდა და რატომ მოჰგვარა მას შვება კიბოს დიაგნოზმა

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 11.05, 2022 წელი

ხათუნა ჭინჭარაშვილი
დაკოპირებულია

ხათუნა ჭინჭარაშვილის ცხოვრებაში რთული პერიოდები ერთმანეთს მიეწყო. ჯერ მეუღლე დაკარგა – ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ხადას ხეობაში გადაღების დროს. ამ ტრაგედიიდან ორი წელიც არ იყო გასული, როცა ხათუნას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მან, პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ ყველა იმედგაცრუებულ ადამიანს დაუმტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ხათუნა ჭინჭარაშვილი: მე და ზვიადს თბილი და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ორ შვილს ვზრდიდით, ვმუშაობდით, ის – ტელევიზიაში, მე – ბანკში. ეს ამბავი ძალიან მოულოდნელად მოხდა. ზვიადი გადაღებაზე წავიდა და მეორე დღეს სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილი იპოვა. ახლაც არ ვიცი, ბოლომდე მაქვს თუ არა გაცნობიერებული ის, რაც მოხდა. ზვიადთან ერთად ცხოვრება ჩემი ერთადერთი მოცემულობა იყო, მის გარეშე არსებობა არასდროს დამიშვია. იმიტომ კი არა, რომ უმწეო ვიყავი და ბავშვების მარტო გაზრდა არ შემეძლო, მე და ზვიადი ერთი მთლიანობა ვიყავით და მის გარეშე რომ დავრჩი, აღარ ვიცოდი ვინ ვიყავი.

– ამ ამბიდან რამდენ ხანში გაიგეთ მძიმე დიაგნოზის შესახებ?

– წელიწადსა და ათ თვეში გავიგე ჩემი დიაგნოზის შესახებ. წელიწადში ერთხელ კვლევებზე დავდიოდი. სკრინინგი ათი თვის გაკეთებული მქონდა, როცა ხელით სიმაგრე აღმოვაჩინე მარჯვენა ძუძუში. მაშინვე ექიმთან მივედი. ყველაფერზე ვიფიქრე, კიბოს გარდა. მხოლოდ ათი თვე იყო გასული სკრინინგიდან და ესეც მამშვიდებდა, წარმონაქმნიც ძალიან მცირე ზომის იყო, იმდენად, რომ ექიმებს გაუკვირდათ, თვითონ რომ აღმოვაჩინე. კიბოზე მხოლოდ ერთი გაფიქრება იყო, მაგრამ ამ აზრს მაშინვე დავემშვიდობე. მამოლოგთან რიგში მყოფს, გოგონებმა მასთან შესვლამდე ექოს გაკეთება მირჩიეს. მათი რჩევა გავითვალისწინე და ჯერ ექოს გადასაღებად შევედი. კარგად მახსოვს ექოსკოპისტის თვალები და რეაქცია გადაღების დროს. შესაბამისად, მისგან მამოლოგთან უკვე წაშლილი შევედი. ექოსკოპისტის თვალებს მამოლოგის ისტერიული ტონი დაემატა. მითხრა, ჯერ არაფერი არ ვიცით, უნდა გამოვიკვლიოთო. მათგან გამოსულმა 99 პროცენტით ვიცოდი, რომ სერიოზულად იყო საქმე, მაგრამ ის ერთი პროცენტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლომდე ვებღაუჭებოდი. სასწრაფოდ გავიკეთე ბიოფსია და მეორე დღეს მეილზე მომივიდა პასუხი. მახსოვს მანქანისკენ მივდიოდი, როცა გავხსენი და წავიკითხე – სარძევე ჯირკვლის კარცინომა. მაშინ არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა და დავგუგლე. სანამ მანქანაში ჩავჯექი, უკვე ვიცოდი, რომ ავთვისებიანი სიმსივნე მქონდა. ყველაფერი წავიკითხე, რაც კი ინტერნეტში შემხვდა და პირველი ინფორმაცია, რომელსაც გავეცანი შემდეგნაირად ჟღერდა: რაც არ უნდა გააკეთო, მაქსიმუმ ხუთი წელი იცოცხლებო. მანქანაში კიბოს დიაგნოზით რომ დავჯექი, უცებ აღმოვაჩინე, რომ შვება ვიგრძენი. გამიკვირდა, როგორ შეიძლება, გაიგო, რომ კიბო გაქვს და შვება იგრძნო-მეთქი და მივხვდი, რომ ეს ზვიადის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. უფ, კიბო დამემართა-მეთქი, გავიფიქრე და ამოვისუნთქე. მანამდე სულ მიკვირდა: როგორ გადავიტანე ზვიადის სიკვდილი, ამის შემდეგ, როგორ დავრჩი ცოცხალი?! და თითქოს, კიბოს დიაგნოზმა გამახარა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ვიფიქრე, რომ ეს ჩემს ტანჯვას დაასრულებდა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ მე ქვეცნობიერად სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს მანამდე არ გამიცნობიერებია. პირიქით, ძალიან კარგად ვიაზრებდი, რომ ჩემი შვილებს ერთადერთი პატრონი მე ვყავდი და არც კი დამიშვია სიკვდილზე ფიქრი, მაგრამ იმ წუთას მივხვდი, რომ ჩემს ქვეცნობიერს სიცოცხლე არ უნდოდა.

– შეიძლებოდა, ეს დიაგნოზი გადატანილი ტკივილით ყოფილიყო გამოწვეული?

– დღევანდელი გადასახედიდან, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ონკოლოგია პირდაპირ მიბმულია ზვიადის გარდაცვალებასთან. გამოვიდა, რომ მე სხვანაირად ვერ მოვიფიქრე, როგორ მეთქვა სიცოცხლეზე უარი და ონკოლოგიას „ვუხმე“. ყველა ონკოლოგიას მსგავსი მიზეზი აქვს ხოლმე. მე რომ სიცოცხლე მდომებოდა, დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდებოდა. თავიდან აპათიურ მდგომარეობაში ჩავვარდი. ჯერ ის ვერ გამეაზრებინა, რატომ აღარ მყავდა ზვიადი, რომ უცებ ჩემს ცხოვრებაში კიბო გაჩნდა. ყველაფერი თავზე ჩამომექცა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სამყარო მეუბნებოდა, რომ აღარ ვჭირდებოდი და თავიდან მიშორებდა. თან კიბო ხომ არ არის მხოლოდ დიაგნოზი?! ამას მოყვა ძუძუს მოკვეთა, ქიმიოთერაპია, თმის გაცვენა. მე ვიყავი ქალი, რომელმაც დაკარგა საყვარელი ადამიანი, მოიკვეთა ძუძუ, გაცვივდა თმა, წარბი, წამწამი. ქალადაც აღარ ვგრძნობ თავს, იდენტობაზე მიწევს უარის თქმა. აღარ ვიცი, ვინ ვარ. შრამიანი სხეული, უთმო, ჩაცვენილი თვალები. ამ დროს იდენტობას კარგავ, აღარ ხარ ქალი, აღარ ხარ ადამიანი. კიბოს დიაგნოზს უამრავი ტკივილი მოჰყვება. ის მარტო შენს ფიზიკურ არსებობას არ უქმნის საფრთხეს. ის, რომ შენ შეიძლება, მოკვდე, ყველაზე უმნიშვნელო რისკია, ეს ყველაზე მარტივია, ამით ყველაფერი მთავრდება. მაგრამ არა – შენ უნდა იცხოვრო და უნდა იცხოვრო ტანჯვით – ეს არის ყველაზე რთული ამ დიაგნოზში.

– როგორ შეძელით ამ განცდებთან გამკლავება ისე, რომ კიდევ უფრო მძიმე შედეგი არ გამოეღო?

– ერთი მხრივ, ფიქრობ, რომ სამყარომ უარი თქვა შენზე და მეორე მხრივ, ხედავ ადამიანებს, რომლებიც შენ გარშემო იკრიბებიან. ჩემი თუ ზვიადის მეგობრები, ოჯახის წევრები, ახლობლები, ისეთებიც, ვისაც არ ვიცნობდი, ყველა ჩემ გვერდით დადგა. სასწაულს ვგრძნობდი. მორალურად, ფინანსურად, სიტყვიერად, უდიდეს თანადგომას მიცხადებდნენ. ადამიანების არმია მეუბნებოდა, რომ მათთვის ძვირფასი ვიყავი და მათი სიყვარული დაუპირისპირდა სამყაროს მიერ ჩემი თავიდან მოშორების შეგრძნებას. სიყვარულის დეფიციტი არასდროს მქონია, მაგრამ ამ ადამიანებმა სასწაული მაგრძნობინეს და ამ გულშემატკივრობამ მიმახვედრა, რომ სამყარო ასე უბრალოდ არ მოგიშორებს თავიდან.

მახსოვს, ჩვენს ახლობელ ექიმს ვკითხე, მუშაობას შევძლებ-მეთქი? ჩემი შიშები მაინც ჩემს შვილებს უკავშირდებოდა. ექიმმა მითხრა, მე მყავს მეგობარი, რომელიც უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს, საღამოს სახლში მოდის და საჭმელს ამზადებს – მას კიბო აქვს და ჩვეულებრივად ცხოვრობსო. მაშინ მივხვდი, რომ კიბოსთან დაკავშირებით რაღაც სხვა ხდებოდა. ჩემთვის ერთადერთი გზა არსებობდა – კიბოს დიაგნოზი ტანჯვით სიკვდილს ნიშნავდა, გახანგრძლივებული ტანჯვით. მერე, როცა მკურნალობა დავიწყე და გოგოები გავიცანი, რომლებიც ჩემთან ერთად გადიოდნენ ქიმიოთერაპიებს, ყველაფერს სხვანაირად შევხედე. ჩვენ ერთმანეთს ვაძლევდით ძალას, ერთმანეთი გვეიმედებოდა. მე ვხედავდი, რომ ის ჩვეულებრივი გოგო იყო, ის კი ჩემზე იმავეს ფიქრობდა. მახსოვს, ერთ მომენტში ანა მაზანიშვილი, ვისთანაც ახლა ვარ ორგანიზაციაში, ოთახში შემოვიდა, როცა ჩვენ ქიმიებს ვიკეთებდით და გაგვეცნო. ნახეთ, მე არცერთი ძუძუ არ მაქვს, საშვილოსნოც ამოჭრილი მაქვსო. ამ დროს, ჩვენ წინ იდგა ლამაზი, ფრიალა კაბიანი კოხტა გოგო ქუსლებზე. ეს ჩემთვის შოკი იყო, მისი განწყობა, ენერგია და სიტყვები ერთმანეთს ვერ დავაკავშირე. მაშინ მივხვდი, რომ ონკოლოგიასთან ერთად ლამაზად და ღირსეულად ცხოვრება შესაძლებელი ყოფილა.

– პირველი ძუძუს პრობლემა უკვე დასრულებული იყო, როცა პრობლემა მეორეზე გაჩნდა?

– კი, ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა, მოკლედ, პირველის მკურნალობა დამთავრდა, ბოლოში გავედი. ბედნიერი ვარ, რომ კიბო დავამარცხე. ყველაფერი რიგზეა და ერთ ჩვეულებრივ გეგმიურ კვლევაზე, აღმოჩნდა, რომ მარცხენა ძუძუში რაღაც მაქვს. მთელ ამ ისტორიაში ეს იყო ყველაზე რთული მომენტი. იმის განცდა გაქვს, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ერთხელ ყველაფერი ხდება და აი, შენ ეს გადაიტანე, გაიმარჯვე და უცებ მეორედ იმავეს ეჯახები. ამან უკვე ყველა ჩემი ეჭვი გაამართლა – ესე იგი, მართლა აღარ სჭირდები ამ სამყაროს და ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდე ამას?! საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი. მერე იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი თავიდან უნდა გამომევლო... იმდენად მეზარებოდა ყველაფრის თავიდან გამოვლა, რომ ვერ აღგიწერთ. ბევრი კითხვის ნიშანი იყო, შუაზე ვიყავი გახლეჩილი, არ ვიცოდი რა და როგორ გამეკეთებინა. ერთ ძუძუს როგორღაც თმობ ადამიანი, მაგრამ უკვე მეორეზე იყო ლაპარაკი და ძალიან გამიჭირდა. ვერ გავბედე ბოლომდე მომეჭრა და პირველად ნაწილობრივი კვეთა გავიკეთე. თავიდან ვფიქრობდი, ვაიმე, რომ მოვიკვეთო და კარცინომა არ აღმოჩნდეს-მეთქი. მაგრამ აღმოჩნდა და ძალიან მალე მეორე ძუძუც მთლიანად მოვიკვეთე.

– იყო ხელის ჩაქნევის მომენტი?

– პირველად რომ გავიგე ჩემი დიაგნოზი და გავაცნობიერე, როგორ მქონდა სიცოცხლეზე ხელი ჩაქნეული, მას შემდეგ საკუთარი თავისთვის ამის უფლება აღარ მიმიცია. პირიქით, მივხვდი, რომ მე ვიყავი ის, ვისაც საკუთარ თავზე უნდა ეზრუნა. აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი ძალიან მიტოვებული მყავდა და გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა მის გადარსარჩენად. ხელში აყვანილი პატარა ბავშვივით ვუვლიდი საკუთარ თავს. ძალიან შემრცხვა იმის გაცნობიერების, რომ თურმე, მანამდე გამეტებული მყავდა. ბოდიშის მოხდის სურვილი მქონდა იმის გამო, რა დღეშიც მანამდე ჩავაგდე.

– ახლა როგორ ეხმარებით საკუთარ თავს და მერე უკვე სხვებს?

– ბევრჯერ მიფიქრია, რა მინდა ბოლოს და ბოლოს. ჩემი თავისთვის მითქვამს: დამთავრდა კიბოს ამბავი და დაივიწყე-მეთქი. მაგრამ კიბოს თან დამანგრეველი ენერგია მოაქვს, ძალიან ნეგატიური. ამით ხდები მთლიანად მოცული და ეს ენერგია თუ სადმე არ წაიღე, კიბოს რომ თავი დაანებო, ეს დაგანგრევს. მე ვფიქრობ, მოვახერხე, ეს ენერგია გარდამექმნა და სხვების დახმარების სახით გარეთ გამოვუშვი. ეს ენერგია საწვავად გამოვიყენე და ასე მივანიჭე ჩემს კიბოს აზრი. სხვანაირად ის განცდა, რომ სამყარო მრიყავდა, რომ მისთვის გამოუსადეგარი ვიყავი, ჩამყლაპავდა. ეს უარყოფითი ენერგია ჩემს ძალად ტრანსფორმირდა და მან აზრი მისცა ჩემს არსებობას. ამ ამბიდან ძალიან მალე ჩემს მეგობარს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი. ძალიან ცოტა დრო იყო გასული ჩემი განკურნებიდან. მოვკიდე ამ გოგოს ხელი და ყველაფერი ერთად გავიარეთ. სასწაული შედეგი გვქონდა. გარდა იმისა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, პროცესიც ძალიან ენერგიული და დადებითი ემოციებით იყო მოცული. პირველი დადებითი უკუკავშირი რომ მივიღე, მივხვდი, რომ მე ეს უნდა მეკეთებინა. ეს მაძლევს ენერგიას, ეს რამდენადაც მისთვის იყო დახმარება, იმდენად იყო ჩემთვისაც. ის მომენტი არ მაქვს, რომ საკუთარი თავი გადავდე და სხვებისთვის ვცხოვრობ, თითოეული ჩემი ასეთი ნაბიჯი, არის კეთილი ნება, რომელიც მეც მეხმარება და სხვასაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი