საზოგადოება

რის გამო მოუხადა ბოდიში ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ ილია ჭავჭავაძეს და როგორ დაიწყო მან მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზება

№50

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 22.12, 2021 წელი

ივანე ბაგრატიონი
დაკოპირებულია

ივანე მუხრანბატონი დაიბადა 1812 წელს გენერალ კონსტანტინე მუხრანბატონის ოჯახში. დედა – ხორეშან გურამიშვილი გახლდათ. ივანე იყო ერეკლე მეორის შვილთაშვილი, რომელიც ყველაზე მსხვილი მემამულე გახლდათ თბილისის გუბერნიაში. მან სამხედრო კარიერა აირჩია და განათლება პეტერბურგის პაჟთა კორპუსში მიიღო.

ჯერ კიდევ 1833 წელს აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში მთიელთა წინააღმდეგ, სადაც სიმამაცითა და შეუპოვრობით მიუპყრია ყურადღება. მას თავი გამოუჩენია, აგრეთვე, ელისუს სულთნის წინააღმდეგ ბრძოლაში 1844 წელს. მალევე ივანე მიამაგრეს ერევნის კორპუსის კარაბინერთა პოლკს. ამავე წელს გაემგზავრა პეტერბურგში, სადაც იმპერატორისგან ეგერმეისტრობა მიიღო.

1848 წელს ივანე მუხრანბატონი დაინიშნა ერევნის კარაბინერთა პოლკის მეთაურად. ამ დროს ის, ჯერ კიდევ პოლკოვნიკი, უკვე დაჯილდოებულია წმიდა სტანისლავსკისა და წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენებით და პირადად იმპერატორისგან მიიღო ხმალი წარწერით – „მამაცობისთვის“.

ივანე მუხრანბატონი მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომებში. 1851 წელს მან მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1853 წლიდან გახლდათ კავკასიის გრენადერთა სარეზერვო დივიზიის მეთაური. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1853 წლის 19 ნოემბერს თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში სოფელ ბაშკადიკლართან. ამ წარმატებისთვისთვის ის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე არ მოუშორებია. უფრო მეტად კი ის იმ სახელით ამაყობდა, რომელიც მან ამ ბრძოლის შემდეგ მოიპოვა. საქმე ისაა, რომ მის გაბედულებაზე ჯარისკაცები სიმღერებსა და ლექსებს ქმნიდნენ.

განსაკუთრებული სამხედრო ნიჭისა და საოცარი გაბედულების გარდა ივანე მუხრანბატონი ურთიერთობის განსაკუთრებული უნარითაც გამოირჩეოდა. ის დიდი მოწონებით სარგებლობდა სხვადასხვა წრის ხალხში. 1875 წელს მას ალექსანდრე მეორის მეფობის 25-ე წლისთავზე წარმოთქმული სიტყვით თავად იმპერეტორი და მისი მეუღლე მოუხიბლავს. დიდი გამოხმაურება ჰქონდა იმდროინდელ პრესასა და საზოგადოებაში მის მიერ 1888 წლის 28 სექტემბერს მთავარმართებლის სასახლეში იმპერატორის მისასალმებლად წარმოთქმულ სიტყვასაც.

ივანე მუხრანბატონს განსაკუთრებული ადგილი ეკავა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ქართული საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის – „ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის“ წევრი. წლების განმავლობაში იბრძოდა საქართველოში უწიგნურობის აღმოსაფხვრელად. კარგად ჰქონდა გათავისებული განათლების მნიშვნელობა და სკოლების დაარსებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა. ივანე მუხრანბატონი ქართული უნივერსიტეტისა და ოფიციალური გაზეთების დამფუძნებელიც გახლავთ.

1836 წელს ივანემ იქორწინა სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის დაზე, ლევან მეხუთის ასულ ნინო დადიანზე. წყვილს ვაჟი შეეძინა – კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანსკი.

1881 წლიდან, სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, გენერალი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მეცხრე წინამძღოლად აირჩიეს.

ცნობილია მისი კონფლიქტი ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ბატონყმობის გადავარდნის დროს, ერთ-ერთ კრებაზე მოხდა: ილია გლეხთა მიწით გათავისუფლების მომხრე იყო, ივანე მუხრანბატონი კი უმიწოდ გათავისუფლებას უჭერდა მხარს. მისი სიტყვები „გლეხთათვის მამულის მიცემაზედ არავინ თანხმდება, გარდა ზოგიერთი კაცუნისაო“, ილიამ პირად შეურაცხყოფად მიიღო და შეუტია – „დაასახელეთ ეს კაცუნები“, რის შემდეგაც მუხრანბატონმა ილიას ბოდიში მოუხადა.

ივანე მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა მემამულეთა შორის და დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. სოფლის მეურნეობით ის განსაკუთრებით საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ დაინტერესდა.

საფრანგეთში მან მოიარა ბორდოსა და შამპანის რეგიონები, სადაც ღვინის წარმოება ხელოვნების დონეზე იყო აყვანილი და სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, წინაპრების დატოვებულ მუხრანის მამულში საუკეთესო ქართული ღვინო დაეყენებინა.

1876 წელს მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. გააშენა ვენახები, რაშიც დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ჯორჯაძე. მუხრანში ააგო, დაახლოებით; მილიონ ორასი ათასი ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა. მუხრანულმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა არაერთ ქვეყანაში. განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა 1884 წელს წარმოებულმა „მუხრანი ¹5-მა“.

მუხრანის ცქრიალა ღვინო ისეთი მაღალი ხარისხის იყო, რომ 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale-ზე ოქროს მედალი დაიმსახურა. 1892 წლის მოსკოვის გამოფენაზე სახელმწიფო ჯილდო მოიპოვა. საოცარი მიღწევების წლად იქცა 1898 წელი – მუხრანის ღვინომ უმაღლესი ჯილდო მიიღო პარიზში, თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მთავრობამ „სოფლის მეურეობის დამსახურებული მოღვაწის“ უმაღლესი ჯილდო გადასცა.

ივანე მუხრანბატონი იყო პირველი, ვინც დაამტკიცა, რომ ქართული ღვინო მსოფლიოში აღიარებულ ღვინოებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებდა. ადგილობრივი და შემოტანილი ყურძნის ჯიშების შერწყმით მან დაამზადა უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებმაც ექსპერტთა უმკაცრესი მოთხოვნები და ღვინის მოყვარულთა დახვეწილი და პრეტენზიული გემოვნება დააკმაყოფილეს.

მუხრანის ღვინოების შესანიშნავმა სახელმა ქართულ ვენახებს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. საკმაოდ მაღალი ფასის მიუხედავად, მოთხოვნა სულ უფრო იზრდებოდა და ქართული ღვინო წარმატებით იყიდებოდა სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ბაზრებზე, ასევე ვარშავასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პარიზში, ვენასა და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებული შტატებიც კი.

ივანე მუხრანბატონს წარმოების გრანდიოზული გაფართოება ჰქონდა გეგმაში, როდესაც მოულოდნელად, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ბაგრატიონთა სამეფოს სახლის საგვარეულო განსასვენებელში დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; chateaumukhrani.com/ge; გელაშვილი, აკაკი. საგანგებოდ დავიწყებული ამაგი; გელაშვილი, აკაკი. მუხრანის გაცოცხლებული ლეგენდა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი