საზოგადოება

რის გამო აღიზიანებს თეა დარჩიას საკუთარი სახელი და გვარი და რატომ ვერ იტანს ის დასვენებას

№7

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.02, 2021 წელი

თეა დარჩია
დაკოპირებულია

თეა დარჩია 50 წლის გახდა და ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად, საკუთარ სახლში, ულამაზეს გარემოში აღნიშნა. დიდი სიყვარული მიიღო, ბევრიც გასცა და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე განსაკუთრებით ფასეული ურთიერთობებით დაატკბო გარშემო მყოფები.

თეა დარჩია: ჩემი დაბადების დღე ფანტასტიკური გამოვიდა, ისეთი, როგორზეც ვერც ვიოცნებებდი. ეს იმ გოგონების დამსახურებაა, ვისი მასწავლებელიც ვარ. ყველაფერი ძალიან დიდი ძალისხმევის, სიყვარულისა და სითბოს შედეგია. 50 წლის თავზე საჩუქრად შუაცეცხლი გამიკეთეს, რომელიც ჩემთან, ღია სივრცეში, სცენაზე დავანთეთ. ეს ინჰალაციაა, რომელიც ყველა დაავადებას ფილტრავს, არაჩვეულებრივია სასუნთქი გზების ფუნქციონირებისთვის. აბსოლუტურად ყველანაირ ცუდ ემოციას და ბაქტერიას შთანთქავს. ამიტომ სილამაზესთან ერთად სარგებლის მომტანიც იყო. არაჩვეულებრივი ქართველი დიჯეი გვყავდა, რომელიც საღამოს ცხრა საათამდე უკრავდა. იყვნენ ჩემი კოლეგები სუხიშვილების ანსამბლიდან, უფროსი თაობა. სტუმრად გვყავდა ქალბატონი ნინო და ბატონო ილიკო სუხიშვილი. მოვიდნენ ჩემი მოსწავლეები, მათი მშობლები, მეგობრები – ყველა, ვისაც დაპატიჟების გარეშე გავახსენდი. ისინი, ვისაც სუფთა ჰაერზე მუსიკის მოსმენა და ცეცხლის პირას მეგობრებთან ერთად დროის გატარება უნდოდა. რა თქმა უნდა, რეგულაციებს ვიცავდით. ეს იყო ნამდვილი ნეტარება. ცეკვა გინდოდა – იცეკვებდი, ცეცხლი გინდოდა – კოცონთან იჯექი და ერთგვარ თერაპიას იტარებდი. მუსიკა, ურთიერთობა, სმა, ჭამა – ყველაფერი გვქონდა. ეს იყო ცოცხალი ურთიერთობა. ძველი, თბილი დრო გაგვახსენდა. ამ მდგომარეობაში თუ ადამიანებმა ერთმანეთთან არ ვიურთიერთეთ, ფიზიკურად კი, მაგრამ ფსიქიკურად ვერ გადავრჩებით. ცეკვა, მუსიკა, სიყვარული ისევე საჭიროა, როგორც აცრა და უფრო მეტადაც კი, ვიდრე ვაქცინა. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ღმერთი ჩვენთან არის, რომ მას ვუყვარვართ და ვეცადოთ, აზრით მაინც ვიყოთ მასთან ყველა გადაწყვეტილების მიღების დროს. თუ ერთმანეთი არ გვეყვარება, გადარჩენის შანსი არ გვაქვს.

მე ნახევარი საუკუნე ისეთი ტემპორიტმით ვიცხოვრე, ათ ქალს ეყოფოდა სავსე ცხოვრებისთვის, ათ ქალს გააბედნიერებდა ეს ენერგია და ახლა უკან მოხედვა დავიწყე.

– რას ხედავთ უკან?

– მხოლოდ კარგს. ერთი თვისება აქვს ჩემს ტვინს – ცუდს არ ისმენს. როცა ვგრძნობ, ადამიანმა ნეგატივი უნდა გამოუშვას, ჩემი ყურები და ტვინი იხშობა. ის ლაპარაკობს, მაგრამ ჩემი გონება ერთ სიტყვასაც კი არ იმახსოვრებს. ჩემს ტვინს მხოლოდ კარგი ამახსოვრდება, შემდეგ საუკეთესო მომენტებს ამონტაჟებს და ერთი ლამაზი ფილმი გამოდის, რომელსაც მაშინ ვუყურებ, როცა მომინდება. სხვა შემთხვევაში ისე მიმძიმს, რომ ვერ ვუძლებ, არ შემიძლია. მოსულან ჩემთან ადამიანები და ბოდიში მოუხდიათ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ვერ ვიხსენებ რა გააკეთეს საბოდიშო. შოკში ვარდებიან, როცა იგებენ, რომ მართლა არ მახსოვს. ასე უფრო იოლია პატიება, უფრო სწორად, თავიდანვე ნაპატიებია. ასე ვთავისუფლდები იმ სიმძიმისგან, რომელიც შეიძლება, ადამიანმა მომაყენოს.

– როგორ შეგცვალათ წლებმა?

– წლებმა გამაგებინა, რომ თურმე, მართალი ვიყავი მაშინ, როცა ყოველთვის და ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. როცა გავიზარდე და ნახევარი საუკუნის გავხდი, მივხვდი, რომ აბსოლუტურად ყველა შეგრძნება იგივე მაქვს, მხოლოდ უფრო მეტი სიყვარულითაა გაჟღენთილი. მივხვდი, რომ თავის დროზე სწორი ნაბიჯები გადამიდგამს. შეცდომების მეტი რა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, შეცდომებზე დაფიქრება ვიცი, ეს მამამ მასწავლა. მეუბნებოდა ხოლმე, თუ რამე გტკივა, ესე იგი, წარსულში რაღაც შეგეშალა და დღეს ტკივილის სახით იჩინა თავიო. არიან ადამიანები, რომლისთვისაც ყველა და ყველაფერი დამნაშავეა, გარდა საკუთარი თავისა. პანდემია ხომ ცუდად ყოფნისთვის ყველაზე მაგარი მიზეზია, „გაუპრავა“ ასეთ ადამიანს უმოქმედობა, სახლში ჯდომა, უსაქმურობა, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალების დამატებითი საბაბი მისცა. ეს არის პირადი კომფორტი, რომელსაც ადამიანი იქმნის, ეჩვევა და აღარასდროს გამოდის მისი ზონიდან. მე მიყვარს, როცა პირად კომფორტს ვანგრევ. როცა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, აუცილებლად რაღაც უნდა მოვიგონო, ახალი საქმით დავკავდე. სხვანაირად ჭაობი გითრევს, ეგოში იძირები. „ეს რა გავაკეთე, აუ, რა მაგარი ვარო“ – ფიქრობ და რჩები იმ ერთხელ გაკეთებულის ხარჯზე და ამას აყვედრი ყველას. კარგი, ჰო, გავიგეთ, რომ ერთხელ რაღაც გააკეთე და რამდენჯერაც არ უნდა დააყვედრო, კორექტული ადამიანები გაგიღიმებენ, მაგრამ მერე?!

– გულწრფელად მითხარით, არ გქონიათ მომენტი, როცა სიამაყით გიფიქრიათ, თეა დარჩია ვარ, რომელსაც ყველა იცნობს და აფასებსო?

– დამიჯერეთ, ყველამ შოთა რუსთაველი რომ იცოდეს ციტირებით, ის მირჩევნია, ვიდრე თეა დარჩია. რატომ უნდა იცოდეს ყველამ თეა დარჩია, არ მესმის. მოცეკვავეები – გასაგებია, მეგობრებიც და თბილისი, მაგრამ „არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის, ვინ არის თეა დარჩია“ – მე ეს გამონათქვამი ძალიან მთრგუნავს, უფრო მეტიც, მანგრევს. ვინ ვარ? რა ვარ? რატომ უნდა მიცნობდნენ? ყველამ უნდა იცოდეს ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, აღმაშენებელი, თამარი და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება, არ იცოდე ვინ იყო წმიდა სიდონია და იცოდე თეა დარჩია?! ეს რაში წერია? ამას გულწრფელად ვამბობ. მეზიზღება უკვე საკუთარი სახელი და გვარი. ნიკოლოზ რაჭველისა არ იყოს, ლამის თეა გურული დავირქვა. არა, ამას ვერ ვიზამ, ჩემს გვარს ვერ ვუღალატებ. მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, „ტეხავს“ ამგვარი დამოკიდებულება. მე ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ მთელი საქართელო მიცნობდეს. მომავალი, წლები გვაჩვენებს, ვინ რას ქმნის. ერთადერთი, რაც არ იკარგება, ეს გულწრფელი სიყვარულია. სხვა ყველაფერი წარმავალია – ბოროტება და სიძულვილიც კი. სიყვარული უკვდავია, რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა და კარგია, რომ ასეა.

– ბოლო დროს ჭაღარა თმას ატარებდით, ეს ერთგვარი პროტესტი ხომ არ იყო ასაკის წინააღმდეგ?

– ისეთი კარგი იყო, ყოველდღე ვიღებ აპარატს, რომ თმა გადავიპარსო, მაგრამ ისევ ვდებ. ჩემმა დედაომ – იღუმენია სიდონია დარჩიამ მთხოვა, თმა აღარ გადაიპარსო, გაიზარდეო და მაქსიმალურად ვცდილობ, მისი თხოვნა შევასრულო. მე მოცეკვავე ვარ და პროტესტს მხოლოდ ცეკვით გამოვხატავ. ეს მხოლოდ მაშინ გავაკეთე, როცა ბავშვებს თვალები დათხარეს. ცეკვის დროს ჩემს მოსწავლეებს ვთხოვე, ხელი აგვეფარებინა თვალზე. ვცადოთ, როგორია ცალი თვალით ცეკვა-მეთქი. ეს იყო სოლიდარობის, ტკივილის გაზიარებისა და თანაგრძნობის მომენტი. ერთ-ერთ მშობელს გადაუღია, როგორ ვცეკვავდით ცალთვალზე ხელაფარებულები. ბავშვებმა მითხრეს: უი, რა რთულია, თეა მასო – ეგ იყო და ეგ. მაგრამ ამის გამო გამაკრეს ჯვარზე, ნაცადაც გამომაცხადეს, დამწვეს ცეცხლზე, ჩამსვეს ციხეში, ამიკრძალეს ბავშვებთან მიკარება. ვითომ პოლიტიკურად ვანგაჟირებ და ბავშვებს ამ ინტერესებისთვის ვიყენებ. არადა, მე, უბრალოდ, პიროვნებებს ვზრდი. თუ ბავშვს ტკივილის გაზიარება, თანაგრძნობა და ადამიანობა არ ასწავლე, რად უნდა შენი ცეკვა? მე შენი არაფერი მჭირდება, თუ, პირველ რიგში, ადამიანი არ ხარ. ბავშვი ვერ იცეკვებს, თუ პიროვნება არ არის. ეს მხოლოდ ფიზკულტურა იქნება. ცეკვა სულიერების პლასტიკაში მუსიკასთან ერთად გამოხატულებაა.

პანდემიის პირველ ნაკადში ვიცოდი, რომ მეორეც იქნებოდა და კიდევ უფრო რთული. ვგრძნობდი ამას და ახლა აღარაფერზე მაქვს რეაქცია, რადგან მაშინ უზომოდ ვინერვიულე. ჩემი ნერვიულობა გამოიხატებოდა უფასო ონლაინგაკვეთილებში, კოსტიუმებსა და გრიმზე მუშაობის სხვებისთვის გაზიარებაში. მე ჩემი სათქმელი ცეკვითა და ონალინგაკვეთილებით ვთქვი, რომელიც მივუძღვენი ემიგრანტებს, ოთხ კედელში გამოკეტილებს, მშივრებს, არალეგალებს, „ქსანაქსზე“ დამოკიდებულ ქალებს, წონის პრობლემის მქონე ქალებს და ასე შემდეგ. მე მთელი წლის განცდები ამაში ჩავდე. პანდემიის დროს რომ 20 ათას დოლარს აიღებ ვალად და წილკანში მიწას იყიდი ბავშვებისთვის ზაფხულის რეზიდენციის გასაკეთებლად, რომ თბილისში ბეტონის ოთხ კედელში არ ამოიხრჩონ, ნორმალური ხარ? მაგრამ ფული როცა არ არის, ვერაფერს ახერხებ.

– ისედაც დიდი სესხი გაქვთ აღებული და კიდევ დაამატეთ?

– 300 ათასი მქონდა და ღმერთის წყალობით, ორასი ათასი გავისტუმრე. შარშან და შარშანწინ ვირივით ვიმუშავე და ახლა 120 ათასი მაქვს დარჩენილი. ეს ვალი დავამატე, რადგან მივხვდი, რომ თუ მიწა არ გაქვს, დაღუპული ხარ. მინდა, გოგონებსაც ვასწავლო მიწასთან ურთიერთობა, ისინი ბიჭებს ასწავლიან და მგონია, რომ ჩემი გოგონები ბიჭებს გადაარჩენენ. მინდა, ეკოსოფელი გავაკეთო წილკანში. მეოთხე საუკუნის დედათა მონასტერია ჩემს მიწასთან ორ ნაბიჯში, მეორე მხარეს, წმიდა გიორგის მამათა მონასტერია. მათ შუაში, სახნავ-სათესებში ვიყიდე 2 500 კვადრატული მეტრი. ახლა მინდა, ინგლისური სასახლეების მსგავსი გავაკეთო კონტეინერებისგან, რომელიც მერე მცოცავი მწვანე ბალახებით შეიფუთება. შუაში გვექნება აუზი, რომელსაც ასევე, კონტეინერებით გავაკეთებთ. დღე მასში ჩემი გოგონები იჭყუმპალავებენ, საღამოთი კი ამ სივრცეს სცენად გადავაკეთებთ. წილკნელ ბავშვებსაც ჩავუტარებ მასტერკლასებს და თბილისიდანაც ჩავიყვან მოსაწავლეებს. ჩვენთან ლტოლვილთა ბანაკებიდანაც მოვლენ ბავშვები. ორკვირიან ბანაკებს გავაკეთებ, ყველანაირი რეგულაციის დაცვით. მთელი ზაფხული ვიცეკვებთ, ვისწავლით, მიწაზე ვიმუშავებთ. ხვნა-თესვა, ბოსტანი, მოსავლის მოყვანა – ყველაფერს საკუთარი ხელით გავაკეთებთ. მეგობრებს ჩამოვიყვანთ, რომლებიც თავიანთ ცოდნას გაგვიზიარებენ. მაგრამ ამისთვის ფულია საჭირო. ის ოცი ათასი მიწის საყიდლად დამჭირდა. მინდა, სამუშაოები ამ გაზაფხულზე დავიწყო. შაბათ-კვირას ნიჩბებით უნდა წავიყვანო გოგონები, ვაბარინო, ვათოხნინო. საკუთარი ხელით უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ უყვარდეთ. სამწუხაროდ, ძალიან დავშორდით ბუნებას. მაგრამ თესლს რომ ჩააგდებს, აღმოცენდება და ნაყოფს შეჭამს, ხომ გაგიჟდება ბავშვი სიხარულით. ამიტომ ამის საშუალება უნდა მისცე. ყველას არ აქვს „დაჩა“ და ამის შესაძლებლობა, ამიტომ მათ მე დავეხმარები და ყველა ერთად გადავრჩებით.

– თქვენი დასვენება და მოსვენება არ არის…

– ვერ ვისვენებ, ჩემთვის დასვენება სიკვდილის ტოლფასია. ახალ წელს ორი კვირა რომ არ ვმუშაობდი, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ორ კვირაში რვა კილოგრამი მოვიმატე.

– ოჯახში როგორ უძლებენ თქვენს რიტმს?

– როცა მე საქმეს არ ვაკეთებ, ჩემს ოჯახში ყველა ტირის. მაშინ მთელი ჩემი ენერგია მათზე გადადის და გავიძახი: წაიკითხეთ, ვიტამინი დალიეთ, ადექით, ჰაერზე გადით, ტელევიზორს ნუ უყურებთ. სახლშიც მასწავლებელი გამოვდივარ და ისე გავხურდი, უფროსი შვილი – მარიამი მეუბნება, ხანდახან ჩემს დაქალებთანაც მასწავლებელი ხარ და თავს ნუ მჭრიო. ხანდახან ქმართანაც მასწავლებელი ვარ, უკვე გულისამრევია ამ დოზით მითითებები და თავი უნდა ვაკონტროლო (იცინის).

– შლემებზე მუშაობა როდისღა დაიწყეთ?

– შლემებზე პანდემიის დასაწყისიდან გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში ვმუშაობდი. ეს იყო გზა, როგორ გვეცეკვა პანდემიის პირობებში ნიღბებით. მაგრამ ცეკვას ბევრი ჰაერი და თავისუფლება სჭირდება. ეს შლემები ძალიან ლამაზი იყო და დღემდე მახურავს, თუმცა ქართველებმა, როგორც ყველაფერში, ამაშიც დაინახეს გასაკრიტიკებელი მიზეზი, მაგრამ მე ნეგატიურს არაფერს ვიმახსოვრებ.

– თედასკები როგორ შეიქმნა?

– ეს ჩემი ტკივილი იყო. ჯერ კარდონის ფეხსაცმელებით ვცეკვავდი და ყველა თითიდან სისხლი მდიოდა, გადატყავებული მქონდა ფეხები. ცალკე ამბავი იყო შესაკრავი და ის უამრავი დისკომფორტი, რაც ძველი ფეხსაცმელების გამოყენებას ახლდა. ვერასდროს ვიყიდე კომფორტული ფესაცემელი და ამიტომ გადავწყვიტე თედასკების შექმნა ნატურალური ტყავით, რომელიც ძალიან მოსახერხებელია. შეიძლება, კიდევ უფრო დახვეწილი და კომფორტული გახდეს და ასეც ვაპირებ. კიდევ მინდა, საცეკვაო კაბები ვაქციო ყოველდღიურ ფორმად – ულამაზესი იქნება. მაგალითად, ქართული ჩოხა სადაც არ უნდა ჩაიცვა, გამორჩეული ხარ და ამ მიმართულებითაც მაქვს გეგმები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი