რეაბილიტოლოგი თინათინ იმერლიშვილი – მისი პროფესიონალიზმი კარიერაში, უამრავი კმაყოფილი პაციენტი და ბევრი მადლიერი ადამიანი უანგაროდ გაწეული დახმარებისთვის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 01.12, 2023 წელი

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარია საკმაოდ საინტერესო და ლამაზი ქალბატონი, თინათინ იმერლიშვილი თავისი საქმის პროფესიონალი უამრავი მადლიერი პაციენტით, რომელიც თავისი წარმატებული საქმიანობის შესახებ გვესაუბრება.
– ქალბატონო თინათინ, რა პათოლოგიები გვხვდება ახალშობილებში და რამდენად მიზანშეწონილია მასაჟის გაკეთება ჩვილებში?
– იმ შემთხვევაში, თუ დედას ორსულობის დროს მომატებული ტონუსი აქვს, რაც ოცდამეერთე საუკუნის, ასე რომ ვთქვათ, „სენია“, რა თქმა უნდა, ეს ბავშვზე აისახება, მომატებული ტონუსი არ აძლევს ბავშვს სრულყოფილად განვითარების საშუალებას და ამ შემთხვევაში ბავშვი იბადება კუნთების დაჭიმულობით, ანუ ტონუსით. ნაყოფზე გადასული ტონუსი, ძირითადად, 2 თვემდე გადის, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 თვის შემდეგ მიზანშეწონილია ახალშობილის დახმარება. ახალშობილებში ხშირია ტერფმრუდობა, დისპლაზია ცერებზე დგომა და ასე შემდეგ. თუ საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ორ თვემდე ახალშობილის მასაჟს მე საჭიროდ არ მივიჩნევ.
– რა ასაკიდან არის მასაჟი მიზანშეწონილი ბავშვისთვის, თუ ეს მანამდე საჭიროებას არ მოითხოვს.
– სასურველია გამაჯანსაღებელი მასაჟის გაკეთება 4-5 თვემდე, როდესაც ბავშვის სხეული ემზადება ჯდომისთვის, რათა მისი ხერხემალი და მენჯ-ბარძაყი მომზადებული დახვდეს ახალ პოზას ან/და 9-10 თვემდე, როდესაც ბავშვი ნაბიჯების გადადგმას, ანუ სიარულს იწყებს, რათა სწორად ისწავლოს სიარული, რომ შემდგიმში, არასწორი სიარულიდან გამომდინარე, ტანდეგობა არ დაირღვეს, რომელიც სქოლიოზით მთავრდება.
– რას გვეტყვით ტანდეგობის დარღვევასთან და სქოლიოზთან დაკავშირებით.
– ტანდეგობის დარღვევის მრავალი მიზეზი არსებობს: 1. ბრტყელი ტერფი; 2. არასწორად შერჩეული საწოლი; 3. ძილი ემბრიონის პოზაში; 4. ფსიქოემოციური დატვირთვა; 5. არასწორი ჯდომა, რაც ძალიან საყურადღებოა ბაგა-ბაღოს პერიოდიდანვე; 6. ერთი კიდურის დატვირთვა, მნიშვნელობა არა აქვს მემარჯვენეა თუ მემარცხენე. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლაში წასვლის პერიოდში ჩანთის შერჩევას და სწორად ტარებას.
– განკურნებადია თუ არა ტანდეგობის დარღვევა?
– დიახ. ტანდეგობის დარღვევა ადრეულ ასაკში სწორი დიაგნოსტიკითა და მასაჟით ალაგებადი და განკურნებადია. თუმცა, ეს შეუმჩნევლად მიმდინარეობს და თავს იჩენს, როდესაც სქოლიოზში გადადის, ანუ ხერხემალი იწყებს გაღუნვას.
– რას გვეტყვით სქოლიოზზე და ემორჩილება თუ არა რეაბილიტაციას?
– სქოლიოზს რაც შეეხება, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „გაღუნულ კედელს ასწორებს მისი დანგრევა და ხელახლა აშენება”. თუმცა, ადრეულ ასაკში აღმოჩენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სწორი მასაჟით, ის ჩერდება იმ ეტაპზე და ბავშვის ზრდასთან ერთად შეუმჩნეველი ხდება, თუმცა ასაკს და სტადიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ბრტყელტერფიანობასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და განკურნებადია თუ არა ის?
– ბრტყელი ტერფი არის როგორც თანდაყოლილი, ასევე, შეძენილიც. თუმცა, ორივე შემთხვევაში თაღი ყოველთვის ამოდის სწორი მასაჟით. როგორც აღვნიშნეთ ბრტყელტერფიანობის დროს ბავშვი იწყებს არასწორ სიარულს, რა შემთხვევაშიც ირღვევა ტანდეგობა. გარდა ამისა. ბრტყელი ტერფი იწვევს ტკივილს, დაღლას, სიმძიმის შეგრძნებას და დისკომფორტს კოჭ-წვივის სახსარში. ბრტყელტერფიანობის გამომწვევ მიზეზს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და დროულად მოხდეს მისი მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები.
– რჩევა მშობლებს...
– მე მივმართავ მშობლებს რჩევით: სანამ ბავშვი გარდატეხას დაასრულებს, პერიოდულად გაიარონ კონსულტაცია, რათა დროულად აღმოაჩინონ ის უმნიშვნელო დეტალი, რომელიც შემდეგში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ხშირ შემთხვევაში, განუკურნებელიც.
– ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ უამრავი დედა გადაგირჩენიათ ლაქტაციის დროს სარძევე ჯირკვლის პრობლემებისგან, რომლის დროსაც, ხშირ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა ემუქრებოდათ.
– ძალიან მიყვარს მელოგინე დედებთან მუშაობა. მშობიარობის შემდგომ ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, რათა თავიდან აიცილონ ის გართულებები, რაც ლაქტაციას ახასიათებს. როდესაც გაჭირვებული და სიცხიანი პაციენტი დასახმარებლად მომმართავს, ჩემთვის დროს და ადგილს მნიშვნელობა არა აქვს. გაწეული დახმარების გარდა მათ ვაძლევ სათანადო განათლებას – „რჩევა-დარიგებას“, რაც ეხება მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციას როგორც საკუთარ თავზე, ასევე ახალშობილზე, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი გართულებები, რაც ლაქტაციასა და ლოგინობის ხანას ახასიათებს. ხაზგასმით და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ უამრავი პაციენტი გადამირჩენია „ლანცეტისგან“. შეიძლება, გარკვეული დრო და მკურნალობა იყოს საჭირო, მაგრამ შედეგი ყოველთვის გარანტირებულია. თავიდან ბოლომდე ვეხმარები როგორც ლაქტაციის დალაგებაში, ასევე, მის დასრულებაში, ანუ უკან გატრიალებაში. უკმაყოფილო და უშედეგო პაციენტი არასოდეს მყოლია, ეს ღვთის წყალობაა და არა მარტო ჩემი მკურნალი ხელის. და კიდევ, არასოდეს ამყავს სარეაბილიტაციოდ პაციენტი, თუ ეჭვი შევიტანე მასთან შედეგის დადებაში. ჯერ ღმერთთან უნდა ვიყო მართალი, შემდეგ საკუთარ თავთან და მერე, რა თქმა უნდა, პაციენტთან.
– უანგაროდ გაწეულ დახმარებაზე რას გვეტყვით? ვიცით, თქვენი სიკეთეების შესახებ...
– მქონია შემთხვევები, როდესაც პაციენტთან მივსულვარ და მის სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას მიუქცევია ჩემი ყურადღება. არ მაძლევს შინაგანი „მე“ იმის უფლებას, მისგან თანხა ავიღო გაწეული დახმარებისთვის. იმ შემთხვევაშიც კი მიზერებით შემოვფარგლულვარ, როდესაც სარეაბილიტაციაო კურსი საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავდა.
– რას ნიშნავს თქვენთვის, იყო წარმატებული თქვენს სფეროში?
– ჩემთვის წარმატებაა, როდესაც კმაყოფილი და ბედნიერი პაციენტის თვალებს ვუყურებ, რაც უდიდეს ბედნიერებასა და სიხარულს მანიჭებს. ეს არის ჩემი წარმატებაც, გამარჯვებაც და სულის საზრდოც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან