რაზე მუშაობდა ირაკლი წერეთელი სიცოცხლის ბოლოს კოლუმბიის და ჰარვარდის უნივერსიტეტების თხოვნით და როგორ იბრძოდა ის გადასახლებაშიც კი ქვეყნისთვის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 15.01
სოციალ–დემოკრატიული პარტიისა და მენშევიზმის აღიარებული ლიდერი ირაკლი (კაკი) წერეთელი დაიბადა 1881 წელს ქუთაისში. მამა – ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მწერალი გიორგი წერეთელი ევროპაში ყოფნისას დაქორწინდა ნიკო ნიკოლაძის უმცროს დაზე, ოლიმპიადა ნიკოლაძეზე. ირაკლის გარდა მათ უფროსი ქალ-ვაჟიც ჰყავდათ – ელენე და ლევანი. 1883 წელს ორი წლის ირაკლი დედით დაობლდა. მცირეწლოვან შვილებს გიორგი მათი დეიდების დახმარებით ზრდიდა. მალე საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადმოვიდა. 1891 წელს ცოლად შეირთო მწერალი ანასტასია თუმანიშვილი, რომელიც საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილის“ დამაარსებელი გახლდათ.
ირაკლი წერეთლის სულიერ ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინეს მამამ და ბიძამ, ქართველ სამოციანელთა ღირსეულმა წარმომადგენლებმა – გიორგი წერეთელმა, ნიკო ნიკოლაძემ და დედობილმა, ანასტასია თუმანიშვილმა. მათ ჩაუნერგეს ირაკლის საზოგადო საქმისადმი თავდადება და სამშობლოს უანგარო სამსახური. მან კარგად შეისწავლა რუსული, ფრანგული, გერმანული და ინგლისური ენები, ჰქონდა ენციკლოპედიური განათლება, გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებითა და არისტოკრატიზმით.
ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია და ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წელს ის მონაწილეობას იღებს სტუდენტთა მღელვარებაში, რომლის მიზეზი გახდა ნიკოლოზ მეორის განზრახვა – ამბოხებული 200 სტუდენტი გაეგზავნა ჯარისკაცთა ყაზარმებში სამხედრო ბეგარის მოსახდელად. პირველკურსელი ირაკლი წერეთელი, როგორც სტუდენტური ორგანიზაციების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, სათავეში ჩაუდგა მთავრობის საწინააღმდეგო მოძრაობას. ის გახდა მოსკოველ სტუდენტთა აღიარებული ლიდერი და ყველა მიტინგის მთავარი მომხსენებელი, რასაც უნივერსიტეტში ჯარის შეყვანით უპასუხეს.
1000-ზე მეტი სტუდენტი დაიჭირეს და რამდენიმე მათგანი, მათ შორის ირაკლი წერეთელი, 5 წლით აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს. ეს საქმე იმდენად გახმაურდა და იმდენად დიდი იყო მისგან გამოწვეული უკმაყოფილების რეზონანსი, რომ სტუდენტები ერთ წელიწადში გაათავისუფლეს.
1903 წელს ირაკლი წერეთელი თბილისში დაბრუნდა. შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციაში, გახდა თბილისის პარტიული კომიტეტის წევრი. სათავეში ჩაუდგა მამამისის დაარსებულ, მარქსისტული მიმართულების გაზეთ „კვალს“, რომელიც მალე მთავრობამ აკრძალა.
შემდეგ წლებში მან პატიმრობას ევროპაში გაარიდა თავი. დასახლდა ბერლინში, შევიდა უნივერსიტეტში, ესწრებოდა მუშათა კრებებს, იყო პარიზში, მონაწილეობდა ჟენევის სრულიად რუსეთის მენშევიკთა კონფერენციაზე. მძიმე ავადმყოფობის გამო მალე დაბრუნდა ქუთაისში. შერყეული ჯანმრთელობა მკურნალობასა და მოსვენებულ ცხოვრებას ითხოვდა, მაგრამ 1906 წლის შემოდგომაზე სოციალ-დემოკრატთა პარტიამ აირჩია რუსეთის სახელმწიფო დუმის მეორე მოწვევის დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან და ისევ აქტიურად ჩაება რევოლუციურ ბრძოლაში.
მეორე სათათბირო კიდევ უფრო მემარცხენე აღმოჩნდა, ვიდრე პირველი, რამაც ოფიციალური თვითმპყრობელური წრეების ამხედრება გამოიწვია. მეორე სათათბიროზე სხვა ოპოზიციურ სოციალისტურ ფრაქციებთან ერთად ჩამოყალიბდა სოციალ–დემოკრატიულიც, რომლის ხელმძღვანელი 25 წლის ირაკლი წერეთელი გახდა. საპარლამენტო ასპარეზზე მან თავი გამოიჩინა, როგორც ბრწყინვალე ორატორმა, შეუდარებელი ლოგიკითა და თავისებური, განუმეორებელი მჭევრმეტყველებით.
1907 წლის 3 ივნისს სათათბირო დაითხოვეს და დეპუტატთა უმრავლესობა დააპატიმრეს. ირაკლი წერეთელმა ექვსი წელი ციხეში გაატარა, ხოლო შემდეგ, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ახლოს გადაასახლეს. რევოლუციური მოღვაწეობა იქაც არ შეუწყვეტია. მან გააერთიანა გადასახლებული სოციალ-დემოკრატები და პირველი მსოფლიო ომის გამოცხადების დროისთვის ეს ორგანიზაცია უკვე იმდენად გაძლიერდა, რომ ორ ჟურნალს გამოსცემდა – „ციმბირის ჟურნალს“ და „ციმბირის მიმომხილველს“, რომლებშიც გაშლილი იყო სოციალ–დემოკრატიული ინტერნაციონალიზმის პროგრამა.
1917 წლის თებერვლის რევოლუციას ირაკლი წერეთელი ციმბირში შეხვდა. ამნისტიის შემდეგ რევოლუციის ლიდერთაგან ერთ–ერთი პირველთაგანი ჩავიდა პეტროგრადში. აპრილის კრიზისის შემდეგ პირველი კოალიციური დროებითი მთავრობის შემადგენლობაში შევიდა და რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის პოსტი დაიკავა. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველის მოვალეობას ასრულებდა.
1917 წლის შემოდგომაზე ირაკლი წერეთელი საქართველოში იმყოფებოდა. სწორედ აქ შეიტყო ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შესახებ და მაშინვე პეტროგრადში გაემგზავრა, სადაც წყდებოდა დამფუძნებელი კრებისა და რევოლუციის ბედი. 1918 წლის 6 იანვარს დამფუძნებელი კრება დაიშალა. ამის შემდეგ ირაკლი წერეთელი საქართველოში დაბრუნდა და დამოუკიდებლობის დამცველთა რიგებში ჩადგა.
1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ირაკლი წერეთელი საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა. იქ მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართულ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ჟურნალებში, მისი ვრცელი წერილები და სიტყვები სკანდინავიის ქვეყნებშიც კი გამოქვეყნდა.
45 წელს მიღწეული ირაკლი წერეთელი შევიდა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა და ვექილი გახდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ირაკლი წერეთელი, კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თხოვნით, მუშაობდა დიდტანიან წიგნზე – „მოგონებები თებერვლის რევოლუციაზე“ , რომლის დამთავრებაც, სამწუხაროდ, არ დასცალდა.
გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია; ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; www.nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11:00 30.12, 2024 წელი
10:30 23.12, 2024 წელი
10:15 23.12, 2024 წელი