საზოგადოება

რატომ ვერ უყურებს ნინო ზაუტაშვილი ეკრანზე საკუთარ თავს და როგორ დაუბრუნდა ის წარსულს

№6

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 13.02, 2023 წელი

ნინო ზაუტაშვილი
დაკოპირებულია

ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი „ხელოვნური სუნთქვის“ ახალ სეზონში გამოჩნდა. ის კლინიკის დირექტორის როლს ასრულებს და ალბათ, ბევრისთვის სიურპრიზი იქნება იმის აღმოჩენა, რობ ქალბატონი ნინო პირველი პროფესიით მსახიობია.

ნინო ზაუტაშვილი: ეს ძალიან უცნაური და მოულოდნელი იყო ჩემთვის. მე პირველ ცხოვრებაში, პროფესიით, მსახიობი ვიყავი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ წავედი რადიოში, შემდეგ – ტელევიზიაში და მთლიანად ჟურნალისტიკას მივუძღვენი თავი. ადამიანი რომ 20 წელი სცენაზე არ დგახარ, ეს ძალიან ბევრ რამეს ცვლის და ამხელა წყვეტის შემდეგ თავს მსახიობად აღარც მივიჩნევ. მაგრამ ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ეკა მჟავანაძემ, რომელიც სერიალის ქასთინგმენეჯერია, მითხრა, მინდა, „ხელოვნური სუნთქვისთვის“ ერთ-ერთ როლზე გაგსინჯოო. თავიდან სასტიკად ვიუარე. მე ხომ ვიცი, რომ ეს ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო პროფესიაა. თან, სასცენო და სატელევიზიო გამოცდილება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მე მთელი ჩემი ცხოვრება მიჩვეული ვარ პირდაპირ ეთერში მუშაობას. ამას თავისი დრამატურგია აქვს, რომელიც სხვათა შორის, ჰგავს სპექტაკლის დრამატურგიას, მაგრამ ძალიან განსხვავდება სერიალისგან. ამ მხრივ კი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ეკამ პატარა ტექსტი მომცა, იქვე გავითამაშე მოცემული სიტუაცია და უარში სრულიად დარწმუნებული გამოვედი. ვფიქრობდი, რომ ჩემმა მეგობარმა ჩემთვის სიკეთეს გაკეთება მოინდომა და მეც უარი არ ვთქვი. ადამიანი, რომელიც ცნობისმოყვარეა და მე ნამდვილად ვარ ასეთი, რისკებზე ყოველთვის წავა. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში რაღაცები გამოსცადოს, ის, რაც მანამდე არ უგრძნია. ზუსტად ამ ინტერესის დაკმაყოფილების გამო გადავდგი ეს ნაბიჯი.

– სადღაც გულის სიღრმეში მონატრებაც იქნებოდა.

– არა, არანაირი მონატრება. ეს არის არანორმალური შრომა. თუ ვინმეს ჰგონია, მარტივია, ცდება. კი, ამ პროფესიას მოაქვს პოპულარობა, მაგრამ ამის საფუძველი ენით აღუწერელი შრომაა. მეც კი არ ველოდი, რომ სერიალში გადაღება ასეთ შრომასთან იქნებოდა დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, ერთსა და იმავე მოქმედებას რომ 18-ჯერ აკეთებ ერთნაირად...

– ეს ნაბიჯი გადადგით, მაგრამ არ ელოდით, რომ როლზე დაგამტკიცებდნენ?

– ერთი წამითაც კი არ დამიშვია, რომ შეიძლებოდა, როლზე დავემტკიცებინეთ. როცა ეს მოხდა, გავოგნდი. მაშინ ჩემი მეორე თვისება – პასუხისმგებლობა წამოვიდა წინა პლანზე. თუ ვიტყვი, რომ გავაკეთებ, ესე იგი, გავაკეთებ და თავიდან ბოლომდე ჩავერთე ამ საქმეში.

– როლიცაა და როლიც, ერთ-ერთი მთავარი და თან კლინიკის დირექტორის როლი გაქვთ. ეს არ იყო სანერვიულო?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი პერსონაჟის თამაში საპასუხისმგებლოა და ის კარგად უნდა „გახსნა“, ვიღაცების სახით უნდა გყავდეს წარმოდგენილი, როგორია ნელი მჟავია. ყველას ჰყავს ერთი ეგეთი ნაცნობებში და შენ რეალური მაგალითებიდან ეს გმირი უნდა გამოძერწო. მე ვიცნობ ასეთ ქალებს და მათზე დაკვირვებით ვამდიდრებ ჩემს პერსონაჟს. ნერვიულობას რაც შეეხება, ერთ რამეს მივხვდი, წინასწარ ძალიან ვნერვიულობ და ვშფოთავ, მაგრამ როგორც კი საქმის კეთებას ვიწყებ, ნერვიულობას გვერდზე ვდებ და მაქსიმალურს ვაკეთებ.

– რეალურ ცხოვრებაში მედიცინასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ექიმები ძალიან მიყვარს, სამედიცინო სფეროში უამრავი ახლობელი მყავს და სულ ვამბობდი, რომ არა მსახიობი და ჟურნალისტი, აუცილებლად ექიმი გავხდებოდი-მეთქი. ეს პროფესია ძალიან მიყვარს, ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ექიმების მხოლოდ და მხოლოდ მადლიერი ვარ.

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს?

– კარგი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე მხოლოდ პირველი ორი სერია მაქვს ნანახი. ვერ ვუყურებ, მაგრამ მინდა, ნელ-ნელა მივეპარო. ჯერ ერთი, ძალიან ვარ მომატებული წონაში და არ მსიამოვნებს ეკრანზე ჩემი თავის ყურება. მინდა, მოვერიო კილოგრამებს. არ ვამბობ, რომ ისეთი მინდა გავხდე, როგორიც 25 წლის ვიყავი, მაგრამ რამდენიმე კილოგრამი ნამდვილად მინდა, დავიკლო და სანამ ეს მოხდება, მანამდე ეკრანზე ჩემს თავს არ ვუყურებ. მერე მეშინია, ვაიდა, რამე ისე არ მომეწონოს, რომ გადავირიო და სულ დავანებო თავი. პირველი ორი სერიაც სერიალის წარდგენაზე ვნახე და როგორღაც გავუძელი.

– გამოდის, თვითკრიტიკულიც ხართ.

– აუცილებლად. ჩემს მეგობრებს, პირველ რიგში, ვეკითხები – რა არ მოგეწონათ?! მე ყველაზე კარგად ვხედავ ჩემს შეცდომებს და სხვა თუ გამიფრთხილდება და არ მეტყვის, თვითონ აუცილებლად დავაფიქსირებ. პირველ სერიაშიც იყო ასეთი მომენტი და დიდ ეკრანზე რომ ვნახე, გული გამისკდა, მაგრამ მიხარია, რომ ამის შემჩნევა შემიძლია, ეს დამეხმარება განვითარებაში. არ ვარ ტიპი, რომელიც სულ უნდა აქო და „დედა, რა კარგი გოგო ხარ“ უძახო. მწარე სიმართლის დამალვას რომც შეეცადო, მე ისე კარგად ვაფასებ საკუთარ თავს, შენს ლამაზ ტყუილს არ მოვისმენ.

– თავის დროზე რატომ თქვით უარი მსახიობობაზე?

– ახალგაზრდები მივედით თეატრში. ველოდით, რომ ყველაფერი ვარდებით მოფენილი დაგვხვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამასობაში, მე, თეატრთან ერთად, რადიოში დავიწყე მუშაობა. მაშინ დაიწყო აფხაზეთის ომი და რეპორტიორობა მომიწია. ძალიან მძიმე, მაგრამ მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო თემებზე ვმუშაობდი, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი მოლოდინები, რომელიც თეატრს უკავშირდებოდა. ამიტომ, ერთი წამითაც კი არ მინანია, თეატრიდან წამოსვლის გადაწყვეტილება რომ მივიღე. წლების შემდეგ ვითამაშე ერთი სპექტაკლი – მთავარი, ჟურნალისტის როლი მქონდა და მგონი, ცუდი არ იყო.

– სატელევიზიო კარიერაც ისეთი ტემპით წავიდა წინ, სინანულის დრო და მიზეზი, ალბათ, აღარ გქონდათ.

– ცხოვრებაში არაფერი მინანია, მათ შორის, ძალიან დიდი ჩავარდნებიც. ძალიან მშრომელი და დაუზარელი ადამიანი ვარ. 24-საათიანი რეჟიმით შემიძლია ვიმუშაო და ალბათ, ამ ყველაფრისთვის ცხოვრება „სამაგიეროს“ მიხდის, მუდმივად ახალ შეკვეთებს მაძლევს და მეც დაუზარებლად ვასრულებ მათ. ზუსტად ვიცი, სანამ ცოცხალი ვარ, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა