საზოგადოება

რატომ ვერ მოახერხა კობა დავითაშვილთან დამშვიდობება მეუღლემ და რა სურვილი შეუსრულა მას გარდაცვალების შემდეგ

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 28.06, 2021 წელი

კობა დავითაშვილი
დაკოპირებულია

რამდენიმე თვის წინ, ხანგრძლივი და ურთულესი ბრძოლის შემდეგ კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მისმა ცხოვრებამ, უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პრინციპების ერთგულებამ და ადამიანურობამ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი გულშემატკივარი შესძინა და ადრეულ ასაკში წასვლით გული ყველას ძალიან ატკინა. ბატონი კობას ცხოვრების ბოლო პერიოდის შესახებ მისმა მეუღლემ მოგვითხრო, მიუხედავად იმისა, რომ ცრემლების შეკავება ჯერ კიდევ არ შეუძლია და ტკივილთან გამკლავებას რეალობისგან გაქცევით ცდილობს.

ინგა ბიწაძე: 2020 წლის ზაფხულში კობას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მკურნალობის გარეშე ერთი დღეც არ ყოფილა, მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ. თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს და სწყინდა, მის გარეშე თუ რამეს მოვიმოქმედებდი. საავადმყოფოში დროულად არ გამომყვა და ვფიქრობ, ეს გახდა მისთვის საბედისწერო. 4 თვე, ფაქტობრივად, ნორმალურად აღარ უჭამია. წონაში ძალიან დაიკლო და ხუმრობდა, მოლას ვირივით დამემართა, რა დროს ვკვდები, როცა ჭამას გადავეჩვიეო.

ბოლოს უკვე მძიმედ იყო, ხელებიც გაეთიშა, ვეღარ ამოძრავებდა. პანდემია იყო და სანახავადაც ვერავინ მოდიოდა, ექიმიც კი ვერ მოვიდა. ვიჯექით და ვლაპარაკობდით, სხვა რა გვექნა?! ბოლო ოთხი თვე ასე გავატარეთ, ფაქტობრივად, სულ ერთად. უამრავ თემაზე ვსაუბრობდით, სალაპარაკოს რა გამოლევდა და ერთ საღამოს ხუმრობით თქვა, დიდუბის პანთეონში დამასაფლავეთო. ძალიან უყვარდა ეს ადგილი, გვერდით მისი სკოლაა და იქაურობასთან განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს. რა თქმა უნდა, ხუმრობა მეგონა და ჩემი ჭკუით, ავყევი. დიდუბის პანთეონში ადგილი არ არის და მახათაზე გინდა-მეთქი? არა, მახათაზე არ მინდაო, მიპასუხა. ნიაბის წმიდა გიორგის ეკლესიაში არ გინდა-მეთქი, – გავაგრძელე და მიპასუხა, ეკლესიის ეზოში როგორ არ მინდა, დიდი პატივი იქნება ჩემთვისო. კობას ძალიან უყვარდა კასპი, გიორგი სააკაძე და სულ ამბობდა, აფხაზეთის ომში მხოლოდ კასპის გამგებელი იბრძოდა თავისი ბატალიონითო.

22 ნოემბერს მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. 2 დეკემბერს გარდაიცვალა და 6 დეკემბერს დავკრძალეთ მის აღდგენილ ნიაბის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში. აქ როცა ვარ, განვიცდი, ასე შორს რომ წავიყვანე, მაგრამ როდესაც საფლავზე გავდივარ, ვმშვიდდები. ძალიან ლამაზი ხედია სასაფლაოდან, მთელი კასპი ხელისგულივითაა გაშლილი.

– მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიქრობდით ან ექიმები გეუბნებოდნენ, რომ ეს დღე შეიძლებოდა, ასე მალე დამდგარიყო?

– ვიცოდი, რომ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ სიკვდილს ნამდვილად არ ველოდი. ექიმები არ მეუბნებოდნენ, რომ რაიმე საშიში იყო, მაგრამ იმდენად ვერაგი დაავადებაა, ვერ მიხვდები როდის დაიწყება გართულება. როდესაც ბეხტერევის დიაგნოზი დაუსვეს, თავიდან ძალიან ინერვიულა. ეძება, იკვლია, იბრძოლა. მერე შეეგუა, მოერგო... ვიყიდეთ ადაპტირებული საწოლი, დამხმარე საშუალებები და ცხოვრებას ასე ვაგრძელებდით.

– რას ამბობდა, როცა რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილმა დაინახა, რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა?

– მისი ძველი მეგობრებიდან ჯუმბერ თავართქილაძე მიდგას მხარში. კომპანია „ბელუქსიც“ პატიოსნად ასრულებს თავის დანაპირებს და ყოველთვიურად გვეხმარება. სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც ვიღებ დახმარებას. მეგონა, ყველაფერი ვიცოდი კობაზე, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. თურმე, ბევრს დახმარებია და ახლა უკან გვიბრუნებენ სიკეთეს. ავადმყოფობას ძალიან რთულად შეეგუა, მაგრამ ბოლოსკენ დამშვიდდა, ყველას ყველაფერი მიუტევა და აბსოლუტურად სხვანაირად წავიდა ჩვენგან. იდეალური ადამიანი გახდა და წავიდა... გული ძალიან სტკიოდა.

– თურმე, ოჯახის წევრების შეწუხებაც ძალიან ერიდებოდა...

– კი, არ იღებდა დახმარებას და ძალიან მწყინდა. მეხვეწებოდა, პანსიონში ჩამაბარეო, არ უნდოდა, ჩვენ შევეწუხებინეთ და ეს ძალიან მტკენდა გულს.

მის გარეშე ცხოვრებამ ფერები დაკარგა. ნამდვილად დიდი პატრიოტი იყო, ყურებს ვერ დავუჯერე, როცა გავიგონე, რომ ბოლო დღეებში სამშობლოზე ამბობდა ლექსს. იმქვეყნად აფხაზეთის დარდი გაჰყვა.

– როგორია ცხოვრება მის გარეშე?

– ძალიან მტკივნეულია. მგონია, რომ ყოჩაღად ვარ, მაგრამ მასზე საუბრისას ტირილის შეკავება არ გამომდის. ყველაზე რთული ბავშვებზე მთელი პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებაა. ახლა მთელი სიმძიმე ჩემზეა, ადრე მე და კობა ვინაწილებდით. მისგან ყველაფერზე შემეძლო პასუხი მიმეღო, მარტო ოჯახზე კი არა, ქვეყანაზე, მსოფლიოზე, რაც ახლა წარმოუდგენლად მაკლია.

შვილები წამოიზარდნენ და გვერდით მიდგანან, კობა ავად რომ იყო, უფროსები მაშინაც მეხმარებოდნენ, როგორც მატერიალურად, ისე მორალურად, თუმცა, მარტო ყოფნა, მეუღლის გარეშე წარმოუდგენლად რთული ყოფილა. ფილმებში მინახავს, წიგნებში წამიკითხავს ეს რა ტკივილია, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, აუტანლად მძიმე. ვისაც შეუძლია, ყველა მეხმარება, სამდურავი არავისზე მეთქმის. მე კი ამაყი და წელგამართული დავდივარ, რომ მისნაირი ადამიანი მყავდა, მაგრამ მის გარეშე ცხოვრებასთან შეგუება ძალიან მიჭირს.

ბოლო დღეებში ძალიან დამძიმდა მისი მდგომარეობა. ვფიქრობ, ადრე რომ გადამეყვანა კლინიკაში, შეიძლებოდა გადამერჩინა. დავაგვიანეთ და ძალიან განვიცდი ამას, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. ლოგინიდან ვეღარ დგებოდა და საავადმყოფოში წასაყვანად რვა კაცის დახმარება დაგვჭირდა. გონს რომ ყოფილიყო, მაშინაც არ წამომყვებოდა, მაგრამ ბოლოს უკვე წინააღმდეგობის გაწევის ძალაც აღარ ჰქონდა.

ვიტანჯები და სულ ვკითხულობ ექიმებთან, როდის შეგეძლებათ მითხრათ, შეიძლებოდა თუ არა მისი გადარჩენა-მეთქი და მეუბნებიან, დრო უნდა ამის გაგებასო. მაგიჟებს ამაზე ფიქრი – იქნებ შემეძლო და რამე არ გავუკეთე...

ძალიან მორიდებული იყო, სხვისი გულისთვის კედლებს დაანგრევდა, საკუთარი თავისთვის კი არავინ შეაწუხა. ერთი ბიზნესმენი სთავაზობდა, სამკურნალოდ წაგიყვანო, მაგრამ მოერიდა. ბოლო წამამდე არ მეგონა, რომ დავკარგავდი, მაგრამ ახლა ვხვდები, თითქოს, თვითონ გრძნობდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა და შეიძლება, იმიტომაც ჯიუტობდა და წინააღმდეგობას გვიწევდა.

– ბევრი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რისი გადატანაც მას მოუხდა აქციების დროს, ვგულისხმობ მასზე ფიზიკურ ძალადობას, რას ამბობდნენ ექიმები?

– შვიდი ადამიანი სცემდა რკინის ჯოხებით. თავში ურტყამდნენ, დიდი იყო ფიზიკურად და ვერ ერეოდნენ, ამიტომ მაქსიმალური სისასტიკე გამოიჩინეს. მერე პრობლემები დაეწყო, მაგრამ დიდი ხანი ვერ დასვეს დიაგნოზი, რადგან საქმე რთულად ამოსაცნობ დაავადებას ეხებოდა.

– ანუ გამომწვევი არა, მაგრამ მაპროვოცირებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

– ამ დაავადებით დიდხანს ცხოვრობს ხალხი. ექიმებიც ამიტომ მამშვიდებდნენ. მეც მშვიდად ვიყავი, არ მეგონა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა. ყველაფერს ვუკეთებდით, რაც აუცილებელი იყო და რომ მგონებოდა, ასეთი რამ მოხდებოდა, ქვეყანას შევძრავდი. მაგრამ მეც აღარ მქონდა ძალა. შარშან გაზაფხულზე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია გავიკეთე და ძალიან სუსტად ვიყავი, თან, ყველაფერზე წინააღმდეგობას გვიწევდა. ღებინება ჰქონდა, ოთხი თვე საჭმელი ნორმალურად არ უჭამია. შევთანხმდით, რომ ექიმთან წავიდოდი და იქიდან დანიშნულებით რომ დავბრუნდი, მისაყვედურა. არ მაწუხებს ღებინება, ხელებს რომ ვეღარ ვგრძნობ, მხოლოდ ეგ მაწუხებს და სანამ სრულ ჭკუაზე ვარ, ჩემ ნაცვლად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებასო. სულ ჭიდილი გვქონდა და ბოლოს ვეღარ ვეჭიდავებოდი. აღარ მინდოდა, ამაზეც მენერვიულებინა და მის ნებას მივყვებოდი. რეანიმაციაშიც ვერ შევედი. ისევ მის გამო გავჩერდი. ექთანმა მითხრა, შენი ხმა რომ გაიგონოს, შეიძლება ინერვიულოსო. ამიტომ დამშვიდობებაც ვერ მოვახერხე. ძალიან ვნანობ... ჩემი ბიჭი გაგიჟდა, დედა, არ შეიძლება ასეთი რამ, მერე რა რომ პანდემიაა, ადამიანს უნდა მისცენ ოჯახის წევრთან დამშვიდობების საშუალება, ეს არადაამიანური საქციელიაო.

– ბოლო საუბარი მასთან...

– სასწრაფოთი რომ წავიყვანეთ, მაშინ ვესაუბრე ბოლოს. ძალიან ცხელოდა სასწრაფოს მანქანაში და ვეღარ გავჩერდი შიგნით. ისეთი ტემპერატურა იყო, ვგრძნობდი გული წამივიდოდა. გადმოვედი, მას სციოდა და კარის დახურვა მთხოვა. დავხურე. მას შემდეგ აღარ მინახავს. მისი ტელეფონი ახლაც ჩართული მაქვს და ათასში ერთხელ დარეკავს ხოლმე, მიხარია, რომ ცოცხალი ჰგონიათ, ზოგჯერ მესიჯი მოდის, „ფეისბუქშიც“ მეხმიანებიან და ძალიან მიხარია.

ბოლო ოთხი თვე ძალიან ტკბილი იყო შვილების მიმართ, ყველას სიყვარულს უხსნიდა. თორნიკე განიცდიდა ძალიან: რა არ გავაკეთე, რომ მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ვერაფრით მივიღე საქებარი სიტყვები, ძლივს მითხრა, მიყვარხარო და ახლა აღარ არისო. ბოლო ერთი თვე ყველა ერთად ვუვლიდით და ბავშვებმა ისე განიცადეს მისი წასვლა, რომ ვერ აღგიწერთ. მე სირაქლემასავათ ვარ, არ მინდა ამაზე ვიფიქრო და დავიჯერო, რომ ჩვენგან წავიდა. რაღაც პერიოდის შემდეგ სასწრაფო იყო მოსული აქ და იკითხა, ეს ის სახლია კობა დავითაშვილი რომ ცხოვრობდაო? პირველად მაშინ გავაცნობიერე, რაც მოხდა და საშინლად მომხვდა გულზე. ცხოვრობდა რას ნიშნავს-მეთქი. თავს ვიმშვიდებ, რომ ეს ისევ მისი სახლია და ისევ ცხოვრობს. თითქოს არ მინდა, იმის გაცნობიერება, რაც მოხდა. ალბათ, ეს თავდაცვის მექანიზმია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა