საზოგადოება

რატომ ვერ იტანდა კოტე მახარაძე ფეხბურთს ბავშვობაში და როგორ შეცვალა მისი პირადი ცხოვრება ვერიკო ანჯაფარიძემ

№33

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

კოტე მახარაძე
დაკოპირებულია

ოცნების მაქსიმუმი

„დავიბადე თბილისში, როგორც ხედავთ, ამქვეყნად მოვლინების პირველივე ნაბიჯი საოცრად იღბლიანი გამოდგა, უკეთეს ვარიანტს ვერც ინატრებს კაცი და არც მინატრია. ქართველი ვარ, ეს, ოცნების მაქსიმუმია. კვაჭი კვაჭანტირაძისა არ იყოს – მამით გურული, დედით – მეგრელი. ესეც განგების დადგენილია. დავიბადე და გავიზარდე თბილისის, შეიძლება ითქვას, ელდორადოს ცენტრში – რუსთაველის მოედანზე, ადრე „ზემელს“ რომ უწოდებდნენ, რომელიღაც გერმანელი პროვიზორის საპატივცემულოდ...“ – ამბობს კოტე მახარაძე, თბილისისთვის და თბილისელებისათვის ძალზე გამორჩეული კაცი, რომელმაც თავისი დიდი არტისტიზმით, ხმის ტემბრითა და ოჯახით ყველას თავიდანვე შეაყვარა თავი. „ასაკს გამოცდილება ხომ მოაქვს და ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში სიბრძნე დევს. მერე არის პერიოდი, როცა ბევრ როლს თამაშობ, მეტ წიგნს კითხულობ... ბავშვობიდან მიყვარდა წიგნების კითხვა, ამიტომ ჩემს თავს წიგნიერ ადამიანად ვთვლი. ჩემზე განათლებული ხალხიც არის და უფრო გონიერიც, მაგრამ მე ცხოვრება მიქმნიდა ისეთ პირობებს, რომ წიგნი იყო ჩემი დასაყრდენი. მე გეტყვით მასშტაბური თეატრიდან ჩემი განდგომის შესახებ. თუმცა, მე ოფიციალურად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, სადაც გაქრა ჩემი სამუშაო – სხვა სტილისტიკა ინერგება და მე განზე ვდგავარ. რატომ ავირჩიე ეს გზა? იცით, მე გავთავისუფლდი მონობისაგან და ამ მონობას დღევანდელ თეატრში ქმნის რეჟისურა. არტისტი, ხომ, ისედაც მონაა, სხვის დაწერილს კითხულობს, არა? აი, წერია: „ყოფნა, არყოფნა“ ან „რად არ მეშლება ეს სხეული“ და მორჩა – ამას ისე კი არ ამბობ, როგორც შენ ხედავ, არამედ ისე უნდა თქვა, როგორც იმ კაცს უნდა და ვერ შეედავები, ვინაიდან ის არის რეჟისორი. ვერიკო ანჯაფარიძესა და აკაკი ხორავასაც ჩაუსწორებდა ახალგაზრდა რეჟისორი. თუ ვერიკოს უსწორებ, კოტეს, მით უმეტეს, უნდა გაუსწორო. და რა გამოდის? ის მისწორებს, ეს მისწორებს, არადა მე თუ ცოტა ჩემებურად ვითამაშე, თქვენ, თეატრმცოდნეები, იტყვით — ანსამბლს არღვევსო. ვიფიქრე, რომ შეიძლება, არსებობდეს თეატრალური ფორმა, რომელიც მიესადაგება კოტე მახარაძის ბუნებას. აქ მე ვირჩევ, რა მაქვს სათქმელი, აქ მე ვირჩევ ნაწარმოებს, თვითონ ვთამაშობ და არავინ მეხმარება. ჩავარდა სპექტაკლი? ვეღარ იტყვიან — კოტე კი კარგი იყო, მაგრამ ვიღაცამ მხარი ვერ აუბაო“... და ასე შექმნა მან, სოფიკოსთან ერთად, ფიქრის გორაზე „ერთი მსახიობის თეატრი“.

„ტრენინგი და მუშტრა“

„რეპორტაჟი ხომ დაუსრულებელი იმპროვიზაციაა და მეტი არაფერი. განა ტემპორიტმის გრძნობა, პაუზის ფასი და ღირებულება შეიძლება სადმე ისე შეიგრძნო, როგორც ცეცხლოვანი რეპორტაჟის დროს? ან უნარი ხალხის ყურადღების მაქსიმალურად დაძაბვისა, მოზიდვისა? განა მსახიობი მახარაძე „მოთელვაზე“ არ არის კომენტატორის ჯიხურში? განა სასცენო მეტყველების ყოველდღიური სავარჯიშოები, ენის გასატეხი, ესოდენი რუდუნებით რომ გვაწვდიან პედაგოგები ინსტიტუტში, არ პოულობენ ყოველდღიური ტრენინგის მშვენიერ ასპარეზს?.. სტანისლავსკის სისტემის ქვაკუთხედი დრამის მსახიობისათვის სწორედ ასეთი სამუშაო-პარტიტურის შექმნა იყო. „ტრენინგი და მუშტრა“ – ასე უწოდა მან თავის ცნობილი წიგნის ერთ, უმთავრეს თავს, რომელიც ზემოაღნიშნულ საკითხებს ეხება. მე ხომ ყოვლდღიურად ვატარებ „ეგზერსისებს“, გავდივარ „ვოკალიზებს“. ენის გატეხვის მეტს რას ვაკეთებ, ლამის მართლაც მომტყდა ენა. ძალზე იშვიათად, მაგრამ მაინც მომხდარა ისე, რომ ერთსა და იმავე დღეს, ჯერ რეპორტაჟი წამიყვანია და შემდეგ, სცენაზე გამოვსულვარ, იშვიათად, იმიტომ რომ თეატრი ყოველთვის ანგარიშს მიწევდა, პატივს მცემდა და მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ყველაფერი ასეა. დიდი მადლობა თეატრს, მაგრამ ასეთ იშვიათ შემთხვევებშიც კი არასოდეს მიგრძნია სიტუაციის ექსტრემალურობა. ყოველთვის მოვდიოდი ან მოვრბოდი თეატრში მხნე და ჯანსაღი, ზომიერად აღგზნებული და, რაც მთავარია, ზეაწეული, სპორტულ განწყობილებაზე მყოფი. ვიკეთებდი გრიმს, სიამოვნებით ვსაუბრობდი კოლეგებთან, რომელნიც ასეთ დროს, როგორც წესი, გარს მერტყმიან და შეკითხვას შეკითხვაზე მაყრიან, ერთი სიტყვით, კვლავაც სპორტულ-მაჟორულ ტალღაზე ვრჩებოდი. იწყებოდა სპექტაკლი და მეც სცენისკენ მივიჩქროდი. იქნება ვინმემ ეს შეუფერებელ ამჩატებად ჩათვალოს ან ზერელე დამოკიდებულებად თეატრის მიმართ. მომკალით და, მე, ასე არ მეჩვენება. არ მჯერა იმ მსახიობების, სპექტაკლის დღეს, დილიდანვე რომ ჩარაზავენ სახლის კარებს, დარაბებს საგულდაგულოდ ჩაკეტავენ, სამსახიობო საპირფარეშოში არავის არ იკარებენ. მხოლოდ თავსაფარი და ჩადრიღა აკლიათ. ასე ხარს ამზადებენ კორიდის წინ. სამი დღით ჩაამწყვდევენ ბნელ ოთახში, სამ დღეს არ აღირსებენ დღის სინათლეს და საცოდავი გიჟივით გამოენთება სარბიელზე. სპექტაკლის შემდეგ კი, ეს მსახიობები, დიდხანს დიდხანს ვერ მოდიან გონს, განცდილს ინელებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულობისა და დიდმნიშვნელობის უბრალო თამაშია, თავის დაფასების პრიმიტიული მცდელობა... თეატრი რთული და ძალზე არაერთმნიშვნელოვანი ორგანიზმია. აქ შეიძლება, ზოგჯერ წარმატებამ სიხარული კი არ მოგანიჭოს, არამედ ტკივილად გექცეს... თუ საჭიროა, ჩვენ არამსხვრევადები, წყალგაუმტარები, უჟანგავები და რკინაბეტონისანიც კი ვართ, თუმცა იმის შესახებ, თუ რა უღირს მას თითოეული გავლილი ნაბიჯი, მხოლოდ თავად მსახიობმა იცის“...

რაც მიწის ზემოთ არის...

„...არ ვატყუებდი ქალებს! თუ ვიტყოდი, ვთქვათ ცოლად გითხოვ — ვთხოულობდი. რასაც ვამბობდი, ვასრულებდი. რატომ უნდა მოვატყუო ქალი, რომელიც მომწონს და მიყვარს. ისე, უნდა გითხრათ, რომ მეტიჩრულად კი არა, სწორად ვყელყელაობ. ქალს ცოტა მეტად უნდა მოაჩვენო თავი, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ახლა, თუ მაინცადამაინც შურიანი ხარ, ნუ გადმოანთხევ შენს ბოროტებას – რა საჭიროა! ის ქალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგ მამაკაცს უყვარს... რაც დედამიწაზეა, რაც დაფრინავს, რაც მიწის ზემოთ არის – აი, იმ ყველა არსებათა შორის ქალი უმაღლესი რანგის არსებაა. ამ სამყაროში, ის ყველაზე დიდი მშვენიერებაა და როცა ამ ქალს შენ ირჩევ – იცით, ეს რა დიდი ბედნიერებაა? ძალიან კარგი სიტყვაა რჩეული! მე ვთვლი, რომ ქალის გარეშე, მისი მონაწილეობის გარეშე, მისი კონკრეტული და უდიდესი როლის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი იქნებოდა...“

ჩემი დოღი

„მეათე წელში ვიყავი და რასაკვირველია, ვიცოდი სხვა სპორტული სახეობების არსებობის შესახებაც, მაგალითად – ფეხბურთის. თანატოლები ხომ დღე და ღამ ბურთს დასდევდნენ. მამას ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დავყავდი სტადიონზე, თუმცა მატჩებს ჩემზე მნიშვნელოვანი და საჭირო გავლენა არ მოუხდენიათ, შესაძლოა, ეს მხოლოდ ასაკის ბრალი იყო და ფეხბურთი მთლიანობაში ვერ აღვიქვი. ყოველ შემთხვევაში, საერთოდ არ დამამახსოვრდა, თუ არ ჩავთლით წინა 5-6 რიგში მჯდომარე ხალხს, რომლებიც ყიჟინითა და შეძახილებით წამოხტებოდნენ ხოლმე ადგილებიდან და კიდევ, წითელ, მწვანე და ცისფერ მაისურებში მობურთავე მოთამაშეებს. დანარჩენი ყველაფერი წაიშალა მეხსიერებიდან. ერთ საღამოსაც გაკვეთილებს ვსწავლობდი და მეორე ოთახიდან მშობლების კამათი შემომესმა, ჯერ ვერ ვარჩევდი, თუმცა მერე ნელ-ნელა გავარჩიე მათი სიტყვები და ღმერთო ჩემო, ეს რა გავიგე დედაჩემის პირიდან.

– ბიჭი მალე ათის გახდება და ამ სულელური დოღის მეტი არაფერი უნახავს!.. სტადიონზე უნდა წაიყვანო.

– მყავდა წაყვანილი და თან, არა ერთხელ, – იმართლა თავი მამაჩემმა, – მას ფეხბურთი არ აინტერესებს.

– პაიჭაძის თამაში უნდა ვაჩვენო, – დაარწმუნა დედაჩემმა, – ამას თავად გავაკეთებ.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა. ბოლო სიტყვა მებრძოლ და ენერგიულ დედაჩემს დარჩა. მე ხომ საწინააღმდეგო აზრებითა და გრძნობებით მჟღენთავენ. კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები. რატომ უწოდა დედამ ჩემს საყვარელ დოღს სულელური? რატომ უნდა გავცვალო წმინდა ადგილი – იპოდრომი, რაღაც სტადიონზე? და საერთოდ, ვინ არის ეს პაიჭაძე?..“

სოფიკო

„ერთხელ, საკმაოდ ცხარე კამათის დროს თემაზე: არა, სოფიკო ასეთია, არა ისეთიო, ვერიკომ ხელი მაღლა შემართა, მოკამათენი გააჩუმა და ამაყად განაცხადა: სოფიკოს ნუ მასწავლით, ჩემზე უკეთ ვინ იცის, ჩემი ქალიშილი ასეთია თუ ისეთიო. ჩემთვის ჩუმად ვიჯექი მაგიდის კუთხეში და გუნებაში მეცინებოდა – ეს ბრძენი ქალი როგორ ცდება-მეთქი. ჩემთვის, რომ დაესვათ იგივე შეკითხვა: როგორია სოფიკო ჭიაურელი? წყნარად ვუპასუხებდი: ღმერთმა უწყის... მან უწყის როგორია ეს სირთულეებითა და ათასგვარი ნაირფერადი წახნაგებით ნაქსოვ-ნაგები ქალბატონი. თუ ვინმე სხვა აზრის ბრძანდებით, დამდეთ პატივი და მეც ამიხსენით – როგორია სოფიკო!...

...ყველას ჰგონია, რომ სოფიკოს ბავშობიდან ვიცნობ. არც ვიცოდი ვერიკო ანჯაფარიძეს ქალიშვილი თუ ჰყავდა. ერთხელ რეზო ჩხეიძე შემხვდა, ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი და, „ჩვენი ეზო“ უნდა გადავიღო და ვერიკოს ქალიშვილი მოვიწვიოო. მოვკვდი სიცილით. გაგიჟდა რეზო – შენ თბილისში არ ცხოვრობო?.. ვიჩხუბეთ, ეგონა, დავცინე. აი, ასე გავიგე სოფიკოს არსებობა. „ბაბთიანი გოგონა“ რომ ითამაშა, ძალიან მომეწონა. ვერიკოს ვუთხარი, ეს რა გოგო გყოლიათ, რა მსახიობია-მეთქი. მიდი და ეგ შენ უთახრიო. მივედი, ვაკოცე, მივულოცე და ასე გავიცანი. ერთად რამდენი წელიწადი ვიმუშავეთ მარჯანიშვილის თეატრში, მაგრამ ფიქრადაც არ მომსვლია არაფერი. ვერიკოსა და მიშა ჭიაურელის შვილზე მე, ბიბლიოთეკის გამგისა და რიგითი ეკონომისტის შვილს, თეორიულადაც კი არ შემეძლო ამაზე ფიქრი. ერთი პერიოდი სოფიკო რუსთაველის თეატრში წავიდა. მარჯანიშვილში რომ დაბრუნდა, აი, მაშინ დაიწყო რაღაც სხვა. საერთოდაც, ვერიკოს „ბრალია“ ყველაფერი. „ურიელ აკოსტა“ აღადგინა. ურიელი მე ვითამაშე, ივდითი – სოფიკომ. ჰოდა, ერთ რეპეტიციაზე მე გავბრაზდი, რადგან ვერიკო ზუსტად ისე გვთხოვდა და გვაკეთებინებდა, როგორც კოტე მარჯანიშვილმა დადგა. მეც ავდექი და და ლექსი დავწერე: „ვერას დააკლებს ჭია ურიელს, თუმცა გულს უღრნის ჭია ურიელს, ეს შეეხება ანჯაფარიძეს განსაკუთრებით კი – ჭიაურიელს!“ გადაირია სოფიკო, რას ნიშნავსო. მეც ვუთხარი, იმას, რასაც ნიშნავს-მეთქი. იცით, სოფიკოსი მეშინია, კი არ მერიდება, არა, სწორედაც, რომ მეშინია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გამლახავს, იმიტომ რომ მართალი იქნება.

მოსკოვში წავედით გასტროლებზე. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მე და სოფიკო ერთად უნდა ვიყოთ, მორჩა და გათავდა... „რუსკაია სკაზკაში“ ვივახშმეთ მეგობრებთან ერთად. იქედან გამოვედით და გაჯიუტდა. სხვა გზა აღარ მქონდა, შენთან მაინც არაფერი გამომივა ცხოვრებაში-მეთქი და უზარმაზარ თოვლიან ხრამში გადავეშვი. წამებში მოხდა ყველაფერი. ვიდრე დავეცემოდი, დავინახე როგორ აიკაპიწა ქურქი და ისიც გადმოეშვა. მოკლედ, გადავრჩით. არადა, სად ვიხოცებოდით?!.

ისეთი რამები გამიკეთებია მისთვის... 37 წლის რომ გახდა, ორი დღის გამოჩეკილი 37 წიწილა მივგვარე. რამდენიმე წლის წინ, პატარა ჩოკინა მივიყვანე ყვითელი შლაპით და წითელი ბაბთით. ისეთი ამბავი იყო, პურმარილი ჩაიშალა. თან, ფეხი უსრიალებდა პარკეტზე, ახლა, ყროყინი რომ დაიწყო... მერე ისე მიეჩვია... ჩვენი სახელების პირველი, ორი ასო ავიღეთ და კოსო დავარქვით. რომ წამოიზარდა, ზოოპარკს ვაჩუქეთ. დათვის ბელიც მიმირთმევია ჩემი ცოლისთვის და სამეფო ხოხობიც. 60 წლის რომ შესრულდა, ულამაზესი ფარშევანგი გამოვიყვანე სცენაზე. მერწმუნეთ, სხვაგვარად ცხოვრებას აზრი არა აქვს, თორემ საკაბის ყიდვას რა უნდა?.. ყველაზე მეტად, იცით, რისი მეშინია? სოფიკო ჩემზე ადრე არ წავიდეს ამქვეყნიდან. მის გარეშე დარჩენა წარმოუდგენელია ჩემთვის... ამაზე, ფიქრიც კი საშინელ დღეში მაგდებს. სოფიკო ერთია, ერთი!.. ხელმარჯვე ქალია, ხელმარჯვე, მაგრამ ჯიუტი. მე მგონია, მსახიობი ვითხოვე ცოლად, არადა „პრარაბი“ შემრჩა ხელთ. დიახ, მშენებლობაზე შეყვარებული მეუღლე მყავს! მამამისს ჰგავს, მიშა იყო ასეთი მოუსვენარი. სხვათა შორის, ამ სახლს მესამე სართული მე და სოფიკომ დავაშენეთ. ჯვარიც მაქვს სოფიკოთან დაწერილი სვეტიცხოველში, „ზაგსის“ ქაღალდიც მაქვს და... სოფიკო ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია!“

პირველი ნაბიჯები

„პირველად „მაკნატუნა“ 1936 წელს დაიდგა და 10 წლის ასაკში მაკნატუნა ვიცეკვე. ამ სპექტაკლის დირიჟორი იყო გენიალური ევგენი მიქელაძე და მხატვარი – გენიალური სოლიკო ვირსალაძე… 7 წლის ვიყავი, ჩემი და კი 8 წლის იყო დედამ რომ მოგვკიდა ხელი და თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში – საბალეტო სკოლაში წაგვიყვანა. წარჩინებით დავამთავრე სასწავლებელი და დადგა საკითხი, სად წავსულიყავი. ამ დროს ვნახე აკაკი ხორავა ოტელოს როლში და ყოველგვარი კერპები დაიმსხვრა – არც ბალეტი მინდოდა, არც არაფერი. მინდოდა, ხორავა გამოვსულიყავი. ჩემი თაობის უმრავლესობა იმიტომ შევიდა თეატრალურში, რომ ხორავობა უნდოდა. ხორავა არც ერთი არ გამოვედით, მაგრამ მსახიობები კი გავხდით. ძალიან ბევრი როლი ვითამაშე, ცუდად თუ კარგად – ეს მაყურებლის შესაფასებელია. ის კი არა, ნორჩი, გიმნაზისტი ვლადიმერ ლენინიც ვითამაშე. მხოლოდ პრიმიტიულ ადამიანებს ჰგონიათ – ეს როგორ უნდა ითამაშო?! საინტერესო როლი იყო და რატომ უნდა მეთქვა უარი? არტისტი ვარ და ეშმაკიც უნდა ვითამაშო, ჯოჯოხეთის მაშხალაც და ღვთაებაც, თუ შემიძლია.”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №34

25–31 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა