საზოგადოება

რატომ ვერ გახდა სტალინი მერაბ კოკოჩაშვილის ზურგი მიხეილ ჭიაურელის მსგავსად

№11

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 25.03

მერაბ კოკოჩაშვილი
დაკოპირებულია

მერაბ კოკოჩაშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საბჭოთა ცენზურის სიმწვავე იწვნია, ტკივილი იგემა, თუმცა იბრძოლა, გარისკა, იეშმაკა (კარგი გაგებით) და თავისი გაიტანა. დღეს წარმოგიდგენთ ამონარიდებს მისი პუბლიცისტური ნარკვევიდან – „ვინც თავისი თავი შექმნა“.

რუსთაველი – კინოთეატრების პროსპექტი და მოსკოვში ცხოვრების გაჭირვების „კომუნა“

„40-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების დასაწყისში კინო საზოგადოებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი უძლიერესი საშუალება იყო. რუსთაველი იყო კინო-თეატრების პროსპექტი. მაშინ რუსთაველის პროსპექტზე 10 კინოთეატრი მაინც ფუნქციონირებდა. ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში აუარებელი უცხოური ფილმი შემოვიდა. საშუალება გვქონდა, ყოველ ორშაბათს ახალი ფილმი გვენახა, რაც ჩვენზე მოქმედებდა და შთაბეჭდილების ქვეშ გვაქცევდა. ინტერესი იმხელა იყო, რომ ზოგჯერ სკოლის მაგივრად კინოში მივდიოდით დილის სეანსზე. ყოფილა შემთხვევა, როცა კინოსეანსის დროს, უცებ, ანთებულა შუქი და კარში მდგომი სკოლის დირექტორი დაგვინახავს. მერე ყველას სკოლაში მიგვერეკებოდა გაკვეთილებზე. ასე რომ, კინო მაშინ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თანაც, ბევრი საინტერესო ქართული ფილმი გამოვიდა. „ქეთო და კოტე“ 5-6-ჯერ მაინც მქონდა ნანახი. ვფიქრობ, ამ გატაცებამ დიდი ზეგავლენა იქონია ჩემი პროფესიის არჩევაზე“.

1953 წელს მერაბ კოკოჩაშვილი მოსკოვში წავიდა და მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩაირიცხა. ეგრეთ წოდებული, „ვგიკი“, კინორეჟისორის კვალიფიკაციით, მან 1961 წელს დაამთავრა. „დედას ძალიან არ უნდოდა ჩემი მოსკოვში გაშვება. ერთადერთი შვილი ვყავდი. ჩვენს მეზობელთან, უშანგი ჩხეიძესთან, ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე და მან უთხრა დედას – ძალიან უნდა წასვლა და არ შეიძლება აკრძალვა, გაუშვიო. დედამ დაუჯერა და ასე მოვხვდი მოსკოვის ინსტიტუტში“.

მოსკოვში ჩასვლისთანავე მერაბ კოკოჩაშვილმა თავის „კინემატოგრაფიულ ნათლიას“ – მიხეილ ჭიაურელს მიაკითხა და მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩაბარების სურვილი გაანდო. მიხეილ ჭიაურელს მისი განზრახვა არ მოსწონებია და უთქვამს: შენც და შენი მეგობრებიც სულელები ხართ, ფილმებს მაინც არავინ გადაგაღებინებთ. სულ ოც სურათს ვიღებთ და ყველაფერი განაწილებულიაო. ჭიაურელს მერაბ კოკოჩაშვილისთვის იმ 20 რეჟისორის გვარიც ჩამოუთვლია, ვისაც უახლოეს წლებში ფილმები უნდა გადაეღო. „ყურები ჩამოვყარე და წასვლა დავაპირე. გამაჩერა და მითხრა: თუ გინდა, ხუთ წუთში გეტყვი იმას, რაც ხუთი წლის განმავლობაში უნდა ისწავლოო. სმენად ვიქეცი. იმისათვის, რომ რეჟისორი გახდე, სამი რამ არის საჭირო, – მიხსნიდა მიხეილ ჭიაურელი, – უპირველეს ყოვლისა, საჭიროა „ერთი ადგილი“ (რბილად ვამბობ, თორემ ბატონი მიშა ყველაფერს თავის სახელს არქმევდა) და რადგან ამ სიშორეს ჩამოეთრიე, ესე იგი, ეს „ერთი ადგილი“ გქონია; მეორე – უნდა გქონდეს ზურგი. იცი რა არის ზურგი? თვალები მორცხვად დავხარე, ვინაიდან მისი დახმარების იმედი მქონდა. ბატონი მიშა გაიწია და მის უკან კედელზე სტალინის სურათი დავინახე რუსული წარწერით –„ძვირფას მიშას! იოსებ სტალინი“. აი, ეს არის ზურგიო, – მითხრა. წასვლა რომ დავაპირე, გამაჩერა – ბარემ, მესამე პირობასაც გეტყვიო, – მესამე ნიჭია, – მითხრა და დაამატა: – მოთმინება, მოთმინება და კიდევ მოთმინება...“

მიხეილ ჭიაურელისგან წამოსულმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა და ინსტიტუტში ჩაბარებითა და სწავლით სამი პირობიდან ორი მაინც შეასრულა. მან ყველას აჩვენა, რომ „ერთი ადგილი“ ნამდვილად ჰქონდა და ნიჭმაც ხელი შეუწყო, წარმატებული კინორეჟისორი დამდგარიყო. „სხვათა შორის გამოცდები კარგად ჩავაბარე, მაგრამ სამწუხაროდ, პირველ ჯერზე, სიაში არ მოვხვდი. მივმართე დეკანატს და ვიკითხე – უმაღლესი ქულები მაქვს და სიაში – 36, ვინც თავისი თავი შექმნა რატომ არ ვარ-მეთქი. მითხრეს: შენ კიდევ ერთი გამოცდა უნდა ჩააბაროო. დამიბარეს. მივედი და სამანდატო კომისიის წევრებმა მამაზე დამიწყეს საუბარი. 1953 წელია და ჯერ არ იყო მამა რეაბილიტირებული. გამომკითხეს, რას აკეთებდა მამა. ვუთხარი, რომ მუსიკოსი იყო და ვიოლინოზე უკრავდა. სხვა არაფერიო? – ჩამაცივდნენ დაკვირვებით. – მე მხოლოდ ეს ვიცი-თქო, – ვუპასუხე. დამანებეს თავი და მეორე დღეს უკვე სიაში ვიყავი. ბატონი მიშას გავლენა რომ არა, შესაძლოა, ჩემი ოჯახის „წარსულის“ გამო ინსტიტუტში ვერც მოვხვედრილიყავი... ამ დროს ამ ინსტიტუტში საკმაოდ ბევრი ქართველი სწავლობდა. ლევან პაატაშვილს, რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძეს ეს სასწავლებელი უკვე დამთავრებული ჰქონდათ. მე როცა ჩავაბარე, მაშინ იქ ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა სწავლობდნენ. თბილისიდან კიდევ რამდენიმე რუსი და სომეხი იყო. სასწავლებლად ჩამოვიდნენ გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, ბაადურ წულაძე, ლანა ღოღობერიძე, გენო წულაია და ქართველებისგან ერთი დიდი „კომუნა“ შეიქმნა. ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯგუფებში ვიყავით. ისე სწრაფად გვეხარჯებოდა ფული, თითქმის სულ მშიერი ვიყავით. საღამოობით ერთად ვიკრიბებოდით. ფიქრებით ჩვენ ერთი წუთით არ მოვცილებივართ საქართველოს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სულ თბილისში ვიყავით. ჩვენი ნამუშევრებიც ქართულ თემატიკასთან ძალიან ახლოს იყო. ძალიან კარგი განათლება მივიღეთ. ყველანი წამოვედით საქართველოში. სხვა რესპუბლიკებიდან ჩამოსულები მოსკოვში რჩებოდნენ, რადგან იქ სამუშაოს შოვნის მეტი შანსი ჰქონდათ. ჩვენ კი ყველა წამოვედით და ყველამ მუშაობა საქართველოში დავიწყეთ.“

„მე კი არა, მას „მოჭრეს“ თავი“

მიხეილ ჭიაურელი სტალინის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა და მისი დაკვეთით ფილმ „გიორგი სააკაძეს“ იღებდა. ამ ფილმში მერაბ კოკოჩაშვილმა პატარა პაატა სააკაძე განასახიერა. ყველას ახსოვს ეპიზოდი, როცა გიორგი სააკაძე თავადაზნაურობას ისრების მაგალითზე უჩვენებს ერთიანობის აუცილებლობას და ამ ეპიზოდში მთავარი მოქმედი პირი სწორედ პატარა პაატა სააკაძეა. „30-იანი წლების ბოლოს, როდესაც ფაშიზმი მძვინვარებდა, სტალინი მიხვდა, რომ პროპაგანდა იყო საჭირო და მთელი რიგი ფილმები გადაიღეს გამოჩენილ მოღვაწეებზე, მათ შორის, ივანე მრისხანეზე, ალექსანდრე ნეველზე და ასე შემდეგ. სწორედ, მაშინ გადაწყვიტა სტალინმა, რომ „გიორგი სააკაძე“ და „არსენა“ გადაეღოთ. მე ამ ფილში პატარა პაატა სააკაძის როლს ვასრულებდი. ერთხელ, დამსვეს და მითხრეს – ახლა შენი, მერაბ კოკოჩაშვილის 15 ქანდაკება უნდა გავაკეთოთო. როცა ვიკითხე, რატომ-მეთქი, მითხრეს: როგორ, არ იცი? პაატას თავი უნდა მოაჭრანო. 6 წლის ვიყავი, მეტის კი არა. – რა უნდა მოჭრან-მეთქი? – ისევ ვიკითხე შეშინებულმა. – თავი უნდა მოგაჭრან და ეს თავი შაჰ აბასმა გიორგი სააკაძესა და მის მეუღლეს უნდა გაუგზავნოსო. ძალიან შემეშინდა. მაგრამ მერე მიხეილ ჭიაურელმა თქვა: პატარა ხარო. ამიტომ, ფილმში უკვე ცოტა დიდ პაატა სააკაძეს მოაჭრეს თავი და მის როლს უკვე გაიოზ შარაშიძე ასრულებდა. ასე რომ, მე კი არა, მას „მოაჭრეს“ თავი“.

„სწორედ მაშინ შემეხო პირველად ცენზურა“

1961 წელს მერაბ კოკოჩაშვილმა დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, კინორეჟისორის კვალიფიკაციით და საქართველოში დაბრუნდა. 1962 წელს მან გადაიღო ფილმი –„არდადეგებზე“. „ეს ფილმი მოსკოვმა ძალიან ცუდად მიიღო. ფილმმა მხოლოდ მესამე კატეგორია დაიმსახურა. სწორედ მაშინ შემეხო პირველად ცენზურა. მოსკოვიდან ჩამოსულმა რედაქტორმა თქვა: ფილმში არც კომკავშირია, არც პიონერია, მამისა და შვილების ურთიერთობა ძალიან მწვავე არის და მოკლედ, საბჭოთა ფილმს არ ჰგავსო. როცა ჩვენება დასრულდა და ეს საუბარი დაიწყო, ვგრძნობდი, რომ ცუდად გავხდი. ისე ვინერვიულე, იმ დღეს საავადმყოფოში მოვხვდი. ეს იყო პირველი ცენზურის ზეგავლენა. მე ჯერ გამოცდილი არ ვიყავი, რას ნიშნავდა ცენზურა. მერე უკვე გაცილებით იოლად ვიტანდი აკრძალვებს. ასეა თუ ისე, პირველმა ფილმმა დიდი დარტყმა მიიღო, თუმცა საქართველოში დღემდე უჩვენებენ მას და სიამოვნებით უყურებენ“... იმ პერიოდში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ სამხატვრო საბჭო შეიცვალა. „ვგიკიდან“ ახალი თაობის მეორე ტალღა მივიდა, მერაბ კოკოჩაშვილის პოზიციებიც გაძლიერდა სხვა ფილმის გადაღების საშუალებაც გაჩნდა. ამ პერიპეტიების შემდეგ რეჟისორმა „მიხა“ გადაიღო... მერაბ კოკოჩაშვილს „მიხა“ მის ფილმებში ყველაზე უფრო „სრულყოფილ და აწყობილ“ ფილმად მიაჩნია...

დიდ მწვანე ველზე გათამაშებული დრამა

50 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ გამოვიდა. ფილმი 2006 წელს ქართველმა კრიტიკოსებმა „საუკეთესო ქართული ფილმის“ ჩამონათვალში პირველ ადგილზე დაასახელეს. „დიდი მწვანე ველი“ 1996 წელს კინოს ასი წლისთავისადმი მიძღვნილ პეზაროს საიუბილეო ფესტივალზე შეტანილ იქნა მსოფლიოს 100 საუკეთესო და ნოვატორული ფილმების სიაში... „გართულებები ფილმის მუშაობის შემდეგ დაიწყო. მოსკოვში ფილმი მიიღეს. კინოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იმ დროს ვლადიმერ ბასკაკოვი იყო. დაჯდა და მარტომ უყურა. რომ დამთავრდა, გაკვირვებულმა მკითხა: რატომ მითხრეს, რომ ფილმში მამათმავლები ყავს? მართალია, სოსანა ეალერსება, გულში იხუტებს თავის თანაშემწე გიორგის, მაგრამ მე ხომ ვხედავ, ეს ის არ არის, რასაც ამბობენო. ფილმი მოეწონა. მითხრა: ფილმი იქნება, მაგრამ მცირე რაოდენობითო... ფილმში ძალადობის ეპიზოდი უფრო გრძელი იყო და უფრო მნიშვნელოვანი გამოვიდა, მაგრამ ჩემს დაუკითხავად შეკვეცეს. პროტესტი გავუგზავნე, მაგრამ ყურად არ იღეს. კინოსტუდიაში მოვიდა წერილი, სადაც წერდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე აქვთ სტუდიასთან და კომიტეტთან და არა ვიღაც კოკოჩაშვილთან. საქართველოში კი ამბავი ამგვარად განვითარდა: მე, დოდო აბაშიძე და სტუდიის დირექტორი, თენგიზ გორდელაძე პარტიის ცენტრალურ კომიტეტში დაგვიბარეს. სხდომას მჟავანაძე, ძოწენიძე, ჯავახიშვილი და „კაგებე-ს“ თავმჯდომარე ალექსი ინაური ესწრებოდნენ. ფილმი რომ დასრულდა, ინაურმა ხმამაღლა განაცხადა რუსულად: ჩვენ სამუშაო დროის 2 საათი დავკარგეთ! დოდო აბაშიძეს შევხედე. გაფითრებული იჯდა, ოფლს ასხამდა. ის თვლიდა და სხვებიც თვლიან, რომ ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია. ძოწენიძემ სიტუაცია განმუხტა: კარგი, კარგი, ალექსი, შენ სულ ასე იციო. დარბაზში სერგო ზაქარიაძე შემოვიდა. მას ლენინური პრემია უკვე მიღებული ჰქონდა და ცეკას წევრი იყო. საუბარი დაიწყეს იმაზე, რომ როცა საბჭოთა მშრომელი საღამოთი ოჯახთან ერთად წავა კინოში და ნახავს ასეთ მძიმე ფილმს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სერგო ზაქარიაძე წამოდგა და წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც, ფაქტობრივად, გადაგვარჩინა. მან თქვა, რომ ამ ლოგიკით არ უნდა დავდგათ შექსპირი, შილერი და, საერთოდ, ხელი უნდა ავიღოთ ტრაგედიაზე და დრამაზე. ნახეთ, რა სახე შექმნა დოდო აბაშიძემ, თავისი ნიჭის რა შესაძლებლობები გამოავლინა, განა ასეთი დოდო სადმე გინახავთო?! საოცარი გზნებით ლაპარაკობდა. ამის შემდეგ იყო, რომ მჟავანაძემ გამოგვხედა (ხელში მანდარინი ეჭირა) და რუსულად თქვა: დაე, ნახოს ხალხმა! ფილმი თბილისის ეკრანებზე გამოვიდა. მესამე დღეს გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა დაკვეთილი რეცენზია სათაურით: „როცა მაყურებელი ტოვებს დარბაზს“ (რომელიც „დიდ მწვანე ველთან“ ერთად თენგიზ აბულაძის „ვედრებასაც“ შეეხო). მერაბ კოკოჩაშვილს წინააღმდეგობების ფონზე უწევდა მუშაობა, ამაზე მეტყველებს თითქმის ყველა მისი ფილმის გადაღების თანმდევი ისტორია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა