საზოგადოება

რატომ ვერ ეკარებოდა ფუნჯს ტარიელ სოზიაშვილი გარკვეული პერიოდი და რომელ ქვეყნებში ინახება მისი ნახატები

№25

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 02.07

ტარიელ სოზიაშვილი
დაკოპირებულია

ტარიელ სოზიაშვილის მხატვრობა განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეულია. როგორც ამბობენ, ამ მხატვრის ტილოებში ყოფიერების სიმსუბუქე და სიმძიმე შეიძლება, ერთდროულად დავინახოთ. მისი შემოქმედება ნაზავია წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების, შთაბეჭდილებებისა და განცდებისა.

– ბატონო ტარიელ, როდის და როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ხელოვნებას?

ტარიელ სოზიაშვილი: თარიღებით ვერ ვიტყვი, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ბავშვობიდან სადაც ფანქარსა და ფურცელს მოვიგდებდი ხელში, ხატვას ვიწყებდი და ამის გამო სკოლაში, გაკვეთილის მსვლელობის დროსაც არაერთხელ მიმიღია შენიშვნა (იცინის).

რაც შეეხება ხელოვნებასთან კავშირს, სულ მქონდა ლტოლვა, მომესმინა კარგი მუსიკა, წამეკითხა საინტერესო წიგნი და მენახა კარგი ნახატი. ამ ინტერესის განვითარებაში ოჯახიც ძალიან მიწყობდა ხელს. უფროსი დები მყავს და როდესაც ისინი რომელიმე წიგნზე აღფრთოვანებული ლაპარაკობდნენ, მეც მიჩნდებოდა მისი წაკითხვის სურვილი. მერე, როდესაც ვკითხულობდი (საკმაოდ პატარა), ყველა ეპიზოდი ჩემს წარმოსახვაში იხატებოდა. ჩემი აზრით, არაფერი ზრდის ადამიანის წარმოსახვასა და ფანტაზიას ისე, როგორც წიგნი. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ხატვისადმი განსაკუთრებული ინტერესი გამოვიჩინე, დედაჩემს ყოველთვის დავყავდი გამოფენებზე. ასე რომ, მხატვრებს ხელოვნებასთან კონტაქტი ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის გვაქვს (იცინის).

პირველად ჩემი ნამუშევრები 1999 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მაშინ, ეგრეთ წოდებულ, „ცისფერ გალერეაში“ გამოიფინა.

– როდის იგრძენით, რომ მხატვრად შედექით?

– მხატვრობა მუდმივი პროცესია და არ მგონია, რომ შევდექი ან უნდა შევდგე, უბრალოდ, მინდა, რომ ვხატო, ვხატო გულწრფელად, ვხატო ჩემ მიერ აღქმული სინამდვილე, ჩემი განცდილი ემოცია და ჩემი გააზრებული სამყარო, თავის ფიზიკური თუ მეტაფიზიკური მოვლენებით. ერთ რამეს მივხვდი, თუ გულწრფელია ის, რასაც გადმოსცემ, ის უნივერსალური ხდება. სინამდვილეში ადამიანებს გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი, მაგალითად, მე, შენ და ვიღაცას ზიმბამბვეში შეიძლება, ერთნაირად გვიყვარდეს, ერთნაირად გვძულდეს ან გვტკიოდეს და ასე შემდეგ. ამიტომაცაა, რომ თუნდაც, უცხო ადამიანის პორტრეტის ხასიათი თუ განწყობა ჩვენთვის ძალიან ახლობელ ემოციას იწვევს.

– „ნამუშევარი, როგორც აღსარება“ – ეს თქვენი სიტყვებია, რა შინაარსს მოიცავს ის? რას ყვებიან თქვენი ნახატები?

– კი, ხდება ხოლმე, როცა ნამუშევარი რაღაცას გათქმევინებს ან დაგაფიქრებს, მხატვრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო ქვეცნობიერია და ისე არაფერს შეუძლია მისი უფსკრულებიდან სინამდვილის ამოტანა, როგორც ხელოვნებას და მათ შორის მხატვრობას, რომელიც ერთდროულად მესაიდუმლეცაა, მამხილებელიც და ექიმიც.

– როდის არის თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი?

– გააჩნია, ნაყოფიერებაში რას ვგულისხმობთ. ნაყოფიერი შეიძლება, წარუმატებელ ნახატსაც დავარქვათ თუ მან მასწავლა, რას ნიშნავს „წარუმატებელი“. ამიტომაც, პერიოდებს ნაყოფიერად და უნაყოფოდ არ ვყოფ. რომ ხარ, ის დღე უკვე ნაყოფიერია.

– ნახატების გაჩუქება ან გაყიდვა გიჭირთ?

– მაინცდამაინც, არ მიჭირს. ერთ დღეს გავიაზრე, რომ ნახატი მაშინ იწყებს თავის ნამდვილ ცხოვრებას, როცა ის შენგან გადის და ხვდება იქ, სადაც მას ხედავენ და უყურებენ სხვა ადამიანები, არ ვიცი, მე ასე ვფიქრობ.

– საქართველოს გარდა, სად არის თქვენი ნამუშევრები?

– ჩემი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში – ავსტრიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, შვედეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესტონეთში, რუსეთში.

– რამდენად აქტიური ხართ, გამოფენებს ვგულისხმობ?

– ხშირად გამოფენა არ მიყვარს, უნდა მომწიფდეს ჩემში „გამოფენა, როგორც დრამატურგია“, მაგალითად, ამ არაჩვეულებრივ სივრცეში – ART SALON AIVANI -ში გამოფენამდე 3 წლის წინ მქონდა გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში – „ქარვასლაში“ , ამის შემდეგ კი, არ ვიცი, როდის რას ვიზამ, ვხატავ და დანარჩენს სათქმელის მზაობა, დრო, განწყობა და საშუალება განაპირობებს.

– რა იყო თქვენთვის ყველაზე დიდი აღიარება ან მნიშვნელოვანი შეფასება?

– არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. ალბათ, როდესაც გამოფენაზე შემოსული ადამიანები ცოტა სხვანაირები გადიან.

– მხატვრობაში საკმაოდ დიდხნიანი პაუზა გქონდათ, ეს რას უკავშირდება?

– ეს პაუზა გამოიწვია სახლში მომხდარმა ხანძარმა, რომელიც იმავე დროს სახელოსნოც იყო და უამრავი ნამუშევარი დამეწვა.

ამან თავისი კვალი დატოვა და კარგა ხანი ვერ მივეკარე ფუნჯსა და ტილოს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ტვინი მაინც აგროვებდა „მასალებს“, განწყობებს, ემოციებს, ფერებს, ხაზებს, პორტრეტებს, ფიქრებს და საგულდაგულოდ ინახავდა ქვეცნობიერის „სკივრში“, რომელსაც ერთ დღესაც ავხადე თავი...

– რამდენადაც ვიცი, ხატვის გარდა ხელოვნების სხვა მიმართულებებითაც ხართ დაკავებული. მათ შესახებაც მოგვიყევით – რომელს რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?

– კი, ხდება ხოლმე, რომ რაღაცის გამოხატვა სხვა გზით უფრო ორგანული და საინტერესოა, ყველა მასალას თავის „ჯადოქრობა“ აქვს: ხესთან, ქვასთან, ლითონთან, თიხასთან სულ სხვადასხვა ენაზე გიწევს ურთიერთობა, სულ სხვადასხვა გზას გადიხარ და ამ გზაზე სხვადასხვა „თავგადასავლები“ გხვდება, სამყარო „გვაქვს უთვალავი ფერითა“ და ერთი სიამოვნებაა ამ მრავალფეროვნებაში მოგზაურობა.

– კარი, როგორც თქვენი შემოქმედების ნაწილი – როგორ გაჩნდა ეს იდეა და რა შინაარსს მოიცავს ის?

– მოდი, დამთვალიერებელისთვისაც დავტოვებ კარს ღიას, რათა მათ თავის „კარი“ დაინახონ და ასეთ პასუხს გაგცემთ, ალბათ, იმას, რომ სულ სხვადასხვა კარის გაღებაში ვართ მთელი ცხოვრება. სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვანაირად გავდივართ და ასე იქნება, ვიდრე უკანასკნელამდე...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა