რატომ უწოდებდნენ ვალერი ჭალიძეს ფეთქებად ელემენტს და რის გამო დასდეს მას ბრალი საბჭოთა ადამიანის სახის შერცხვენაში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 21:00 28.12, 2023 წელი

ვალერი ჭალიძე 1938 წელს მოსკოვში დაიბადა. მამა – ნიკოლოზ ჭალიძე მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა, დედა – ფრანჩესკა, პოლონელი ემიგრანტის შვილი იყო, პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტი. იგი კურორტ სოჭის არქიტექტურულ განვითარებაზე მუშაობდა.
ვალერი მოსკოვისა და თბილისის უნივერსიტეტებში სწავლობდა. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. მისი პირველი ცოლი ვერა სლონიმი იყო, სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ ლიტვინოვის შვილიშვილი.
„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დუმილით ვერასოდეს ვერავის გადაარჩენ“ – ეს ვალერი ჭალიძის სიტყვებია. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საბჭოთა კავშირში დუმილი დაარღვია.
ვალერი ჭალიძემ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო პოლიტპატიმრების, ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმიცირესობების უფლებების დაცვა. იგი აპროტესტებდა ქართული ძეგლების ნგრევას, მოლდავეთში პესტიციდებით მოსახლეობის მოწამვლას, არალის ზღვის დაშრობას, უზბეკეთში ბამბის კორუფციას, პატიმრების წამებას, აზერბაიჯანსა და საქართველოში განათლების პრობლემებს, უკრაინასა და ბელორუსიაში მშობლიური ენის აკრძალვას, შესწავლილი ჰქონდა კორუფციისა და კრიმინალის მასშტაბები საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში.
საბჭოთა ფიზიკოსობიდან საბჭოთა დისიდენტად ქცევამდე ვალერი ჭალიძემ დიდი გზა გაიარა. დასაწყისი კი ასეთია – მან და მისმა მეგობარმა ფიზიკოსმა, მომავალში ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, ანდრეი სახაროვმა გენერალ გრიგორენკოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პოლიტიკური მიზნით გამომწყვდევის ამბავი გააპროტესტეს, საპროტესტო ნოტაც დაწერეს და ხელმოწერების მოგროვება დაიწყეს.
ჭალიძემ, სახაროვმა და კიდევ ერთმა მათმა მეგობარმა ფიზიკოსმა ანდრეი ტვერდოხლებოვმა 1970 წელს საბჭოთა კავშირში პირველებმა დააარსეს ადამიანის უფლებათა კომიტეტი – რაც პოლიტიკაში წასვლას ნიშნავდა. კომიტეტი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. ის მიზნად ისახავდა უფასო კონსულტაციების გაწევას პირებისთვის, რომელთა უფლებებიც საბჭოთა ხელისუფლებამ დაარღვია.
ამ ჯგუფის გამოცემებს შორის პირველი იყო ჟურნალი „სოციალური პრობლემები“, რომლითაც კომიტეტის დამფუძნებლები მოითხოვდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და სამოქალაქო უფლებების თემაზე კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მთელი კავშირიდან აგროვებდნენ. მიზანი სისტემის შეცდომების გამოსწორება იყო.
ვალერი ჭალიძე იცავდა იმ ებრაელების უფლებებს, ვინც საკუთარ ენაზე განათლების უფლების მოპოვებას ცდილობდა. ამ თემაზე დაწერილი წერილის გამო ჭალიძე და მისი მეცნიერი და, სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავად ებრაელები, ვის უფლებებსაც ვალერი ჭალიძე იცავდა, მას „პოლონური და ქართული ნაზავის ქვეყნისთვის ფეთქებად ელემენტს “ უწოდებდნენ.
1972 წელს ვალერი ჭალიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა მიიღო და ჯორჯთაუნისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ლექციის წასაკითხად წავიდა. იგი უკან, საბჭოთა კავშირში ვეღარ დაბრუნდა. მას ჩამოართვეს საბჭოთა პასპორტი და მოქალაქეობა. ბრალდება, რომელიც მას საბჭოთა კავშირის კონსულმა გააცნო ასე ჟღერდა: საბჭოთა ადამიანის სახის შერცხვენა.
ჭალიძეს აქტივისტობა არც დევნილობაში შეუწყვეტია. საბჭოთა პოლიტიკურ ცხოვრებასა და კანონებს მან არაერთი წიგნი მიუძღვნა. მათ შორის, „კრიმინალური რუსეთი“ და „ადამიანის უფლებათა ქრონიკა საბჭოთა კავშირში“. ის ამერიკაშიც გამოსცემდა „მიმდინარე ქრონიკებს“, სადაც მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მომხდარ უფლებადარღვევებზე წერდნენ. იქვე დააარსა გამომცემლობა Chalidze-Publication, რომელიც დისიდენტურ ლიტერატურას ბეჭდავდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას ის „ჰიუმან რაითს უოჩის“ მაშინდელ დირექტორს აწვდიდა ინფორმაციას საბჭოთა კავშირში არსებული დარღვევების თაობაზე. რა ხდებოდა რკინის ფარდის მიღმა, დასავლეთი ამას ვალერი ჭალიძის მოხსენებიდან და წიგნებიდან იგებდა.
1980 წელს ვალერი ჭალიძე ორეგონში შეხვდა თავის მეორე ცოლს, ადვოკატ ლიზა ბარნჰარდტს. 1983 წელს წყვილი ვერმოტში გადავიდა საცხოვრებლად. მათ ტბასთან სახლი ააშენეს და ცხენებს ზრდიდნენ.
პარალელურად, მან კიდევ ერთი წიგნი, „სტალინი: კომუნიზმის დამპყრობელი” გამოაქვეყნა. ცოლთან ერთად რედაქტირება გაუკეთა და გამოსცა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შესახებ წერილების თარგმანი, რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საბჭოთა ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს 1990 წლის შეხვედრისას უსახსოვრა.
1985 წელს მან მაკარტურის ფონდისგან პრესტიჟული ჯილდო – ადამიანის უფლებათა დაცვის გენიოსის წოდებაც მიიღო.
ვალერი ჭალიძე ლექციებს კითხულობდა იელის უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში კი მიწვეული ლექტორი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში. ის, ასევე, აგრძელებდა კვლევებს თეორიულ ფიზიკაში.
მას ჰყავს ქალიშვილი სახელად მარია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს.
ვალერი ჭალიძე 2018 წლის 3 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
ვალერი ჭალიძის არქივის ნაწილი კოლუმბიის უნივერსიტეტშია დაცული და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ არქივის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სურვილია ვალერი ჭალიძის სახელობის კაბინეტის მოწყობა, სადაც მისი არქივი განთავსდება. ლიზა ჭალიძე მეუღლის სრულ ბიოგრაფიას წერს, რომელშიც პირველი ქართველი საბჭოთა დისიდენტისა და უფლებადამცველის შესახებ ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი.
გამოყენებული მასალების წყარო: radiotavisupleba.ge; netgazeti.ge; ai-ia.info/online-arqivi; .nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან