რატომ უწოდა ზაზა ხუციშვილმა გაცნობიდან ორ წუთში მომავალ მეუღლეს ცოლი და როდის შეეცვალა მას ქართველ კაცზე წარმოდგენა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 21.03, 2022 წელი

ზაზა ხუციშვილმა შემოქმედებითი აქტიურობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი ჯგუფი - „ვაკის პარკი“ საოცარი პოპულარობით სარგებლობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მათ სიმღერებს დღესაც ბევრი მსმენელი ჰყავს და ყველას გასახარად, გეტყვით, რომ ბატონ ზაზას, საკმაოდ ბევრი სიახლე აქვს, რომელსაც მალე გაგვაცნობს.
– ბატონო ზაზა, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
ზაზა ხუციშვილი: პირველ რიგში, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინას და გამარჯვება ვუსურვო ამ უთანასწორო ბრძოლაში.
რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, სპორტული ვიყავი –კალათბურთი, ფეხბურთი, თხილამურები, ცურვა, მოკლედ, ბევრი მიმართულებით ვაქტიურობდი. ჩვენ დროს წიგნების კითხვაც აქტუალური იყო, მაშინ არც ინტერნეტი გვქონდა და არც ამდენი არხი ტელევიზორში. დავდიოდი მუსიკაზე, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ მიყვარდა. ბევრჯერ დადგა გამოსვლის საკითხი, მაგრამ როგორც იქნა, შვიდწლედი დავამთავრე. გამოსაშვებ საღამოზე რომ დავუკარი, ძალიან მოულოდნელად, პედაგოგებმა დედაჩემს უთხრეს, აუცილებლად უნდა გააგრძელოს სწავლა ნიჭიერთა ათწლედშიო. თუმცა, იქამდე ფიქრობდნენ, ოღონდ წავიდეს და თავი დაგვანებოსო (იცინის).
– გარდატეხის ასაკში ქუჩამ არ მიგიზიდათ?
– არანაირად. დღემდე არ ვეწევი სიგარეტს, არც მაშინ ვეწეოდი. როგორც კი შევატყობდი, სამეგობროდან ვინმეს ან მოსაპარად გაექცეოდა ხელი, ან მარიხუანათი და ნარკოტიკებით დაინტერესდებოდა, ჩვენი ურთიერთობა აღარ გრძელდებოდა. ყველას რომ პირში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი, მაშინაც კი არ ვეწეოდი.
– მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების დროს, მუსიკას უკვე დიდი ადგილი ეჭირა თქვენს ცხოვრებაში, სულ სხვაგან წახვედით...
– მამა მთლად ჰიდროტექნიკოსი არა, ინჟინერი იყო მელიორაციის მიმართულებით და მაშინ ოჯახურ ტრადიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში როკმუსიკის ძირითად პროფესიად არჩევა თითქმის წარმოუდენელი იყო. მე კი ყველაზე მეტად სწორედ ეს მიმდინარეობა მიყვარდა. ამიტომ გადაწყდა, რომ პროფესია სხვა მქონოდა, ეს კი ჰობი ყოფილიყო. 90-იან წლებში, როდესაც სისტემა მოიშალა და სიტუაცია აირია, ჩემ მიერ მიღებული განათლება არასაჭირო გახდა.
– მაშინ დაიწყო შემოქმედებითად ყველაზე აქტიური წლები?
– მაგ დროს ორ ჯგუფში ვუკრავდი – „რვაფეხასა“ და „ჯუკ ბოქსში“. 1990 წლიდან „ვაკის პარკამდე“ კი დიდი შესვენება მქონდა, რომელმაც გამოიწვია ენერგიის მოზღვავება და დიდი სურვილი, ისევ გამეგრძელებინა მუსიკალური აქტივობა და ამის შემდეგ შევქმენი საკუთარი ჯგუფი. მაშინ ჯგუფის ძალიან დიდი ნოსტალგია მქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა, პრაქტიკული თვალსაზრისით, საკმაოდ რთული იყო – მუსიკალური მაღაზია არ არსებობდა, სარეპეტიციოს პრობლემებიც გვქონდა, შემოსავალი, ხომ საერთოდ, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერს მოვერიეთ. „ვაკის პარკს“ წინ უძღოდა ის, რომ ხუთი-ექვსი სიმღერა დავწერე. ჩემს ძალიან კარგ მეგობარს – ვალერი კოჩაროვს, გამოვართვი ოთხარხიანი მაგნიტოფონი და სახლში ეს სიმღერები ჩავწერე. რომ მოვისმინე, ჩავთვალე, რომ ცუდი არ იყო და შეიძლებოდა, ჯგუფის გაკეთება. დავუძახე: ირაკლი სანაიას, მინდია გაბაშვილს, ზაზა სახამბერიძეს, ჩემი რამდენიმე სიმღერა მოვამზადეთ და ერთ თვეში უკვე მიგვიწვიეს ფესტივალზე – „მარგარიტა 96“. ამ ფესტივალზე საუკეთესო როკ-ჯგუფი გავხდით, რაც ყველას ძალიან გაგვიხარდა. შემდეგ ჩვენი სიმღერები „პირველ სტერეოზე“ მივიტანეთ და რადიოში დატრიალების შემდეგ, ძალიან მალე, ოთხი-ხუთი სიმღერა პოპულარული გახდა. ამის შემდეგ, პირველი-ორი კონცერტი დავგეგმეთ და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ამან დიდი სტიმული მოგვცა. ამ კონცერტებზე ვიგრძენით, რომ ადამიანებმა უკვე იცოდნენ ჩვენი სიმღერის ტექსტები, ჩვენი ფოტოები ჰქონდათ, ქაღალდზე დაწერილი ჩვენი ტექსტები და პატარა ფანკლუბიც კი შექმნეს. ავტორისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. კარგი ტემპით მივდიოდით წინ 1997-დან 2003 წლამდე.
– შემდეგ რა შეიცვალა?
– პოლიტიკა შემოიჭრა შოუბიზნესში და გარკვეული მიზეზების გამო დისბალანსი გაჩნდა. შემდეგ, უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ შოუ-ბიზნესისთვის კატასტროფული მდგომარეობა დაიწყო სწორედ მაშინ, როცა „ჩვენიანებად“ და „სხვისიანებად“ დაიწყეს შემსრულებლების დაყოფა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2008-2009 წლებში, როცა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, შავ სიაში აღმოვჩნდი და რამდენიმე კონცერტი დამიბლოკეს. ამას დაემთხვა ისიც, რომ ამ პერიოდში დავქორწინდი და ოჯახის წინაშე აღებული პასუხისმგებლობების გამო ისეთი აქტიური ვეღარ ვიყავი.
– ეს იყო ბიძგი პოლიტიკისკენ?
– 2008-ში პოლიტიკაზე არც ვფიქრობდი. 2016 წელს მივიღე ეს გადაწყვეტილება. მაშინ, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი, განცხადება გავაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პოლიციელებმა ადამიანი წაიყვანონ ტყეში, 30-ჯერ უჩხვლიტონ დანა, დამნაშავე 2-3 წელიწადში გამოუშვან ციხიდან და შემკვეთს ხელი დააფარონ. ეს არ არის პოლიტიკაში ჩართვა, ეს, უბრალოდ, ხმის ამოღებაა იმის წინააღმდეგ, რაც არ მოგწონს და არც უნდა მოგწონდეს.
– მერე, როცა უკვე ნამდვილად პოლიტიკის ნაწილი გახდით, ბევრი რამ შეიცვალა. მანამდე თუ ყველას უყვარდით, მაშინ გაჩნდნენ ისეთებიც, ვინც ბრაზდებოდა თქვენზე, ვიღაც გლანძღავდათ, ვიღაც გწყევლიდათ, ვიღაცას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა რაღაც. მოკლედ, როგორი იყო ის პერიოდი ემოციური თვალსაზრისით?
– ძალიან მძიმე. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაცისთვის მოვემზადე, აღმოვაჩინე, რომ ქართული საზოგადოება ძალიან გამწარებული, მდგომარეობიდან გამოსული და ორად გახლეჩილია. როცა პოლიტიკაში ხარ, მოწინააღმდეგის მიზანია, ყველაფერი დაგაბრალოს, ოღონდ ხალხს შენი თავი ალანძღინოს. ეს რომ ვნახე, ძალიან გამიჭირდა. მანამდე რა წარმოდგენებიც მქონდა ქართველ კაცზე, საერთოდ ყველაფერი დამენგრა. ვერ წარმომედგინა, რომ პოლიტიკის გამო ადამიანს ყველაფრის კადრება შეეძლო. თურმე, ასე ყოფილა. ძალიან ხშირად დაუმახინჯებიათ ჩემი ნათქვამი ან მხოლოდ სათაურიდან გამოუტანიათ დასკვნები, დაუბრალებიათ რაღაც. რაც შეიძლება, მეტი ჩირქი უნდა მოეცხოთ, რომ როგორმე ხალხს ველანძღე. ადამიანების ასეთი გამწარება ვერ წარმომედგინა.
– ჩაკლა იმ პერიოდმა შემოქმედებითი მუხტი თქვენში?
– ამ პერიოდში ახალი სიმღერა არ გაგვიკეთებია, მაგრამ პოლიტიკაში წასვლამდე გამოვუშვით სამი ახალი სიმღერა. დეპუტატობის პერიოდში ერთი წუთითაც არ შეგვიჩერებია კონცერტები, გვქონდა კორპორაციული საღამოები, დავდიოდით გასტროლებზე და მუდმივად ვუკრავდით პაბებში.
– როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იქ რომ გხედავდნენ?
– ყველას სიამოვნებდა, ბევრი ჩემი კოლეგა, პარლამენტის წევრი დადიოდა ამ კონცერტებზე. ბევრი მოდიოდა და მადლობას მეუბნებოდა, რომ პოლიტიკოსობის მიუხედავად, პატარა კლუბში გამოვდივარ, ვმღერი და ხალხთან ასეთი ახლო კონტაქტი მაქვს. რომ შემოდიოდნენ, ხანდახან ვატყობდი, რომ ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ, გადაულაპარაკებდნენ, ის არის თუ არაო (იცინის).
– საკმაოდ გვიან შექმენით ოჯახი, რატომ გამოვიდა ასე?
– ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. არც რჩევა გამოდგება, არც სხვისი გამოცდილება. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იქამდეც იყო ურთიერთობები, გატაცება თუ სიყვარული, მაგრამ არ მიბიძგებდა აქეთ, არ ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად. მე და ჩემი მეუღლეც რაღაც პერიოდის მერე დავქორწინდით, გარკვეული ურთიერთობის შემდეგ. როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ამ ადამიანთან ერთად გინდა დარჩენილი ცხოვრების გატარება, მაშინ იღებ ასეთ გადაწყვეტილებას. მე მაშინ 39 წლის ვიყავი და 40-ის რომ გავხდი, მაშინ გაგვიჩნდა შვილი.
– თქვენი ურთიერთობა როგორ დაიწყო?
– ზემოთ უკვე ვახსენე ჩემი მეგობარი ვალერი კოჩაროვი. მუსიკაშიც მისი მაგნიტოფონით დავიწყე ჩაწერები და ჩემი პირადი ცხოვრების ამგვარად განვითარებაშიც მას მიუძღვის დიდი წვლილი (იცინის). არაყიშვილზე, ჩემი მშობლების სახლში გამომიარა მანქანით და ერთად წამოვედით. თვითონ ძალიან დაღლილი იყო და მთხოვა, საჭესთან მე დავმჯდარიყავი. ცოტა რომ გავიარეთ, ძალიან მომხიბვლელი ქალი დავინახე ქუჩაში. ვალერიმ მითხრა, ვიცნობ და იქნებ, წავიყვანოთო. მაშინ ტრანსპორტი ცოტა ჭირდა. გავუჩერეთ მანქანა, ჩავისვით და წამოვიყვანეთ. ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი დავინახეთ. გავაჩერეთ, მივესალმეთ და მეკითხება, შენ როგორ ხარო? როგორ ვარ და აი, ცოლი შევირთე-მეთქი, ვეუბნები და ვუთითებ ხათუნაზე (იცინის). ხათუნა ძალიან შეცბა, ორი წუთის გაცნობილი ცოლად რომ გამოვაცხადე, თავი უხერხულად იგრძნო. ვალერიმ დააწყნარა, ხუმრობსო და რა ხუმრობა, თურმე, ყველაფერი წინასწარ მცოდნია – რამდენიმე წელიწადში მართლა დავქორწინდით (იცინის).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან