საზოგადოება

რატომ უწევდა მერაბ მამარდაშვილს ლექციების დროს თავისი ცხოვრების თამაში

№40

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 12.10, 2022 წელი

მერაბ მამარდაშვილი
დაკოპირებულია

„მე ქართველი ვარ, ფილოსოფოსი. სიყმაწვილიდან შინაგან ემიგრაციაში ვიმყოფები. კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იყო ჯაშუში. წარმატებული ჯაშუშური საქმიანობისთვის, და არცთუ იშვიათად, ეს შემოქმედებისთვის აუცილებელი პირობაა, ძალიან ჰგავდე გარშემო მყოფებს. ფლობერი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ის მეშჩანია (ფილისტერი), რაც მას აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს ლიტერატურულ მოღვაწეობაში. დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის მანტიის ტარებას მეტისმეტად ბევრი ენერგია მიაქვს. შეიძლება, ჰიპი გახდეთ, მაგრამ ამის უკან პრიმიტიული აზროვნება იმალება. რამდენი დრო უნდა დახარჯო სარკის წინ, რომ ასეთი გაწეწილი გამოიყურებოდე. დარჩე შეუმჩნეველი და არ დაკარგო თავისუფლება: ეს იმდენად რთული ამოცანაა, მთელი სასიცოცხლო ძალები სჭირდება და თეატრალური ჟესტებისთვის ენერგია არ რჩება. მე, პირადად, თეატრალურობისკენ მიდრეკილი არ ვარ.“ - ეს დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის ბოლო ინტერვიუს ფრაგმენტია ფრანგ ჟურნალისტთან, ან შევალიესთან, რომლითაც ვიწყებ მის დღიურებს.

მე მივედი აზროვნებამდე

„...უნდა აღვნიშნო, რომ მეც იმავე ქალაქში დავიბადე, რომელშიც სტალინი დაიბადა. 1930 წლის სექტემბერში. ამაში შესაძლოა, მონანიება ან ღვთიური სიმეტრია დავინახოთ… გორში შეიძლება, სხვა საქმეების მკეთებელი ადამიანებიც დაიბადონ… დიდ სითამამედ და გაბედულებად მეჩვენება, ვთქვა, როგორ მივედი აზროვნებამდე.

ვინაიდან უფრო მორიდებული ვარ, ვიტყვი მხოლოდ, რომ მე ვცდილობ, ვიაზროვნო; ადამიანმა არასოდეს იცის აზროვნებს იგი თუ არა. აზროვნება თითქმის ზეადამიანურ ძალაზეა დამოკიდებული და იგი ბუნებრივად არ ეძლევა ადამიანს...

მე – ახალგაზრდა

არანაირად არ ვისურვებდი ეს გზა ხელმეორედ გამევლო, სულაც არ მინდა, ახალგაზრდობა დამიბრუნდეს, 16 წლისა ვიყო. ამბობენ, რა მშვენიერიაო ახალგაზრდობა! არა, სრულებითაც არაა ასე! სრულებითაც არ ვისურვებდი, კიდევ გამევლო არყოფნის ის რისკი, რომელიც ასე ემუქრება ახალგაზრდებს. როცა დღევანდელი ახალგაზრდა იღვიძებს თავის თავის, ცნობიერებისა და აზროვნების მიმართ, ის ფეხზე მდგომი გვამების ტყეში აღმოჩნდება. სწორედ ამ გრძნობას, რომელიც დღევანდელ ახალგაზრდობაში ზის, 40 წლის წინათ განვიცდიდი. ამის გამოა, რომ უშველებელი თანაგრძნობა მაქვს მათ მიმართ და სულაც არ ვისურვებდი, ახალგაზრდა ვიყო, ჩემთვის თვითგამორკვევა განისაზღვრებოდა ცხოვრების არქონის მიმართ დაპირისპირებით, დაპირისპირებით იმ შავი გვირაბის მიმართ, რომელშიც მოგვებივით, იძულებული ვიყავი მეცხოვრა ცხოვრების გარეშე და ჩემთვის ახალგაზრდობა წარმოადგენდა ტრადიციის აღდგენას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; საქმე რომელიღაც კონკრეტულ ტრადიციას კი არ ეხება, არამედ უკვდავების ტრადიციას. ეს, ალბათ, უცნაურად ჟღერს, რადგან კონფესიანალური აზრით მორწმუნე არა ვარ, მე ფილოსოფოსი ვარ. ფილოსოფია სულ სხვა რამ არის, ვიდრე თეოლოგია, მაგრამ ხშირად მივმართავ რელიგიურ სიმბოლოებს, რადგან ისინი უფრო მეტყველნი მეჩვენებიან და ადამიანური სულის შესაძლებლობათა, პოტენციათა და კონსტანტების ჩამოყალიბებით, ისინი უფრო გასაგებს და ამოსაცნობს ხდიან ამ კრიტერიუმებს. ამიტომაც ხანდახან სასარგებლოა ამ სიმბოლოების გამოყენება.

სკოლაში საერთოდ არაფერი მასწავლეს. არც ეს და არც ამის საწინააღმდეგო, მაგალითად, მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგია ვერ შეისწავლება, რადგან მეტყველებას, ადამიანის ტვინს, არაფერი საერთო არა აქვს მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიასთან. ამ ცნებებს ვერ დაისწავლი, ისინი გაუგებარია. თუ მაგალითად ავიღებთ მარქსისტულ-ლენინურ ფილოსოფიის სახელმძღვანელოს (ასეთები კი არსებობს), იძულებული ხარ, იგი მექანიკურად დაიზეპირო და ასევე ზეპირად გაიმეორო გამოცდაზე. მისი შესწავლა აზროვნებით, გონებით შეუძლებელია, რადგან სიტყვებს არავითარი აზრი არა აქვთ.

ჩემი – მამარდაშვილის, პარადოქსებით სავსე ეპოქა

მე გამიტაცა კითხვის ნაკადმა, რომელიც შემთხვევით ფრანგული საკითხავი მასალა აღმოჩნდა; მონტენი, ლაბოესი, მონტესკიე, რუსო, სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ჩემი სიჭაბუკე... როცა მოსკოვში სწავლა დავიწყე, პარადოქსებით სავსე ეპოქა იყო, 49 წელი. მოსკოვში რომ ჩავედი, წავედი უნივერსიტეტში. ეს იყო ომის შემდგომი გაჭირვების პერიოდი. მოსკოვი ერთდროულად დაძაბული, დინამიკური, საცოდავი და საინტერესო ქალაქი იყო, ამასთან, საშიშიც. ადამიანური ურთიერთობებიც – ძალიან ინტენსიური, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი ომგამოვლილი იყო. ომში მათ ინიციატივის, რისკისა და სიკვდილის პირისპირ დგომის გამოცდილება მიიღეს. ამგვარი ინდივიდები რეჟიმისთვის ერთგვარ საშიშროებას წარმოადგენდნენ და ომის ყველა ტყვე საბჭოთა კონცენტრაციულ ბანაკებში გაასახლეს. რეპრესიები არმიაშიც დაიწყო, ლიტერატურაშიც; აუცილებელი იყო, დაემუხრუჭებინათ იმ ადამიანთა გაღვიძება, ვინც ომი გამოსცადა. იმათთვის, ვინც ევროპა, სხვა ცხოვრება ნახა, ხელი უნდა შეეშალათ, საკუთარი აზრი გამოეთქვათ. ისე რომ, ამ ადამიანების გაქრობა მთლად უაზრო წამოწყება არ იყო (მე სახელმწიფოს ინტერესების თვალსაზრისიდან ამოვდივარ); ეს სრულიად გონივრული ნაბიჯი იყო... მე ისინი უნივერსიტეტში ვნახე, რადგან იმ წლებში საზოგადოება რამდენიმე „ფენისაგან“ შედგებოდა: იყო ჩემსავით ახალგაზრდების ფენა (მე 19 წლისა ვიყავი, ესე იგი, არც თუ ისე ახალგაზრდა; უმრავლესობა 17 წლისა იყო); იმავე წელს ფილოსოფიის ფაკულტეტზე იყვნენ 30, 35 წლის ომის ვეტერანები. მუდმივ საფრთხესა და სიღატაკეში კი „ნაპერწკლები“ გამოკრთებოდნენ ხოლმე: ბუკინისტებთან შეიძლებოდა (ფულის საშოვნელად ხალხს მათთან გასაყიდად წიგნები მიჰქონდათ), ერთი ორ მანეთად გეშოვათ ბერდიაევის, შესტოვის, საუკუნის დამლევის რუსი იდეალისტი ფილოსოფოსების წიგნები. ახლა მოსკოველ ბუკინისტებთან ბერდიაევის ერთი ტომი 150 მანეთი ღირს. იმ დროს შემეძლო, ბრწყინვალე ბიბლიოთეკა შემექმნა, საცხოვრებელი რომ მქონოდა (მაგრამ იგი არ მქონდა). შეიძლებოდა, მეშოვა როზანოვის, ნიცშესა და ფროიდის რუსული თარგმანები და სხვა… უიმედობით მოცული და ბნელი ღამის გარემოცვაში, მივხვდი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, რომ საჭირო იყო, თვითონ შეგვექმნა ინფორმაციის საკუთარი წყაროები, თვითონ შეგვექმნა საკუთარი თავი, გავმხდარიყავით სელფ-მადე, როგორც ამბობენ ინგლისელები (ინგლისურად ნიშნავს ადამიანს, ვინც თავისი თავი შექმნა) და მეც ამ გზას დავადექი. ნამდვილად არ მაკლდა არც საკითხავი მასალა და არც ის ფარული ინტელექტუალური ცხოვრება, რომელიც ჩემსა და წიგნს შორის იქმნებოდა, ჩემსა და სიტყვას შორის, რომელიც შორიდან მოდიოდა. მაგრამ თქვენ იცით, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც შორიდან მოდის. ადამიანი არის ძალიან გრძელი არსება, ანუ ადამიანი თავის თავს დროში სჭედავს; ცხოვრება არის დროში განხორციელებული ძალისხმევა. ძალისხმევა თავი შეიმაგრო ისტორიულ, ადამიანურ წერტილში, რაც უძრავ წერტილს წარმოადგენს მრუდეზე, რომელიც გაგიჟდა. ჩემი ახალგაზრდობის ფილოსოფიურ სწრაფვას მოკლედ შემდეგი იდეით შეიძლება, გავუკეთო რეზიუმე: იესო ქრისტე შეიძლება, ათასჯერ დაბადებულიყო ბეთლემში, მაგრამ თუ ის ერთ დღეს შენში არ მოგევლინა შენ დაიღუპებოდი (გენიალური სიტყვებია. გიორგია80), ეს არის ტრადიციული ხატი. იცით, ასეა თუ ისე, სიცოცხლის მოკვლა არ შეიძლება. ყველაზე საშინელი რეჟიმი, ყველაზე ტოტალიტარულიც კი, როგორც საბჭოთა რეჟიმი იყო, თავისი საშინელებებით ნაცისტურ რეჟიმსაც რომ ვერ შეედრება, მანაც კი ვერ შეძლო სიცოცხლის განადგურება, რადგან სიცოცხლე ტროტუარს ამოხეთქავს, როგორც ზოგიერთი ყვავილი… უნივერსიტეტის მე-5 კურსზე აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები იმავეს აკეთებდნენ, რასაც მე (იმ დროს „კაპიტალის“ ეპისტემოლოგიაზე ვმუშაობდი). 1952-1953 წლებში რაღაც დუღდა. შეიძლება, პარადოქსულიც მოგეჩვენოთ, რადგან ეს სტალინის სიკვდილამდე და პარტიის მე-20 ყრილობამდე იყო. მაგალითად, მე დაახლოებით ვიყავი ალექსანდრე ზისმონოვიევთან, რომელიც ჩემზე სამი წლით „უფროსი“ იყო (უნივერსიტეტში კურსის მიხედვით, თორემ ის ჩემზე ბევრად უფროსია), ბორის გრიშინთან, იური ლევადასთან, სოციოლოგებთან, ერიკ სოლოვიოვთან, რომელიც ფილოსოფიის ბრწყინვალე მკვლევარიცაა; მას მხოლოდ ენის ბარიერის გამო არ იცნობს ფრანგული საზოგადოება. მეც ასეთ პირობებში ვარ, რადგან რუსულად ან ქართულად ვწერ, ისე რომ, სანამ მთარგმნიან, არავის ეცოდინება რაზე ვწერ. მაგრამ ჩემი უპირატესობა ისაა, რომ კავშირები და მეგობრული ურთიერთობები მაქვს საფრანგეთსა და იტალიაში, თანაც ფრანგულად და იტალიურად ვლაპარაკობ. ისე, რომ ის ადამიანები, ვინც მიცნობენ და ვისთანაც ვლაპარაკობ, ხელს მიწყობენ ჩემი აზრების გავრცელებაში. სხვა მხრივ, საბჭოთა კავშირსა და ევროპას შორის ფილოსოფიაში ლინგვისტურ-კულტურული ბარიერი არსებობს.

მე ჩემს ცხოვრებას ვთამაშობ

მართალია, მხოლოდ რამდენიმე ჩემი წიგნი გამოიცა. ეს წიგნები, რომლებიც „არაფერს ეხებოდნენ“ და ძალიან აბსტრაქტულები იყვნენ – ძირითადად, წიგნები ეპისტემოლოგიაში. ეს ის სფეროა, რომელშიც არავის არაფერი ესმის. თანაც, ჩემი მძიმე და ცუდი სტილი უფრო გაუგებარს ხდიდა ნაშრომებს. მაგრამ გამოცემისათვის ეს უფრო ხელსაყრელი იყო, რადგან ცენზურა იბნეოდა. ეს სტილი ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული; უბრალოდ, ცუდად ვწერ. ესაა და ეს. მე უკეთესად ვლაპარაკობ; თუ შეიძლება, ასე ითქვას, აუდიტორიასთან ურთიერთობაში ერთგვარი „არტისტიზმი“ მაქვს. ვიცი, როგორ ავიყოლიო აუდიტორია; როცა ლექციას ვატარებ ან მოხსენებას ვაკეთებ, მოხსენებისას ჩემს ცხოვრებას ვთამაშობ, აუდიტორიის წინაშე ვდგავარ ჩემი პრობლემებით, პირად რისკს ვწევ და ვინც მისმენს, ეს მისთვის ნათელია. ამიტომ ისინი მომყვებიან და იმ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიაში, მე რომ ვხმარობ, თავიანთ პირად გამოცდილებას ამოიცნობენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა