საზოგადოება

რატომ ურჩევდა საქმეებს შალვა ნუცუბიძეს ქართველი პოლიტიკოსი

№1

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 12.01

შალვა ნუცუბიძე
დაკოპირებულია

დახვეწილი იუმორი, საუბრის მანერა და ძალიან ენაწყლიანი. ყველგან და ყველაფერში გამორჩეული. მისი მოსმენა ერთ რამედ ღირდა და ყველა მოუთმენლად ელოდა ხოლმე მის ტრიბუნაზე გამოჩენას. ერთხელ ლექციის დროს ვიღაცამ სცადა კარის შეღება... ნუცუბიძე მივიდა კართან, გამოაღო და თქვა: მობრძანდით, – და კარიც უმალ მიხურა, ისე რომ, სტუდენტმა შესვლა ვერ მოასწრო. შალვა ნუცუბიძე მიუბრუნდა სტუდენტებს და უთხრა: აი, ეს არის ინგლისური პოლიტიკაო. სტუდენტი, რომელიც კარის ჭუჭრუტანიდან ყურს უგდებდა ლექტორს, საბოლოოდ ნუცუბიძემ კლასში შეიყვანა და უთხრა: ჭუჭრუტანიდან ფილოსოფია ჯერ არავის შეუსწავლიაო. შალვა ნუცუბიძის პიროვნება მისი ცხოვრების დღიურებით დაგარწმუნებთ იმაში თუ რაოდენ უინტერესო და უშინაარსო დროში გვიწევს ცხოვრება. დღეს რომ შალვა ნუცუბიძე ჰყოლოდა საქართველოს, საზოგადოება ბევრად ინტელექტუალური, დახვეწილი, კულტურული იქნებოდა, ფონი კი – პოზიტიური.

დაბა ხონში ნადირობას შეწირული თითი

„ამ დაბაში ქართული კულტურის რომელ წარმომადგენელს არ შეხვდებოდით. საჯარო და კერძო ცხოვრება აქ საკვირველად უკავშირდებოდა ერთი მეორეს. დაწყებით სკოლას, რომელშიც მე ვსწავლობდი, სიცოცხლით სავსე და ნიჭიერი მასწავლებელი ილია ამაღლობელი ხელმძღვანელობდა. ბუნების დიდი მოყვარული, მამაჩემივით გატაცებული მონადირე იყო. მეც ბავშვობიდან ვისწავლე ნადირობა, ბავშვობიდანვე შევწირე მას მარცხენა ხელის თითი. ხონი ქუთაისის კულტურული დასაყრდენი იყო. ქუთაისის საოსტატო სემინარია, რომელიც თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოსათვის დაწყებითი განათლების მასწავლებლებს ამზადებდა, ხონში იყო მოთავსებული. მას ოფიციალურად ასე უწოდებდნენ: „ქუთაისის საოსტატო სემინარია ხონში“. ქუთაისის ყოფილ გუბერნიაში, მრავალ დაწყებით სკოლაში, ხონის სემინარიადამთავრებულნი ასწავლიდნენ, ხოლო ზაფხულობით მთელი ეს მასწავლებლობა ხონში ბრუნდებოდა. აქ ვნახე პირველად აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ცნობილი პუბლიცისტი ილია ხონელი, პედაგოგი უთურგაური, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი – პედაგოგი ბარბარე ყიფიანი, კრიტიკოსი ივანე გომართელი. ხონში ვცხოვრობდი თხუთმეტი წლის ასაკამდე და აქ შევხვდი ბევრ ისეთ ვინმეს, ვინც შემდეგ ცხოვრების დიდ სარბიელზე ვნახე. ხონში დავესწარი ი. ხონელის (უფროსის) დაკრძალვას წმიდა გიორგის ცნობილ ტაძარში სამრეკლოს საფუძველთან. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა საგანგებოდ, ერთი პირობით ჩამოსულმა აკაკი წერეთელმა. მე ის პირველად ვნახე. მისი ხმის ტემბრი აქამდე მახსოვს: „ცხოვრებაში ორი გზაა, – დაიწყო აკაკიმ, – ერთი მათგანი ია-ვარდითაა მოფენილი და სავლელად საამოა, მეორე კი ნარ-ეკლიანია და სავლელად წამებაა. პირველი – პირადი ბედნიერებისა და ფუფუნების ძიების გზაა. ის ბევრს იზიდავს. მეორე – ერის მსახურების გზაა და ტანჯვაც გამართლებაა. ილია ხონელმა ეს მეორე გზა აირჩია. მან კარგად იცოდა, რომ ეკლიანი გვირგვინი მაინც გვირგვინია პატიოსნებით მოპოვებული“, – ეს ფრაზა მე ისე მახსოვს, როგორც მრავალი სხვა, უფრო გვიან, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინათ გაგონილი. მეხსიერება სიყრმიდან ჩემი უერთგულესი მეგობარია ბედშიც და უბედობაშიც. ხონში არაერთხელ მინახავს ნიკო ნიკოლაძე. ის იყო თავმჯდომარე იმ საზოგადოებრივ-საირიგაციო სისტემის კომიტეტისა, რომლის ცენტრი ხონში იყო. ამ სისტემის წყალობით, ხონის დიდი ნაწილი წყლის არხებით იყო შემოვლებული და საინტერესო სანახაობას წარმოადგენდა. დავსწრებივარ ნიკოლაძის გამოსვლებს დასახელებული კომიტეტის საანგარიშო და საარჩევნო კრებებზე“, – ასე იგონებს ხონში გატარებულ წლებს შალვა ნუცუბიძე, რაც გადმოცემულია ქეთევან ნუცუბიძის წიგნში (შალვა ნუცუბიძე – ეპიზოდები ცხოვრებიდან).

ლანზღანდარა და ჯიბგირები

ცნობილია შალვა ნუცუბიძის ბიოგრაფიის ის პასაჟები, რაც 1921 წელს დამფუძნებელ კრებაში სოციალ-დემოკრატის, ქალაქის მერის, ბენია ჩხიკვიშვილისა და სოციალ-ფედერალისტ შალვა ნუცუბიძის დაპირისპირებას უკავშირდება. ამ დაპირისპირებას კონფლიქტში სხვა დეპუტატების ჩარევა და რევოლვერზე ხელის გაკვრაც მოჰყოლია. ეს ამბავი კი ასე ყოფილა: 1921 წლის 1 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომა იმართება. შესვენების დროს ბენია ჩხიკვიშვილი და შალვა ნუცუბიძე შელაპარაკდნენ. ბენია ჩხიკვიშვილს შალვა ნუცუბიძისთვის უთქვამს: გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვარით რომ სვამსო. გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთი? – დავწერე, მერე რა, შენი რეპლიკის პასუხად – სხდომაზე ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე... – უპასუხია ნუცუბიძეს. – მანამდე შენ დამიძახე ჯიბგირი, – შეეპასუხა ბენია ჩხიკვიშვილი. – თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან იგივეს კიდევ გაგიმეორებო. – ჰოდა, საქმე გავარჩიოთ, ჩვენ შორის ვინ არის მტყუანი. შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე, მე ჩემთავად სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), – უთქვამს ბენია ჩხიკვიშვილს და თან მუშტი უთავაზია შალვა ნუცუბიძისთვის თვალში, მერე კი ხელი რევოლვერზეც გაუკრავს.

გაზეთებში ზედიზედ გამოქვეყნდა სტატიები: „მუშტის აპოლოგია“, „ახმაურდნენ“... ერთ წერილში, რომელიც „ქართველი ქალის ხმაში“ დაიბეჭდა, უცნობი ავტორი წერდა: „ჯობდა, ბენია ჩხიკვიშვილს სილა გაეწნა ან ტყვია დაეხალა შალვა ნუცუბიძისთვის, მაგრამ მან შეგნებული აქტი ჩაიდინა, რათა მისთვის თვალი ამოეთხარა. ბენიას სურდა თვალის ამოთხრა, იმ მამხილებელი თვალისა, რომელიც ყველაფერს ხედავს და მთავრობის პოლიტიკის ბნელ კუნჭულებს ამზეურებს“. შალვა ნუცუბიძის სხვა მომხრეები კი წერდნენ: „მენშევიკების მუშტები ვერ შეაშინებენ ხალხის გმირებს და ვერ დაადუმებენ ძალმომრეობისა და უსამართლობის დასათრგუნავად ამეტყველებულ ნუცუბიძეს“. საზოგადოების უკმაყოფილება დემონსტრაციაში გადაიზარდა. სტუდენტობამ თავისი პროფესორის შეურაცხყოფას დემონსტრაციით უპასუხა. ისმოდა შეძახილები: „გათავხედებული დეპუტატი ივიწყებს ხალხის უფლებას, როგორც მეკობრე, თავს ესხმის მას, ვისაც პატივს სცემს მთელი შეგნებული ახალგაზრდობა. ქალაქის მერმა დაამტკიცა, რომ ჩვენში არა აქვს პატივისცემა არც ხალხის წარმომადგენლებს და არც მოქალაქეს“. „თანამედროვე მკლავაძე – შორს საპასუხისმგებლო პოსტიდან“, „ძირს ბარბაროსული თვითნებობა, ბაშიბუზუკური პოლიტიკა“, „სალამი და დღეგრძელობა პროფესორ შალვა ნუცუბიძეს“, „ზიზღი და შეჩვენება „დეპუტატ ქალაქის თავს“. მიუხედავად იმისა, რომ შალვა ნუცუბიძე ამ კონფლიქტში ფიზიკურად დაზარალდა, ბოლოს ისევ მან მოუწოდა ყველას – გაერთიანებულიყვნენ ერთ, საქართველოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა პარტიად. „ჩავაგოთ ქარქაშში პარტიული ხმალი და ამოვიღოთ ქარქაშიდან თავდაცვის ხმალი.“ „ეს ის გარდაუვალი ისტორიული ქარიშხალია, რომელიც ჯიქურად დამხვდურ საუკუნოვან მუხასაც კი ძირფესვიანად ამოაგდებს, ნორჩ ლერწამს კი წაწოლით შეუძლია თავი გადაირჩინოს“, – ამბობდა შალვა ნუცუბიძე. ბევრს არ ესმოდა მაშინ მისი მოწოდებისა და მის სიტყვებს „წაწოლის პოლიტიკა“ შეარქვეს. როდესაც შემდეგ შალვა ნუცუბიძე ქებას ასხამდა საქართველოს აღორძინებას, ზოზო ნანეიშვილმა წამოაძახა: „შალვა, „წაწოლის პოლიტიკა“ არ დაგავიწყდეს“. „მე რომ არ წავწოლილიყავი, ზოზო, შენ როგორ გადამახტებოდი“, – მიახალა, თურმე, შალვა ნუცუბიძემ.

ცაკის სამკედრე ნიშანი და ოყიანი ჯვარი

1923-1929 წლებში შალვა ნუცუბიძე ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სსრ ცაკის წევრი იყო. ერთხელ მის მეგობარს, ყოფილ სასულიერო პირს შალვაზე უთქვამს: შეხეთ, შეხეთ, რა სიამაყით ატარებს ცაკის სამკერდე ნიშანს! – შე კაცო, - უპასუხია მისთვის შალვა ნუცუბიძეს, – ოცი წლის განმავლობაში ოყიან ჯვარს ატარებდი და არაფერი გვითქვამს, ამ პატარა ნიშანმა როგორ გაგაკვირვაო. დრო გავიდა და შალვა ნუცუბიძე აღარავითარ ნიშანს აღარ ატარებდა. როცა მას ჰკითხეს, – რატომ არაფერი ნიშანი არ გიმშვენებს მკერდსო, შალვა ნუცუბიძეს ასეთი პასუხი გაუცია: უნიშნობაც ნიშანიაო... მოკლედ, შალვა ნუცუბიძემ დროულად შეაფასა სიტუაცია და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. 7 მაისისა და 1 მაისის დღესასწაულებზე, თურმე, საერთოდ გარბოდა ქალაქიდან „მე ამათი „ვაშა-ურას“ გაგონება არ შემიძლია, შემატყობინეთ ყველა პლაკატს რომ ჩამოხსნიან, მაშინ დავბრუნდებიო“, – უბარებდა ოჯახის წევრებს. საბჭოთა ხელისუფლებას მხედველობიდან არ გამოჰპარვია პოპულარული პროფესორის ანტისაბჭოთა რეაქციები და დაიწყო შალვა ნუცუბიძის დევნა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...