საზოგადოება

რატომ უნდოდათ რუსებს დედაქალაქის თბილისიდან გორში გადატანა

№26

ავტორი: ეკატერინე პატარაია 00:11 14.07

როსტომ ხანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი #25 (1278)

მრავალფეროვანი გორი – როსტომ ხანის პერიოდი

ელდარ მამისთვალაშვილი (ისტო-რიკოსი, პროფესორი პედაგოგი): ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი გორში სომხები იყვნენ. სხვადსხვა პერიოდში თანაფარდობა იცვლებოდა, სომხები მეტნი იყვნენ, ვიდრე ქართველები, იმიტომ რომ სომეხი ხელოსნები უფრო დახელოვნებულები იყვნენ, ვაჭრობის მხრივაც მათ საერთაშორისო ასპარზიც დიდი ჰქონდათ, იმიტომ რომ მათი სახელმწიფო აღარ არსებობდა. სომხური სახელმწიფო მეთორმეტე საუკუნიდან მოისპო. მათი დიდი დიასპორები სხვადასხვა ქვეყანაში იყო და სადაც მიდიოდნენ, ყველგან ხელისშეწყობა ჰქონდათ ადგილობრივი სომხებისაგან. სხვათა შორის, ქართველი მეფეები ამ მომენტს ძალიან მოხერხებულად იყენებდნენ. მაგალითად, სომეხ ვაჭრებს ელჩებად იყენებდნენ, იმიტომ რომ იქ, სადაც აგზავნიდნენ, ყველგან თავიანთი დასაყრდენი ჰყავდათ. ის მომენტი, რომ ეს ადამიანი სომეხია და გვერდზე გაეწიათ, ისტორიულად არცერთ დროში არ ჩანს. ხშირად სომხებს საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავათ ქალაქის მმართველობაში. ასე რომ, როდესაც ვლაპარაკობთ ტოლერანტობაზე, ჩვენ არ ვაჭარბებთ. ოდითგანვე ასე იყო. სომეხსა და ქართველს შორის ერთი ასეთი ამბავი მოხდა: როგორც უკვე გითხარით, როსტომს ცოლი არ ჰყავდა, არც შვილი და როდესაც მარიამი შეირთო, მაშინ ის უკვე 70 წელს გადაცილებული იყო. მარიამს კი შვილი პირველი ქმრისგან ჰყავდა. სიმონ გურიელის ცოლი იყო. სიმონ გურიელი ლევან მეორე დადიანმა შეთქმულებაში მხილების გამო დააბრმავა. ამის შემდეგ გურიელი საქართველოდან წავიდა და იერუსალიმში დასახლდა. ეს დაბრმავებული კაცი იქ წავიდა და ბერად აღიკვეცა. მიუხედავად იმისა, რომ მარიამი როსტომის ცოლი იყო, მარაიმსა და სიმონს ერთმანეთთან მიმოწერები ჰქონდათ. ერთმანეთს არ ივიწყებდნენ. როგორც უკვე გითხარით, მათ ჰყავდათ საერთო შვილი, რომელსაც ოტია ერქვა. როსტომმა ძალიან შეიყვარა ეს ახალგაზრდა. მან ის გამოაცხადა კიდეც თავის მემკვიდრედ, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა. ოტია გარდაიცვალა. იყო საყოველთაო გლოვა. ამის შემდეგ როსტომმა დიაწყო იმაზე ზრუნვა, რომ მემკვიდრედ ვიღაც უნდა ეპოვა. მონარქიის პერიოდია და სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ქვეყნის სტაბილური მდგომარეობისთვის აუცილებელი იყო, ხალხს სცოდნოდა მეფის მემკვიდრე – ეს მეფე რომ აღარ იქნებოდა, ვინ შეცვლიდა მას. თუ ეს საკითხი გარკვეული არ იქნებოდა, ამას შეიძლება, უარყოფითი რეზონანსი გამოეწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოჩნდებოდნენ კანდიდატები, პრეტენდენტები, მსურველები მოკლედ რომ ვთქვათ და ამას შეიძლება, ქვეყანაში დიდი არეულობა გამოეწვია. აი, ასე ძებნა-ძებნაში ოთხი მემკვიდრე შეარჩია. მეორე მემკვიდრეც მოუკლეს. მესამე მემკვიდრე ნადირობის დროს მოკლეს და ერთ-ერთმა, ვინმე ბარათაშვილმა ხელი დაადო ვინმე თუმანიშვილს: აი, ამან ესროლაო... ეს კაცი იყო სომეხი. ამან ქვეყანაში ძალიან სერიოზული ამბები გამოიწვია. როსტომი მხარს უჭერდა თუმანიშვილს, ამბობდა, ის არ იქნებოდა დამნაშავეო. მარიამი ბარათაშვილის მხარეს იყო. ერთი სიტყვით დიდი გამოძიებები ჩაატარეს. ბოლოს, როსტომმა თქვა: რადგანაც ჩვენ ვერაფერს ვადგენთ, მოდი, ტრადიციული მეთოდით გადავწყვიტოთ. ეს ორი, ბრალდებული და ბრალმდებელი ერთმანეთს დავაპირისპიროთ, დუელი გავმართოთ. ვინც გაიმარჯვებს, მართალიც ის იქნებაო. ასეთი სასამართლო, მოგეხსენებათ, იმ დროს ევროპაშიც არსებობდა. პიროვნებას ან ცხელ წყალში ჩააყოფინებდნენ ხელს და თუ დაეწვებოდა, დამნაშავე იყო. თუ არ დაეწვებოდა – უდანაშაულო, მაგრამ წარმოიდგინეთ – როგორ შეიძლება, მდუღარე წყალში ჩაყო ხელი და არ დაგეწვას... ერთი სიტყვით, იოლად ხდებოდა დამნაშავის დადგენა. ამ მეთოდს ორდალიები ერქვა. როსტომმა გამოსცა ბრძანება, რომ ეს ორნი ერთმანეთს შეხვედროდნენ. ამ დროს, დამნაშავეც და უდანაშაულოც ერთმანეთთან ძალიან კარგ ურთიერთობაში არიან. წინა დღეს იქეიფეს კიდეც ერთად. ახლა კი, თბილისში, მტკვრის სანაპიროზე უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდენ ცხენდაცხენ... თუმანიშვილმა გაიმარჯვა. ბარათაშვილი ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. ჯერ ბრძანება გასცა როსტომმა, აჩეხეთ, ეგაა დამნაშავე და მკვლელიო. მისთვის ის უკვე დამნაშავე იყო. მაგრამ საქმეში მარიამი და ვიღაცები ჩაერივნენ, სთხოვეს, ამას ნუ იზამო… ბარათაშვილს მამულები ჩამოართვეს, გააუბედურეს. ქართულ სამართალში ერთადერთი შემთხვევა გვაქვს ეს, როდესაც სამეფო ხელისუფლება ასეთნაირად ცდილობს დამნაშავის პოვნას და დასჯას.

რუსები გორში

1801 წელს, როდესაც რუსები პირველად შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, მათ პირველი რაც დაიწყეს, ეს იყო ქვეყნის გამგებლობა. ჯერ თბილისის გუბერნია შეიქმნა და დაიწყეს მისი მართვა. მთავრმმართველ ერმოლოვის დროს დღის წესრიგში დადგა თბილისიდან გორში დედაქალაქის გადმოტანა და რატომ? ერმოლოვმა და მისმა ხელქვეითებმა, გეოდეზისტებმა და სხვა სპეციალისტებმა (ბევრი იყო ჩართული ამ საქმეში) ასეთი განაჩენი გამოიტანეს: მანძილის გამო გორიდან რუსეთთან დაკავშირება ბევრად უფრო იოლი და მომგებიანია, ვიდრე თბილისიდან. აქ ახლა ამ ეშმაკობის გაგება არ არის რთული. ასე იყო თუ ისე იყო, თბილისში ხან ყიზილბაშები შემოდიოდნენ, ხან ოსმალები, მაგრამ თბილისი მაინც, დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. ამავე დროს, უკვე დაწყებულია ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. რუსეთის შემოსვლის პირველ ათ წელიწადში უკვე გამოჩნდა, რომ ეს, ის ძალა არ იყო, რომლის იმედიც მათ ჰქონდათ – ფიქრობდნენ, რომ მოვიდოდნენ და საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა. პირიქით, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის დამორჩილებას ფიქრობდნენ. ბუნებრივია, ეს გეგმა – გორის გადედაქალაქება – ვერ განხორციელდა. რატომ? იმიტომ, რომ რამდენჯერაც გაუშვეს ექსპედიცია, რომ ეს გზა შეესწავლათ, ლიახვის გაყოლებით, რათა ჩრდილო კავკასიაში გადასულიყვნენ, იმდენჯერ ოსებმა არ გაატარეს. ხან, ექსპედიციის წევრები გაძარცვეს, მერე, საერთოდაც ამოწყვიტეს და ჩაიშალა ეს გეგმა, ვერ განხორციელდა. ამ დროს რუსეთს ჯერ არ აქვს ჩრდილო კავკასია დაპყრობილი. შემდეგში უკვე მოვიდნენ ისეთი მეფისნაცვლები, რომლებმაც თბილისის განვითარებას საკმაოდ დაატყვეს ხელი. თითქმის ევროპულ ქალაქად გადააქციეს, თუნდაც, ვორონცოვის დროს... ყველა მათგანი ცდილობდა, რაღაც გაეკეთებინა და დაეტოვებინა ამ ქალაქში. აი, ასე გადარჩა თბილისი – დედაქალაქობა არ დაკარგა. არადა, ამ დროისთვის, განსაკუთრებით რუსეთის შემოსვლის შემდეგ, თბილისი იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი იყო, რომ ფაქტობრივად, კავკასიის დედაქალაქად გადაიქცა,

მე-19 საუკუნის გორი

გორს, როგორც ფეოდალურ ქალაქს, სამხრეთ ფერდობზე დიდი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. ეს იყო ძველი გორი. ზემოთაც ვთქვი, რომ თვითონ ქალაქი პატარა იყო. დაახლოებით, მე-18 საუკუნეში, გორში მოსახლეობა 2 000 კაცამდე იყო, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ მოსახლეობის თვალსაზრისით, გორი ღამით პატარავდებოდა, ხოლო, დღისით იზრდებოდა. ვინაიდან გორი ვაჭრობის, ხელოსნობის ქალაქი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა მეზობელი სოფლებიდან დღიურ სამუშაოზე. ზოგი რჩებოდა კიდეც, სახლი დაქირავებული ჰქონდა. ქალაქის გალავანი, ბუნებრივია, ხელს უშლიდა ქალაქის გაფართოებას. არადა, სანამ რუსეთის ასეთი ძლიერი ძალა შემოვიდოდა, მანამდე ლეკიანობა იყო და გალავნის გარეშე იქ ცხოვრება სახიფათო იყო იქ. დიდი გაჭირვება ადგა ხალხს. გარეთ ვერაფერს გააკეთებდა, ვერც სახლს ააშენებდა. ქალაქი შიგნით, ამ კედლებს შორის იყო მოქცეული. რუსების მოსვლამ მტრის შიში გაანეიტრალა. აღარ იყო საშიში. ლეკები პირველ ხანებში მაინც მოდიოდნენ, განსაკუთრებით ატენის ხეობაში, სადაც დასახლდნენ კიდეც. ლეკები ამ გზით გადადიოდნენ სამხრეთ საქართველოში, ახალციხის საფაშოში, მათთან ჰქონდათ კავშირები. მანამდეც, იმ ახალციხის ფაშას, ჯაყელების მხარდაჭერით იყო, რომ ისინი ქართლ-კახეთს იკლებდნენ. რუსები რომ მოვიდნენ, 1815-1818 წლებში, რუსეთის ხელისუფლებამ განიზარხა, ატენის გზის დაკეტვა. მაშინ ის ხეობა გაუკაცურებული იყო, იქ აღარავინ ცხოვრობდა. ვინ გაუძლებდა ამდენ ძარცვას, ამდენ რბევას. ერისთავებმა ჩამოიყვანეს და დაასახლეს მერე, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ოსი. ყმა სჭირდებოდათ, მამული მოსავლელი იყო პირუტყვის ჩათვლით, განსაკუთრებით მეცხოველეობა.

კულტურული ცხოვრების გზის დასაწყისი გორში

როდესაც ჩვენ რუსეთთან დაკავშირება დავიწყეთ, მე-18 საუკუნის 60-70-იან წლებიდან, თანდათანობით გამოჩნდა პატარ-პატარა სამრევლო სკოლები და სხვა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო. ასეთ დროს ხალხს ჰქონდა თავისი გასართობი. რაღაც თამაშებს იგონებდნენ. სახელებიც კი არის ცნობილი რას თამაშობდნენ, როგორ თამაშობდნენ, როგორ ერთობოდნენ. ამასობაში ჩაის კულტურაც შემოვიდა. ჩაის სმა – ეს დიდი პატივი იყო, განსაკუთრებით მაღალ წოდებებში, მაგრამ იყო ისტორიული სანახაობებიც, ჩვენ რომ პირველ თეატრს ვუწოდებთ – ყეენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მსგავსი გასართობი საშუალებები. თითქმის ყველა ეს თეატრალური დადგმები იყო. ყეენი სპარსი ან თურქი იყო. ეს იყო სანახაობა, სადაც კარგად ჩანდა, ქართველები როგორ ჯობნიდნენ, ჩაგრავდნენ, ატყუებდნენ და ასე შემდეგ მათ. იყო ძალიან საინტერესო გასართობი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლების დროსაც კი, ეს იყო კრივი, როდესაც უბანი უბანს ეჩხუბება. ეს, ძალიან სერიოზული ამბავი იყო. მერე იმპერატორის ბრძანებით აიკრძალა. ვგულისხმობ იმ თამაშს, როდესაც ქვით ბრძოლა შემოვიდა. ქვებს ესროდნენ ერთმანეთს და ქალაქში პანიკა იყო. იხურებოდა დარაბები, იმალებოდა ხალხი. ასე უსწორდებოდა უბანი უბანს. მერე სპეციალური კანონი გამოიცა: არავითარ შემთხვევაში აღარ შეიძლება ამის გაგრძელება, უნდა აიკრძალოსო და აკრძალეს. ეს იყო მე-18 საუკუნის 60-იანი წლებში.

პრესა გორში, წიგნის მაღაზიები და სასწავლო დაწესებულებები

მე-19 საუკუნეში ბევრი რამ ჩნდება. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, მართლა გამოცოცხლდა ქვეყანა, ხალხიც გამოცოცხლდა. ხალხმა ფეხი აიდგა. თუ მანამდე ბატონის ნებართვის გარეშე ადამიანი ვერ გავიდოდა თავის სოფლიდან, ქალაქიდან, ახლა უკვე ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც თერგდალეულები ჩნდებიან. დაინტერესდნენ, პრესაც შექმნილიყო. 90-იანი წლებიდან გორში უკვე წიგნის ბეჭვდა დაიწყო, გაჩნდა წიგნის მაღაზიაც და ასე შემდეგ. ესე იგი, თანდათანობით ევროპისკენ მივდიოდით. გორი გადაიქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ცენტრად, გაიხსნა სასულიერო საწავლებელი, სემინარია. ის შენობა დღესაც კი გვაქვს გორში. ეს ის შენობაა, სადაც სტალინი და სხვა ცნობილი პიროვნებები სწავლობდნენ.

თავადაზნაურობა მეფის რუსეთის დროს

სტალინის ახალგაზრდობის დროს, გორის სემინარია უკვე განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო, არა მხოლოდ გორის, არამედ მთელი კავკასიის მასშტაბითაც, იმიტომ რომ აქ დაიწყეს ჩამოსვლა აზერბაიჯანელებმა, ჩრდილოკავკასიელებმა. მერე ჩნდება კეთილშობილ ქალთა სკოლა, ვაჟთა სკოლა. შემდეგში, ეს სკოლები პარტიულმა ხალხმა თავიანთ დასაყრდენად გადააქციეს. აგიტაციას ეწეოდნენ მოსწავლეებში. ეს იყო ყველაზე განათლებული მასა. სტალინი, ვაჟა-ფშაველა, კეცხოველი და ბევრი გამოჩენილი ადამიანი სწავლობდა, უცხოელებიც, ამდენი შესანიშნავი საზოგადო მოღვაწე გაიზარდა გორში. ასე, თანდათანობით ცოცხლდება გორი. ის ამ სოციალური მოძრაობის და განათლების მიღების კერად გადაიქცა, მერე კი პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზარდა. ყველაფერს თავისი გამომწვევი მიზეზები ჰქონდა. ბატონყმობა გაუქმდა, მაგრამ ბატონყმობის შედეგები, ნარჩენები ძალიან ძლიერი იყო. ეს გლეხების ინტერესებს კვლავ აზიანდება, იმიტომ რომ ჩვენთან ბატონყმობის გაუქმება სურდათ მიწის გარეშე. გლეხისთვის არ უნდოდათ მიწა მიეცათ, ისე უნდა გაეთავისუფლებინათ. არადა, გლეხს სხვა რა შეეძლო იმის გარდა, რომ ხელში ბარი და თოხი სჭეროდა, ჰოდა, ამის წართმევასაც აპირებდნენ. თვით თავადზანაურებაშიც ჩნდება უკვე დაპირისპირება, ზოგი დემოკრატიული მოთხოვნებით გამოდიან, ზოგი პირიქით – რეაქციული. აი, მათ შორის დაიწყო დაპირისპირება. სხვადსხვა პროგრამები იქმნება. ამ სოციალურ მოძრაობაში თანდათანობით მასებიც ერევა. საინტერესოა ის ფაქტი, თუ რამდენად დაინგრა ქალაქის გალავანი, სად გადიოდა მისი კედლები. შეიქმნა ასეთი კომისია თავადებსა და აზნაურებს შორის დავების გარჩევისთვის. მეფის რუსეთი ცდილობდა, რომ საქართველო, რამენაირად მიეერთებინა რუსეთისთვის, როგორც საკუთარი ტერიტორია. სხვათა შორის, როდესაც საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი გამოცხადდა, იქ გათვალისწინებული იყო, რომ თავადაზნაურობა მთელი თავისი პრივილეგიებით, უფლებებით, ყველაფრით, გაუთანასწორდებოდა რუსეთის თავადაზნაურობას. ამან გამოიწვია დიდი მოძრაობა, უნდა გაერჩიათ ვინ იყო აზაური და ვინ იყო თავადი. ეს უნდა დადგენილიყო. ალბათ, გსმენიათ აშორდიას აზნაურები. აშორდია იყო კაცი, რომელიც ყალბ სიგელებს ამზადებდა. ამაზე შეიძლება, ასე ვთქვათ, დიდი ამბები აიწია, სკანდალები მოხდა. მეფის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ეს ასე არ გამოვა. შექმნეს კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა ვინ იყო თავადი და ვინ იყო აზნაური. ამ კომისიის მუშაობა, სხვათა შორის, ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ეს კომისია, რა თქმა უნდა, ითხოვდა და ამაში ქართველი და რუსი მოხელეებიც მონაწილეობდნენ, სამეფო სიგელებს. ეს სიგელები ყველას არ ჰქონდა და აი, ვისაც არ ჰქონდა, ისინი ცდილობდნენ, რაიმე გზით გათავადებულიყვნენ. სიგელი, დოკუმენტი, როგორც ასეთი, თაობიდან თაობაზე გადადიოდა. როდესაც მეფე ტახტზე ადიოდა, თავისი წინამორბედი მეფის, სიგელების განახლებას იწყებდა. ჩვენ ძალიან ბევრი სიგელი გვაქვს, რომელზეც აწერია – ვანახლებ ამას, მეფე ესა და ეს... ფეოდალურ ხანაში ეს წოდებები, ფაქტობრივად, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მეფე მათ ხელს ვერ ახლებდა. ფეოდალი შეიძლებოდა დასჯილიყო, მისთვის მამულების ჩამორთმევით, ქვეყნის ღალატისთვის და მეფის ღალატისთვის, სხვა – არცერთი დანაშაულისთვის. მამას თუ დაიჭერდნენ, ის სასჯელი მერე შვილზე გადადიოდა. ფეოდალურ საზოგადოებაში ეგეთი რაღაც რომ დაიწყეს, უკვე ამ საზოგადოების რღვევის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ამდენი საუკუნე იარსება საქართველომ, როგორც ქვეყანამ და სოციალურ მოძრაობაზე არაფერი მსმენია. არსად შევხვედრივარ, არ არის ასეთი რამ. იმდენად იყო ქვეყანა მტრისგან შევიწროებული, რომ არ შეიძლებოდა ბატონსა და ყმას შორის დაპირისპირება ყოფილიყო. თქვენ იცით, რომ საქართველოში სამეფო სასახლე არ გვაქვს შემორჩენილი, არ არსებობს. განადგურდა იმთავითვე. მტრის შემოსევები არ აძლევდა მეფეს საშუალებას, რომ ჰქონოდა სასახლე და ბრწყინვალებაში ეცხოვრა. სადაც დაუღამდებოდა, იქ უნდა გაეთენებინა. ერეკლე მეორის ხანიდან, როცა უკვე გაძლიერდა სამეფო კარი, შემოგვრჩა რაღაც ნაგებობები. მოსკოვში ისე წარმოედგინათ, თითქოს, ზამთრის სასახლე რომაა სანკტ-პეტერბურგში, ისეთ სასახლეში იჯდა ქართველი მეფე და ბრძანებებს აძლევდა თავის ქვეშემრდომებს.

(იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან „საქართველოს დაბადება“)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა