საზოგადოება

რატომ უნდოდა გოგლა ლეონიძეს საქართველოს კათოლიკოსობა და რომელ ქართველ მეფეს გამოარჩევდა ის

№43

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 30.10

ლეონიძე
დაკოპირებულია

მინიშნებები

გიორგი ქავთარაძე (გოგლა ლეონიძის შვილიშვილი): „გოგლას გარდაცვალების წელს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ვიღაც არაკაცს წყნეთის სახლის აივნებიდან მერცხლის ბუდეები ჩამოეგდო. ამის გამო გოგლამ ძალიან იდარდა. ხოლო მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სახლის დედაბოძის იმ ნაწილს, რომელ მხარესაც გოგლა იწვა, დიდი ნაპრალი გაუჩნდა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აუცილებელი გახდა დედაბოძის საგანგებო გამაგრება. სახლს, ეტყობა, „გულმა უგრძნო“ თუ რა ბედი ელოდებოდა მას მომავალში. გოგლა ლეონიძე საღამოხანს, მზის ჩასვლისას გარდაიცვალა, 9 აგვისტოს, მისი პოეტური გზის დამლოცველის, მამის მეგობრის, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების დღეს (ძველი სტილით).“

მოგონებები ბავშვობიდან და სევდა საქართველოზე

„...ჩემი დაკვირვებით, გოგლა მაინცდამაინც ხშირად არ მიისწრაფოდა პატარძეულისაკენ. მისი მგრძნობიარე სული ვერ უძლებდა იქ მოზღვავებული სევდის ნაკადს. ეს მკვეთრი გარდატეხა გოგლას განწყობაში, რა თქმა უნდა, დედის სიკვდილს უკავშირდებოდა: „აქ მარწყვზე წასულს დედა მეძებდა, მე ახლა აქვე დავეძებ დედას, ვინც მზიან მაისს მიორკეცებდა, იმ მაისივით ვეღარც მას ვხედავ...“ ახლობელთა გადმოცემით, პატარაობისას დედას გოგლა წისქვილში გაეგზავნა. ძალზე დაუგვიანია, როდესაც შეწუხებულმა დედამ წისქვილში მიაკითხა, დაინახა, თუ როგორ სულგანაბული უსმენდა მოხუცი მეწისქვილის ზღაპარს. ეს შთაბეჭდილებები უნდა იყოს ასახული „ივერიის ღამის“ სტრიქონებში: „სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი, სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...“

ლეონიძე გავრცელებული შეხედულებებისდა მიხედვით, იყო ძლიერი, ომახიანი, დაუდეგარი, მაგრამ მხოლოდ ახლობლებმა ვიცით, თუ რაოდენ მორიდებული და გულჩვილი იყო ამასთანავე. არასოდეს არავის შეაწუხებდა. გამიგონია, ბავშვობაში სტუმრები რომ მოვიდოდნენ, გოგლა სიმორცხვისაგან ან მაგიდის ქვეშ დაიმალებოდა, ანდა ეზოში ხეებს შეეფარებოდა ხოლმეო. გოგლას მეტამორფოზა გამოუწვევია მის ერთ უცაბედ შეხვედრას ცნობილ ისტორიკოსთან, მის მასწავლებელთან სასულიერო სემინარიაში, მოსე ჯანაშვილთან. ადრე ტანაყრილს, სიმორცხვისაგან წელში მოხრილსა და მუდამ თავჩაღუნულ გოგლას ქუჩაში გადაჰყრია მოსე ჯანაშვილი, რომელსაც შეუჩერებია და საყვედურით უთქვამს: „შენს ასაკში კაცი მზისგან გალაღებული სულ ზეცას უნდა შესცქეროდეს, მიწას კი არ უნდა ჩაჰყურებდესო“. გოგლა ხშირად შემახსენებდა ამ ამბავს მოხრილს როცა დამინახავდა. გოგლასავით მეც, სტუმრების დანახვისას, შორეულ ოთახებში ვიმალებოდი, უკვე არცთუ მთლად ბავშვი და ეს კიდევ ერთი საბაბი იყო, რათა ჩემთვის „ლეონიძე, ნამდვილი ლეონიძე!“ დაეძახა. თურმე, თავის დროზე მოუთმენლად ელოდა ვაჟიშვილის შეძენას, რომელიც მას არ ეყოლა; სახელიც კი ჰქონია მისთვის შერჩეული... თაყვანს სცემდა ყველა ქართველ მეფეს, განსაკუთრებით კი, ვინც სამშობლოსთვის თავდადებული იყო. გოგლას ბავშვობიდანვე თავი ბაგრატიონთა ერთგულ ქვეშევრდომად მიაჩნდა. კარგად მახსოვს მისი მონაყოლი ალექსანდრე ბატონიშვილის შესახებ. ერეკლე მას განსაკუთრებით ეცოდებოდა: „ერეკლეს სახელს ჩორეხი უსათუოდ ოხვრით დაატანდა – ა, ბეჩავ, ბაგრატიონო!“ მესამე თუ მეოთხე კლასში ვიქნებოდი გადასული, როდესაც ზაფხულში, წყნეთში გვესტუმრა ბესო ჟღენტი თავის ვაჟიშვილთან, ჩემს თანაკლასელ, გოგისთან ერთად. გოგლამ ორიოდ ბოთლი ღვინო და მცირე ვახშამი ეზოს ბოლოს მდგარ მაგიდასთან ჩამოიტანა. ისინი მუსაიფს შეუდგნენ; მე და გოგი იქვე ვჭიდაობდით. ჩამობნელდა. უცბად მომესმა გოგლას ნათქვამი, ისეთი ტემბრითა და სიმძლავრით, რომ შევკრთი და ჩვენ მისამართით წამოძახილად მივიჩნიე, სხვა არაფერი მათი საუბრიდან მე არ მსმენია. გოგლა ამბობდა: „საწყალი მეფე ერეკლე, როგორ მოატყუეს, როგორ წუხდა, ალბათ, როდესაც მიხვდა, თუ რა ხვედრი ელოდებოდა საქართველოს...“ და დასძინა: „რა დიდი მადლი იქნება, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, ვინმე მივიდეს მის საფლავთან და ჩასძახოს ეს ამბავი.“ მაშინვე გადავწყვიტე, თუკი საქართველოს განთავისუფლებას მოვესწრებოდი, შემესრულებინა გოგლას ეს სურვილი და თვით მის საფლავთანაც იგივე გამემეორებინა. გოგლა შინაგანად ვერ ურიგდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას...

ექვსი წლისა ვიქნებოდი, როდესაც სახლში მოიტანა სევერიან მაისაშვილისეული საქართველოს სსრ ახლად შექმნილი დროშა, სუფრასთან ღვინით დალოცა და თან; დასძინა: რაც უნდა იყოს, მაინც საქართველოს დროშააო ... ძველი და ახალი საქართველოს ტკივილები მას სხეულზე იარებად აჩნდა... ოცდაერთი წლის მარტში ბათუმიდან ტფილისში გამობრუნებულ ჯარისკაც გოგლას თავისი თოფი ზოოპარკის მახლობლად მდინარე ვერეზე იმხანად არსებული ხიდიდან გადაუგდია, მტერს რომ არ დარჩენოდა. გოგლამ ზუსტი ადგილიც კი მაჩვენა ხიდზე მაშინ, იქ ჯერ კიდევ მდგარი ფასკუნჯის ქანდაკების გვერდით...“

გოგლას საგალობლები და ოცნება საქართველოს პატრიარქობაზე

„...გოგლას ძალზე უყვარდა საგალობლები. ეკლესიას ისე ვერ ჩაუვლიდა ჩუმად პიჯაკის შიგნით, გულთან პირჯვარი არ გადაეწერა. ერთხელ მითხრა: „ბავშვობაში საქართველოს კათალიკოსობაზე ვოცნებობდი, მინდოდა, გიორგი ბროლა ვყოფილიყავი“.

რა თქმა უნდა, უყვარდა ქართლ-კახური მრავალხმიანი სიმღერები, ქუთაისური სიმღერები, განსაკუთრებით – იშხნელებისა. ერთხელ, მახსოვს, მოეწონა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის მიერ ორმოცდაათიან წლებში შესრულებული სიმღერა „გაზაფხული“, რამაც მე ძალიან გამაკვირვა. ოპერებიდან ძალზე უყვარდა ბიზეს „კარმენი“. კინოფილმებიდან, მე მგონი, მხოლოდ „ჩაპაევი“ ჰქონდა ბოლომდე ნანახი. ჩაბნელებულ კინოდარბაზებში ვერ ძლებდა. თეატრი უყვარდა და ხშირადაც დავყავდი ხოლმე, ძირითადად, ეროვნული ხასიათის სპექტაკლებზე... გოგლა სასმელებიდან მხოლოდ ღვინოს სვამდა. არ უყვარდა კონიაკი და არაყი და არც მე მირჩევდა. ათიანი წლების დამლევს, თურმე, კონიაკით ძალზე დამთვრალა და სახლში მისულს ყვირილი დაუწყია: „მიშველეთ, სოციალ-დემოკრატები მკლავენო!“ სოციალ-დემოკრატების ვერცერთ ფრთას ვერ იტანდა. თანაუგრძნობდა ნაციონალ-დემოკრატებს, ისევე, როგორც იმდროინდელი ეროვნული ინტელიგენციის დიდი ნაწილი. სკოლას რომ ვამთავრებდი, გოგლამ ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის პატარა, თხელი, გაყვითლებულ ფურცლებიანი პროგრამა მაჩუქა, მგონი, გრიგოლ ვეშაპელის მიერ შედგენილი; თან გამაფრთხილა: „არავინ გინახოსო“. მეც, ვითომდა, კონსპირაციისთვის, ჩადებული მქონდა ეს პროგრამა ასევე, გოგლას მიერ მოცემულ ზურაბ ავალიშვილის წიგნში „საქართველოს დამოუკიდებლობა“. შემდეგ ეს წიგნი მეგობარმა გამომართვა სხვისთვის მისაცემად. როდესაც უკან დამიბრუნა, პროგრამა მასში უკვე აღარ იდო. ასე დავუკარგე ჩემი დაუდევრობით გოგლას სახიფათო წლებს გამოტარებული პროგრამა...“

გოგლასეული სუფრა

„...ღვინო გოგლას ვერ ერეოდა. მთვრალი ან ფეხარეული საერთოდ არ მინახავს. შეზარხოშებას იმით ვატყობდით, რომ უფრო მხიარული და ხმაურიანი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღვინის დალევა შეეძლო და ყანწსაც ხშირად გამოცლიდა ხოლმე, სძულდა ჩაის ჭიქებით ქეიფი და ყოველთვის ხაზგასმით შენიშნავდა, რომ ჩაის ჭიქით ჩაი უნდა დაილიოს, ხოლო ღვინის ჭიქით _ ღვინო. საქართველოს სადღეგრძელოს და ისიც მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში, ილიასეული ხის ჭიქით სვამდა, ჩვენი ოჯახის ყველაზე ძვირფასი რელიქვიით... ერთ-ერთი სადღეგრძელოთი – გოგლაურათი ისმებოდა იმ ახალშობილთა სადღეგრძელო, ვინც წვეულების მსვლელობისას დაიბადა. გოგლას იმდენად ღვინის სმა კი არ უყვარდა, რამდენადაც სუფრასთან მოლხენა. ის სუფრა, რომელსაც გოგლა ესწრებოდა, გამორჩეული იყო ძალზე საინტერესო საუბრებით, მხიარულებით, ცეკვა-სიმღერით, კეთილი განწყობით. გოგლასეულ წვეულებებს შეჩვეულთათვის ძნელი ხდებოდა სხვა, ორდინარულ სუფრებზე სიამოვნების მიღება. საჭმლის მიმართ გოგლა დიდი მოთხოვნილებით არ გამოირჩეოდა; უყვარდა თევზი, ხინკალი, ლობიო, ნიორი, „დედას პური“, კამეჩის მაწონი და განსაკუთრებით – ინდაურის თეთრი ხორცი, რომელიც ძალზე იშვიათად თუ ერგებოდა, რადგან ყოველთვის ცდილობდა ახლობლებისათვის დაეთმო. მეც თეფშზე მთლიანად გადმომიღებდა ხოლმე და თან, დიდი კმაყოფილებით მეკითხებოდა: „ხომ კარგია? ხომ მოგწონს?“ გოგლას ზარავდა სუფრაზე შემწვარი გოჭის დანახვა, ამბობდა: „ჩვილ ბავშვს მაგონებსო“.

ნინოწმინდის ტაძრის ეზოში ჩამარხული სამეფო ბიბლიოთეკა

„სტალინი გოგლასთვის, გარკვეულწილად, ილიასთან „დილით“ ხელში მისული ყმაწვილი პოეტი იყო, რომელსაც ბედმა არგუნა ქართული გენიის უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი რგოლი ყოფილიყო... სტალინს გოგლა არასოდეს შეხვედრია, მხოლოდ ერთხელ, ომის შემდგომ წლებში, სხვა მწერლებთან ერთად მიუპატიჟიათ კრემლში, მაგრამ სტალინთან შეხვედრის მოლოდინში სასტუმროდან ადრე გასული ბუკინისტურ მაღაზიაში შესულა და ისე გაუტაცნია იქ მიკვლეული წიგნების ფურცვლას, რომ შეხვედრაზე დაგვიანებით მისულა და, რა თქმა უნდა, აღარ შეუშვეს. როგორც ცნობილია, გოგლა დიდი ბიბლიოფილი და სიძველეთა ჩინებული მცოდნე იყო. ოცდაათიან-ორმოციან წლებში, ლიტერატურის მუზეუმში მუშაობისას, ის ყოველნაირად ეხმარებოდა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ძველი ქართული ოჯახების შთამომავალთ, რათა მუზეუმისთვის გადაცემულ უძვირფასეს მასალებში მაქსიმალურად შესაძლებელი თანხა აეღოთ, რის გამოც არაერთი უსიამოვნება შეხვედრია. გარდაცვალების წინა თვეებში, თითქოს მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში, გოგლა ცდას არ აკლებდა, რათა მიეკვლია ნინოწმინდის ტაძრის ეზოში ჩამარხული წიგნსაცავისა და თემურ ლენგის მიერ თბილისის აოხრებისას სამარყანდში გაზიდული სამეფო ბიბლიოთეკისთვის... ორმოცდაათიან წლებში გოგლა თანაუგრძნობდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და მათ მეგობრებს და მათი გათავისუფლების სათხოვნელად კონსტანტინე გამსახურდიასთან და სხვა მწერლებთან ერთად ეახლა ვასილ მჟავანაძეს. იმხანებში გოგლა ხშირად მეუბნებოდა: „ხომ ხედავ, ბრძოლით არაფერი გამოდის, ეცადე, სამშობლოს შენი ცოდნითა და საქმით ემსახურო, თავისუფლებას კი დრო მოიტანს და მაგ დროისათვის უნდა იყოთ მზად“... არ უყვარდა, სკოლაში რომ დავდიოდი და ხშირად ცდილობდა, არ გავეშვი, ამბობდა ხოლმე: ნეტა იქ კარგი რა უნდა ასწავლონო. სახლში დარჩენილს უამრავ წიგნს მაკითხებდა ხოლმე საქართველოს ისტორიაზე, მათ შორის 1917-1924 წლებში გამოცემულებს, თან შიშობდა, ხიფათში არ გავხვეულიყავი. ტრავმირებული იყო ოცდაჩვიდმეტში უფროსი ძმის, ცნობილი მიკრობიოლოგის, ლევან ლეონიძის დაღუპვით, რომელსაც პატარძეულიდან თბილისში ოცდაერთ წელს დიდი შეიარაღებული რაზმი ჩამოეყვანა სამშობლოს დამცველებისა... მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიიდან შუა აზიაში გერმანელთა გადასახლებისას, გოგლამ უდიდესი ძალისხმევითა და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელის, კანდიდ ჩარკვიანის დახმარებით, შეძლო, ლევანის მიერ გერმანიიდან (ვისბადენიდან) ჩამოყვანილი მეუღლის, მარია ჰოფმანისა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილის უკანასკნელ მომენტში დახსნა. ამ ამბის გამო იმდენად დიდი სულიერი ტრავმა მიეღო, რომ ერთ ღამეში მთლიანად გაჭაღარავებულიყო. ასევე შეუხორცებელ ჭრილობად აჩნდა მის სულს მეუღლის, ეფემია გედევანიშვილის, ძმის, ავთანდილის, დაღუპვა 1924 წელს. ავთანდილი, ცხრამეტი წლის, მოხდენილი აღნაგობის, უნივერსიტეტის სტუდენტი, ქუჩაში შემოწმების დროს დაეკავებინათ. მეორე დღეს ორგანოებში საბუთის წამოღებისას გარეთ გამოსულს კიბეებთან შეჩეხებია ვინმე მოროზოვი, რომელსაც უკან და სამუდამოდ შეუბრუნებია... საბედისწერო გამოდგა ავთანდილისათვის არისტოკრატული იერი. ოჯახში მისგან მხოლოდ მეტეხის ციხიდან ჩუმად გამოგზავნილი პურისაგან გამოძერწილი კოჭი შემოგვრჩა, ზემოდან ამოტვირფული წარწერით - „დედას...“ ძალზე გაიხარებდა ხოლმე გოგლა თუ ჩემს ხელში მისი სულიერი ძმების, ცისფერყანწელთა, წიგნებს დაინახავდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა