საზოგადოება

რატომ უხდიან მადლობას სოფო ბენდელიანს გამოცდილი მამაკაცი მძღოლები და როდის აღიარა მეუღლემ მისი პროფესიონალიზმი

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 10.05, 2022 წელი

სოფო ბენდელიანი
დაკოპირებულია

სოფო ბენდელიანმა მრავალფეროვანი სამსახურებრივი გამოცდილების შემდეგ საკუთარი ადგილი სატრანსპორტო კომპანიაში იპოვა და უკვე ერთი წელია, ავტობუსის მძღოლად მუშაობს.

სოფო ბენდელიანი: რამდენიმე ქალი მძღოლი რომ ვნახე, დავინტერესდი, მომინდა, მეც მეცადა. საჭესთან ურთიერთობის ათწლიანი გამოცდილება მაქვს, ამიტომ არ გამჭირვებია. „ბ კატეგორიის მართვის მოწმობა ავიღე, რაც ავტობუსის მართვისთვის არის საჭირო. გამოცდების შემდეგ, სტაჟირება გავიარე და ყვითელ ავტობუსზე დავიწყე მუშაობა. ახალ, მწვანე ავტობუსზე გადმოსვლისთვის, ისევ გამოცდები და სტაჟირება დამჭირდა. ყვითელი მექანიკა იყო, ეს ავტომატიკაა, გაბარიტებიც სხვა აქვს, ბევრი სიახლეა და მომზადება იყო საჭირო.

– დასაწყისი როგორ გახსენდებათ?

– თავიდან ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, როგორ მიმიღებდა ხალხი, რას იტყოდნენ მგზავრები. მაგრამ წელიწადზე მეტია, ვმუშაობ და ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, მგზავრთან კონფლიქტი ან გაუგებრობა მომსვლოდეს. პირიქით, ძალიან დიდი სტიმული მომცეს. პირველი კვირა ძალიან განვიცდიდი. თან, ამდენ ადამიანს რომ ატარებ, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მით უმეტეს, თბილისისნაირ ქალაქში. კურიერები მოტოებით ისე მოულოდნელად ჩაგიჭრიან გზას, მართლა ძალიან საშიშია და დიდი სიფრთხილეა საჭირო. თან, მე საკმაოდ ვიწრო ქუჩებზე ვმოძრაობ – ბარნოვზე, მაყაშვილზე. კარის გახსნაც მეშინია, ვფიქრობ ხოლმე, უცებ კურიერი ჩასულ მგზავრს არ შეეჯახოს-მეთქი. მაქსიმალური მობილიზება, ყურადღების გამოჩენა, ასი თვალი და ყურია საჭირო.

– როგორი რეაქციები აქვთ, საჭესთან ქალს რომ ხედავენ?

– რომ ამოდიან და ქალ მძღოლს ხედავენ, ამბობენ ხოლმე, ვაიმე, რა სასიამოვნოაო. ძირითადად, სულ ასეა. მაკვირდებიან, განსაკუთრებით ასაკოვანი მამაკაცები. ჩასვლისას ბევრი მოსულა და მადლობა უთქვამს. მეკითხებიან და რომ იგებენ, სულ ერთი წელია, ვმუშაობ, მაქებენ ხოლმე, თქვენსავით ბევრი კაცი ვერ მართავსო. ვერ იჯერებენ, რომ ერთ წელიწადში ასეთ პროფესიონალურ დონეზე ვმართავ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა და მადლობებს ვუხდი, მათგან ბევრი გამოცდილი მძღოლია. ამ საქმეს ყველა კაცისად აღიქვამს და ქალისთვის ეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. უნდა დაინახონ, რომ ქალსაც შეუძლია, ამას თავი პროფესიონალურად გაართვას. მიხარია, თუ ეს შევძელი. სხვათა შორის, კაცი მძღოლები თავად აღნიშნავენ, ქალები უფრო ფრთხილად დადიხართ და მეტად დაკვირვებულები ხართ, ვიდრე მამაკაცებიო. ქალსაც მოსდის შეცდომები, მაგრამ ეს უფრო ხშირად მამაკაცების მხრიდან მოდის და გაკვირვებულმა ამის მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, გამოცდილი მძღოლები უფრო მოშვებულები არიან, იმდენ ყურადღებას აღარ იჩენენ და ქალები პირიქით – მაქსიმალურად ფრთხილობთ. ხანდახან ჩვენ ჩვენი თავდაჯერებულობა გვაზიანებსო.

– ქალს რომ ხედავენ, ალბათ, ინტერესის გამოც ამოდიან ავტობუსში.

– კი, რამდენიმეჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა. რომ დაუნახავთ, მძღოლი ქალი იყო, ისე ამოსულან ავტობუსში, ნომრისთვის არც შეუხედავთ. მერე ამბობენ ხოლმე, ვაიმე, შემეშალაო (იცინის).

– მეუღლემ რა გითხრათ, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეთ?

– თავიდან მითხრა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებო, ეშინოდა და ძალიან შემიწყო ხელი, რომ ყველა ეტაპი წარმატებით გამევლო. მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდებზე ჩემ გვერდით იყო. წინააღმდეგი არ ყოფილა, პირიქით – მოსწონდა, მძღოლ ქალს რომ ხედავდა. ისიც იცის, რომ წლებია, მექანიკას საკმაოდ კარგად ვმართავ, თვითონ მასწავლა მანქანის ტარება.

– რას ამბობს, კარგი მასწავლებლის დამსახურებაა თუ მოსწავლე აღმოჩნდა კარგიო?

– მეუღლე არასდროს მაქებდა და ამის გამო სულ ვბრაზდებოდი. ავტობუსზე რომ დავიწყე მუშაობა, ერთ დღეს გამომყვა, მაინტერესებს სად მუშაობო. ერთადერთი, მაშინ მითხრა, უსწავლია ჩემს ცოლს მართვაო. აღიარა (იცინის). ისიც მითხრა, ეს ხაზი რატომ აირჩიეო, რადგან, როგორც გითხარით, ძალიან წვრილი ქუჩებია და სულ ექსტრემალურ სიტუაციებში ვარ (იცინის). კვირაში ორჯერ-სამჯერ გვიწევს მძღოლებს საპატრულოში დარეკვა – ასეთ ქუჩაზე ვინმემ ცუდად თუ ჩააყენა მანქანა, ვეღარ გავდივართ. ვრეკავთ პატრულში და ველოდებით. ბევრჯერ გამირისკავს გავლა, საცობი რომ არ შექმნილიყო და მგზავრებისგან ტაშიც მიმიღია. მეუბნებიან ხოლმე, არ გარისკოო, მაგრამ რომ გამყავს, მერე მაქებენ და ტაშს უკრავენ (იცინის).

– შვილები რამხელა გყავთ და როგორ მოსწონთ დედის საქმიანობა?

– 14, 12 და 9 წლის. ძალიან მოსწონთ. სკოლაში ბავშვები რომ ეუბნებიან, რა მაგარი დედა გყავთო, მაშინ – მით უმეტეს (იცინის). სიუჟეტი უნახავთ ჩემ შესახებ, მასწავლებელს უთქვამს, დღეს ერეკლეს დედა იქნება ტელევიზორშიო და თურმე, ყველამ ერთად უყურა. სახლში ძალიან გახარებულები მოვიდნენ.

– როგორც მძღოლს, რა სირთულეებთან გიწევთ გამკლავება?

– ძალიან დამღლელია. საჭესთან ამდენი საათის გატარება მარტივი არ არის. თან, ძალიან დიდი საცობებია. თითქმის ყველა ქუჩაზე საცობი მხვდება და ძალიან კარგი ნერვული სისტემაა საჭირო. ჯერჯერობით ვუმკლავდები (იცინის). დაგვიანებით რომ მივდივართ, გაჩერებაზე მომლოდინე მგზავრები, გვსაყვედურობენ, სად ხართ ამდენ ხანსო და წყნარად რომ ეტყვი, რომ საცობში მოყევი, თვითონაც მშვიდდება. აგრესიულად რომ უპასუხო, უფრო ცუდად იმოქმედებს. სამსახურში 6 საათზე მივდივარ. უფრო სწორად, 6-ზე უკვე გარაჟში ვარ – პირველი მანქანა, დილის 7-ის 15 წუთზე გამოდის. გუშინ ღამის 12 საათსა 23 წუთზე დავასრულე რეისი. შემდეგ კიდევ პროცედურებია გასავლელი, ავტობუსის გარეცხვა, დეზინფექცია, შემოწმება და წუხელ, სამის წუთებზე მოვედი სახლში. ამ გრაფიკით რომ მუშაობ, ძალიან იღლები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სანამ სამუშაოზე ვარ, ვერაფერს ვგრძნობ. მხოლოდ დღის ბოლოს ვხვდები, რომ ძალიან დაღლილი ვარ. დღეგამოშვებით ვმუშაობთ.

– საკმაოდ მრავალფეროვანი სამსახურებრივი გამოცდილება გაქვთ.

– ფარმაცევტული დავამთავრე, მაგრამ გავთხოვდი, ბავშვი შემეძინა და ვერ ვიმუშავე. ბავშვები რომ წამოვზარდე, მუშაობა მინდოდა, მაგრამ ამ პროფესიით – არა და ჭრა-კერვის კურსები გავიარე. სამკერვალოშიც ვიმუშავე, შემდეგ, საკონდიტროშიც. ისეთ პროფესიებს ვარჩევდი, ოჯახშიც რომ გამომეყენებინა და ბოლოს „კაცურ საქმეს“ მივადექი (იცინის). ახლა თავის მოვლაც უფრო მეტად დავიწყე. აქამდე არ მიყვარდა მაკიაჟი, ახლაც არ ვგიჟდები, მაგრამ ვიყენებ და უკვე შილაკსაც ვიკეთებ (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი