საზოგადოება

რატომ წვავდნენ აფხაზი სეპარატისტები პავლე ინგოროყვას წიგნს სოხუმის ცენტრში

№26

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 04.07, 2023 წელი

პავლე ინგოროყვა
დაკოპირებულია

... პავლე ინგოროყვა 20 წლისაც არ იყო, როცა აღმოაჩინა, რომ ის ჰიმნოგრაფიული ტექსტები, რასაც ჩვენ პროზად მივიჩნევდით, პოეზია ყოფილა. მეათე საუკუნის საგალობლების ამოცნობა მისი პირველი უდიდესი აღმოჩენა გახლდათ. 40 წლის შემდეგ მან იმავე ტექსტებში წითელი შრიფტით ჩაწერილი სანოტო ნიშნებიც ამოიცნო. მის მიერ გაშიფრული მიქაელ მოდრეკილის კრებულის მეთერთმეტე საუკუნის რამდენიმე საგალობელი, სახელმწიფო საგუნდო კაპელის შესრულებით, სიონის საკათედრო ტაძარში ჩაიწერა. ჩაწერას უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ მეორეც დაესწრო. მეორე დღეს ჩანაწერი, პავლე ინგოროყვას გამოსვლის ტექსტთან ერთად, „იუნესკოში“ გაიგზავნა და 1962 წელს მთელი მსოფლიოს გასაგონად აჟღერდა... მის კიდევ ერთ მიგნებას – „ძველ ქართულ წარმართულ კალენდარს“ – ივანე ჯავახიშვილმა „უაღრესად საინტერესო გზის გამკვლევი მონოგრაფია“ უწოდა. მკვლევრის ისტორიული შრომებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად „გიორგი მერჩულე“ მიიჩნევა. 60-იან წლებში, გამოსულ პავლე ინგოროყვას ტომეულების გამოცემისას, „გიორგი მერჩულეს“ პოლიტიკური ნაწილი არ დაიბეჭდა... „გიორგი მერჩულე“ შუქს ჰფენს ჩვენი ისტორიის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ მონაკვეთს – VII-IX საუკუნეებს. უამისოდ როგორ იქნებოდა და, გარკვეულ წრეებში ნაშრომის მიმართ არაჯანსაღი განწყობა გაჩნდა. სამშობლოდან მოწყვეტილმა გრიგოლ რობაქიძემ ჟენევიდან დას, ლიდა რობაქიძეს გამოუგზავნა წერილი: „ეს წიგნი დიდი გამარჯვებაა, დიდი. თავისებურება მისი, არაჩვეულებრივი: კითხულობ მას და ხედავ: საქართველო იზრდება, ვითარ ცოცხალი არსი, ვრცელდება თანდათან, მკვიდრდება ნელინელ, დგინდება, მტკიცდება. წიგნი ციხესიმაგრედაა აღმართული, ისეთ ციხესიმაგრედ, რომელსაც ვერარა შელახავს და ვერარა აიღებს. ამას ესეც უნდა დაერთოს: ამ მძლავრ ხელებში დიდი მადლიცაა“. ძმამ ლიდას ასევე მისწერა, რომ წერილი პავლესთვის მიეტანა. ალბათ, გასამხნევებლად... პავლეს ბარათიდან ეს ადგილი ამოუწერია და შეუნახავს.

შეუძლებელია, გენიალური პიროვნება, მისი შემოქმედება ჩრდილმა დაფაროს. შესაძლოა, სულ მალე მსოფლიოს ყურადღება საქართველომ პავლე ინგოროყვას მიერ ხეთური იეროგლიფების გაშიფვრის ფაქტის გამო მიიპყროს... ამ საკითხზე მკვლევრისა და მეცნიერის შვილიშვილი, გიო მგელაძე მუშაობს. პავლე ინგოროყვას შემოქმედებისა და ისტორიული მნიშვნელობის დამსახურების შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, პავლე ინგოროყვას ორი ტომის გამომცემელი, დავით გალეგაშვილი საუბრობს, ხოლო ცხოვრებისეულ ეპიზოდებს გიო მგელაძე და შვილთაშვილი, ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი იხსენებენ... სარფი დღეს ჩვენი რომ არის, ეს პავლეს დამსახურებაა! რობაქიძეს სხვა ბარათიდან ამოწერილი ჰქონდა ამგვარი შეფასება: „გამოკვლევა პავლე ინგოროყვასი, „გიორგი მერჩულე“, დიდი მარჯია საქართველოსი“.

პავლეს, ასევე, შენახული ჰქონდა ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი სწავლულის, ალექსანდრე მანველიშვილის ნაწერიც: „აქ ავტორი გვევლინება, როგორც მეცნიერი მხედარი, რომელიც იცავს მამა-პაპათა მიერ სისხლით მორწყულ მიწას და მათ გაპოხიერებულ ნიადაგზედ შექმნილ ქართულ კულტურას, სიმართლისა და ისტორიული ჭეშმარიტების საფუძველზე...“ ალბათ, გასაკვირი აღარ არის, რატომ წვავდნენ 50-იან წლებში ამ წიგნს აფხაზი სეპარატისტების იდეური წინაპრები სოხუმის ცენტრში. ვინ იცის, რამდენ უბედურებას ასცდებოდა საქართველო, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს მტკიცედ რომ დაეცვათ ინგოროყვასეული პრინციპები აფხაზეთთან მიმართებაში.

„რაც შეეხება „რუსთველიანას“. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც „რუსთველიანაა“, განსაცვიფრებელი „რუსთველიანა“, – როგორც ამას ნოდარ დუმბაძე იტყოდა. თუკი ვინმეს აინტერესებს, ვინ იყო სინამდვილეში მსოფლიო პოეზიის მწვერვალის, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, მან სწორედ ეს ნაშრომი უნდა წაიკითხოს. მასში მოცემულია ინფორმაცია რუსთაველის წარმოშობის, ოჯახის შესახებ; აღწერილია მისი ბრძოლა მონღოლების წინააღმდეგ, მონაწილეობა კოხტასთავის აჯანყებაში; იერუსალიმის მონასტრისადმი მისი დამსახურება და ფილოსოფიური შეხედულებები. ამ მონოგრაფიის გამო საბჭოთა პოლიტიკურმა და სამეცნიერო ელიტამ პავლე ინგოროყვა მორალურად გაანადგურა. წიგნი დაიბეჭდა, მაგრამ იგი უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი. რა იყო ამის მიზეზი? – მისი თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეობა. იგი იყო ხელმომწერი დამოუკიდებლობის აქტისა, მონაწილე ყველა კომისიის (როგორც მენშევიკური, ისე ბოლშევიკური), რომელიც სადავო ტერიტორიულ საკითხებს განიხილავდა თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. საბჭოთა პერიოდში, ფილიპე მახარაძის პირველკაცობისას, პავლე ილიას პირველი ათტომეულის გამომცემელი, ჟურნალების დამაარსებელი გახლდათ. ასევე, მან დააარსა ხელნაწერთა განყოფილება სახელმწიფო მუზეუმში, რომლის საფუძველზეც, მოგვიანებით, ხელნაწერთა ინსტიტუტი შეიქმნა.

ცნობილია მისი დავა სერგო ორჯონიკიძესთან საქართველოს ტერიტორიების შესანარჩუნებლად. სერგო ორჯონიკიძემ პირდაპირ მოუწერა ხელი აზერბაიჯანელებს საინგილოს გადაცემაზე და, როდესაც პავლე ინგოროყვამ პროტესტი გამოთქვა, ორჯონიკიძემ მას შეუთვალა: გადაეცით, ბევრს თუ ილაპარაკებს, საერთოდ თბილისთან გავუვლებ საზღვარსო.

20-იან წლებში პავლემ და მისმა მეგობრებმა მიხეილ ჯავახიშვილი დახვრეტას გადაარჩინეს, მაგრამ 30-იანებში, სამწუხაროდ, ეს ვეღარ მოახერხეს. სწორედ ამ „რეაქციონერობის“ გამო გამორიცხეს ის მწერალთა კავშირიდან. აი, მაშინდელი ოფიციოზის დოკუმენტიც: „პავლე ინგოროყვა გამორიცხულ იქნა, როგორც აშკარა რეაქციონერი და შოვინისტი მწერალი, რომელმაც ჯერ კიდევ ანტისაბჭოთა ჟურნალის „კავკასიონის“ რედაქტორობის დროს ნათლად გამოამჟღავნა თავისი რეაქციონური და ნაციონალისტური სახე... პავლე ინგოროყვა იყო ქართული მწერლების რეაქციონური და შოვინისტური ნაწილის ორგანიზატორი და ხელმძღვანელობდა რეაქციონურ „ქართული წიგნის“ გამომცემლობას, რომელიც წარმოადგენდა მისი ხელმძღვანელობის დროს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილ მწერალთა თავშესაფარს“.

1931 წელს კონსტანტინე გამსახურდია დაიჭირეს. წარმოიდგინეთ, პავლე რუსეთში ჩავიდა და ციხის წინ ქართული ჩოხით დააბიჯებდა... ციხის უფროსმა თქვა: ან ეს კაცი ჩასვით, ან გამსახურდია გაუშვითო და კონსტანტინე გაათავისუფლეს.

30-იან წლებში ანუ მაშინ, როცა სტალინი უკვე ძალაუფლების ზენიტში იყო, გადაწყდა, რომ მოსკოვში ქართული კულტურის დღეები ჩატარებულიყო. მაშინდელი მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მიერ მომზადებული ქართული მწერლობის ისტორია სტალინს არ მოეწონა და მისი გადაწერა პავლეს დაევალა. პავლემ ორ ღამეში გადაწერა და გაგზავნა. ორჯერ იყო ბერიას კაბინეტში, სადაც მისი დაკავება-განადგურების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა, გადარჩა. მართალია, ფიზიკურად არ გაანადგურეს, მაგრამ მუდმივად შევიწროებული იყო.

პავლე ინგოროყვამ სიცოცხლის ბოლოს ასე შეაფასა თავისი სამეცნიერო დანატოვარი – „ქართული ცივილიზაციის ისტორია“. მე ამას დავუმატებდი: ქართველ მეცნიერთაგან პირველმა პავლე ინგოროყვამ შეაღო ის კარიბჭე, რომლის მიღმაც ყველასათვის უცნობი და უხსოვარი საქართველოს წარსული იყო.

რა წვლილი აქვს პავლე ინგოროყვას აჭარის ბედის გადაწყვეტაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ? ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ლენინმა თურქეთს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიების ნაწილი, მათ შორის, ბათუმის ოლქის მიწები დაუთმო. აჭარლებისა და გენერალ მაზნიაშვილის გმირული ბრძოლების შედეგად, თურქები ბათუმიდან განიდევნა. მაგრამ თურქეთი ზავის პირობების შესრულებას და შესაბამისად, ართვინისა და არტაანის მსგავსად ბათუმის გადაცემასაც მოითხოვდა. საბჭოთა რუსეთისა და თურქეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილებით შექმნილ კომისიაში გასაბჭოებული საქართველოს მხრიდან ახალგაზრდა მეცნიერი, 24 წლის პავლე ინგოროყვა ჩართეს. მან თურქულ ტექსტში მიაკვლია ცნობას, რომ სასაზღვრო მდინარედ განსაზღვრული თურქულად ჩაწერილი სიტყვა – „ჩოროქ“ არა ჩოლოქს (როგორც ამას თურქული მხარე ამტკიცებდა), არამედ ჭოროხს ნიშნავდა, რომელიც გაცილებით უფრო სამხრეთით მდებარეობდა. საბოლოოდ, საზღვარმა ამ ცნობის მიხედვით გაიარა. შედეგად კი, აჭარა დღეს საქართველოა...

ნინია ახვლედიანი, პავლე ინგოროყვას შვილთაშვილი: პავლე დედის მხრიდან ჩემი დიდი ბაბუა იყო. როცა დედაჩემის დედას მამა გარდაიცვალა, მამის ძმამ, პავლემ საკუთარი ძმისშვილები შვილებივით გაზარდა. თვითონ შვილი არ ჰყავდა. მართალია, თავად ამას აპროტესტებდა, მაგრამ ძმისშვილები მამას ეძახდნენ. 2 წლის ვიყავი, როცა პავლე გარდაიცვალა. საოცრებაა და ალბათ, დაუჯერებელი, მაგრამ როცა გოგებაშვილზე, ჩვენს სახლში მივდიოდი, კადრად მახსოვს, როგორ ეჯდა ბებია საწოლთან თეთრწვერა პავლეს და მაწონს აჭმევდა. პავლეს ლურჯი ქუდი ეხურა. დედას მონათხრობიდან ვიცი პავლეს სიყვარულის ამბავი, რამაც ის სულ სხვა ჭრილში დამანახვა, ანუ ასეთ დიდ საზოგადო მოღვაწეს, ადამიანს, რომელმაც სამშობლოსა და ქართულ ენას შესწირა მთელი ცხოვრება, როგორი სიყვარული შესძლებია ქალის მიმართ. მას ქეთევან ბაქრაძე, არაჩვეულებრივი, ულამაზესი, არისტოკრატიული გარეგნობის, დახვეწილი, ევროპულად მოაზროვნე ქალი უყვარდა. როცა ის ცოლად სხვას გაჰყვა, პავლემ სასოწარკვეთისგან თვითმკვლელობა სცადა: ტყვია გულში ისროლა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ტყვია გულთან გაჩერდა და პავლე გადარჩა. ის ტყვია კი სიცოცხლის ბოლომდე არ ამოაღებინა სხეულიდან, სიყვარულის ნიშნად დაიტოვა. მოგვიანებით, ქეთო ქმარს გაშორდა და ცოლად პავლეს გაჰყვა. სიცოცხლის ბოლომდე სამაგალითო და ბედნიერი ცოლქმრობა ჰქონდათ. ქეთო არაჩვეულებრივი მთარგმნელი იყო. მან დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“ თარგმნა, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანად მიიჩნევა. ქეთომ ზუსტად იცოდა, ვინ იყო პავლე, ვის გვერდით ცხოვრობდა და საოცრად აფასებდა. დედასგან ვიცი, რომ პავლე უფრო თბილი იყო, ვიდრე – მკაცრი. მუდმივად საქმეში ჩაფლული, მილიონი ფურცლითა და წიგნით გარშემორტყმული, თურმე, გამოვიდოდა თავისი ოთახიდან და იკითხავდა: „მე დღეს ვჭამე?“ ანუ ჭამა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ არ წაქცეულიყო. ვიცი, კიდევ გუგული მგელაძის მონათხრობი ბაბუას შესახებ: „ცეკას მდივანი შევარდნაძე უკვე ძალიან მოხუც და სკლეროზით დაავადებულ პავლეს მონახულებას აპირებდა. გუგული იუმორით გვიყვება: შევდიოდი და „ვავარჯიშებდი“: შევარდნაძე რომ გკითხავს, ხომ არაფერი გნებავთო? უნდა უთხრა, რომ ბინა გვჭირდებაო. ერთხელაც, გუგულიმ პავლეს „გამოცდა“ მოუწყო და ვითომ, შევარდნაძე იყო, ოთახში თავად შევიდა. მოიკითხა, გაესაუბრა და გასვლისას მიუბრუნდა: ხომ არაფერი გჭირდებათო? პავლემ მიიხედ-მოიხედა, თურმე და ჩუმად იკითხა: ჩემი სიძე აქ ხომ არ არისო? მერე კი „შევარდნაძეს“ უთხრა: „საქართველოს მიმიხედე, საქართველოს!“.

ინტერვიუზე მისულს ერთხელ თამაზ ჩხენკელმა მითხრა, სარფი დღეს ჩვენი რომ არის, ეს პავლეს დამსახურებააო.

გიო მგელაძე, პავლე ინგოროყვას შვილიშვილი: 14 წლამდე პავლესთან ვიზრდებოდი. შეიძლება ითქვას, ასკეტურად ცხოვრობდა. 24 საათიდან ოცს მუშაობაში ატარებდა. მხოლოდ იმ პერიოდში შეწყვიტა საქმიანობა, როცა მისი მეუღლე ავად გახდა. ლოგინად მყოფი ქეთოს მოვლა პავლემ იკისრა და ის დრო საყვარელ მეუღლესთან ერთად გაატარა. მახსოვს, უყვარდა სიტყვა „მაშასადამე“. ხშირად მეუბნებოდა: კომუნისტებს არ დაუჯერო, ბაბუ, „ჟულიკები“ არიანო... ძალიან მძიმე პორტფელით დადიოდა. ავტობუსშიც კი ამოიღებდა ხოლმე თავის ფურცლებს და მუშაობდა ან კითხულობდა... თუ სადმე ვინმეს ლოდინი მოუწევდა, დროს არ კარგავდა. ახლაც კი მაოცებს ხოლმე მის წიგნებში გაკეთებული შენიშვნები, ნებისმიერ მეცნიერებაზე ჰქონდა თავისი წარმოდგენა, ანალიზს აკეთებდა. პავლე ყველა მთავრობისგან იყო დევნილი. რეპრესიების პერიოდში ოთხი წელი ქეთოსთან ერთად, მეუღლის სოფელში გაატარა. ალბათ, არც უნდოდათ მისი ფიზიკური განადგურება, თორემ, ბუნებრივია, იქ მისი მიგნება არ გაუჭირდებოდათ.

ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე: მესამე კლასში ვიქნებოდი. კარზე ზარი დარეკეს. გავაღე და ზღურბლთან ძალიან მაღალი სასულიერო პირი დავინახე. პავლე იკითხა. ოთახში შევუძეხი. პავლე იწვა. ეს ადამიანი მეუფე აღმოჩნდა. პავლეს ოთახში შესულმა საწოლთან დაიჩოქა და ბაბუას ბიბლია გადასცა. უთხრა, რომ პატრიარქისგან ჰქონდა ასეთი კურთხევა. ეს ძალიან ემოციური სურათი გახლდათ... პარადოქსია, მაგრამ პავლე ინგოროყვა ისე გარდაიცვალა, აკადემიკოსის ხარისხი არ ჰქონდა... ვისაც პავლეს პიროვნებასა და ცხოვრებაზე წარმოდგენა აქვს, იცის, რომ ეს ფაქტი მისი პერსონისთვის, მისი ცხოვრების მრწამსისა და წესისთვის ორგანულია. პავლეს საკანდიდატოც არ ჰქონდა დაცული. სახლში გვაქვს 40-იანი წლების 4 აკადემიკოსის წარდგინება. კონსტანტინე გამსახურდიამ, გალაკტიონმა და გოგლა ლეონიძემ წარადგინეს აკადემიკოსად, მაგრამ ბოლშევიკებმა ეს წინადადება არ მიიღეს. იზა ორჯონიკიძემ ლიტერატურის მუზეუმში პავლეს 85 წლის იუბილე გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ იუბილე არაფორმალურად ჩატარდა, მეორე დღეს იზა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მე ვესწრებოდი ამ იუბილეს, სადაც იმ ეპოქის მნიშვნელოვანი მოღვაწეები საოცარ ამბებს იხსენებდნენ, აღიარებდნენ პავლეს გენიალურობას. მაშინვე გამიჩნდა კითხვა საკუთარ თავთან: ასეთ გენიოსად თუ აღიარებდნენ, რატომ არავინ მოსულა მასთან სახლში, არ უკითხავს როგორ იყო, რაზე მუშაობდა?! უკვე შეუძლოდ გახლდათ, ამ საღამოს არ დასწრებია და ყველაფერი მე ვუამბე. იუბილეზე კაკო ბაქრაძე გამოვიდა წინადადებით - პავლესთვის აკადემიკოსობის მინიჭების მოთხოვნით აკადემიასთან ტრანსპარანტებით მისულიყვნენ. მაშინ რეზო თვარაძემ თქვა: ვეთანხმები კაკოს, მაგრამ დღევანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის კი ღირსი პავლე ინგოროყვა მისი წევრი იყოსო?! შეთანხმდნენ, რომ – არა. კარგიც არის, რომ აკადემიკოსი არ გახდა. მისი ნებისმიერი, ერთი პატარა მონოგრაფიაც კი სადოქტორო დისერტაციაა. რეგალიებსა და სტატუსებს მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა. ჰოდა, იმას, რასაც არ სცნობდა, არც ფლობს. ბოლო 5 წელი ავად იყო, ვერ მუშაობდა. გონება ხშირად ღალატობდა, მაგრამ მე ყოველთვის მცნობდა... ეჭვი მაქვს, რომ მას, უბრალოდ, უფროსებთან ურთიერთობა მობეზრდა და „ვერ ცნობას“ მხოლოდ იმიზეზებდა. ერთი თვალით საერთოდ ვერ ხედავდა, მეორეთი – ძალიან ცუდად. ერთხელ, მის ოთახში შევედი და შუქი ავანთე. საწოლში მჯდომს წინ გადაშლილი წიგნი ედო, – ვკითხულობო. მჯერა, მართლა კითხულობდა, მხოლოდ, არა თვალებით... მგონია, რომ მეტაფიზიკური კონტაქტი ჰქონდა – ხან იოანე ზოსიმესთან, ხან რუსთაველთან, ხან გიორგი მერჩულესთან ურთიერთობდა... 14 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის დღეს თვითმფრინავის გატაცებისას გარდაცვლილ აეროპორტის თანამშრომლებს კრძალავდნენ. უმაღლეს სასწავლებლებს ავტობუსები მიაყენეს და მათ დაკრძალვაზე იძულებით წაიყვანეს სტუდენტები, მხოლოდ იმ მიზნით, რომ პავლეს დაკრძალვას არ დასწრებოდნენ. ნეშტი მწერალთა კავშირიდან გამოასვენეს. დისიდენტი მწერლები ითხოვდნენ, რომ მთაწმინდაზე დაეკრძალათ. ბოლშევიკი მწერლები კი ამბობდნენ, დიდუბეში უნდა დაიკრძალოსო. ბოლოს, დისიდენტებმა მოილაპარაკეს: ფეხით გამოვასვენებთ და მთაწმინდის ასახვევს რომ მივუახლოვდებით, გავთხრით საფლავს და დავასაფლავებთო. თავს უფლება მივეცი და მე, პატარა ბიჭი ჩავერიე: მართალია, მთაწმინდა ეკუთვნის, მაგრამ ფორმა მიუღებელია! სათამაშო ხომ არ არის, ასე ატარონ-მეთქი?! დიდუბის ეკლესიაში, ბოლოს და ბოლოს, თამარ მეფეს აქვს ჯვარი დაწერილი. ასე რომ, მწერალთა კავშირიდან პავლე ფეხით მიასვენეს დიდუბის ეკლესიამდე. პანთეონის კარიბჭესთან, სასახლეს მამაკაცები გამოეცალნენ და ქალები შეუდგნენ; მანამდე ასეთი ფაქტი ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენებისას მოხდა.

ბოლო დროს ხეთურ იეროგლიფებზე მუშაობდა. როგორც იცით, მან საგალობლების 60 პროცენტი გაშიფრა. ეს იყო მსოფლიო მოვლენა. ვფიქრობ, მხოლოდ მეცნიერული ლოგიკით ამის ახსნა წარმოუდგენელია. მგონია, რომ მას გარკვეული „მეტაფიზიკური გასაღები“ მიეცა არამატერიალური სამყაროდან... პავლე თავად ამბობდა, რომ ხეთური იეროგლიფები, ანუ კაცობრიობის მიერ დღემდე წაუკითხავი ტექსტები ამოხსნა. ამ საკითხებზე ვმუშაობთ. როცა საბოლოოდ დამტკიცდება, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საჩუქარი კაცობრიობისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი