საზოგადოება

რატომ ცხოვრობს ნანა ფაჩუაშვილი ჭიანჭველას პრინციპით და რატომ აღარ აქვს მას არავის იმედი ცხოვრებაში

№48

ავტორი: ეკატერინე პატარაია 22:00 05.12, 2022 წელი

ნანა ფაჩუაშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის ამბავი ერთი ფილმის სცენარი ან პიესაა, რომლის წაკითხვისას თავს ვერ სწევ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ათეული წლების წინ, როცა ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი იყო, თავის თანაკურსელ ბიჭს, მომავალში მსახიობ ტრისტან ყველაიძეს შეუყვარდა, მაგრამ... ზაფხულში ეს ლამაზი, მოხდენილი აღნაგობის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ამაყად გაეშურა დასასვენებელად ბორჯომში, ტრისტანი კი – ფასანაურში. ერთ მშვენიერ დღეს ნანა აივნიდან ასეთივე ლამაზი აღნაგობის ბიჭს შენიშნავს. იქვე, ადგილობრივ გოგო-ბიჭებთან ერთად, მხიარულ გარემოში საშუალება ეძლევა თამაზ აფხაიძე ახლოს გაიცნოს. ბიჭს გოგონა შეუყვარდება. თბილისში დაბრუნებისთანავე ცოლობას სთავაზობს, მაგრამ ისიც ახსოვს, რომ მისი გული უკვე დაკავებულია. არადა არც ეს ბიჭია ცუდი, რომ დაფიქრდა. გოგონა თანაკურსელ ბიჭს, ტრისტანის სიყვარულს სიყვარულითვე ვეღარ პასუხობს, ის ბორჯომში ახლად გაცნობილ ბიჭს მიჰყვება ცოლად. დაახლოებით სამ თვეში მას ბაქოში, უკვე ფეხმძიმეს ფილმის გადაღებებზე იწვევენ მთავარ როლზე. თან მიჰყვება მეუღლე, მაზლი და მათი მეგობარი. სასტუმროში ტრაგედია მოხდება. მაგნიტოფონზე მეცადინეობის დროს 20 წლის ბიჭს უცბად დენი დაარტყამს და ადგილზე გარდაიცვლება. თბილისში დაბრუნებულ გოგონას რამდენიმე თვეში შვილი შეეძინება. ბავშვს მამის სახელი და გვარი აქვს – თამაზ აფხაიძე. რაღაც დროის შემდეგ გოგონაზე ნაწყენი ტრისტან ყველაიძე მისადმი დიდი სიყვარულისა და სიბრალულის გამოც ურთიერთობას აღადგენს და საყვარელ ქალს, ბავშვთან ერთად, უკვე ცოლის ამპლუაში იბრუნებს. გავა წლები. გოგონას ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ისევ ტრაგედიით სრულდება. ტრისტან ყველაიძე გარდაიცვლება. მათ საერთო ქალიშვილი, ხათუნა დარჩებათ. მიუხედავად პირად ცხოვრებაში უიღბლობისა, ის აქტიურად და წარმატებულად განაგრძობს თავის სამსახიობო გზას რუსთაველის თეატრის სცენაზე, სადაც ის სტუდენტობის ხანაშივე მოხვდა. ორ წლის წინ კი მსახიობის ცხოვრებაში ახალი ტრაგედია ხდება. მას მოულოდნელად შვილი გარდაეცვლება – თამაზ აფხაიძე, რომლის გარდაცვალებაც მის ცხოვრებას მძიმე კვალს ამჩნევს, თუმცა მსახიობი აქაც არ ნებდება ცხოვრებას და თავისი პროფესიისადმი უზომო სიყვარულის გამო კიდევ უფრო აქტიურობს რუსთაველის სცენაზე.

– ქალბატონო ნანა, თქვენ სულ ახლახან ბაქოში იყავით მიწვეული, როგორც ვიცი, ფილმთან დაკავშირებით. გასული საუკუნის 60-იან წლებში აზერბაიჯანმა გადაიღო ასეთი ფილმი – „სად არის ახმედი“, რომელშიც თქვენ მთავარი როლი შეასრულეთ. ამის შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ არაფერი იცის. ჩემთვისაც საინტერესოა ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ სწორედ ამ ამბავს უკავშირდება თქვენი ტრაგედია. ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ, როგორ მოხვდით აზერბაიჯანულ ფილმში?

– ეს იყო პერსონალური ვიზიტი, რამაც ტრადიციული სახე მიიღო. მე, ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი, როცა აზერბაიჯანულმა კინოსტუდიამ ამ ფილმში გადამიღო. დოდო ალექსიძის ლექცია გვქონდა. კარი გაიღო და აუდიტორიაში რეჟისორი ისლანბეგოვი შემოვიდა. მთავარი როლის, ჯეირანის შემსრულებელს ეძებდა, რომელიც ჩემი აზრით, ბაქოშიც მშვენივრად მოიძებნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, რეჟისორის ახირება იყო თუ ხედვა ჰქონდა ასეთი. მოვეწონე, ალბათ, არ ვიცი, რომ დამინახა თქვა: მე უკვე ვიპოვე ჩემი ჯეირანიო. არადა, არანაირი საერთო არ მქონდა ფილმის მთავარ გმირთან. ვიყავი ძალიან გამხდარი, ქერა, ჭორფლიანი გოგო. მაშინვე გადაწყვიტა ჩემი როლზე აყვანა. დამამტკიცეს. გადაღებები ბაქოში იყო. ახალი გათხოვილი ვიყავი. სწორედ იქ მოხდა ის ტრაგედია, რაც მოხდა. ჩემი მეუღლე, მისი ძმა და მეგობარიც წამომყვნენ გადაღებებზე. აინტერესებდათ. სასტუმროში ვიყავით. ყველაფერი ისე წამებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბაბინებიანი მაგნიტოფონი ჰქონდა წამოღებული, მეცადინეობდა. ხელი მოუხვდა ჩართულზე ისეთ ცუდ ადგილას, რომ... როგორც მითხრეს, მისთვის ხელი რომ მომეკიდა, მეც იქვე დავიღუპებოდი – დენი ჩემზეც გადმოვიდოდა. ძალიან ცუდი მოგონებები დამრჩა, ამიტომ ჩემთვის ცოტა მძიმეც იყო იქ ყოფნა.

– არ მინდა, ამ მოგონებებით დაგამძიმოთ. ფილმზე მოგვიყევით..

– ამ ფილმს მომავალ წელს 60 წელი უსრულდება. იქ ძალიან პოპულარულია, როგორც ჩვენთან მაგალითად – „ქეთო და კოტე“. ძალიან უყვართ. ფილმიდან მხოლოდ მე და ჩემი პარტნიორი ვართ ცოცხალი. მომავალ წელს უფრო გრანდიოზულ რაღაცას აპირებენ. ჩემთან სულ აქვთ კავშირი, უნდათ, ამ თარიღთან დაკავშირებით ჩემზე დოკუმენტური ფილმი გადაიღონ. იქაურმა ტელევიზიებმა მიგვიწვიეს – ამ ფილმს გადაცემები მიუძღვნეს. მინდა, ისიც ვთქვა, რომ საერთოდ, აზერბაიჯანელები ძალიან თბილი, მეგობრული ხალხია.

– მე მინდა შეადაროთ თქვენი რუსთაველის თეატრში ყოფნის პირველი წლები ახლანდელ წლებს. როგორ ხედავთ ამ გადასახედიდან რუსთაველის თეატრის სცენას?

– რუსთაველის თეატრმა ჩამომაყალიბა როგორც პიროვნება. ჩემი გვარი, სახელი, ჩემი შესაძლებლობები – ყველაფერი ეს რუსთაველის თეატრმა მომცა. ისეთი წარსული აქვს ამ თეატრს, ისეთი მისაბაძი იყო, რომ ალბათ, სწორედ აქ უნდა ვყოფილიყავი. ეს ჩემი დამსახურება კი არა, ბედია. მესამე კურსიდანვე გავხდი ამ თეატრის მსახიობი, მწვანე ამინთო, ასე ვთქვათ. ყოველთვის გვერდით მედგა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა თეატრების სცენაზეც მითამაშია. რამდენიმე წლის წინ, როგორც იცით, „ათონელის თეატრი“ შევქმენი, სამხატვრო ხელმძღვანელიც ვარ. დღემდე აქტიურად მუშაობს ეს თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებზე. იმ დღეს თემურ ჩხეიძის დაბადებს დღე იყო. სტუდენტები მოვიდნენ. ძალიან საინტერესო საღამო მოაწყვეს და... ასე ვიხანგრძლივებ ჩემს შემოქმედებით ყოფას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ პირველ რიგში გამოადგე შენს ოჯახს, მერე კოლეგებს, მეგობრებს. ტრაბახით შემიძლია ვთქვა: არ არის რეჟისორი, ერთხელ ემუშავა ჩემთან და მერე არ დაბრუნებულიყო მეორედ, მესამედ.

– აი, თქვენ თქვით, რომ ვიხანგრძლივებ ჩემს შემოქმედებით ყოფასო. ჩემი აზრით, სცენა ახლა უფრო მეტად გჭირდებათ, ისე როგორც არასდროს ახალი ტრაგედიის შემდეგ და საერთოდ, მსახიობის გადარჩენის გზა ცხოვრების ყველა ეტაპზე ისევ ესაა.

– ასე გამოვიდა, მაგრამ ეს ალბათ, იმიტომაც, რომ ყოველთვის ფანატიკურად მიყვარდა ჩემი პროფესია. ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ, რაც ჩემი შვილი გარდამეცვალა, თვით რეჟისორები მიწყობენ ხელს. ადამიანმა ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის უნდა იპოვო გამოსავალი. ჭიანჭველას პრინციპია.

ის ხომ ყოველთვის პოულობს გამოსავალს? მიწას გათხრის, ზევით ავა, ქვევით ჩამოვა, იქით წავა, აქეთ წამოვა, ნებისმიერ გზას დაადგება ოღონდაც იქამდე მივიდეს, სადაც საკვებია და ყველაფერი ის, რაც მას ყოფისთვის სჭირდება. მე ვფიქრობ, ცხოვრებაში არავის იმედი არ უნდა გქონდეს. არ არის მოლოდინის დრო. დრო ხომ საოცრად გარბის. ამას ახლა შეიძლება, წლოვანების გამო უფრო მეტად ვგრძნობ. უმოქმედობა ისედაც არ შემიძლია. ვერ ვჩერდები. რა ვიცი, ხასიათია, ალბათ. ვერ გავიგე, რა არის. ხომ არის ხოლმე რაღაც გაფერხებს, ჯანმრთელობა, რაღაც პრობლემები? მე – არაფერი. ვერ ვჩერდები. სულ ვჩქარობ. დასვენება არ მიყვარს. თან მჭირდება, თან, მინდა, მაგრამ – ვერა.

– წეღან, როცა რუსთველის თეატრზე გკითხეთ, იმ წლებზე, როცა ამ თეატრში აღმოჩნდით, ამ გადასახედიდან როგორ მოჩანს-მეთქი, ვიგულისხმე ასაკში მყოფი მსახიობის მეხსიერებაც, ბუნებრივია, ვინაიდან თეატრი ძალიან ცოცხალი ორგანიზმია, სადაც შეიძლება, იმპროვიზაციებითაც ითამაშო თუ ტექსტი დაგავიწყდა, ისე, რომ ამას მაყურებელი ვერც მიხვდეს, მეხსიერება ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ყველაფერთან ერთად? ამ კითხვის უფლებას თავს მხოლოდ იმიტომ ვაძლევ, რომ თქვენ აღნიშნეთ ერთ-ერთ ინტერვიუში – შვილის გარდაცვალების შემდეგ, მალე ამნეზია დამეწყოო.

– ვებრძვი ჩემს თავს, რა თქმა უნდა, თუმცა ამნეზია დამემართა იმიტომ, რომ მე კლინიკაში მოვხვდი, სერიოზული მიზეზით, ბეწვზე გადავრჩი. წლოვანებასაც ხომ მოაქვს გულმავიწყობა. მეგობრებს ვეუბნები ხოლმე – ვაიმე, რა კარგია, შენც დაგავიწყდა.. უბრალოდ, მე არ მინდა, რომ ეს გამოჩნდეს. არ მინდა თეატრში რამეს ჩამოვრჩე, ჩემი მეგობრები მსაყვედურობენ – შენ ახალგაზრდებთან გიყვარს ყოფნაო. თეატრში, ჩემი თაობიდან თითქმის მარტო დავრჩი. დღეს ველაპარაკებოდი ზუსტად ჟანრი ლოლაშვილს. მითხრა: კარგი, რა, აღარ დაიღალე, რა არის, სულ თამაში და თამაში რომ გინდაო. ჟანრის სულ ფუნჯი უჭირავს ხელში. მისი ამბავი ეგ არის და ჩემი რა არის... მე რომ არ ვიმუშავო, ჯერ ერთი, ეკონომიურად გამიჭირდება. ტექსტები კი ყოველთვის ყველას უჭირდა. მე ისედაც აღარ ვთამაშობ დიდ და მთავარ როლებს. სად არის ახლა დიდი დატვირთვა, მაგრამ სადაც მქონდა დატვირთვა, მაგალითად, „მშვიდობით, ასდოლარიანო“, რომელიც აღსადგენია და სხვა სპექტაკლებში, არ მიჭირს. რაც ადრე ვიყავი, რა თქმა უნდა, ის აღარ ვარ, მაგრამ ჯერჯერობით არა მიშავს. ორ იანვარს ჩემი დაბადების დღეა და თეატრში უკვე არის ლაპარაკი იმაზე, რომ რაღაც ძალიან კარგი საღამო ჩატარდეს.

– ქალბატონო ნანა, თქვენი შვილის გარდაცვალება, ეს ამბავი როგორ მოხდა, რატომ? თუ გქონდათ რაიმე წინათგრძნობა?

– იცით, იმდენად ახლოს ვიყავით ყოველდღიურად, არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. მოხდა ისე, რომ ოჯახი დაიშალა. ჩემი ლევანიკო ამერიკაში იყო წასული სასწავლებლად და ეს ორი წელი თამაზი ჩემთან ცხოვრობდა, იმიტომ რომ ის ბინა გავაქირავეთ. მერე თავის სახლში დაბრუნდა. ყოველდღე მივდიოდი, სადილები მიმქონდა. არ ყოფილა დღე, ჩემი შვილი არ მენახა. არც სიზმარი მინახავს, საერთოდ სიზმრებს არ ვნახულობ. რატომღაც არ მოდის ჩემთან სიზმარი. თამაზი ბავშვობიდან გამხდარი იყო და სულ ვდარდობდი. მისი მენიუ იყო ჩემი პრობლემა. მოკლედ, ღამე დამირეკა და მეუბნება – დედა, ძალიან მტკივა თავი და გთხოვ მალე მოდი, ოღონდ, არ შეგეშინდესო. ღამის სამი საათი იყო. რომ მივედი უკვე სასწრაფო იყო მისული. ანევრიზმა აღმოჩნდა. მეორე დღესვე გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ... ბოლო დროს ხშირად სტკიოდა ხოლმე თავი, რა არის ეს თავი სულ რომ მტკივაო. იმ დღეს საშინელი ქარი იყო. მაღაზიაში გასულა. რომ მობრუნდა, მერე დასწყებია ძლიერი ტკივილები.

– ქალბატონო ნანა, მე მახსოვს ადრე თქვენ სახლთან დაგაყაჩაღეს. ნამდვილად არ მინდა ნეგატიურზე საუბარი, მაგრამ რადგან ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებაა, მოდი ამაზეც გვითხარით.

– სადარბაზოში, ლიფტთან ვიღაც საზიზღარი პიროვნება დამხვდა, ჩანთის წართმევა უნდოდა. იმ ჩანთაში ჩემი ტრისატნის ფოტოებს, წერილებს დავატარებდი. სახლიდან რომ გავდიოდით პატარ-პატარა ქაღალდებზე ერთმანეთს რაღაცებს ვუწერდით. მახსოვს, ხელში ბორჯომის ბოთლი ეჭირა. ახლა მიკვირს როგორ არ ჩამარტყა თავში, როცა ჭიდაობა გავმართეთ. უცებ მეცა ჩანთაზე, ამ ჭიდაობაში ყველაფერი გადმოიყარა, სახლის გასაღებები, საბუთები… ეს წერილები და ფოტოები ჩანთით წაიღო. რაში სჭირდებოდა ან მე რატომ დამქონდა?! ჩემს თავზე ვბრაზობ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი