რატომ წერდა გურამ დოჩანაშვილი თავის ცნობილ რომანებს საპატრიარქოში
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 11.04, 2023 წელი
მისი ლიტერატურული გმირები დაჟინებით ეძიებენ ხსნას სულიერი კრიზისისაგან და კარგად აქვთ გასიგრძეგანებული, რომ ხსნა მხოლოდ მარადიული ღირებულებებისკენ, რწმენისკენ მობრუნებაშია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე, მათ მიხედვით დადგმულია სპექტაკლები თეატრების სცენებზე, ტელესტუდიაში, გადაღებულია მხატვრული ფილმები, ისინი შეტანილია სასკოლო სახელმძღვანელოებში. ის დააჯილდოეს ღირსებისა და საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენებით, მიანიჭეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო, საქართველოს სახელმწიფო, ვაჟა-ფშაველას, „საბას“, „საგურამოს“ პრემიები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ... ვერარა ძალამ ვერანაირი ხერხით ვერ შეძლო უარი ეთქმევინებინა იმ იდეალების მსახურებაზე, რამაც ქართველი კაცი გადაარჩინა და დღევანდლამდე მოიყვანა. დიახ, ვერანაირი ცდუნება ვერ აიძულებდა, არ ყოფილიყო საოცრად თბილი, მოსიყვარულე და, იმავე დროს, საოცრად პრინციპული და შეუვალი, როცა საქმე ზნეობრივ იმპერატივებს ეხებოდა. ასე იყო მაშინაც, როცა სრულიად ახალგაზრდამ გაილაშქრა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ, არად ჩააგდო რა მრისხანე უშიშროების კომიტეტის ჯურღმულები... ეს გურამ დოჩანაშვილია დღიურებში გაცოცხლებული კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სულ თვალწინ რომ გვიტრიალებს და ვერ ვიჯერებთ მის არ ყოფნას. ჰოდა, მის დღიურებს ასეც ვიწყებ:
„დაახლოებით, 1974-1975 წლები იდგა. გურამ დოჩანაშვილს შემოქმედებითი გზა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ მისი მოთხრობის – „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ რეცენზია დაწერა. ეს უკანასკნელი რეჟისორმა გიორგი გამსახურდიამ წაიკითხა, მოთხრობაზე სცენარიც დაწერა და ზურაბ კანდელაკს შესთავაზა, მისი დადგმით ხომ არ დაინტერესდებიო. იმ პერიოდში ბატონ ზურაბს ეს მოთხრობა ჯერ არ წაეკითხა, ბატონ გურამსაც შორიდან, მხოლოდ გამარჯობით იცნობდა, მაგრამ როდესაც მოთხრობასა და სცენარს გაეცნო, ძალიან მოეწონა. მსგავსი სტილის მოთხრობა იმხანად, თურმე, იშვიათობა იყო და ამიტომაც უყოყმანოდ დათანხმდა გიორგი გამსახურდიას. შემდეგ სპექტაკლის დადგმაზე ტელევიზიის ხელმძღვანელობაც დაიყოლია და მსახიობებზე ფიქრიც დაიწყო. „მოთხრობის წაკითხვისთანავე ვიცოდი, რომ მთავარი გმირის – ვასიკო კეჟერაძის, როლი უეჭველად ეროსის უნდა ეთამაშა. რომ ვუთხარი და წავაკითხე, შევატყვე, მოეწონა და მაშინვე მკითხა: სხვა როლებში ვინ იქნებიანო? ახალგაზრდა ბიჭის, თამაზის როლზე, ალბათ, ჟანრი ლოლაშვილს ავიყვან-მეთქი, – ვუთხარი. ჟანრი მაშინ მართლაც კარგი ბიჭი იყო, გამხდარი, ფორმაში. კლიმის როლზე დათო კვირცხალია ვიფიქრე, მასთან სხვა სატელევიზიო სპექტაკლებშიც მემუშავა და მისი შესაძლებლობაც ვიცოდი. ეროსიმ ორივე კანდიდატურა მომიწონა. ერთადერთი, ხელმძღვანელის როლისთვის მიჭირდა მსახიობის შერჩევა. ეროსიმ მითხრა, რამაზს (რამაზ ჩხიკვაძეს გულისხმობდა) ხომ არ ვუთხრათო? თუმცა მალევე გადავიფიქრეთ, რადგან ვიცოდით, რამაზი უარს იტყოდა. ჩემი იდეა გავუზიარე: ბატონო ეროსი, რატომღაც, ამ როლზე რომელიმე რეჟისორი წარმომიდგენია-მეთქი. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და... კარლო ღლონტზე შევჩერდით. თანაც, კარლოს სამსახიობო ფაკულტეტიც ჰქონდა დამთავრებული. მოკლედ, ისიც დაგვთანხმდა და რეპეტიციებიც დავიწყეთ“, – იხსენებს ზურაბ კანდელაკი. რეპეტიციები ხან ტელე-რადიოკომიტეტში ჰქონდათ, ხან რუსთაველის თეატრში. ერთ დღესაც გამოუცხადეს, რეპეტიციები შეწყვიტეთ, რაღაც პრობლემა შეგვექმნაო. გაირკვა, რომ გურამ დოჩანაშვილი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ივლიტა მესხიშვილთან მისულა საყვედურით: ასე როგორ შეიძლება, რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო? ცხადია, ბატონი გურამი მართალი იყო, რადგან წესითა და რიგით, ავტორი უნდა გაეფრთხილებინათ, მაგრამ იმხანად სხვა წესი არსებობდა: თუ ნაწარმოები დაბეჭდილი იყო, ავტორის გარეშეც შეეძლოთ დადგმა. რასაკვირველია, რეჟისორი გურამ დოჩანაშვილს შეატყობინებდა, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაომ ისე გაიტაცა, თქმა დაუგვიანდათ. მწერალთან დასალაპარაკებლად ზურაბ კანდელაკი და გიორგი გამსახურდია წავიდნენ, ვითარება აუხსნეს და ბატონი გურამიც დაიყოლიეს. ეს უკანასკნელი აღარც ჩართულა სამუშაო პროცესში და მას რეჟისორი და სცენარის ავტორი მხოლოდ მაშინ აკითხავდნენ, თუ მოთხრობაში რაიმეს შეცვლას აპირებდნენ. სხვათა შორის, ამ სპექტაკლმა ზურაბ კანდელაკი და გურამ დოჩანაშვილი ძალიან დააახლოვა...
„უხერხული ხომ არ იქნება“
„ახლა, ხომ იცით, 40-50-გვერდიანზე მეტი ნაწარმოებები აღარ გამოდის? ჩემი რომანი „სამოსელი პირველი“ 700-გვერდიანია და გერმანიაში თარგმნეს. საკმაოდ კარგი თარგმანი იყო, რადგან ფრანკფურტში ისეთ შეკითხვებს მაძლევდნენ, ეჭვი არ მეპარებოდა, მთარგმნელებმა კარგად მიიტანეს მკითხველამდე. გერმანელებმა წაიკითხეს და კმაყოფილი იყვნენ. წიგნის წარდგენისას იქაც მოვყევი, რომ ამ რომანის თარგმნისას მთარგმნელებს – ქალბატონსა და მამაკაცს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაოჯახდნენ კიდეც. მერე ისეთი გოგონა და ვაჟი შეეძინათ, რომ უკვე ეჭვი არ მეპარებოდა, ძალიან კარგი თარგმანი გამოვიდა-მეთქი. ქალბატონი გერმანელი სუზანე კიმია, მამაკაცი – ქართველი ნიკა ლომთაძე, ზაარბრიუკენში ცხოვრობენ… გერმანელებს ძალიან უყვართ შევარდნაძე და ფრანკფურტში წიგნის წარდგენისას რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ წინასწარ მაინც ვიკითხე, უხერხული ხომ არ იქნება-მეთქი? არაო, დამამშვიდეს და მეც გავიხსენე, ბერლინის დაცემასა და კედლის დანგრევას რამდენი სისხლისღვრა და მსხვერპლი მოჰყვა და დავაყოლე, წარმოგიდგენიათ, ეს კედელი ქართველმა დაანგრია და ისევ ქართველმა აღადგინა-მეთქი.
ახალგაზრდობა
კიდევ კარგი ახალგაზრდობა გვყავს დღეს. დაწყებული მულტფილმებით, პერსონაჟებად სულ სადისტი ცხოველები არიან გამოყვანილი და ბავშვებიც ამას უყურებენ. ჩვენს დროს „ბემბი“ იყო, ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „სათაგური“, ძალიან კარგი ტელეფილმები... ახლანდელი ახალგაზრდები კი ბავშვობიდან ნერვიულ ბატებს უყურებენ. ხომ იცით, მოსკოვში მთელი ბავშვები მგლის მხარეს არიან გადასული, ის უფრო მოსწონთ, რადგან „კომსომოლები“ რომ იყვნენ, იმ ტიპისაა კურდღელი, სულ ძირს ვარდება, სუსტია. მერე, ეს ახალგაზრდები ტოტალიზატორია თუ რაღაც, იქ თამაშობენ და ხან რას აგებენ, ხან რას. რომ ამბობენ, მარიხუანა ცუდი არ არისო, ესაა საქმე? რომ იჭერდნენ, ისიც ნამეტანი იყო, მაგრამ მარიხუანას მოწონება როგორ შეიძლება?! ჩვენს თაობაში – არა, მაგრამ ჩვენზე პატარებიდან, ვისაც ბევრად უმცროსი ძმა ჰყავდა, ზოგიერთმა დაიწყო ნარკოტიკის მიღება. წარმოგიდგენიათ? ერთ ოჯახში იზრდებოდნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ერთი მასწავლებელი ჰყავდათ, მაგრამ მაინც ასე მოხდა (ი. ხარშილაძე). რამდენი ადამიანი გადაიყოლა, იცით, ამაზე ნერვიულობამ? მერე ნარკომანიასთან ბრძოლის კანონიც გამოუშვეს... საშინელებაა ეს ნარკომანია! ისე, 1990-იან წლებთან შედარებით მაინც იკლო ამ ამბავმა. არ ვიცი, ჩვენი ახალგაზრდობა რომ იმ პერიოდს დამთხვეოდა, შეიძლება, ჩვენც ამ დღეში აღმოვჩენილიყავით. ახლა, თურმე, სკოლის მოსწავლეები სიგარეტს არ ეწევიან და პირდაპირ „პლანით“ იწყებენ. არ ვიცი, ეს რა საშინელებაა!
„...მალე დავასრულებ“
ჩემს ბოლო რომანს რომ ვწერდი, გარკვეული ხნით საპატრიარქოში ვრჩებოდი ხოლმე. იქ ყველაზე მშვიდად ვმუშაობ. უკვე ორი წიგნი გამოვეცი. ახლა მესამესაც მალე დავასრულებ, ასე, 100 გვერდამდე დამრჩა. ეგეთი რთული არაფერი დამიწერია. პირველი წიგნი მაინც ძალიან მძიმედ იკითხება. მეორე წიგნი „ბრმადყოფილზეა“. იქ სინათლე მეტია. მესამეში – კი... კარგი როგორ ვთქვა, მაგრამ ორივე წიგნს აჯობებს. ცნობილი ამბავია, რომ ჩემს ასაკში ან არ წერენ, ან ჯობია, არ დაწერონ. უწმინდესი ძალიან მეხმარება რჩევებით. ახლა იტალიაში მეპატიჟებიან, მთელი ოჯახით წამოდიო, მაგრამ არ მინდა მთელი ოჯახით თვითმფრინავში ჩაჯდომა. ჩემს მეუღლეს, ნათელას წავიყვან და ჩემს სიძეს. ჩემი მოძღვარიც წამოვა, მამა იოანე. ალბათ, სააღდგომოდ წავალთ... კიდევ სიამოვნებით მოვუსმენდი ამ სიკეთითა და სითბოთი სავსე ადამიანს, მაგრამ გადაღლა შევატყვე და დამშვიდობება ვამჯობინე. - ცოტათი ხომ გაგამხიარულეთ ჩემი მოყოლილი ამბებით, ხომ გაგაცინეთო? – დამადევნა გამოსვლისას და საქართველოსა და ჩვენი ხალხისთვის საახალწლო-საშობაო ტკბილი სურვილებიც გამომაყოლა.
ოპერა რადიოში
ბატონ გურამს აბსოლუტური სმენა ჰქონია და ვიოლინოზეც არაჩვეულებრივად უკრავდა. ერთხელ ცნობილი დირიჟორი ალექსანდრე მელიქ-ფაშაევი ჩამოსულა და ბატონი გურამის ბებიას, ქალბატონ მერისა და ჯონდო მეტრეველის დედას ბიჭები ოპერაში „კარმენზე“ წაუყვანიათ. მეგობრებს ძალიან ეზარებოდათ სპექტაკლზე დასწრება და გეგმა შეუმუშავებიათ: პირველი ანტრაქტის შემდეგ, ვითომ, დააგვიანეს დარბაზში, კარი დაკეტილი დახვდათ და გალიორკაზე ავიდნენ, არადა, მერციას მისდგომიან შინ, თან რადიო ჩაართვევინეს, ოპერიდან პირდაპირი ტრანსლაციისთვის რომ ესმინათ, ემანდ, რაიმე რომ მოხდეს, არ გავიყიდოთო, მესამე მოქმედებისთვის კი მიბრუნებულან ოპერაში...
მორზეს ანბანით გავრცელებული ხმა
„31 მარტი ჩემი თანაკლასელისა და სკოლის მეგობრის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ნიჭიერი ბიჭი იყო, კარგი ლექსები ჰქონდა. ორჯერ ერთად ვიყავით დაჭერილი. მახსოვს, მე, ჯონდო მეტრეველი და ჩვენი ერთი თანაკლასელი, ვოვა სიხარულიძე, ბაკურიანში ვიყავით. ზვიადიც იქ ისვენებდა, ოღონდ – ცალკე, სხვაგან. ვოვა თხილამურებზე სრიალებდა, მე და ჯონდო კი მთელი დღე ვსვამდით. ზვიადი რომ გამოგვივლიდა, დაიხრჩობითო, ბრაზობდა და სასეირნოდ გავყავდით...“
1956 წლის 9 მარტის სისხლიანი დღის შემდეგ გურამ დოჩანაშვილმა და მისმა მეგობრებმა ორგანიზაცია „გორგასლიანი“ ჩამოაყალიბეს და რუსთაველის პროსპექტზე პროკლამაციები გააკრეს. მათ მეგობარ გოგონებს მწარედ დაამახსოვრდათ ბიჭების სასამართლო პროცესი. დარბაზს ერთი ჭუჭრუტანა ჰქონია და, მთელი კლასის ბავშვები მონაცვლეობით იყვნენ იმ ჭუჭრუტანას აკრული. მაშინ გურამ დოჩანაშვილი ვერ დაიჭირეს, რადგან პროკლამაციების გაკვრის მეორე დღეს მძიმედ დაჭრეს და საავადმყოფოში იწვა, ციხის ამბები კი მოგვიანებით გოგონებმაც და ბატონმა გურამმაც ჯონდო მეტრეველისგან მოისმინეს. ეს უკანასკნელი ჰყვებოდა: ყველანი ცალ-ცალკე საკანში მოგვათავსეს. ის საკნიდან რომ გაჰყავდათ, ყველა გასასვლელ-გამოსასვლელს იმახსოვრებდა. ასე, გამოთვლით, ამოიცნო, ბიჭებიდან ვინ რომელ საკანში იჯდა. 31 მარტს მორზეს ანბანის მსგავსი კაკუნით მიაწვდინა ყველას ხმა, ზვიადის დაბადების დღეაო, დროც „უკარნახა“ და თითოეულმა საკნის სარკმელში ერთდროულად დაიყვირა: „ზვიად, გილოცავ დაბადების დღეს!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან