საზოგადოება

რატომ თრთოდა შიშით მიშა თუმანიშვილის სარეპეტიციო მაგიდის ქვეშ რამაზ ჩხიკვაძე

№7

ავტორი: ეკა პატარაია 18:00 23.02

მიხეილ თუმანიშვილი
დაკოპირებულია

„მხოლოდ სცენური რეპეტიციების დროს ვცოცხლდები, ფრთებს ვისხამ, მეორე სუნთქვა მეძლევა და უზომოდ ბედნიერი ვარ. თამაში – აი, თეატრის სტიქია, გაგრძელებული ბავშვობა, გადაქცეული პროფესიად. მიყვარს თამაში, ოღონდ სცენაზე… მიყვარს ყველანაირი ფარდა: მსუბუქი და მძიმე, ჰაეროვანი და უხეში, თეატრალური კოსტიუმები, ნიღბები, ცხვირები, წვერები, მიყვარს განათება, იმიტომ, რომ ყოველივე ეს ჩემი თავისა და სხვების მოტყუებაში მეხმარება. თეატრი ხომ, ბოლოს და ბოლოს ლამაზი, ჯადოსნური ტყუილია“ – ეს მიხეილ თუმანიშვილის დღიურებია. 6 თებერვალს მიშა თუმანიშვილის დაბადებიდან ასი წელი შესრულდა. მისი თეატრალური წარსული თავად მოგიყვებათ მასზე, ეს დღიურები მისი ყოველდღიურობის ანარეკლია სევდიდან სიხარულამდე, სიხარულიდან – სევდამდე.

წადით, უშველეთ თავს!

მიხეილ თუმანიშვილი 1921 წელს თბილისში დაიბადა. მის ბავშვობაში რუსთაველის თეატრში შილერის „ყაჩაღები“, იგივე „ინ ტირანოს“, გადიოდა. 13 წლის იყო, ეს დადგმა რომ ნახა და გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება სამუდამოდ თეატრისთვის დაეკავშირებინა. მოგვიანებით თავის წიგნში „რეჟისორი თეატრიდან მიდის“ დაწერს: „ჩემ გვერდით არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომ დროზე შევეჩერებინე და დაახლოებით ეთქვა ის, რასაც მე ვეუბნები ხოლმე პირველკურსელებს: წადით, თავს უშველეთ, ვიდრე გვიანი არ არის. თეატრი – საშინელი თამაშია. უმრავლესობისთვის ის მარცხითა და სულიერი გაკოტრებით მთავრდება“... მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე ათასი სხვა რამ მოხდა, „ეპოქა შექმნა რუსთაველში“ – ასე აფასებს მის მოღვაწეობას ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური. თუმანიშვილი ასწავლიდა ფსიქოლოგიური ტიპის მსახიობის ხელოვნებას, რასაც თავის დროზე კონსტანტინე სტანისლავსკიმ და მიხეილ ჩეხოვმა ჩაუყარეს საფუძველი. თეატრის თეორეტიკოსი იყო, დიდი მემკვიდრეობა დატოვა თეატრის რეჟისურის პედაგოგიკაში. მისი მეთოდით დღემდე საქართველოშიც მუშაობენ და საზღვარგარეთაც... აბიტურიენტების გამოცდაზე, სანამ ვინმეს მოიწონებდა ან დაიწუნებდა, სულ ფიქრობდა, რა ადამიანს მიიღებდა ამ „ბავშვისგან“ ოთხი წლის შემდეგ – გამოვა რეჟისორი? მსახიობი? ეყოფა ძალა, ნიჭი, შრომა, შინაგანი სამყარო?

დოლების რახარუხი და ყალბი ფარფარების ხმა

მიხეილ თუმანიშვილს მარტივი ცხოვრება არ ჰქონდა, იბრძოდა ომში, ადრე გარდაეცვალა პირველი ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა. მუდმივად ძიების პროცესში იყო და მუდმივად უნდა დაეცვა და გაეტანა ის, რისიც თავად სჯეროდა. რუსთაველის თეატრში მან შემოიკრიბა მსახიობები: მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. ამ დასს შემდეგ შვიდკაცა შეარქვეს... თუმანიშვილი ახერხებდა, კომუნისტური სპექტაკლებიც კი ანტისაბჭოთა, ადამიანური გამოსულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად რეჟისორს ესეც დროის კარგვად მიაჩნდა (წყარო: „რადიო თავისუფლება“). „გაცილებით ხშირად ვდგამდი იმას, რაც თეატრს სჭირდებოდა და არა მე. ხოლო ის, რაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენიმეჯერ მაქვს დადგმული“, – წერს ერთგან თავის წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ კი ისევ: „მიუტევებლად ხშირად ვმუშაობდით ტყუილუბრალოდ და დოლების რახარუხითა და ყალბი ფარფარების ხმით ვაზანზარებდით თეატრს. რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც ჩვენ მერე მოვიდა რეჟისურაში. მათი მშურს! ისინი არ ხარჯავენ თავიანთ საუკეთესო წლებს პომპეზურ სიყალბეზე“. ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი სპექტაკლებით. უკვე სიბერეში ძალიან დარდობდა, ახლა გამოცდილებაც მაქვს და ცოდნაც, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის, საქმე ვაკეთოო.

ეროსის ზარი

ბატონი მიშა რიტუალებს იგონებდა. სცენაზე გასვლის წინ სანთლის ანთება, ფეხზე დგომა… 31 დეკემბერს, დღისით, 12 საათზე ყველანი ვიკრიბებოდით. დაასხამდა წითელ ღვინოს, ყველა ამბობდა, ვის რა ეწყინა, ვის რა გაუხარდა. თავის მოტანილ წითელ ვაშლებს დაგვირიგებდა, წითელ ღვინოში ამოავლებდა, ეს ვაშლი ღამის 12-ზე უნდა გაგვეჭრა ჩვენი ახლობელი ადამიანისთვის, რომ სიმბოლურად ისევ ერთად ვყოფილიყავით. ის დგამდა ასეთ რიტუალებს. არა იმიტომ, რომ ეს მას სჭირდებოდა, ამით ინარჩუნებდა ერთიანობას. ეროსი მანჯგალაძე რომ გარდაიცვალა, მან მოიგონა „ეროსის ზარი“. ყოველი სპექტაკლის წინ რამდენჯერმე ირეკებოდა და სპექტაკლი იწყებოდა. ამბობდა, „ეს არ არის ეროსის ზარი, ეს ყველა ჩვენგანის ზარია“ (მ. ანთაძე). ჰემინგუეი გახსოვთ? „ვისთვის რეკს ზარი“ – „ნუ იკითხავ, ვისთვის რეკს ზარი, ისე რეკს ჩემთვის და შენთვის“. ის მარტო სპექტაკლზე არ ფიქრობდა. ხანდახან კონფლიქტური სიტუაციაა თეატრში. ის ამას არ დაუშვებდა. ძალიან მაღალი ზნეობის ადამიანი იყო. ეთიკა მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

რუსთაველიდან საკუთარ თეატრამდე

მიხეილ თუმანიშვილი ფიქრობდა, რომ რუსთაველის თეატრში რაღაც იყო შესაცვლელი: „ხორავას თამაშის შთაგონებულ წუთებსა და ვასაძის ვირტუოზულ ოსტატობაზე ხომ არ იდგება ეს უზარმაზარი თეატრი“. საბოლოოდ თუმანიშვილი თეატრიდან წამოვიდა. თავიდან პატარა სახელოსნო გახსნა და ახალგაზრდა მსახიობებს იქ ამეცადინებდა. ერთხელ, ეროსი მანჯგალაძემ „რუსთაველიდან“ „ჭინჭრაქას“ ფარდა მოიტანა. გახარებულებმა დაკიდეს. ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ. თავისებურ სპექტაკლებს დგამდნენ, პოლიჟანრულს – თან ტრაგედია რომ იყო, თან კომედია, თან დრამა... მას უნდოდა, მის გვერდით გიჟები ყოფილიყვნენ და ახლა კი ყველა „დაჭკვიანდა“ – ამ სიტყვებით იხსენებს მსახიობი რამაზ იოსელიანი თავის პედაგოგს. „90-იან წლებში, ომისა და პოლიტიკური დებატების პერიოდში, სინათლე რომ არ იყო და ნავთქურასთან ვისხედით, გვეუბნებოდა, ნუ მიაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას, ჩვენ ჩვენი კერია გვაქვს, ჩვენ აქ უნდა ვილოცოთ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო. მან გვასწავლა ხელობა, რომელიც მსახიობმა უნდა იცოდეს. გვასწავლიდა, რომ უნდა შეეწირო ამ საქმეს, გასცე და უკან არაფერს ელოდო. ყველა მის სტუდენტს ჩვენ-ჩვენი მიშა გვყავს. რაღაცას რომ ვაკეთებთ, მხარზე გვიზის, ყურში გვიჩურჩულებს: „აბა, მეტი არ მოგივიდეს, ნამდვილი იყავი, ნუ ითვალთმაქცებ, თავში ნუ აგივარდება, არავინაა ვარსკვლავი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ“...

თავის ჩანაწერებში მიხეილ თუმანიშვილი ხშირად აღწერდა, თუ როგორ დადიოდა თბილისის ქუჩებში და აკვირდებოდა ადამიანებს – მათში ძველ თუ მომავალ პერსონაჟებს ხედავდა. ძალიან ენანებოდა ძველი თბილისი, ძველი სახლები, რომლებიც ბავშვობიდან ახსოვდა, სადღაც უჩინარდებოდნენ და მათ ადგილს რკინა-ბეტონი იკავებდა.

წვეტიანი ჯოხი და მაგიდის ქვეშ დამალული რამაზ ჩხიკვაძე

მსახიობი მედეა ჩახავა არაერთხელ იხსენებდა ერთ „შემთხვევას“: „რომ იტყვიან, გაქანებული რეპეტიცია გვაქვს... მიშა თუმანიშვილი გვიტარებს. მაგიდასთან ტექსტზე ვმუშაობთ, მომთენთავი სიცხეა, ნახევრად გვძინავს, მაგრამ მიხეილ თუმანიშვილს შესანიშნავი მეთოდი ჰქონდა ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ეს იყო დიდი, წაწვეტებული ჯოხი, როგორც კი ოდნავ მოვეშვებოდით, მთელი ძალით ლეწავდა მაგიდაზე და ჩვენც „ვფხიზლობდით“. იმ დღესაც, რომ მოვითენთეთ, ჰა, ჰა, უნდა ჩაგვეძინოს და ლაწ! – ჯოხი მთელი ძალით მაგიდაზე. ჩვენ ხომ ერთ მეტრზე შევხტით, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ მაგიდის ქვეშ სასოწარკვეთილი შეძახილი გაისმა:

- ვაი, დედა!

ამას აღარავინ ელოდა, შევიხედეთ მაგიდის ქვეშ და ნახევრად გულწასული რამაზ ჩხიკვაძე შეგვრჩა, რომელიც მუდამ ცდილობდა, რაღაც ემაკვარანცხა ხოლმე და „თაგვივით“, კინაღამ ხაფანგში გაება“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი